Facebook Twitter

საქმე №ას-391-2024 5 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „გ.....“, შპს „ა.კ–ი“, შპს „გ.....“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–უ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ა–უს” (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი (21.10.2020წ. დაზუსტებული სარჩელის მიხედვით) მოპასუხეების: შპს ,,გ.....“-ის, შპს ,,ა.კ–ი“-ის, შპს ,,გ. - ....“-ის (შემდეგში აპელანტი ან კასატორი მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა;

1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ხელმოწერილი შემაჯამებელი 06.09.2017წ. ხელწერილის ბოლო აბზაცი 618 985 აშშ დოლართან მიმართებით 218 985 აშშ დოლარის ნაწილში და ბოლო აბზაცი პრეტენზიისა და საჩივრის არქონასთან დაკავშირებით;

1.2. მოპასუხე შპს ,,გ....."-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 218 985 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე შპს ,,გ....."-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 87 898 აშშ დოლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის სახით (2017 წლის 06 სექტემბრის ხელწერილის გაცემიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის);

1.4. მოპასუხე შპს ,,გ....."-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 218 985 აშშ დოლარის (იხ. 1.2 ქვეპუნქტი) სრულად გადახდამდე, ყოველწლიურად არსებული დავალიანების 10%-ის გადახდა;

1.5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე მოპასუხე შპს “გ.....”-ს (ს/კ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- სასტუმრო “გ–ეს” პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულების, მათ შორის სარდაფისა და მანსარდის (მდებარე ქ. ბათუმი, ......., ს/კ N .....) გასხვისება იპოთეკით დატვირთვა- უცვლელად დარჩა (იხ. განჩინება- ტ.1, ს.ფ. 65-71).

2. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, არ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს ,,ა–უ“ მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია 23.01.2013 წელს. მოსარჩელე საწარმოს დირექტორი - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ი.შ–ი, 100%-იანი წილის მესაკუთრე კი ვ.გ–ი;

3.2. მოპასუხე შპს ,,გ.....“ მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია 14.12.2012 წელს. საწარმოს დირექტორი - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია რ.ა–ძე, 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები კი არიან რ.ა–ძე და თ.ა–ძე;

3.3. მოპასუხე შპს ,,გ.....“ მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია 25.06.2007 წელს. საწარმოს დირექტორი - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია თ.ა–ძე, 10%-იანი წილის მესაკუთრე თ.ა–ძე, 90%-იანი წილის მესაკუთრე კი თ.ა–ძე;

3.4. მოპასუხე შპს ,,ა.კ–ი“ მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია 03.08.2009 წელს. საწარმოს დირექტორი - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ლ.შ–ძე, 100%-იანი წილის მესაკუთრე კი თ.ა–ძე (იხ. ტ.1, ს.ფ. 25-33);

3.5. ერთი მხრივ, შპს ,,ა–უ“-ს (დირექტორი-ი.შ–ი) და მეორე მხრივ, შპს ,,გ.....“-ს (დირექტორი-რ.ა–ძე), შპს ,,გ.......“-ს (დირექტორი-თ. ა–ძე) და შპს ,,ა-კ“-ს (დირექტორი-თ.ა–ძე) შორის, 2013 წლის 22 სექტემბერს, დაიდო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის თანახმად:

3.5.1. ერთობლივი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობის საგანს წარმოადგენდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის №122-სა და №124-ში სასტუმრო კომპლექსის აშენება და, აშენებული სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კაზინოსა და დისკო ბარების მოწყობა;

3.5.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა როგორც მხარეთა ვალდებულებები, ასევე შემოსავლების განაწილების წესი, გათვალისწინებული იქნა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის შედეგად მოგებული თანხებიდან 50%-ის ოდენობით შპს ,,ა–უზე" გადაცემა, ხოლო დარჩენილი 50% გადაეცემოდა მოპასუხეთა საზოგადოებებს;

3.5.3. მხარეებს შორის გაფორმებული 2013 წლის 22 სექტემბრის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე საწარმოს უნდა გადაეხადა 500 000 აშშ დოლარი შპს ,,გ.....“-ის სასტუმროს მოპირკეთების, რემონტისა და ექსპლუატაციაში შესვლისათვის;

3.5.4. მოსარჩელეს აღნიშნული თანხა მოპასუხეებისათვის არ გადაუცია, თუმცა, მოსარჩელემ მოპასუხეებს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, ნივთები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 500 000 აშშ დოლარი;

3.5.5. მხარეებს შორის გაფორმებული 2013 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების 8.8 პუნქტის თანახმად, აღნიშნული 500 000 აშშ დოლარი ჩაითვალა მხარეებს შორის გაფორმებული 2013 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის (იხ. წინამდებარე განჩინების 3.5.3 ქვეპუნქტი) შესრულებად, სასტუმროს მოპირკეთებისა და ექსპლუატაციაში შესვლისათვის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-22; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტი);

3.5.6. ერთი მხრივ, შპს ,,ა–უ“-ს დირექტორ ი.შ–სა და მეორე მხრივ, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ რ.ა–ძესა და შპს ,,გ.....“-ის დირექტორ თ.ა–ძეს შორის, 02.03.2014 წელს, გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ შპს ,,ა–უ“-ს მიერ შპს ,,გ.....“-ზე სასტუმროს მშენებლობისათვის და კეთილმოწყობისათვის სესხად გადაცემულმა თანხამ შეადგინა 618 985 აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 39);

3.6. საქმეში წარმოდგენილი 18.07.2017 წლის შპს ,,ა–უ“-ს დირექტორის ი.შ–ის ხელწერილის თანახმად: ,,შპს ,,ა–უ“-მ, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ რ.ა–ძესთან, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ თ.ა–ძესა და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორ თ.ა–ძესთან 22.09.2013 წელს დადო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა–უ“- მ, შპს ,,გ.....“-ში, შპს ,,გ.....“-ში და შპს ,,ა.კ–ი“-ში 5 წლის ვადით ჩადო 500 000 აშშ დოლარი, მაგრამ შემდეგ, დამატებითი სიტყვიერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 500 000 აშშ დოლარიდან 06.09.2016 წელს შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა.კ–ი“-მ შპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნა 435 000 აშშ დოლარი, ხოლო 01.11.2016წ. კი კვლავ მისცა 20 000 აშშ დოლარი;

3.6.1. დღეის მდგომარეობით, საერთო ჯამში შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა.კ–ი“-მშპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნა 455 000 აშშ დოლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი ხელწერილები, ე.ი. მთლიანობაში შპს ,,ა–უ“-ს მიერ მიღებული თანხა შეადგენდა 455 000 აშშ დოლარს; 22.09.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 18 ივლისს, ი.შ–ს კვლავ გადასცეს 25 000 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით შპს ,,ა–უ“-ზე შპს ,,გ.....“-ს, შპს ,,გ.....“-ს და შპს ,,ა.კ–ი“-ს გადასახდელი დარჩათ 20 000 აშშ დოლარი, რომელსაც გადაიხდიდნენ 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე“;

3.6.2. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერენ შპს ,,ა–უ“-ს დირექტორი ი.შ–ი, შპს ,,გ.....“-ის დირექტორი რ.ა–ძე, შპს ,,გ.....“-ის დირექტორი თ.ა–ძე და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორი თ.ა–ძე, რაც დამოწმებულია შპს ,,ა–უ“-სა და შპს ,,გ.....“-ის ბეჭდებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-46).

3.7. საქმეში წარმოდგენილი 10.08.2017წ. შპს ,,ა–უ“-ს დირექტორის ი.შ–ის ხელწერილის თანახმად: ,,შპს ,,ა–უ“-მ, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ რ.ა–ძესთან, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ თ.ა–ძესა და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორ თ.ა–ძესთან 22.09.2013 წელს დადო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა–უ“-მ, შპს ,,გ.....“-ში, შპს ,,გ.....“-ში და შპს ,,ა.კ–ი“-ში 5 წლის ვადით ჩადო 500 000 აშშ დოლარი, მაგრამ ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ (25.07.2014წ.), ორი თვის მუშაობის შემდეგ, დამატებითი სიტყვიერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 500 000 აშშ დოლარიდან 06.09.2016 წელს შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა.კ–ი“-მ შპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნეს 435 000 აშშ დოლარი, ხოლო 01.11.2016 წელს კი კვლავ მისცეს 20 000 აშშ დოლარი;

3.7.1. საერთო ჯამში შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა.კ–ი“-მ შპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნეს 455 000 აშშ დოლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი ხელწერილები, ე.ი. მთლიანობაში შპს,,ა–უ“-ს მიერ მიღებული თანხა შეადგენდა 455 000 აშშ დოლარს; 22.09.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 18 ივლისს, ზემოაღნიშნულმა პირებმა ი.შ–ს კვლავ გადასცეს 25 000 აშშ დოლარი. ხოლო 10.08.2017 წელს კი ი.შ–ს კვლავ გადასცეს დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი, რითაც სრულად იქნა გასწორებული შპს ,,ა–უ“-ზე, შპს ,,გ.....“-ის, შპს ,,გ.....“-ის და შპს ,,ა.კ–ი“-ს ვალი 500 000 აშშ დოლარი, რის შემდეგ შპს ,,ა–უ“-ს შპს ,,გ.....“-ის, შპს ,,გ.....“-ის და შპს ,,ა.კ–ი“-ის მიმართ არანაირი პრეტენზია ან საჩივარი არა აქვს და არც სამოქალაქო სარჩელის არ მოითხოვს“ (იხ. ტ.1, ს.ფ.275);

3.7.2. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერენ შპს ,,გ.....“-ის დირექტორი რ.ა–ძე, შპს ,,გ.....“-ის დირექტორი თ.ა–ძე და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორი თ.ა–ძე. შპს ,,ა–უ“-ს დირექტორის ი.შ–ის ხელმოწერა კი ხელწერილზე დატანილი არ არის. ხელწერილი დამოწმებულია შპს ,,გ.....“-ის ბეჭდებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 275).

3.8. საქმეში წარმოდგენილი 06.09.2017 წლის შპს ,,ა–უ“-ს დირექტორის ი.შ–ის ხელწერილის თანახმად: ,,შპს ,,ა–უ“-მ, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ რ.ა–ძესთან, შპს ,,გ.....“-ის დირექტორ თ.ა–ძესა და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორ თ.ა–ძესთან 22.09.2013 წელს დადო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შპს ,,ა–უ“-მ, შპს ,,გ.....“-ში, შპს ,,გ.....“-ში და შპს ,,ა.კ–ი“-ში 5 წლის ვადით ჩადო 500 000 აშშ დოლარი, მაგრამ ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ (25.07.2014წ.), ორი თვის მუშაობის შემდეგ, დამატებითი სიტყვიერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 500 000 აშშ დოლარიდან 06.09.2016 წელს შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა კ“-მ შპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნეს 435 000 აშშ დოლარი, ხოლო 01.11.2016 წელს კი კვლავ მისცეს 20 000 აშშ დოლარი;

3.8.1. საერთო ჯამში შპს ,,გ.....“-მა, შპს ,,გ.....“-მა და შპს ,,ა.კ–ი“-მ შპს ,,ა–უ“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნეს 455 000 აშშ დოლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი ხელწერილები, ე.ი. მთლიანობაში შპს ,,ა–უ“-ს მიერ მიღებული თანხა შეადგენდა 455 000 აშშ დოლარს; 22.09.2013 წლის ხელშეკრულების თანახმად, ,,2017 წლის 18 ივლისს, ზემოაღნიშნულმა პირებმა ი.შ–ს კვლავ გადასცეს 25 000 აშშ დოლარი. ხოლო 10.08.2017 წელს კი იაშა შქარიშვილს კვლავ გადასცეს დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი, რითაც სრულად იქნა გასწორებული შპს ,,ა–უ“-ზე, შპს ,,გ.....“-ის, შპს ,,გ.....“-ის და შპს ,,ა.კ–ი“-ს ვალი 500 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული 618 985 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 218 985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს შპს ,,ა–უ“-ს დამფუძნებელს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ, თავისივე განმარტებით, ხოლო დარჩენილი თანხა 400 000 აშშ დოლარი მიიღო შპს ,,ა–უ“-ს დირექტორმა ი.შ–მა, რომელიც იმავე დღეს 2014 წლის 5 აგვისტოს ბანკის მეშვეობით, რ.ა–ძის თანდასწრებით, გადაგზავნილი იქნა შპს ,,ა–უ“-ს დამფუძნებელზე ვ.გ–ზე თურქეთის რესპუბლიკაში“.

3.8.2. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერენ შპს ,,ა–უ“-ს დირექტორი ი.შ–ი, შპს ,,გ.....“-ის დირექტორი რ.ა–ძე, შპს ,,გ.....“-ის დირექტორი თ.ა–ძე და შპს ,,ა.კ–ი“-ს დირექტორი თ.ა–ძე, რაც დამოწმებულია შპს ,,ა–უ“-ს, შპს ,,გ.....“-ისა და შპს ,,გ.....“-ის ბეჭდებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 95-96);

3.9. შპს ,,ა–უ“-ს დამფუძნებლის ვ.გ–ის 17.09.2018 წლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, შპს ,,გენაცვალე 2007“-ს, შპს ,,გ.....“-ს და შპს ,,ა.კ–ი“-ს ფირმის დირექტორებს რ.ა–ძისაგან და თ.ა–ძისაგან, შპს ,,ა–უ“-ს ფირმის მიერ განხორცილებული ინვესტიციისა და სესხად გაცემული თანხიდან, პირადად მას არც ერთი დოლარი არ მიუღია. ყველა სახის ანგარიშსწორებას ახორციელებდა შპს ,,ა–უ“-ს დირექტორი ი.შ–ი, რის შემდეგაც მათ შორის ხდებოდა ანგარიშსწორება. ზემოხსენებული ფირმების დირექტორების თ.ა–ძისა და რ.ა–ძის მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, თითქოს მას (ვ.გ–ის) მიღებული აქვს 218 985 აშშ დოლარი, არ შეესაბამება სიმართლეს. საჭიროების შემთხვევაში, გამოცხადდება ყველა დაინტერესებულ ორგანოში“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52);

3.10. შპს ,,ა–უ“-მ 11.10.2018 წელს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - შპს ,,გ.....“-სა და შპს ,,ა.კ–ი“-ს მიმართ, სესხის დარჩენილი დავალიანების - 218 985 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელწერილი შეიცავდა არასწორ მონაცემებს, რასაც არ დაეთანხმა კომპანიის დირექტორი (იხ. ტ, 1, ს.ფ. 1-17);

3.11. შპს ,,ა–უ“-მ 14.02.2019წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - შპს ,,გ.....“-ს, შპს ,,ა.კ–ი“-სა და შპს ,,გ.....“-ის მიმართ, სესხის დარჩენილი დავალიანების -218 985 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელწერილი შეიცავდა არასწორ მონაცემებს, რასაც არ დაეთანხმა კომპანიის დირექტორი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 121-141);

3.12. შპს ,,ა–უ“-მ 21.10.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - შპს ,,გ.......“-ს, შპს ,,ა.კ–ი“-სა და შპს ,,გ.....“-ის მიმართ, მოტყუებით დადებული 06.09.2017წ. ხელწერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სესხის დარჩენილი დავალიანების - 218 985 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელწერილი შეიცავდა არასწორ მონაცემებს, რასაც არ დაეთანხმა კომპანიის დირექტორი. მოპასუხეებმა მოატყუეს შპს ,,ა–უ“-ს დირექტორი, რომ სადავო თანხა ხელზე გადასცეს კომპანიის დამფუძნებელს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 219-237).

3.13. მოპასუხე (მოვალე) შპს ,,გ.....“ სადავო დავალიანების გადახდის დასადასტურებლად უთითებს საქმეში წარმოდგენილ 06.09.2017 წლის შპს ,,ა–უ“-ს დირექტორის ი.შ–ის ხელწერილზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 95), სადაც მითითებულია, რომ ,,მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული 618 985 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 218 985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს შპს ,,ა–უ“-ს პარტნიორს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ, თავისივე განმარტებით“. აღნიშნული ხელწერილით, შპს ,,ა–უ“-ს დირექტორი ი.შ–ი ადასტურებს თ.ა–ძის განმარტებას, რომ მან სადავო თანხა გადასცა შპს ,,ა–უ“-ს პარტნიორს ვ.გ–ს. ამასთან, უშუალოდ კრედიტორი კომპანიის დირექტორი ი.შ–ი სადავო თანხის გადაცემას არ ესწრებოდა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს ,,ა–უ“-ს დამფუძნებლმა ვ.გ–მა ამ ფაქტის შეტყობინებისთანავე უარყო სადავო თანხის მისთვის გადაცემის ფაქტი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.9 ქვეპუნქტი). ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია კომპანიებს შორის არსებული სასესხო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი; შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოტყუებას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ სასესხო ვალდებულება არც ყოფილა ჯეროვნად გადახდილი (შესრულებული);

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სურს, კერძოდ, მოტყუებით დადებული ხელწერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 81.1-ე “თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა”, 623-ე “სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვაგვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”, 394.1-ე “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის”, 408.1-ე “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება” და 411-ე “ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო” მუხლებიდან გამომდინარეობს.

4.1. სააპელაციო სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად, განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

4.2. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ. Nას-1470-2018; 15.02.2019).

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ა–უ“-მ შპს ,,გ.....“-ს ასესხა 618 985 აშშ დოლარი. შესაბამისად, წარმოშობილია კრედიტორ შპს ,,ა–უ“-ს მოთხოვნის უფლება - სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე, მსესხებლის მიმართ; მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს ,,გ.....“ პერიოდულად უხდიდა შპს ,,ა–უ“-ს სესხად აღებულ თანხებს. მოცემული დავის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა სესხად აღებული თანებიდან 218 985 აშშ დოლარის დავალიანების არსებობა და მოვალის მიერ მისი გადახდა;

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს;

5.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა თავის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, რომ თანხა ნამდვილად გაასესხა. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, ვალის დაბრუნების და დავალიანების ამ ოდენობით არარსებობის ფაქტის დადასტურება, კი სწორედ მოპასუხეთა ვალდებულებაა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სსკ-ის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა, ერთი მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ, ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ, ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ-ები: N ას-570-541-2015, 11.11.2015 წ; N ას-1541-1547-2011; 19.04.2012 წ; N ას-773-773-2018, 14.01.2019 წ.);

6. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე/აპელანტმა მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაადასტურა სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების - 218 985 აშშ დოლარის მის მიერ გადახდის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

7. უდავო ფაქტია ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტს/მოპასუხეს შპს ,,გ.....“-ს სასესხო დავალიანების დარჩენილი თანხა - 218.985 აშშ დოლარი გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელისათვის შპს ,,ა–უ“-სათვის. აპელანტი მითითებული თანხის გადახდის დასადასტურებლად უთითებს საქმეში 95-ე გვერდზე წარმოდგენილ ხელწერილზე, რომლის ბოლო ორი აპზაცის ნამდვილობა წარმოდგენილი სარჩელით სადავოდაა გამხდარი და რომლის თანახმად ,,მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტით არებული 618985 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 218985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს შპს ,,ა–უს“ დამფუძნებელს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ თავისივე განმარტებით“.

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,გ.....“-ის მიერ შპს ,,ა–უს“ მიმართ სესხის გადახდის დასადასტურებლად ზემოთ მითითებული გარემოება ვერ გამოდგება, რადგან ეს ფაქტი სადავოდ არის გამხდარი მეორე მხარის (კრედიტორის - შპს ,,ა–უს“) მიერ. აქვე დადგენილია, რომ თანხის მიმღები პირი ვ.გ–ი ამ ფაქტს უარყოფს. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი თანხა გადახდილი იქნებოდა არა კრედიტორისათვის - შპს ,,ა–უ“-სათვის, არამედ მისი პარტნიორისათვის, რაც გამორიცხავს კომპანიებს შორის არსებული სასაესხო ვალდებულების ჯეროვან შესრულებას;

7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არისგათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

7.3. შპს-ში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები, განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით, შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა.

8. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარის მტკიცებით, სადავო თანხა მოვალე შპს ,,გ.....“-ის 50%-იანი წილის მესაკუთრემ თ.ა–ძემ გადასცა შპს ,,ა–უ“-ს პარტნიორს ვ.გ–ს. ამდენად, აპელანტის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, გამოდის, რომ სადავო გადაცემა და მიღება განხორციელდა არა საწარმოების დირექტორებს, არამედ საწარმოების პარტნიორებს შორის. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოტყუებას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ სასესხო ვალდებულება არც ყოფილა ჯეროვნად გადახდილი (შესრულებული);

8.1. ზემოთ აღნიშნული გარემოების შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 361.2-ე მუხლზე, რომლის თანახმად, “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”; სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, “ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს” ; ამავე 59.1-ე მუხლით “ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა”. 59.2-ე მუხლის თანახმად, “საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ”; 59.3-ე მუხლით კი “შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს”. სსკ-ის 99.1-ე მუხლის თანახმად, “თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე”. 99.2-ე მუხლის თანახმად, “თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა”, ხოლო 99.3-ე მუხლით “თუ გარიგება, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, დადებულია მისი თანხმობით, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებები”; 102.1-ე მუხლის თანახმად, “საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს”; 371.1-ე მუხლით “თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია”; სსკ-ის 373.1-ე მუხლის თანახმად, “მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება”. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი”;

8.2. დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო შესრულება - სადავო თანხის გადაცემა და მიღება, განხორციელდა კომპანიების პარტნიორებს შორის (ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთი პარტნიორი) და არა კომპანიების დირექტორებს შორის, რომლებიც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებით აღჭურვილები და, შესაბამისად, სადავო თანხის გადაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირები. ამასთან, არ დგინდება ამ უკანასკნელთა მიერ რაიმე ფორმით კომპანიის პარტნიორებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემის, დელეგირების შესახებ. მოვალე/მოპასუხე მხარის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შესრულება ბათილია, მისი არაუფლებამოსილი პირების მიერ განხორციელების გამო.

8.3. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად მხარეთა შორის შემაჯამებელი 06.09.2017 წლის ხელწერილის ბოლო აბზაცი 618985 აშშ დოლართან მიმართებით 218 985 აშშ დოლარის ნაწილში და ბოლო აბზაცი პრეტენზიისა და საჩივრის არქონასთან დაკავშირებით, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ანალიზი იძლევა საფუძველს, რომ არსებობს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადავო დავალიანების 218 985 აშშ დოლარის მოვალე შპს ,,გ.....“-ზე დაკისრებისა, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

8.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 408.1-ე, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება (იხ. სუსგ Nას-243-2021, 04.06.2021წ.). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

8.5. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოპასუხეს. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასების თავისებურებას ფულადი ვალდებულების შესრულების კონტექსტში. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (შეად. სუსგ-ას: N ას-254-241-2015, 06.05.2015წ.).

8.6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოვალეს სესხად აღებული თანხა, საიდანაც მოვალემ არ გადაიხადა 218 985 აშშ დოლარი და ერიცხება ამ ოდენობოით დავალიანება კრედიტორის წინაშე. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; უდავოა, რომ მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიზანია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, შემოსავლის მიღება; როგორც უკვე აღინიშნა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, მით უფრო მოგებაზე ორიენტრირებული მოქმედი მეწარმე სუბიექტისათვის, რომლისთვისაც ნებისმიერი შემოსავალი თანხის სათანადო დაბანდებისა და შესაბამისი ნაცვალგების მიღების საშუალებას წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენებისა და მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის წლიური 10%-ის დაკისრების წინაპირობა, რაც გონივრული და სამართლიანია, რაც ამ ნაწილშიც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

8.7. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არ არის გაბათილებული საქმეზე დადგენილი გარემოებები.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგ ძირითად პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.1.1. მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი, რომელიც 2018 წლის 11 ოქტომბერს აღძრა, ორჯერ- 2019 წლის 14 თებერვალს და 2020 წლის 21 ოქტომბერს დააზუსტა. მესამედ დაზუსტებული სარჩელი ფაქტობრივად ახალი სარჩელია;

9.1.2. სარჩელი, რომელიც მოტყუებას ეფუძნება, არ არის შეფასებული მოტყუების საფუძველზე შეცილების ვადის მიხედვით, რაც სასამართლოს ვალდებულებაა, მხარე რომც არ უთითებდეს;

9.1.3. სარჩელი ხანდაზმულია ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან საქმეში წარმოდგენილია გადახდის დოკუმენტი და არც მოსარჩელე საწარმოს დირექტორი უარყოფს იმ ფაქტს, რომ თანხის ნაწილი - 400 000 აშშ დოლარი გადასცეს 2014 წლის აგვისტოში, რაც ი.შ–მა (მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა, ბანკის მეშვეობით, თურქეთში გადარიცხა, ანუ დარჩენილი 225 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2014 წლის აგვისტოში და 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2017 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა; გარდა ამისა, მხარეთა შორის საერთოდ რომ არ გაფორმებულიყო რაიმე სახის ხელწერილი, სარჩელი მაინც ხანდაზმულია, მოსარჩელე საწარმოს დირექტორი თვითონვე ადასტურებს, რომ მან მოითხოვა 625 000 აშშ დოლარის გადახდა და ამ თანხის ნაწილი 400 000 აშშ დოლარი მიიღო 2014 წლის აგვისტოში, ამიტომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლო საერთოდ არ პასუხობს მოპასუხე მხარის შესაგებელში შედავებულ ხანდაზმულობის ფაქტს.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391.5-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.3. მოპასუხე მხარემ 2024 წლის 22 მაისს (რეგისტრაციის N ა-2707-24; 17 ფურცლად) წარმოადგინა სამართლებრივი დასკვნა და შეფასება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, სადაც ძირითადად საკასაციო საჩივრის არგუმენტებზე მიუთითებს, მოიხმობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და უთითებს, რომ მოტყუების საფუძვლით აღძრული სარჩელი, პირველ რიგში, შეცილების ვადის მიხედვით უნდა შემოწმდეს. მოსარჩელეს სწორედ შეცილების ერთწლიანი ვადის დარღვევით აქვს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი 2021 წლის 21 ოქტომბერს, თუმცა, როგორც არ უნდა აითვალის შეცილების ვადა, მაინც დარღვეულია, რადგან მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებლის წერილობითი განმარტება დათარიღებულია 2018 წლის 11 ოქტომბრით, ეს კი ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. მოსარჩელემ სარჩელის არაერთი დაზუსტებით პრაქტიკულად “გააცოცხლა” სარჩელის ხანდაზმულობის ან შეცილების ვადა. კასატორს (მოპასუხე მხარს) ხელთ აქვს სსკ-ის 429-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დოკუმენტი- 2017 წლის 6 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია, სადავო არ არის ხელმოწერის ნამდვილობა; დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება, რომ 2017 წლის 18 ივლისს ის არ ენდო მოპასუხეთა განმარტებებს ვალდებულების სრულად შესრულებაზე და ინფორმაციის გადაუმოწმებლად ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, ანუ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე იმ მოტივით, რომ იგი ვერ უკავშირდებოდა დამფუძნებელ პარტნიორს ვ.გ–ს, რათა გაერკვია-გადაემოწმებინდა გადახდის, ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ კი 20 დღის შემდეგ, რა ფაქტორების გამო გაუჩნდა ნდობა და ხელი მოაწერა შეთანხმებას ვალდებულების შესრულებაზე და პრეტენზიის არქონაზე. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რა სახის მტკიცებულებაა მოსარჩელე საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი პარტნიორის განმარტება, რომელიც სასამართლოს მოწმის სახითაც კი არ დაუკითხავს; გარდა იმისა, რომ მოპასუხეს მეორედ ეკისრება უკვე გადახდილი ვალდებულების შესრულება, სრულიად დაუსაბუთებელია მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაც. არც ერთი გარემოება არ არის სარჩელში მითითებული მიუღებელი შემოსავლის თაობაზე. სესხი არ იყო სარგებლიანი და არც მოსარჩელე მხარის საქმიანობა უკავშირდება თანხის ანაბარზე განთავსებას და პროცენტებით სესხების გაცემას. მარტოოდენ ფულის სყიდვაუნარიანობა და ბრუნვაუნარიანობა არ არის საკმარისი დასაბუთება ამ ვალდებულების მოპასუხე მხარისათვის დასაკისრებლად.

9.4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებითად განხილვის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების შეფასებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე მხარის საკასაციო განაცხადი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და, ახალი გადაწყვეტილებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე საწარმოს სასარჩელო მოთხოვნა.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული შედავება გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებასთან მიმართებით.

11. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

13. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

14. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

16. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ; N ას-667-2023, 16.11.2023წ; N ას-1129-2023, 27.12.2023წ; N ას-846-2023, 9.02, 2024წ; N ას-564-2023, 15.02.2024წ; N ას-26-2024, 15.04.2024წ; N ას-42-2024, 18.04.2024წ; N ას-932-2023, 16.05.2024წ; ნ ას-1407-2023, 23.05.2024წ.).

17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

19. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1-3.9 ქვეპუნქტები) სავსებით საკმარისია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მისაღებად და არ ვლინდება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით დადგენილი საფუძველი.

22. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე გადაწყვეტილების 11-20 პუნქტებში ასახული მტკიცების ტვირთის, საქმის გამოკვლევის კრიტერიუმების, სასამართლოს უფლებამოსილებისა და იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ მითითებულ და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია, პირველ რიგში, მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე გაამახვილებს ყურადღებას:

22.1. მოსარჩელე საწარმომ სარჩელი აღძრა 2018 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხეების: შპს „გ.....“-ის, შპს „ა.კ–ის“ წინააღმდეგ და, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, კერძოდ, იმის გამო, რომ მოპასუხეების მიერ შედგენილი 18.08.2017წ. ხელწერილის ნიმუში მოსარჩელისათვის 455 000 აშშ დოლარის დაბრუნებისა და დარჩენილი ვალის- 20 000 აშშ დოლარის თაობაზე არასწორ მონაცემებს შეიცავდა, მოითხოვა მოპასუხეებისათვის: შპს „გ.....“-ის და შპს „ა.კ–ისათვის“ საწარმოსადმი არსებული დავალიანების 218 985 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე - სარგებლის პროცენტის, მიუღებელ შემოსავალთან ერთად, რაც 80 000 აშშ დოლარს შეადგენს. სარჩელის მიხედვით ზემოთ დასახელებულ ხელწერილს არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა მოსარჩელემ, რადგან ხელწერილი არასწორ მონაცემებს შეიცავდა, რაზედაც მოპასუხემ სიტყვიერად განუმარტა, რომ თურქულ მხარესთან (ა–უს დამფუძნებელთან) ჰქონდა ანგარიში გასწორებული; ამის თაობაზე „ა–უს“ დამფუძნებელმა გ.ვ–მა თურქეთის ნოტარიუსთან შეადგინა აპოსტილირებული სანოტარო აქტი და დაადასტურა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომელიც მითითებულია მოპასუხეების მიერ გაგზავნილ წერილში, თითქოს მას მიღებული აქვს მოპასუხეებისაგან 218 985 (ორას თვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ.1-17).

22.1.1. სარჩელის პასუხად წარდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა მხარეთა შორის 2017 წლის 6 სექტემბერს ერთობლივად შედგენილ და ხელმოწერილ დოკუმენტზე (ხელწერილზე), რომლის თანახმად, 22/09/2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 18 ივლისს, მოპასუხეებმა შპს „ა–უს“ დირექტორს ბატონ ი.შ–ს კვლავაც გადასცეს 25 000 აშშ დოლარი, ხოლო 10.08.2017 წელს კი შპს „ა–უს“ დირექტორს ბატონ ი.შ–ს ასევე კვლავ გადასცეს დარჩელი 20 000 აშშ დოლარი, რითაც სრულად იქნა გასწორებული შპს „ა–უზე“ შპს „გ.....“-ის, შპს „გ.....“-ისა და შპს „ა.კ–ის“ ვალი, საერთო ჯამში 500 000 აშშ დოლარი“, ამავე 2017 წლის 6 სექტემბერს ერთობლივად შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილით მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ „მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული 618 985 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 218 985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს შპს „ა–უს“ დირექტორს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ თავისივე განმარტებით, ხოლო დარჩენილი 400 000 აშშ დოლარი მიიღო შპს „ა–უს“ დირქტორმა ი.შ–მა, რომელიც იმავე დღეს 2014 წლის 5 აგვისტოს ბანკის მეშვეობით, რ.ა–ძის თანდასწრებით გადაგზავნილი იქნა შპს „ა–უს“ დამფუძნებელზე ვ.გ–ზე თურქეთის რესპუბლიკაში. უფრო მეტიც, მხარეთა შორის 06/09/2017 წელს გაფორმებული შეთანხმების (ხელწერილის) თანახმად, შპს „ა–უს“ დირექტორმა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებები სრულად ჰქონდათ დაფარული მოპასუხეებს, ხსენებულ ხელწერილში მიუთითა, რომ შპს „ა–უს“ შპს „გ.....“-ის, შპს „გ.....“-ისა და შპს „ა.კ–ის“ მიმართ არანაირი პრეტენზია ან საჩივარი არ აქვს და არ სამოქალაქო სარჩელს არ მოითხოვს მომავალში;

22.1.2. მოპასუხემ შესაგებლით ასევე სადავო გახადა მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებლის ვ.გ–ის აპოსტილით დამოწმებული სანოტარო აქტის შინაარსი, რომელიც, მისი მტკიცებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ერთობლივი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შემოსულ თანხების ნაწილს ეტაპობრივად ღებულობდა მოპასუხეებისაგან, რაც დასტურდება თურქულ ენაზე მის მიერვე დაწერილი ხელწერილებით, რომლებიც ქართულად გადათარგმნილი და დამოწმებული სახით მოპასუხემ შესაგებელს დაურთო - ტ.1, ს.ფ.81-92);

22.2. პირველი სარჩელის წარდგენიდან ოთხი თვის შემდეგ, 2019 წლის 14 თებერვალს მოსარჩელე საწარმომ დააზუსტა სარჩელი, რომელშიც მიუთითა, რომ თავდაპირველი სარჩელში მოპასუხეთა შორის არ იყო დასახელებული შპს „გ.....“, რომელიც უკვე დასახელებულ შპს „გ.....“-სა და შპს „ა.კ–თან“ ერთად სოლიდარულად არის პასუხისმგებელი შეუსრულებელ ვალდებულებაზე, ასევე, არ დაეთანხმა მოპასუხეთა შესაგებელზე თანდართულ მტკიცებულებას, რომელიც ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის შედეგად შემოსული მოგების მათემატიკურ გაანგარიშებას წარმოადგენს, რაც 5 თვეს მოიცავს და სულ 60 000 აშშ დოლარია და მიზნად ისახავს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე საწარმომ მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის (შპს „გ.....“-ისათვის, შპს „გ.....“-ისათვის და შპს „ა.კ–ისათვის) სოლიდარულად, 218 985 აშშ დოლარისა და სარგებლის პროცენტის, მიუღებელ შემოსავალთან ერთად, 80 000 აშშ დოლარის, ასევე, ერთობლივი ბიზნესსაქმიანობიდან მოგების სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 წლის განმავლობაში მიღებული თანხების 576 000 აშშ დოლარის ნახევრის- 288 000 აშშ დოლარის დაკისრება. დაზუსტებული სარჩელის მიხედვით მხოლოდ 400 000 აშშ დოლარი აქვს დაბრუნებული მოპასუხეს მოსარჩელისათვის და ამ ნაწილში 6.09.2017 წ. ხელწერილი სადავო არ არის (იხ. დაზუსტებული სარჩელი- ტ.1, ს.ფ. 121-141).

22.2.1. საწარმოს დაზუსტებულ სარჩელზე მოპასუხემ წარადგინა დაზუსტებული შესაგებელი, რომლითაც არ ცნო აღძრული სარჩელის მოთხოვნა და კვლავ მიუთითა მხარეთა შორის 2.03.2014 წელს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს სასტუმროს მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის სესხად საერთო ჯამში 618 985 აშშ დოლარი გადასცა. მხარეებმა ერთობლივად დაადასტურეს 18.07.2018 წლის ხელწერილით, რომ მოპასუხეებს მოსარჩელისათვის, ხელწერილის შედგენის დროისათვის, გადასახდელად ჰქონდათ დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი, რითაც სრულად იქნა გასწორებული მოსარჩელის მიმართ მოპასუხეების ვალდებულება - საერთო ჯამში 500 000 აშშ დოლარი, ამის შემდეგ კი 6.09.2017 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელწერილს, რომლის მიხედვით მოპასუხეებს სრულად აქვს შესრულებული მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებები. ამავე შესაგებლით მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოსარჩელის დაზუსტებულ სარჩელში მითითება მხარეთა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის თანხებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების თანახმად, მხარეებს შორის საქმიანობა განხორციელდა მხოლოდ 6 თვის მანძილზე, ამ 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ შპს „ა–უს“ დამფუძნებელმა უარი განაცხადა ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებაზე და მოითხოვა მის მიერ სასტუმროს მშენებლობისათვის, მოპირკეთებისათვის და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის დახარჯული თანხების დაბრუნება, რაც დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს სრულად აქვთ დაბრუნებული და ამას ადასტურებს მხარეთა შორის 18.07.2017წ. და 6.09.2017 წ. ხელმოწერილი ხელწერილები. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ თავდაპირველი სარჩელის პასუხად წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სადავო გახადა მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებლის ვ.გ–ის აპოსტილით დამოწმებულ სანოტარო აქტში ასახული გარემოება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ვ.გ–ი ერთობლივი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შემოსული თანხიდან ნაწილს ეტაპობრივად ღებულობდა მოპასუხეებისაგან, რასაც მისივე ხელწერილები ადასტურებს, რომელიც თურქული ენიდან მოპასუხე მხარემ ათარგმნინა და წარუდგინა სასამართლოს (იხ. 22.1.2 ქვეპუნქტი). შესაბამისად, ეს მტკიცებულება ადასტურებს იმ პერიოდისათვის ერთობლივი საქმიანობიდან შემოსული თანხების განაწილებას და არა- ერთობლივი საქმიანობიდან მოგების სახით მიღებულ შემოსავალს (იხ. შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე- ტ.1, ს.ფ. 163-173);

22.3. საწარმომ კვლავ დააზუსტა სარჩელი 2020 წლის 21 ოქტომბერს და მოითხოვა მოსარჩელე საწარმოსა და მოპასუხეებს შორის ხელმოწერილი 2017 წლის 6 სექტემბერს ხელმოწერილი შემაჯამებელი ხელწერილის ბოლოს წინა აბზაცის 218 985 აშშ დოლართან მიმართებით ბათილად ცნობა, ასევე, ამავე ხელწერილის ბოლო აბზაცის - პრეტენზიისა და საჩივრის არქონასთან დაკავშირებით ბათილად ცნობა იმ დასაბუთებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ნების გამოვლენის ნაკლი იკვეთება. 2014 წლის 2 მარტს მოპასუხეებმა მიღება-ჩაბარების აქტით აღიარეს მოსარჩელე საწარმოს წინაშე არსებული ვალდებულება 618 985 აშშ დოლარი. ამ ვალიდან მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებელს ვ.გ–ს საბანკო გადარიცხვით მოპასუხეებმა გადაუხადეს 400 000 აშშ დოლარი, დარჩენილი იყო 218 985 აშშ დოლარის გადახდა;

22.3.1. დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, მოპასუხეებმა არაერთხელ სთხოვეს მოსარჩელე საწარმოს დირექტორს სესხიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტაზე გარიგების გაფორმება, რაზედაც უარს ეუბნებოდა ი.შ–ი, მაგრამ მხარეთა შორის არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობიდან გამომდინარე, ი.შ–ი დააჯერეს, რომ 218 985 აშშ დოლარი, ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადეს საწარმოს დამფუძნებელთან ვ.გ–თან 2017 წელს მაშინ, როდესაც დამფუძნებელი მოპასუხეთა სასტუმროში ცხოვრობდა. მოპასუხეებმა სთხოვეს რომ ვინაიდან თვითონ ი.შ–ი ვერ უკავშირდებოდა საწარმოს დამფუძნებელს, რომელიც იმ დროისათვის საზღვარგარეთ იყო წასული (თურქეთიდან გასული იყო), მოპასუხეებმა გამოიყენეს მოსარჩელე საწარმოს დირექტორის ნდობა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, მოპასუხეებმა მათ მიერვე შედგენილი 2017 წლის 6 სექტემბრით დათარიღებული ხელწერილი მიუტანეს და სთხოვეს მასზე ხელმოწერა, „სადაც გაერთიანებული ჰქონდათ ორივე ვალის - 500 000 აშშ დოლარის და 618 985 აშშ დოლარის დაბრუნება.“ ამ ხელწერილით მოპასუხეებმა თვითონვე აიღეს პასუხისმგებლობა, რამაც შეცდომაში შეიყვანა ი.შ–ი. ბოლოს წინა აბზაცი „გარდა აღნიშნულისა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული 618 985 აშშ დოლარის სესხიდან 218 985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებელს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ თავისივე განმარტებით. თ.ა–ძის მხრიდან ტყუილი ინფორმაციის მიწოდება გახდა ი.შ–ის მხრიდან შემაჯამებელ ხელწერილზე ხელის მოწერის საფუძველი. ასევე, თ.ა–ძისა და რ.ა–ძის მხრიდან მოტყუებამ და არაკეთილსინდისიერმა მიდგომამ, უარი ათქმევინა ი.შ–ს ხელწერილით სარჩელის (საჩივრის) წარდგენის უფლებაზე უარი. ი.შ–მა, ხელმოწერის მიუხედავად, ბეჭდით არ დაადასტურა ხელმოწერა. ხელწერილში ნათლად წერია, რომ სესხად აღებული 618 985 აშშ დოლარიდან 218 985 აშშ დოლარის ვ.გ–ისათვის დაბრუნება თავის თავზე აიღო თ.ა–ძემ. როდესაც დირექტორმა ხმა მიაწვდინა საწარმოს დამფუძნებელს, მან აპოსტილით დამოწმებული წერილით აცნობა ი.შ–ს 2018 წლის აგვისტოში, რომ თ.ა–ძისაგან აღნიშნული თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით არ მიუღია. მოსარჩელემ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ნების გამოვლენის ნაკლზე, 81-ე მუხლის თანახმად მოტყუებით გარიგების დადებაზე და 82-ე მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგზე, 54-ე მუხლით გარიგების კანონსაწინააღმდეგობის საფუძვლით ბათილობაზე და 62-ე მუხლით გარიგების ნაწილის ბათილობის დროს, დანარჩენი ნაწილის ნამდვილობაზე. მოსარჩელემ ამ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით მოითხოვა 218 985 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეებისათვის; ასევე- მიუღებელი შემოსავლის სახით 87 989 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხეებისათვის 2017 წლის 6 სექტემბრის ხელწერილის გაცემიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - საბანკო ანაბრის ყოველწლიური 10 %-ის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. დაზუსტებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 219-238).

22.3.2. დაზუსტებული სარჩელის პასუხად წარდგენილი წერილობითი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითეს, რომ მხარეთა შორის 18.07.2017წ. ხელმოწერილი ხელწერილის ბოლო წინადადების თანახმად, ამ ხელწერილის გაფორმების დროისათვის მოპასუხეებს მოსარჩელისათვის 20 000 აშშ დოლარი ჰქონდათ დარჩენილი გადასახდელი მხარეთა შორის 22.09.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო შემდეგ 6.09.2017 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელწერილს, რომლითაც დადასტურდა, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე სრულად შეასრულეს ვალებულება. მოპასუხეებმა შესაგებლით სადავო გახადეს მეორეჯერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ი.შ–მა 2017 წლის 18 ივლისს 6.09.2017 წ. ხელწერილის მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა სწორედ იმის გამო, რომ ვერ უკავშირდებოდა „ფირმის დამფუძნებელს, რათა გაერკვია ინფორმაცია ვალის გადახდის, ანგარიშსწორების შესახებ. ვინაიდან მოპასუხეები ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო მათ ქონებებს გააჩნდათ ჩვენი ვალდებულება, რომელიც ხელს უშლიდათ სხვადასხვა გარიგებების დადებაში, გვთხოვეს, რომ ანგარიშსწორება დაესრულებინათ ხელწერილზე ხელის მოწერით, რასაც გამოიყენებდნენ ბანკიდან სესხის დაბრუნების მიზნით. ხოლო მოპასუხეების განსაკუთრებული თხოვნითა და დამარწმუნებელი საუბრით, განსაკუთრებული, სანდო ურთიერთობის საფუძველზე“ მოსარჩელის დირექტორმა მოაწერა ხელი ხელწერილის არსებულ ვერსიას. მოპასუხეებმა გამოიყენეს იმ პერიოდისათვის კარგი და თბილი ურთიერთობა, ი.შ–ის ნდობა, შეცდომაში შეიყვანეს და მოტყუებით მოაწერინეს ხელი სესხის სრულად გადახდის დოკუმენტზე, თითქოსდა 618 985 აშშ დოლარი დაფარული ჰქონდა მოპასუხე მხარეს (იხ. 21.10.2020წ. დაზუსტებული სარჩელი- ტ.1, ს.ფ.224-225) და მეორეჯერ დაზუსტებული სარჩელის პასუხად მეორეჯერ დაზუსტებელ შესაგებელში მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საწარმოს დირექტორი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებითა და კონსულტაციით, მან იცოდა, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა ხელწერილის შედგენას და მხოლოდ საკუთარ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მოაწერა ხელი 6.09.2017 წლის ხელშეკრულებას. უფრო მეტიც, 1.05.2020წ. მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებას მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რაზედაც საწარმოს უარი ეთქვა და საქმე შეწყდა. მოპასუხემ ამავე შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი პირველად აღიძრა 2018 წლის 11 ოქტომბერს, ამ სარჩელის მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე უთითებს საწარმოს დამფუძნებლის ვ.გ–ის მიერ აპოსტილით დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც ის უარყოფს მოპასუხე მხარისაგან 218 985 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, თუმცა, მოსარჩელეს როგორც ამ პირველი სარჩელის აღძვრის დროს, ისე 14.02.2019 წ. დაზუსტებული სარჩელით არ მოუთხოვია 6.09.2017 წლის ხელწერილის ბოლოს წინა აბზაცისა და ბოლო აბზაცის ბათილად ცნობა პრეტენზიისა და საჩივრის აქრონასთან დაკავშირებით. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის პირველად აღძრული სარჩელით ცნობილი იყო, რომ საწარმოს დამფუძნებელს თითქოსდა არ ჰქონდა მიღებული მოპასუხე მხარისაგან სადავო 218 985 აშშ დოლარი, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ წარადგინა ვ.გ–ის აპოსტილით დამოწმებული წერილი, შესაბამისად გასულია შეცილებისათვის სსკ-ის 84-ე მუხლით დადგენილი ერთწლიანი ვადა (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 249-261).

23. საკასაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე დეტალურად ყურადღების გამახვილება და სარჩელებსა და შესაგებლებში (თავდაპირველად წარდგენილის შემდეგ ორჯერ დაზუსტებულ სარჩელსა და ამის პასუხად ორჯერ დაზუსტებულ შესაგებელში) ასახული ფაქტობრივი გარემოებების ვრცლად მითითება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 21-22 პუნქტები) იმით არის განპირობებული, რომ თითოეული საქმის გამოკვლევა და შესწავლა წინამდებარე გადაწყვეტილების 11-20 პუნქტებში ასახულ მტკიცების ტვირთს და მის მართებულად განაწილებას უკავშირდება სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპორცესო სამართალში. მხარეთა მიერ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები) მნიშვნელოვანია სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ემყარება მხარეთა განმარტებებს პრინციპით „მომეცი ფაქტები, მოგცემ სამართალს“ /“Da mihi factum, dabo tibi ius“/, რომელიც ცხადად წარმოაჩენს იმ დანაწესს, რომ მოსარჩელეს ევალება ფაქტების მითითება და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო მოპასუხეს - მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დამაჯერებლად და სამართლებრივად ვარგისი შედავებით უარყოფა (იხ. სუსგ-ები: N ას - 1387-2020, 11.03.2021; N ას- 33-33-2018, 2.08.2019წ.).

24. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის სტადიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სარჩელი და შემდეგ მისი ორჯერ დაზუსტებული ვერსია არ ასახავს მხარეთა შორის განვითარებული მოვლენების აღწერას ფაქტობრივად მწყობრი და ლოგიკური ჯაჭვის მიხედვით, მეტიც, თუ პირველ სარჩელში (11.10.2018წ. აღძრული) მითითებულია, რომ არასწორი მონაცემების გამო არ მოაწერა მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ხელი მოპასუხეების მიერ 18.08.2017წ. აგვისტოში ხელმოწერილი ხელწერილის ნიმუშს, რომელიც „არასწორ მონაცემებს“ შეიცავდა, ოთხი თვის შემდეგ შეტანილ სარჩელში (14.02.2019წ.) მოპასუხეთა წრის გაზრდასთან ერთად სასარჩელო მოთხოვნაც გაიზარდა, რომელიც, როგორც მოსარჩელემ მიუთითა „გამომდინარეობს მოპასუხეთა შესაგებელზე დართული მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი, ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის შედეგად მოგების სახით შემოსავლების შესახებ მოპასუხეთა მიერ შედგენილი, 2014 წლის 5 თვის მათემატიკური გაანგარიშებებიდან“, რომელიც მოსარჩელისათვის უცნობი იყო და მოგების სახით 60 000 აშშ დოლარს შეადგენს". საბოლოოდ პირველი სარჩელის შეტანიდან ორი წლის გასვლის შემდეგ მეორედ დაზუსტებულ სარჩელში (21.10.2020წ. შეტანილი) მოსარჩელემ პირველად მიუთითა მოსარჩელე საწარმოს დირექტორის - ი.შ–ის მოპასუხეთა მხრიდან მოტყუების ფაქტზე, მხარეთა შორის განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ბოროტად გამოყენებაზე მოპასუხეთა მიერ და, მოტყუების ფაქტობრივი საფუძვლით, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 6.09.2017 წ. ხელმოწერილი მხარეთა შეთანხმების ბოლოს წინა და ბოლო აბზაცების ბათილად ცნობაც მოითხოვა. საკასაციო სასამართლო მოპასუხის სტადიასთან დაკავშირებით, ზოგადად განმარტავს, რომ სარჩელში მითითებულ გარემოებებსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული მოპასუხის შესაგებელი, ანუ რა ფაქტობრივი გარემოებებიც არის მითითებული, იმის კვალობაზე დასაბუთებული და კვალიფიციური შედავება უნდა განახორციელოს მოპასუხემ, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გარდა, შესაძლოა, მოვლენათა განვითარების განსხვავებულ ვერსიასაც მოიცავდეს, მოპასუხის მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეთავაზებულს სასამართლოსათვის. „სამჯერ“ წარდგენილი სარჩელის პასუხად „სამჯერ“ წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის 18.07.2017.წ ხელწერილის მიხედვით ჯერ კიდევ გადასახდელი იყო 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის, შესაბამისად, 6.09.2017 წელს შედგენილი ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები, ადასტურებს ვალდებულების სრულად შესრულებას, რაზედაც ცხადად გამოავლინეს ნება მხარეებმა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოტყუების სამართლებრივ საფუძველზე მხოლოდ ბოლოს „მესამედ“ წარდგენილ (21.10.2020წ.) სარჩელში მიუთითა, მოპასუხის სტადიაზე, მოტყუების, როგორც საცილო გარიგების თაობაზე, შეცილების ერთწლიანი ვადის გადაცილების ფაქტზე მოპასუხემ სწორედ „უკანასკნელად“ წარდგენილი სარჩელის პასუხად განახორციელა შედავება შესაგებლით და მიუთითა, რომ საცილო გარიგებისათვის სსკ-ის 84-ე მუხლით განსაზღვრული ვადა გასულია. ამასთან, საკასაციო საჩივარში კასატორი (მოპასუხე) იმასაც ხდის სადავოდ, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხანდაზმულობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის კუთვნილი შესაგებელი (იხ. სუსგ-ები: N ას-225-215-2016, 25.05.2016წ; N ას-761-729-2016, 31.01.2017წ; N 271-271-2018 13.07.2018წ; N ას-33-33-2018, 2.08.2019წ.) და მატერიალური უფლების შეცილების ვადა, რომელიც მხოლოდ საცილო გარიგებებზე ვრცელდება და, მხარის შედავების არარსებობის დროსაც კი, თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სასამართლომ, ამიტომ მას სასამართლოს კუთვნილ შესაგებელსაც უწოდებენ (იხ. სუსგ N ას-2021, 22.04.2021წ; N ას-1024-2023, 19.11.2023წ.). შესაბამისად, მხარეთა მიერ 6.09.2017წ. ხელშეკრულების ხელმოწერიდან, მისი სადავოდ ქცევა მოსარჩელის მიერ 11.10.2018 წ. აღძრული სარჩელით სრულად თავსდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობისათვის სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სამწლიან ვადაში. რაც შეეხება მოტყუებას, რომლის დროსაც სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს შეცილების ერთწლიანი ვადა სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა ეფუძნებოდეს სსკ-ის 81.1-ე, 623-ე, 394.1-ე, 408.1-ე და 411-ე მუხლებით განსაზღვრულ წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს 20.10.2021წ. დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოტყუების ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორც შეცილების საფუძვლის არსებობაზე და მისგან გამომდინარე შეცილების ვადაზე, რადგან სასამართლომ დაასკვნა, რომ “განსახილველ შემთხვევაში მოტყუებას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ სასესხო ვალდებულება არც ყოფილა ჯეროვნად გადახდილი (შესრულებული)” (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.2, 1.ფ.125-129; პ.81; ს.ფ.129; 8.13 ქვეპუნქტი).

26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ.ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345). ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შეად. სუსგ-ას N ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ (შეად: სუსგ-ებს: N ას-71-2023, 24.07.2023 წ; N ას-662-2022, 11.11.2022 წ; N ას-301-2021, 25.06.2021წ.; N ას-361-343-2015, 14.12.2015წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.361). სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შეად. სუსგ-ებს: N ას-398-371-2017, 06 .06 2017 წ; N ას- 488-2021, 29.09.2021წ; N ას- 1183-2021, 15.12.2021წ; N ას-46-2022, 17.05.2022წ; N ას-266-2023, 25.05.2023წ; N ას-1127-2021, 21.06.2022წ; N ას - N ას-71-2023, 24.07.2023 წ; N ას-1024-2023, 16.11.2023წ.).

27. საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს შესრულებულია თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე 218 985 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება და 6.09.2017 წლის ხელშეკრულება წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს.

28. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასებით, სადავო დავალიანების გადახდის დასტურდ მოპასუხე მხარემ მიუთითა 6.09.2017 წ. ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, „მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტით არსებული 618 985 აშშ დოლარის სესხის თანხიდან 218 985 აშშ დოლარი ხელზე მიღებული აქვს შპს „ა–უს“ დამფუძნებელს ვ.გ–ს, რომელიც გადასცა თ.ა–ძემ თავისივე განმარტებით.“ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ „შპს „ა–უს“ მიმართ სესხის გადახდის დასადასტურებლად ამ პუნქტში მითითებული გარემოება, რადგან ეს ფაქტი სადავოდ გახადა კრედიტორმა (მოსარჩელე საწარომ). გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ თანხის მიმღები პირი ვ.გ–ი ამ ფაქტს უარყოფს, ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, თანხა გადახდილი იქნებოდა არა კრედიტორისათვის, არამედ პარტნიორისათვის, რაც გამორიცხავს კომპანიებს შორის არსებული სასესხო ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, რადგან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც გამოდის, რომ სადავო გადაცემა და მიღება განხორციელდა არა კომპანიების დირექტორებს, არამედ კომპანიების პარტნიორებს შორის, რის გამოც მოტყუებას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ სესხის ვალდებულება არც ყოფილა ჯეროვნად შესრულებული (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 128-129, პპ.8.10-8.14).

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები, მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს და არასწორად არის შეფასებული 6.09.2017 წლის ხელშეკრულების ნაწილი, ბოლო და ბოლოსწინა აბზაცი, როგორც ბათილი, იმ დასკვნის საფუძველზე, რომ „სადავო შესრულება-სადავო თანხის გადაცემა და მიღება განხორციელდა კომპანიების პარტნიორებს შორის (ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთი პარტნიორი) და არა კომპანიების დირექტორებს შორის, რომლებიც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებით აღჭურვილები და შესაბამისად სადავო თანხის გადაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირები. აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემის, დელეგირების შესახებ, მოვალე/მოპასუხე მხარის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშივ კი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შესრულება ბათილია, მისი არაუფლებამოსილი პირების მიერ განხორციელების გამო“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 130-131, პპ.8.19-8.23). როგორც არაერთხელ აღინიშნა, საქმეზე გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოცემულ შემთხვევაში 6.09.2017 წლის ხელშეკრულების სადავოდ ქცეული ნაწილის (მოპასუხე მხარის მიერ 218 985 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, რის შემდეგაც შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული სესხის გადახდა სრულად და ამის გათვალისწინებით მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მხრიდან პრეტენზიის არქონის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობა არ შეიძლება დაემყაროს მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, რომელიც მოსარჩელემ წარადგინა ვ.გ–ის აპოსტილითა და ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის სახით, რომლის მიხედვითაც მას მოპასუხეთაგან არც ერთი დოლარი არ მიუღია. საკასაციო სასამართლომ მოსარჩელის "სამივე" სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა, რომლებიც მოსარჩელის სტადიაზე მხოლოდ იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ პირველად აღძრულ სარჩელსა და შემდეგ ორჯერ დაზუსტებულ სარჩელში ფაქტობრივი გარემოებები მკვეთრად განსხვავებულია და მოსარჩელისავე მტკიცების, რომ საწარმოს დირექტორმა ხელი არ მოაწერა მოპასუხის მიერ შედგენილი 18.08.2017წ. ხელწერილის ნიმუშს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22.1 ქვეპუნქტი), გაზიარების შემთხვევაშიც, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია მოსარჩელის მტკიცება, რადგან მან ხელი მოაწერა 18.07.2017წ. ხელწერილს (იხ. ტ.1, ს.ფ.40), რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხეებმა „22.09.2013წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 18 ივლისს ი.შ–ს კვლავ გადასცეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით შპს „ა–უ“-ზე შპს „გენაცვალე-2012“-ს. შპს „გ–....“-ს და შპს „ა.კ–ს“ გადასახდელი დარჩათ 20 000 (ოცი ათასი), რომელსაც გადაიხდიან 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე“. ამ ხელწერილის მიხედვით, რომლის ნამდვილობა (თუნდაც ნაწილის) სადავო არ არის, დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით მოპასუხე მხარეს მოსარჩელის წინაშე 20 000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, რომელიც აგვისტოს ბოლომდე უნდა გადაიხადოს. მოსარჩელის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მან 2017 წლის 10 აგვისტოს ხელწერილის ნიმუშს არ მოაწერა ხელი საწარმოს დირექტორმა, სადაც ისევ დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის გადაცემაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებშია 10.08.2017 წ. ხელწერილი, რომელსაც მოსარჩელე საწარმოს დირექტორი არ აწერს ხელს (იხ. ტ. 1, ს.ფ.275) და ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (იხ. ტ.2, ს.ფ.122-123; პ.7.9) და არა 18.08.2017წ. დათარიღებული ხელწერილი, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს; გარდა ამისა, მოსარჩელე უთითებს მისი მხრიდან ხან 18.08.2017 წ. ხელშეკრულების ხელმოუწერლობაზე, ხან - 18.07.2017 წლის ხელშეკრულების ხელმოუწერლობაზე (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 3, 5), რაც მოპასუხის მიერ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების მტკიცების კუთხით ფაქტობრივ და ტექნიკურ უზუსტობად ვერ იქნება განხილული საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგან მხარეთა შორის ხელმოწერილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის - მოსარჩელის მხრიდან ხელმოუწერელიც, მასში არასწორი მონაცემების შეტანის გამო, როგორც მოსარჩელე თვითონვე უთითებს, სასამართლოს მხრიდან სკრუპულოზურ კვლევას ექვემდებარება და სადავო ურთიერთობისათვის გადამწყვეტი ფაქტობრივი მნიშვნელობის მქონეა.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული 18.07.2017წ. ხელწერილი, რომლის მიხედვით მოსარჩელისადმი დარჩენილი დავალიანება შეადგენს 20 000 აშშ დოლარს (იხ. ტ.1, ს.ფ.40); 10.08.2017 წ. ხელწერილი, რომელსაც ხელს არ აწერს მოსარჩელე საწარმოს დირექტორი-ი.შ–ი (იხ. ტ.1, ს.ფ.275); მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომელიც მეორედ დაზუსტებულ სარჩელში /21.10.2020წ./უთითებს, რომ რადგან საწარმოს დირექტორი არ ეთანხმებოდა ამ ხელწერილს, ხელი მოაწერა, მაგრამ ბეჭდით არ დაუდასტურებია- იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22.3.1 ქვეპუნქტი) 6.09.2017 წ. ხელწერილი (იხ. ტ.1, ს.ფ. 95-96), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს სრულად აქვს შესრულებული თავისი ვალდებულება და სესხი დაფარულია. პირველ რიგში, ის უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი 18.07.2018წ. ხელწერილის მიხედვით ამ თარიღისათვის მოპასუხის მიერ გადასახდელია სესხის სახით დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი, რომელიც აგვისტოს თვის ბოლომდე უნდა გადაეხადა მხარეს, თუმცა, იმავე წლის აგვისტოს ხელწერილს ხელი არ მოაწერა ი.შ–მა, რომელსაც საწარმოს დამფუძნებელთან, როგორც მხარე უთითებს, „თურქულ მხარესთან“ უნდა გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია. შესაბამისად, 6.09.2017 წ. ხელწერილი, რომელიც მხარეთა მიერ ხელმოწერილია, წარმოადგენს სსკ-ის 429.1-ე მუხლის საფუძველზე წერილობით მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად მიღების შესახებ გასცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, სსკ-ის 429.3-ე მუხლის თანახმად, როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 18.07.2017წ. ხელწერილით დასტურდება მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება- სესხად მიღებული 20 000 აშშ დოლარის გადაუხდელობა, იმავე წლის აგვისტოში მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა, მისივე განმარტებით, არ მიიღო შესრულება, ხოლო 6.09.2017 წლის ხელწერილით ვალდებულების სრულად შესრულებაზე გაიცა ხელწერილი, რაც, 18.07.2017წ. ხელწერილის არარსებობის პირობებშიც, ქმნის ვალდებულების ბოლო ნაწილის შესრულების ვარაუდს, რომ აღარაფერი ითქვას მოსარჩელის მხრიდან მინიმალური სტანდარტითაც კი იმ გარემოების განუმარტებლობის თაობაზე, თუ რატომ აისახა 18.07.2017წ. ხელწერილში მოვალის მიერ შესასრულებლად დარჩენილი ვალდებულება მხოლოდ 20 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც სარჩელის აღძვრის დროს - 11.10.2018წ. აღმოჩნდა რომ 218 985 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის მტკიცება და სარჩელის უარყოფა „სამივე“ შესაგებელში თანმიმდევრული და ლოგიკურია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22.1.1; 22.2.1; 22.3.2 ქვეპუნქტები და 24-ე პუნქტი).

30.1. მორიგი საკითხია, რამდენად აბათილებს ვ.გ–ის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი სსკ-ის 429-ე მუხლით დადგენილ პრეზუმფციას, რაც ფასდება საქმეზე დადგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე ვ.გ–ი არ არის მოწმედ დაკითხული და გაფრთხილებული სსსკ-ით დადგენილი წესით. გარდა ამისა, „სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც, მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-855-799-2017, 22.09. 2018 წ; N ას-1024-2023, 16.11.2023წ.). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე საწარმოს დირექტორის ნოტარიული, აპოსტილით დამოწმებული ხელწერილი, რომელიც მხარის (ამ შემთხვევაში დაინტერესებული და არა ნეიტრალური მხარის, რადგან ის მოსარჩელე, საწარმოს 100 %-იანი წილის მესაკუთრეა) განმარტების ნაწილად და ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევა, ვერ აბათილებს 6.09.2017 წლის ხელწერილის ნამდვილობას და მასში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ამ მიმართებით, მოსარჩელე 11.10.2018წ. სარჩელში მხოლოდ იმაზე უთითებს, რომ 2017 წლის აგვისტოში საწარმოს დირექტორმა არასწორი მონაცემების გამო არ მოაწერა ხელი მოპასუხეთა მიერ შედგენილი ხელწერილის ნიმუშს. 6.09.2017წ. ხელწერილში მითითებული გარემოება, რომ 218 985 აშშ დოლარი თ.ა–ძემ, მისივე განმარტებით, გადასცა ხელზე საწარმოს დამფუძნებელს ვ.გ–ს, ხოლო დარჩენილი 400 000 აშშ დოლარი შპს „ა–უს“ დირექტორმა მიიღო, რომელიც იმავე დღეს, 2014 წლის 5 აგვისტოს ბანკის მეშვეობით, რ.ა–ძის თანდასწრებით გადაგზავნილი იქნა საწარმოს დამფუძნებლისათვის- ვ.გ–ისათვის (იხ. ხელწერილი - ტ.1, ს.ფ.95), საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით 6.09.2017 წ. ხელწერილი სწორედ იმას ადასტურებს, რომ მხარეთა შორის განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ფარგლებში, მხარეებმა ამ ხელწერილით შეაჯამეს 22.09.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხების სხვადასხვა ეტაპზე დაბრუნება და, რადგან საწარმოს დირექტორმა იცოდა, რომ სექტემბრისათვის საბოლოოდ დარჩენილი თანხაც (იხ. ზემოთ 18.07.2017 წლის ხელწერილის შინაარსი) გადახდილი იყო და ჯამში 218 985 (ორას თვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი ვ.გ–ს მიღებული ჰქონდა თ.ა–ძისაგან (სწორედ ამით აიხსნება საწარმოს დირექტორის მიერ 2017 წლის აგვისტოში ხელწერილის ხელმოწერაზე უარი და შემდეგ 6.09.2017წ. ხელწერილზე ხელმოწერა), 2017 წლის 6 სექტემბრის ხელწერილშივე, შეჯამების სახით ისიც დაფიქსირდა, რომ 400 000 (ოთხასი ათასი) ი.შ–მა (საწარმოს დირექტორმა) ჯერ კიდევ 2014 წლის 5 აგვისტოს გადაუგზავნა, რ.ა–ძის თანდასწრებით შპს „ა–უს“ დამფუძნებელს ვ.გ–ს თურქეთის რესპუბლიკაში. ეს ხელწერილი, როგორც მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესრულებული ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, მთლიანი შინაარსით განიხილა საკასაციო სასამართლომ და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა საკუთარი პასუხისმგებლობის ერთგვარად „დაზღვევის“ მიზნით მიუთითა ის გარემოება, რომ, თ.ა–ძის განმარტებით, საწარმოს დამფუძნებელს ხელზე 218 985 აშშ დოლარი გადაეცა, ხოლო 2014 წლის 5 აგვისტოს საბანკო გადარიცხვის მეშვეობით 400 000 აშშ დოლარი გადახდილია რ.ა–ძის თანდასწრებით. სხვაგვარი მსჯელობა ალოგიკური და უსაფუძვლო იქნებოდა, რადგან 400 000 აშშ დოლარის უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვას თურქეთში, საწარმოს დამფუძნებლისათვის არც მოპასუხე მხარის თანდასწრება სჭირდება და შემდეგ 2017 წელს ამ ფაქტის არც მისი ხელმოწერით დადასტურება; ფულადი ვალდებულების ნაწილის შესრულება რომ ნაღდი ანგარიშსწორებითაც მისაღები იყო მხარეებისათვის, სწორედ ამავე ხელწერილით დასტურდება, ე.წ. შემაჯამებელ დოკუმენტში 2014 წლის საბანკო გადარიცხვაც აისახა (საბანკო გადარიცხვა მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა განახორციელა საწარმოს დამფუძნებელთან, ანუ უნაღდო ანგარიშსწორება თვითონ მოპასუხეს არ განუხორციელებია მოსარჩელის მიერ 21.10.2020 წ. დაზუსტებულ სარჩელში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო. იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22.3 ქვეპუნქტი) და ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოს დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხაც, რის გამოც, მხარეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ რაიმე პრეტენზია არ ექნებოდა მოსარჩელეს მომავალში მოპასუხისადმი.

30.2. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები და სასამართლოს შინაგანი რწმენა მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ გამოკვლევას ეუძნება, ამდენად, სსსკ-ის 105.3-ე ნაწილში მითითებული მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს შინაგან რწმენას, არა უბრალოდ სუბიექტურ ფაქტორს, სასამართლოს მოსაზრებას, შეხედულებას ნიშნავს ამა თუ იმ გარემოების თაობაზე, არამედ კანონმდებელმა ობიექტურად დააზღვია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება, რომელიც საქმეში გამოკვლეული გარემოებებისა და მტკიცებულებების შემოწმებას, მხარეთა მიერ თავიანთი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შესასრულებულ ვალდებულებას ეფუძნება, რაც, ცხადია, სადავო სამართალურთიერთობის შესაფასებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს. ამ მიმართებით, სასამართლომ, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების დროს, იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მოსარჩელემ საწარმოს დირექტორის ნდობის ბოროტად გამოყენებასა და ხელწერილის მოტყუებით ხელმოწერაზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე, მხოლოდ პირველად შეტანილი სარჩელის მეორეჯერ დაზუსტების დროს - ორი წლის შემდეგ მიუთითა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც „პირველივე“ სარჩელს ერთვის ვ.გ–ის 2018 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული განცხადება და 6.09.2017წ. ხელწერილზე მოტყუებით ხელმოწერის ფაქტი, თუ ეს სინამდვილეს შეეფერებოდა, იმთავითვე არსებობდა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვ.გ–ის მიერ ცალმხრივად შედგენილი განცხადება, რომელიც დათარიღებულია მოსარჩელე საწარმო დირექტორის მიერ საწარმოს სახელით 6.09.2017წ. ხელწერილის ხელმოწერის შემდეგ, სწორედ აღძრული სარჩელის გასამყარებლად არის მომზადებული. 6.09.2017 წ. ხელწერილის ნაწილის ბათილობა მხოლოდ 21.10.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საწარმომ და ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლოს არც ის მჯელობაა გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რომ „სადავო შესრულება-სადავო თანხის გადაცემა და მიღება განხორციელდა კომპანიების პარტნიორებს შორის (ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთი პარტნიორი) და არა კომპანიების დირექტორებს შორის, რომლებიც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებით აღჭურვილები და შესაბამისად სადავო თანხის გადაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირები. აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემის, დელეგირების შესახებ, მოვალე/მოპასუხე მხარის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშივ კი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შესრულება ბათილია, მისი არაუფლებამოსილი პირების მიერ განხორციელების გამო“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 130-131, პპ.8.19-8.23). სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და კრიტიკულად არ შეუფასებია, თუ რით იყო განპირობებული 18.07.2017წ. მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელწერილში მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებად 20 000 აშშ დოლარზე მითითება და ორი თვის შემდეგ, 6.09.2017წ. ხელწერილით ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე, კრედიტორის მიერ გაცემულ ხელწერილს რამდენად აბათილებს აღძრული სარჩელი, რომლითაც 218 985 აშშ დოლარია მოთხოვნილი. ის გარემოება, რომ საწარმოს დირექტორმა დაადასტურა ვალდებულების შესრულება, საკმარისი მტკიცებულებაა მოპასუხის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც (შეად. სუსგ-ას N ას-1024-2023, 16.11.2023წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ვ.გ–ი მოსარჩელე საწარმოს 100 %-ის მფლობელი პარტნიორია, შესაბამისად, თუ მას დირექტორის მიერ არასწორად მიღებულ შესრულებასთან დაკავშირებით გააჩნია პრეტენზია, მაშინ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუძლია იდავოს დირექტორის წინააღმდეგ, ხოლო თუ საწარმოს არ მიუღია შესრულება და მისმა პარტნიორმა მიიღო, მაშინ საწარმოს სახელით უნდა აღიძრას სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ საწარმოს ნაცვლად შესრულების მიღებაზე.

31. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 6.09.2017 წ. ხელწერილი წარმოადგენს კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც შეეხება ხელწერილის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში სარჩელის აღძვრის უფლებაზე უარის თქმას ადასტურებს -„არც სამოქალაქო სარჩელს არ მოითხოვს მომავალში“ (იხ. ტ.1, ს.ფ.96) - იმთავთვე ბათილია, რადგან ეწინააღმდეგება კონტიტუციით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვას (31-ე მუხლი), თუმცა, ხელწერილის ბათილი ნაწილი არ ახდენს მთლიანი დოკუმენტის ბათილობაზე გავლენას, რადგან ვალდებულების შესრულება და პრეტენზიის არქონა სტანდარტული ნაწილია ვალდებულების შესრულების დოკუმენტისათვის (სსკ-ის 62-ე მუხლით „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც“). ამასთან, მხარეთა ხელმოწერები სადავო არაა და საკასაციო სასამართლო სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ,,გარიგების წერილობითი ფორმით არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ მითითებით განმარტავს, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“ (იხ. სუსგ N ას-839-805-2016, 06.03.2017წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელმოწერას ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას (შეად. სუსგ-ებს: N ას-19287-2018, 5.07.2019; N ას-1408-2022, 17.07.2023წ.).

32. სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით მოპასუხე მხარემ დაადასტურა კრედიტორის (მოსარჩელე საწარმოს) წინაშე სესხის ვალდებულების სრულად შესრულება, შესაბამისად, სარჩელი უარყოფილია.

33. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი, სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე, ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად (იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 1991-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „გ.....-ის“, შპს „ა.კ–ისა“ და შპს „გ.....-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "ა–უს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს "ა–უს" შპს „გ.....-ის“, შპს „ა.კ–ისა“ და შპს „გ.....-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისათვის გადახდილი სახელმწფიო ბაჟის - 15 000 ლარის ანაზღაურება;

5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს "გ.....-ს" (ს/კ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სასტუმრო "გ–ეს" პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულების, მათ შორის სარდაფისა და მანსარდის (მდებარე ქ. ბათუმი, ....., ქ. ბათუმი, ......, ს/კ ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; შპს "გ.....-ს" (ს/კ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სასტუმრო "რ–ის" (მდებარე ქ. ბათუმი, ......, ქ. ბათუმი, ......, ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე