საქმე №ას-153-2024 9 აგვისტო, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „მ.კ–ის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ო“ (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, საიჯარო ქირის გადახდა, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „მ.კ–ის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
2. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 2 აგვისტოს, განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ი.ნ–ამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, რადგან აღნიშნული განჩინება არ შეიცავს სახელმწიფო ბაჟის 70%-ის დაბრუნების შესახებ მითითებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ამავე სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინების შინაარსისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უსწორობის გასწორების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანისათვის რაიმე ვადები არ არის გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის, ასევე აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია უსწორობის გასწორება გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრებამდე. მთავარი ისაა, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა არ უნდა იწვევდეს მისი შინაარსის, სარეზოლუციო ნაწილის ცვლილებას, რომლითაც აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი; 2004წ; გვ.431-432; იმავე თანაავტორთა მიერ 2007 წელს გამოცემული კომენტარი; გვ.454-455).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე „დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი; 2004წ; გვ.431-432; იმავე თანაავტორთა მიერ 2007 წელს გამოცემული კომენტარი; გვ.454-455; შეად. სუსგ-ებს: №ას-1369-2020; 20.04.2021წ; N ას-305-2021, 30.06.2021წ; N ას-223-2022. 12.12.2022წ.).
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის დაშვებული უსწორობა, რადგან საკასაციო სასამართლომ შპს „მ.კ–ის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი არსებითად განიხილა და იგი არ დააკმაყოფილა. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და არსებითად განიხილა. შესაბამისად, სახეზე არ არის სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც კასატორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 % უბრუნდება.
7. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორების წინაპირობა.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არც სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა არსებობს, რადგან სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხის გადაწყვეტა არ გამორჩენია, სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 260-ე, 284-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.კ–ის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ განცხადება, უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური