Facebook Twitter

საქმე №ას-885-2024 15 აგვისტო, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – დ.ზ-დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ბ–ი“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი - შპს „ე.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ზ-დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ზ-დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ე.ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 252 189.04 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ე.ბ–ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში ცვლილების შეტანით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.ზ-დ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ე.ბ–ს“ ნაცვლად 252 189.04 ლარისა, დაეკისრა 200 000 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ, გადახდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი, წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით - დ.ზ-დ–ძის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს "ე.ბ–ის" საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2024 წლის 12 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს შპს "ე.ბ–ის" დირექტორმა მ.მ–ძემ და დ.ზ-დ–ძემ. მათ წარმოადგინეს მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიუსის წინაშე ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის დამტკიცებაც და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მორიგებაზე ხელმოწერით შპს "ე.ბ–ის" დირექტორი მ.მ–ძე და დ.ზ-დ–ძე ადასტურებენ, რომ მათ სურთ მორიგებით დაასრულონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე #ას-885-2024 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ვინაიდან, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას შესაბამის პირობებზე, სურთ მორიგების აქტის გაფორმება.

9. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

10. მხარეებს განემარტოთ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 83-ე, 1991-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი, ერთი მხრივ, შპს "ე.ბ–სა" (ს/ნ .......), წარმოდგენილი მისი დირექტორის, მ.მ–ძის (პ/ნ ......) სახით, და, მეორე მხრივ, დ.ზ-დ–ძეს (პ/ნ ......) შორის შემდეგი პირობებით:

1. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთი მხრივ, დ.ზ-დ–ძე უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე სრულად მათ შორის, როგორც ძირითადი მოთხოვნის ასევე დამატებით საპროცესო ხარჯებზე, სახელმწიფო ბაჟის, ადვოკატის მომსახურების და სხვა ხარჯების ნაწილში. ასევე, უარს აცხადებს საკასაციო საჩივრით წარდგენილ მოთხოვნაზე;

2. მეორე მხრივ, შპს "ე.ბ–ი" უარს აცხადებს წარდგენილ საკასაციო საჩივრით გაცხადებულ მოთხოვნაზე სრულად;

3. მხარეები აცხადებენ, რომ ერთმანეთის მიმართ წარმოებული დავის ფარგლებში არ ექნებათ სამომავლოდ არანაირი პრეტენზია და რაიმე ტიპის მოთხოვნის წარდგენის უფლება წინამდებარე მორიგების აქტის პირობებიდან გამომდინარე წარმოებული დავის საფუძვლებთან დაკავშირებით;

4. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გაუქმდება დავის ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავ ქონებაზე (ს/კ .....);

5. მხარეთა მიერ მიღწეული მორიგების პირობებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინებით ამ პირობათა დამტკიცების თაობაზე წყდება საქმის #ას-885-2024 წარმოება და მხარეებს ეზღუდებათ იმავე საგნით, იმავე მხარეებსა და იმავე საფუძვლით დავის წარმოება;

6. მხარეები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შედეგები, რომ ის წარმოადგენს ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალდებულებელ დოკუმენტს;

7. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების პირობები არის საბოლოო მასში ასახული შინაარსით, რის საფუძველზეც მხარეები გამორიცხავენ ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზიის წარდგენას. მხარეები ასევე, თანხმდებიან, რომ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულებენ მას.

8. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;

9. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

10. დ.ზ-დ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2024 წლის 11 ივნისს, მ. დ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 610 ლარი (საგადახდო დავალება #9513);

11. შპს "ე.ბ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2024 წლის 25 ივლისს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი (საგადახდო დავალება #091);

12. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება, რომლითაც შპს "ე.ბ–ს" (ს/ნ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების:

- მდებარე, ქ. ბათუმი, ........, ფართი 64.11 კვ.მ, ბინა #131, ს/კ ........;

- მდებარე, ქ. ბათუმი, ........, ფართი 64.11 კვ.მ, ბინა #75, ს/კ .......;

- მდებარე, ქ. ბათუმი, ......., ფართი 66,23 კვ.მ, ბინა #80, ს/კ ........;

გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

13. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური