¹ბს-10-10(კ-08) 14 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 08.02.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ და კანონიერი მშენებლობის საწარმოებლად მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 17.03.2000წ. კონკურსის წესით შეისყიდა ......... ქ. ¹12-ში მდებარე სპორტული დარბაზი, რის შემდეგაც დაიწყო მისი კეთილმოწყობა, მაგრამ უზენაეს საბჭოსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჩერებინა მშენებლობის წარმოება. 17.04.2000წ. ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მშენებლობის ვადა გაგრძელდა და 2007 წლის 3 აპრილამდე მიეცა ვადა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისათვის, ხუთწლიანი პროფილის შენარჩუნებით. მშენებლობის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესათანხმებლად მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიასა და ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივ სამსახურს, რომლებმაც დაიწყეს საქმის შესწავლა და აღნიშნულ განცხადებას მიეცა მსვლელობა, კერძოდ, მიღებული იყო საექსპერტო დასკვნები, გაცემული იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებები, მიმდინარეობდა მიმოწერები სხვადასხვა სამინისტროებთან ნებართვებსა თუ შეთანხმებებზე და ა.შ. ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ, 17.01.07წ. მ. ბ-ემ განცხადებითა და კანონით განსაზღვრული, შესაბამისი დოკუმენტაციით, მიმართა მოპასუხეს და ითხოვა საპროექტო დოკუმენტაციაზე მშენებლობისათვის ნებართვა. მოსარცელემ აღნიშნა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილია განცხადების რეგისტრაციიდან მისი განხილვის ათი დღე ან კიდევ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნებართვის მაძიებელს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს, არც უარი ეთქვა, არც დადგენილება მიეცა ნებართვაზე და არც ვადა გაუგრძელდა. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” ¹140-ე საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, რადგანაც კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ნებართვა გაცემულად ითვლება და ამავე დადგენილების მე-17 მუხლის თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო ნებართვის მაძიებლის, ანუ მ. ბ-ის მოთხოვნისთანავე ვალდებული იყო, გადაეცა მისთვის მშენებლობის ნებართვის მოწმობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის მოწმობის გადაცემის მოთხოვნით მ. ბ-ემ 31.01.07წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მხარეს, ქ. ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ბ-ის განცხადების საფუძველზე ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹12-ში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-თვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.07წ. განჩინებით ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ შეიცავდა ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილად ცნობილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ მ. ბ-ემ კონკურსის წესით სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიიღო ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹12-ში მდებარე სპორტული კომპლექსი და მის ქვეშ მდებარე 980,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაზეც 17.04.2000წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მ. ბ-ემ იკისრა 5 წლის განმავლობაში, სპორტული კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ვალდებულება ობიექტის პროფილის შენარჩუნებით. აჭარის ა/რ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის მიერ დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერდა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეასრულა 17.04.2000წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 06.03.06წ. ¹134 ბრძანებით 17.04.2000წ. ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მ. ბ-ეს ერთი წლით გაუგრძელდა სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა. 06.03.06წ. მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივ სამსახურს, ........ ქ. ¹12-ში მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 21.03.06წ. მიღებული იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით მ. ბ-ის მიერ წარდგენილ პროექტს, მრავალპროფილიანი საცხოვრებელი სახლის, ფიტნესკლუბით (სპორტული კომპლექსით) ქ. ბათუმში ....... ქ. ¹12-ში მშენებლობაზე მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად. 17.07.06წ. მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 ეტაპის წარმოებისა და პროექტის შეთანხმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ აღნიშნულ განცხადებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, რაიმე სახის აქტი არ გამოცემულა, ასეთზე არც სააპელაციო საჩივარში არის მითითებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მ. ბ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მერიას რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა აღნიშნა, რომ აქტის გამოცემის ვადის გაშვება (ამ ვადაში უარის ან თანხმობის მიუცემლობა) არ ნიშნავს, რომ პროექტი შეთანხმებულია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების მე-5, მე-6, მე-13 მუხლები, ასევე საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი წესი. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილებით დამტკიცებულ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებობის მოთხოვნასთან მიმართებაში ამოწმებს სამ დღეში. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ქ. ბათუმის მერიამ მიიღო პროექტის შეთანხმების მოთხოვნით მ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რაზეც ხარვეზი არ დაუდგენია. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების 13.4 მუხლით ნებართვის გამცემი ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს. 13.5 მუხლით, თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ჩაითვლება შეთანხმებულად, ნებართვის მაძიებელი ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს ქალაქმშენებლობითი პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავროობის ¹140 დადგენილების 16.1 და 16.2 მუხლები ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და მასზე ხარვეზის დადგენის წესს. მ. ბ-ემ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანა 17.01.07წ. აღნიშნულ განცხადებაზე ქ. ბათუმის მერიას ხარვეზი არ დაუდგენია. 16.4 მუხლით ნებართვის გამცემი ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. უარის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წერილობით. 16.5 მუხლის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. 31.01.07წ. მ. ბ-ემ მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაც ასევე რეაგირების გარეშეა დატოვებული და მასზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ მთლიანად დარღვეულია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილებით რეგლამენტირებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, უგულებელყოფილია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მიიღოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშნული ნორმა მოიაზრებს იმასაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად უარი თქვას მის მიერ გადასაწყვეტი საკითხის გადაწყვეტასა და შესაბამისი აქტის გამოცემაზე, მით უმეტეს თუ ამ აქტის მიღებაზე დამოკიდებულია დაინტერესებული პირის უფლების განხორციელება. მ. ბ-ეს უფლება აქვს აწარმოოს მშენებლობა, მაგრამ მისი ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს (ამ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის) მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი (მოპასუხე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა აღნიშნული ნორმით დადგენილი ვალდებულება. მან არ განიხილა და არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი მშენებლობის პროექტი შეთანხმებულად ითვლება. 16.5 მუხლით კი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება, ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. იმის გამო, რომ დადგენილების მიხედვით პროექტი შეთანხმებულად, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლება, პალატის აზრით, არ არსებობდა საჭიროება სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე დავალებოდა ბათუმის მერიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქმის გარემოებების გამოკვლევის ეტაპი ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუშვა უშედეგოდ, მან არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რის გამოც ¹140 დადგენილებით, უპირობოდ, პროექტი შეთანხმებულად, ხოლო ნებართვა გაცემულად ითვლება. აღნიშნული კი უფლებას აძლევს ნებართვის მაძიებელს (მოსარჩელეს) მიიღოს ნებართვის მოწმობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ცვლილებას ვერ შეიტანდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმის გათვალისწინებით, რომ პალატა საქმეს იხილავდა ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილება მ. ბ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება მისივე სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაუშვებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო უცვლელად.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 24.12.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-თვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-6 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად “მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება”. ნებართვის მაძიებელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქვს მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დაკმაყოფილებული, ანუ მშენებლობის ნებართვის მეორე სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება არ ყოფილა დასრულებული. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-6 მუხლიდან გამომდინარე, ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვა, რადგანაც მას ადმინისტრაციული ორგანოსგან არ ჰქონდა მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.01.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 07.02.08წ. მოსაზრება წარმოადგინა მ. ბ-ემ, რომელმაც ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რადგან კასატორი საკასაციო საჩივარში საერთოდ არ მიუთითებს თუ რომელი მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმა დაარღვია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს, რომელიც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე. ასევე კასატორი ვერ მიუთითებს იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისაგან. შესაბამისად უზენაესი სასამართლოს ვერცერთ გადაწვეტილებაზე ვერ მიგვითითებს, რომლითაც აღნიშნული სახის ურთიერთობა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვაგვარად მოაწესრიგა. საქმე არ არის მნიშვნელოვანი არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.