Facebook Twitter

საქმე №ას-551-2023 9 აგვისტო, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „რ.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

დავის საგანი – ხელშეკრულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ბ–ის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო შპს „რ.ფ–ისათვის“ 178,716 ტონა არმატურის (A500C კლასის-12-32 მმ დიამეტრის) მოსარჩელე საწარმოსათვის მიწოდების დავალდებულება, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე საწარმოს მიაწოდოს 178,716 ტონა არმატურა (A500C კლასის-12-32 მმ დიამეტრის); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით შპს „რ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ; შპს „რ.ფ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში; შპს „რ.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს "რ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და შპს "ბ–ის" სარჩელზე შეწყდა წარმოება; შპს "რ.ფ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენლებმა დ.მ–მა და ლ.ძ–მა განცხადებით მომართეს და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე და 261-ე მუხლების შესაბამისად.

5. განმცხადებელთა განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი 2024 წლის 29 ივლისს ჩაიბარეს. განმცხადებელთა განმარტებით, საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია შპს „რ.ფ–ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილ ბაჟთან და იურიდიული მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

8. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, რომელსაც შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენელი დ.მ–ი ესწრებოდა. შესაბამისად, შპს „რ.ფ–ისათვის“ 2023 წლის 31 ოქტომბერსვე გახდა ცნობილი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, შპს „რ.ფ–ის“ წარმომადგენლებს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენიათ, რომ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება 2024 წლის 29 ივლისს ჩაიბარეს.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, რადგან საკასაციო სასამართლოს არ გამორჩენია სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის საკითხის გადაწყვეტა.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს. ფორმალურ-იურიდიული კუთხით ამგვარი მოთხოვნა საქმის საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ზეპირი განხილვის დროს არც კასატორს (შპს „რ.ფ–ს“) დაუყენებია.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხის დასმა მაშინ, როცა მხარე საქმის განხილვის დროს ამას არ მოითხოვდა, მოულოდნელი აღმოჩნდება მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმის განხილვა დასრულდა, მისთვის ცნობილია სამართლებრივი შედეგი და იგი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.3-ე მუხლი) (შდრ. სუსგ #ას-673-644-2016, 25.06.2018 წ.).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ბ–ის“ სარჩელზე წარმოება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში შეწყდა, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა კი დავა არსებითად განიხილეს, არც სარჩელზე და არც სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მხარეებს არ დაუბრუნდებათ. ამგვარი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსსკ-ში არ მოიძებნება. რაც შეეხება, თავად საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან მას დავა არსებითად არ გადაუწყვეტია და სარჩელზე წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პროცესუალური საფუძვლით მიიღო, შპს „რ.ფ–ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნა.

13.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "რ.ფ–ის“ განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური