Facebook Twitter

საქმე №ას-1066-2023 26 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – შპს "კ–ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

II კასატორი - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "კ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, გამოთხოვილი საბანკო გარანტიის გამო ზარალის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „კ–ის“ (შემდეგში მოსარჩელე, მენარდე საწარმო ან პირველი კასატორი) წარმომადგენლის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი სსიპ სმგფ, აპელანტი ან მეორე კასატორი) მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება:

1.1. 379 999.52 ლარის ოდენობით, საიდანაც 239 999.7 ლარი III ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა; 139 999.82 ლარი -IV ეტაპის სამუშაოების 50 %-ია;

1.2. ასევე მოპასუხის/შემკვეთის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის - 44 543.87 ლარის ანაზღაურება,;

1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს სულ ჯამში 424 543.39 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

2. მენარდე საწარმოს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სსიპ სმგფ-ის მიერ, მისი 2020 წლის 1 ივნისის N1462-გ წერილით გამოხატული, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობისა და მომავალში მენარდე საწარმოს მიერ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულების ფარგლებში და ხელშეკრულების პირობების თანახმად, ჯეროვნად შესრულებული სამუშაოს საპირწონე ანაზღაურების ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

3. მოპასუხე სსიპ სმგფ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-5000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50 ლარი;

4. მოპასუხე სსიპ სმგფ-ს, მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ, დაეკისრა, საადვოკატო მომსახურების ხარჯების 10 000 ლარის ანაზღაურება;

5. მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხე სსიპ სმგფ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით:

6.1. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სსიპ სმგფ-ს მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული IV ეტაპის სამუშაოს ღირებულების 139 999.82 ლარის ანაზღაურება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1 ქვეპუნქტი); ასევე -მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 44 543.87 ლარი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.2 ქვეპუნქტი) და მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;

6.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში უცვლელად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტები, ასევე, დამატებით დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ერთი მხრივ, სსიპ სმგფ-სა (შემკვეთს/აპელანტს) და, მეორე მხრივ, მენარდე საწარმოს (მოსარჩელეს) შორის, 2019 წლის 11 ივნისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მენარდემ იკისრა, წინამდებარე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქ. ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების ვალდებულება, ხოლო შემკვეთმა იკისრა, გაწეული მომსახურების მიღებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ანგარიშსწორების უზრუნველყოფის ვალდებულება.

7.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 799 999.00 ლარით (ხელშეკრულების მე-3 მუხლი);

7.3. ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემკვეთი ახორციელებს კონტროლს მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (ხელშეკრულების მე-5 მუხლი);

7.4. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით (ხელშეკრულების მე-15 მუხლი);

7.5. ხელშეკრულების 16.1-16.3 მუხლების თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი „მიმწოდებლის“ (მენარდის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, „მიმწოდებლის“ მიერ შემსყიდველთან/შემკვეთთან შეთანხმებული, საქართველოში მოქმედი საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილია, შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო და გამოუთხოვადი 40 000.00 ლარის ღირებულების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ბოლო ვადას. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას, შეთანხმების შედეგად გაგრძელდა მომსახურების მიწოდების ვადა, „მიმწოდებელი“ (მენარდე) ვალდებულია, წარმოადგინოს გაგრძელებული ვადის ან/და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საქართველოში მოქმედი საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს გაგრძელებულ ვადას.

7.5.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების 16.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას მიმწოდებელი /მენარდე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე არ, ან ვერ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების 16.2 პუნქტით გათვალისწინებულ გაგრძელებული ვადის, ან ახალ საბანკო გარანტიას, ან მხარეები ვერ შეთანხმდებიან მიწოდების ვადის გაგრძელებაზე, ან ხელშეკრულება ვადამდე შეწყდება მიმწოდებლის/მენარდი ბრალეულობით, შემსყიდველი/შემკვეთი მიმართავს საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვაზე;

7.6. ხელშეკრულების მე-17 მუხლის თანახმად, მენარდე კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ეტაპების მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს შემკვეთს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 28-34).

7.7. მენარდე (მოსარჩელე) საწარმოს მიერ განსახორციელებელი პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა პროექტის ზოგადი კონცეფცია. ხელშეკრულების დანართში მითითებულია, რომ წინამდებარე საპროექტო დავალება განსაზღვრავს მომსახურების პირობებს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ქალაქ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ, სამუშაოების სრულყოფილი განხორციელებისთვის საჭიროა დეტალურად აიზომოს ყველა შენობა, გეგმები, ფასადები, მცირე არქიტექტურული ელემენტები. მთლიანი პროექტით გათვალისწინებულია მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე „თეთრი ხიდიდან“ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩათვლით არსებული განაშენიანების რეაბილიტაცია-რეაბილიტაცია-ადაპტაცია-რეგენერაცია მარჯვენა სანაპიროზე 17 სახლი და მარცხენა სანაპიროზე 24 სახლი.

7.7.1. საპროექტო დავალება დაყოფილია ორ სტადიად: საპროექტო მომსახურება; საზედამხედველო მომსახურება. მენარდე საპროექტო მომსახურების საპროექტო სტადიაზე აწარმოებს შემდეგ სამუშაოებს: I ეტაპი: სამუშაოების შესრულებისთვის მომზადება; II ეტაპი: საპროექტო ტერიტორიისა და ობიექტების დეტალური კვლევებისა და აზომვით სამუშაოების წარმოება და განვითარების ხედვის ჩამოყალიბება; III ეტაპი: საპროექტო ტერიტორიის და ობიექტების განვითარებისა და რეაბილიტაციის კონცეფციის მინიმუმ ორი ვარიანტის ჩამოყალიბება და ორი კონცეპტუალური (ესკიზური) პროექტის მომზადება; IV ეტაპი: დეტალური საპროექტო ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება; V ეტაპი: დამატებითი ვალდებულებები და საავტორო ზედამხედველობა. მენარდე (მიმწოდებელი) საავტორო-საზედამხედველო მომსახურებას გაუწევს ობიექტს სამშენებლო სამუშაოების წარმოების სრული პერიოდის განმავლობაში ( ტ. 1, ს.ფ. 36-53);

7.8. მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) 2019 წლის 12 ივლისის მიმართვით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა I ეტაპის სამუშაოები და დამატებითი მასალები (ტ. 1, ს.ფ. 54; 55). 2019 წლის 16 ივლისს, მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც მოპასუხე- სსიპ სსმგფ-მა ჩაიბარა პროექტის I ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია (ტ. 1, ს.ფ. 56);

7.9. მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ, II ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა 2019 წლის 26 აგვისტოს.მოპასუხე- სსიპ სმგფ-მა 2019 წლის 25 ოქტომბრის წერილით აცნობა მენარდე საწარმოს, რომ II ეტაპის ხარვეზები კორექტირებული სახით უნდა წარდგენილიყო III ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად. მითითებულ წერილში მოპასუხე (შემკვეთი) მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს II ეტაპთან დაკავშირებით შენიშვნები მიეწოდა 2019 წლის 7 ოქტომბრის წერილით და მისი დანართით, სადაც დააფიქსირა, რომ წარდგენილი ორი ვერსიიდან ორივე შემთხვევაში გაუგებარია... სივრცითი ინფრასტრუქტურის მოწყობის წარმოდგენილი ვარიანტი... არ შეესაბამება ისტორიულ განაშენიანებას... ამის გარდა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის ბრძანებით, მდინარე რიონის ორივე ნაპირს წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აქედან გამომდინარე, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავებულიყო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 62-65);

7.10. მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) 2019 წლის 14 ნოემბერს N171 წერილით ირკვევა, რომ II ეტაპის კორექტირებული და მესამე ეტაპის შუალედური ვარიანტი შემკვეთს (მოპასუხეს) წარედგინა 2019 წლის 14 ნოემბერს, ხოლო ამავე ეტაპების ესკიზური პროქტი - 2019 წლის 20 დეკემბრის წერილით (ტ.1, ს.ფ. 59,75). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძველზე განიხილა ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია, მეორე ეტაპი. სააგენტომ მისაღებად მიიჩნია წარმოდგენილი კონცეფცია, რაც 2019 წლის 27 ნოემბრის წერილით აცნობა მენარდეს, თუმცა პროექტით წარდგენილი საყრდენი კედლები მდინარე რიონის კალაპოტის გასწვრივ, რასაც პროექტით ჯებირების სახე მიეცა, სრულიად მიუღებელად და შეუთავსებლად ჩათვალა. წერილში დაფიქსირებულია, რომ მდინარე რიონის სანაპირო ზოლის, თეთრი ქვებით გამოვლენილი განსაკუთრებული ღირებულების მიმართებით სააგენტო ითხოვს ამ თვალსაზრისით კორექტირებას. მდ. რიონის პანორამული მოშენება უნდა აღიქმებოდეს მდინარე რიონის დინების ბუნებრივი სახის შენარჩუნების ფონზე... (ტ. 1, ს.ფ. 66);

7.11. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წლის 30 დეკემბრიდან-2020 წლის 17 მარტამდე არაერთხელ განიხილა მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები და მისცა დადებითი შეფასება. ქალაქგეგმარების ძეგლის რეაბილიტაციის კონცეფცია ზოგადად მისაღებად ჩაითვალა, თუმცა პროექტირების შემდეგ ეტაპზე გასათვალისწინებელ სამუშაოებზე გაიცა შენიშვნა- რეკომენდაციები (ტ. 1, ს.ფ. 67-73);

7.12. მენარდე საწარმომ, 2020 წლის 29 იანვარს, N 10 წერილით მიაწოდა ინფორმაცია შემკვეთს (მოპასუხეს/აპელანტს) პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით. ასევე, აცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ განეკუთვნება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და სკრინინგის პროცედურებს არ ექვემდებარება. რაც შეეხება ტექნიკური დავალების 2.2.4. ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას, წარდგენილი იქნებოდა IV ეტაპის დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 76; ასევე- მხარეთა განმარტებები).

7.13. მენარდე საწარმომ, 2020 წლის 17 თებერვალს, N 15 წერილით შემკვეთს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მსვლელობასთან, მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პროექტის განხილვასთან და პროექტის ჩაბარების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, სადაც განიხილებოდა II და III ეტაპები. ამ წერილში მენარდემ აღინიშნა, რომ, სავარაუდოდ, კიდევ საბჭოს ორი სხდომა დასჭირდებოდა პროექტის განხილვის დასრულებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. აღნიშნული ვითარების გამო პროექტი ჩამორჩა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპობრივი ჩაბარების გრაფიკს, რის გამოც ითხოვა პროექტის ჩაბარების ვადების დაკორექტირება (ტ. 1, ს.ფ. 77);

7.14. სსიპ სმგფ-მა 2020 წლის 16 მარტის წერილით მოითხოვა შესრულების გარანტიის ვადის გახანგრძლივება მისი ამოწურვის გამო, რაც მენარდემ შეასრულა და შემკვეთს წარედგინა სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ მიერ 2020 წლის 17 მარტს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია NCPB 100174-1, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დრო - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდი. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტორი იღებდა გამოუთხოვად, უპირობო ვალდებულებას, ბენეფიციარისათვის გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომლის ოდენობა ჯამში არ აღემატება 40 000 ლარს, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, 5 დღის ვადაში, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის, ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცება და მასში მითითებული თანხის დასაბუთება (ტ. 1, ს.ფ. 78-85);

7.15. მენარდე საწარმომ 2020 წლის 20 მარტის N 25 წერილით შემკვეთს (მოპასუხე/აპელანტს) წარუდგინა ანგარიში პროექტის მსვლელობის თაობაზე, მიუთითა, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს დასრულდა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ პროექტის განხილვა. მოცულობიდან გამომდინარე პროექტის განხილვას დასჭირდა საბჭოს შვიდი სხდომის ჩატარება, რამაც გამოიწვია პროექტის II და III ეტაპების ჩაბარების გადადება. ასევე, მოსარჩელემ მოპასუხეს განუცხადა, რომ საბოლოო დასტურის მიღების გამო, II და III ეტაპების განხილვა დასრულდა და სთხოვა შესაბამისი მიღება-ჩაბარების გაფორმება შესრულებულ ეტაპებზე (II და III ეტაპები; ტ. 1, ს.ფ. 86);

7.16. 2020 წლის 29 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით სსიპ სმგფ-მა (შემკვეთმა) ჩაიბარა II ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ “წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს“. ამავე აქტით, ვადების დაგვიანების მიზეზით, შემკვეთმა მენარდე საწარმოს დააკისრა ჯარიმა, რაც გამოაკლო მოსარჩელისთვის ჩასარიცხ თანხას, შუალედური აქტი მენარდის მხრიდან ხელმოწერილია (ტ. 1, ს.ფ. 87-88);

7.17. მენარდემ (მოსარჩელემ) 2020 წლის 14 მაისის წერილით აცნობა შემკვეთს (მოპასუხეს/აპელანტს), რომ ამ უკანასკნელისავე მოთხოვნით II და III ეტაპების შესრულება მენარდეს უნდა წარედგინა ერთდროულად, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, III ეტაპის სამუშაოებზე შემკვეთის (მოპასუხის) მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწონა არქიტექტურული კონცეფცია და მისაღებად მიიჩნია, ეს საფუძველი უნდა განხდარიყო შემკვეთისათვის, ჩაებარებინა II და III ეტაპების ეტაპების სამუშაოები, რაც მენარდემ შეასრულა. ამასთან, სააგენტოს დასკვნით, მენარდემ მიიღო დადებითი დასკვნა-რეკომენდაციები 44 შენობაზე, რომელსაც ითვალისწინებს IV ეტაპზე წარსადგენ მუშა დოკუმენტაციაში, რომელზედაც ამჟამად მუშაობს და შესრულებული აქვს მთლიანი IV ეტაპის სამუშაოების 50%, მათ შორის მდ. რიონის ჯებირების გამაგრება-მოწყობის მუშა პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 89 -90);

7.18. მენარდე საწარმომ 2020 წლის 21 მაისის წერილით შემკვეთს აცნობა, რომ ორი ეტაპის მიღება-ჩაბარება გაფორმებულია მხარეთა შორის, ხოლო III ეტაპი ჩაბარებული აქვს მენარდეს და ელოდება შემკვეთის (მოპასუხის) კომენტარებს, ამასთან, პროექტმა გაიარა კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს შვიდი სხდომა და მენარდეს მიღებული აქვს დადებითი დასკვნა... (ტ.1, ს.ფ.90).

7.19. შემსყიდველმა - სსიპ სმგფ-მა 2020 წლის 1 ივნისის №1462-გ წერილით მენარდე საწარმოს აცნობა 2019 წლის 11 ივნისს გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. წერილში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მიხედვით მენარდე საწარმოს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2020 წლის 18 თებერვალს. არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპების ჩაბარების ვადები, კერძოდ მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ნაცვლად 2019 წლის 19 ნოემბრისა წარდგენილ იქნა 2020 წლის 27 იანვარს (68 დღის ვადაგადაცილებით). რაც შეეხება მესამე ეტაპის სამუშაოებს (ესკიზური ნახაზები), ტექნიკური დავალების მიხედვით სრულად და ხარისხობრივად არ არის მიწოდებული და ჩაბარების ვადებიც დარღვეულია, რის გამოც N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების მე-18 მუხლის 18.3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სმგფ 2020 წლის 2 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტდა მენარდე საწარმოსთან (მოსარჩელესთან) გაფორმებულ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულებას. ამავე წერილით მენარდე საწარმოს ეცნობა, რომ განხორციელდებოდა მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედება (ტ. 1, ს.ფ. 91);

7.19.1 სსიპ სმგფ-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ის დოკუმენტაცია, რაც, მათი განმარტებით, საფუძვლად დაედო მენარდე საწარმოსთან გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას. ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განმხილველი კომისიის 23/04/2020 წლის სხდომის ოქმი N1815-კ და ნ.ნ–ძის მოხსენებითი ბარათი, რომელიც დათარიღებული არ არის (ტ. 4, ს.ფ. 62-69);

სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგში იყო მოპასუხე სსიპ სმგფ-სა და მოსარჩელე მენარდე საწარმოს შორის 2019 წლის 11 ივნისს გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების (ქ. ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვოდ დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურება) შეწყვეტის საკითხი. კომისიის წევრებმა განიხილეს ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის საკითხი და დაადგინეს: ,,თანხმობა მიეცეს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „კ–ს“ შორის, 2019 წლის 11 ივნისს გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების შეწყვეტას“;

7.19.2. მოპასუხის წარმომადგენლების მითითებით, 23.04.2020 წლის სხდომაზე ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ფონდის თანამშრომლის - ნ.ნ–ძის მოხსენებითი ბარათი, რომელიც მოსარჩელე მხარემ (მენარდე საწარმომ) სადავო გახადა მისი შინაარსის გამო, რადგან მისი მითითებით, მასში დაფიქსირებულია ისეთი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით დადგა, კერძოდ, ნ. ნ–ის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „…საბოლოოდ II ეტაპის დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გასწორდა და გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, ხოლო III ეტაპის სამუშაოები მგფ-მა არ ჩაიბარა, რადგან ტექნიკური დავალების მიხედვით, სრულად და ხარისხობრივად არ იყო მიწოდებული საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაცია და ჩაბარების ვადებიც საგრძნობლად დაირღვა“. მოსარჩელის მითითებით, უსწორობა მდგომარეობს შემდეგში: კომისიის სხდომა ჩატარდა 2020 წლის 23 აპრილს, ხოლო შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი, რომლითაც II ეტაპის სამუშაოების ჩაბარება მოხდა, მომზადდა 2020 წლის 29 აპრილს და მენარდე საწარმოს მხრიდან ხელი მოეწერა 2020 წლის 1 მაისს, რაც ადასტურებს, რომ ნ. ნ–ძის დასკვნა არარეალურ ფაქტებს ემყარება და დაუსაბუთებელია (ტ. 4, ს.ფ.62-69);

7.19.3. მოსარჩელის მითითებით, ექსპერტიზას გადაეცა არა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ორი ესკიზური ვარიანტი, არამედ მხოლოდ ერთი, რომელიც არ იყო III ეტაპის საბოლოო დოკუმენტაცია, ეს იყო განსახილველი, მუშა ვარიანტი, რის დასასრულებლადაც მოსარჩელეს/მენარდეს კომენტარების და შენიშვნების მიღებიდან ეძლეოდა ოთხი კვირა, რის შემდეგაც უკვე უნდა მიეწოდებინა შემკვეთისათვის შერჩეული ვარიანტის შესაბამისი ტროტუარების მოწყობის, ინვენტარის, მცირე არქიტექტურული ფორმების, საინჟინრო ქსელების, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის, ეკონომიკური ანალიზის და სხვა კონცეპტუალური პროექტები; დასკვნა გაცემულია III ეტაპის არა საბოლოო ვარიანტზე, არამედ სამუშაო პროცესში მყოფ პროექტზე, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა სრულყოფილი ვერც რაოდენობრივად და ვერც ხარისხობრივად საპროექტო დავალების მოთხოვნების შესაბამისად (ტ. 3, ს.ფ. 169-239);

7.20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მენარდე საწარმოს, 2022 წლის 10 მარტის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპისათვის წარდგენილი მასალის ექსპერტიზას, აცნობა, რომ დასმული კითხვები მეტწილად იურიდიული ხასიათის იყო, რის გამოც მათზე მსჯელობა სცილდებოდა საინჟინრო ექსპერტიზის კომპეტენციას (ტ. 4, ს.ფ. 36);

7.21. შემკვეთი სსიპ სმგფ-ის დაკვეთით ჩატარებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008679421 დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული „ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი“ მიუხედავად დიდი მოცულობით ჩატარებული სამუშაოებისა, ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGOG/ET/C 092 ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სამუშაოების მესამე ეტაპით შესასრულებელ მოთხოვნებს ვერც ხარისხობრივად და ვერც რაოდენობრივად” (ტ.4, ს.ფ.115-126)

7.22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ძეგლთა რეაბილიტაციის ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოადგილის, ირინე საბაშვილის განმარტებით, მენარდე საწარმოსაგან არაერთხელ იყო შეტანილი სააგენტოში წერილობითი მოთხოვნა, ხიდებს შორის სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის განხილვასთან დაკავშირებით. მოთხოვნების შესაბამისად საკითხი იხილებოდა სამსახურის მიერ და შემდგომ გადიოდა განსახილველად სააგენტოს მაშინდელი საბჭოს სხდომაზე. ნებისმიერი საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო და საბჭო კი ჩამოყალიბებულია მრჩეველ ორგანოდ სააგენტოს გენერალური დირექტორისთვის. ამდენად, ხელმძღვანელი ითვალისწინებს საბჭოს გადაწყვეტილებას და მის მიხედვით იღებს შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილებას.

7.22.1. მოწმემ აღნიშნა, რომ განსახილველად შემოსული იყო ძალიან დიდი მოცულობით საკითხები, რისი განხილვაც მოითხოვდა დაახლოებით ორ კვირიან პერიოდს. იხილებოდა საკითხები პროექტირების საწყისებზე, სადაც საუბარი იყო კონცეფციაზე, იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ჩატარებულიყო მთელი ტერიტორიის რეაბილიტაცია და განახლება. ეს საკითხები იკითხებოდა პირველ სხდომებზე, შემდგომი სხდომები კი, უკვე კონკრეტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტების განხილვას შეეხებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც ნაწილში იყო გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები, დარჩენილი ნაწილი კი რჩებოდა საკამათო საკითხად. ნაწილში იყო თანხმობა, ნაწილში კი - არა. სხვა მსგავსი პრაქტიკა მათ არ ჰქონიათ. რეკომენდაცია ითვალისწინებდა საბჭოს განხილვაზე დასწრებას, რათა საქმის კურსში ყოფილიყვნენ მხარეები. მოპასუხე სმგფ-დან (შემკვეთის მხრიდან) ესწრებოდა მათი წარმომადგენელი. მოწმის განმარტებით, კონცეპტუალური პროექტი იყო წარმოდგენილი და საბჭო დიდხანს მსჯელობდა ქალაქდაგეგმარებითი და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხებზე. წარმოდგენილი იყო დოკუმენტები, რომელიც საჭიროებდა შევსებას და დასრულებას. პანდემიის გამო განხილვაზე შეფერხება არ ყოფილა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

7.23. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არქიტექტორმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა ი.ნ–ძემ განმარტა, რომ ის ყველა საბჭოს ესწრებოდა, გარდა ერთისა. საბჭოზე რაღაც შენიშვნები ყოველთვის გამოითქმებოდა, თუმცა მომდევნო სხდომაზე ის ყოველთვის გამოსწორებული იყო. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით ოთხი თვე მიმდინარეობდა საბჭოს სხდომები. შეუძლებელი იყო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ერთ ან ორ სხდომაში; უფრო ხანგრძლივი ვადა იყო საჭირო განსახილველად. საბჭოს სხდომების აცილება შეუძლებელი იყო. საბოლოო ჯამში, როდესაც განხილვები დასრულდა, აღნიშნული პროექტებში იყო შენიშვნები, თუმცა ძირითადი მნიშვნელოვანი შენიშვნები მასში აღარ ყოფილა. ჯერ ესკიზური პროექტი კეთდება და მისი მოწონების შემდეგ ის გადადის მეორე ეტაპზე, რა ეტაპიც ასევე საბჭოსთან უნდა იყოს შეთანხმებული. შემკვეთსა და მენარდეს შორის არსებული ხელშეკრულება მოწმისათვის ცნობილი არ ყოფილა, ის გადიოდა კონსულტაციას პროექტის ავტორებთან ერთად საბჭოს სხდომების გარეთ. მოწმისათვის ცნობილია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოწმემ აღნიშნა, რომ შენიშვნები თანდათან სწორდებოდა და მისთვის გაურკვეველია, რატომ შეწყვიტეს ამდენი ნაშრომი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

7.24. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2023 წლის 31 მაისს, მენარდე საწარმოს წარმომადგენელმა გ.მ–მა განმარტა, რომ ჯებირების გამაგრება აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროექტია, რაც ითხოვა მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტმა და თავად მოპასუხემაც. ეს იყო გადაუდებელი სამუშაოები, რისთვისაც დაიქირავეს სხვა სპეციალიზებული კომპანია და მათ გააკეთებინეს და გადაუხადეს თანხა. ეს იყო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შედგენილი, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე (იხ. სააპელაციო სასამართლოს მითითებული სხდომის ოქმი 14:52:52-დან).

7.25. შემკვეთმა სსიპ სმგფ-მა, 2021 წლის 18 თებერვალს, მიმართა სს სადაზღვევო კომპანია უ–ს საბანკო გარანტიის მოთხოვნით. წერილში მოპასუხემ (აპელანტმა) მიუთია, რომ მის მიერ, 2020 წლის 02 ივნისიდან შეწყდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელზეც გაცემული იყო საბანკო გარანტია. მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, შემკვეთმა (ბენეფიციარმა) სადაზღვევო კომპანიას (გარანტოს) მოსთხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 40 000 ლარის გადარიცხვა მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ტ. 3, ს.ფ. 266).

7.26. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უ–მა” შემკვეთის ანგარიშზე ჩარიცხა საბანკო გარანტიის თანხა- 40 000 ლარის გადარიცხვა. მოსარჩელე (მენარდე საარმო) სწორედ აღნიშნული გარანტიის გამოთხოვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს მოპასუხისაგან (შემკვეთისაგან).

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ნარდობის) ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შემკვეთის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, მენარდის (მოსარჩელის) მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, მოპასუხისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდის დაკისრება და მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის არასწორი გამოთხოვით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, აპელანტის (მოპასუხის) პრეტენზიის შესაბამისად და საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მის მიერ საკვლევი საკითხები გამოჰყო: ა) III და IV ეტაპების სამუშაოებიდან რა ხარისხისა და მოცულობის სამუშაო იქნა მენარდის (მოსარჩელის) მიერ შესრულებული; ბ) დაირღვა თუ არა III ეტაპის სამუშაოს შესრულების ვადა; გ) არსებობდა, თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა; დ) არსებობდა, თუ არა საბანკო გარანტიის გამოთხოვის და გამოთხოვილი გარანტიის გამო, მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის (მენარდე საწარმოს) სასარჩელო მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმები შესაძლოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, 394-ე, 405-ე, 629-ე, 636-ე, 641-ე, 879-ე, 885-ე, 888-ე მუხლები იყოს.

10. სააპელაციო სასამართლომ აღინიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ N ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

11. მხარეთა შორის სადავო საკითხების დადგენის მიზნით, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე, მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. ამ სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

12. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა (მოპასუხემ) სადავო ფაქტების დასადასტურებლად მიუთითა, 2019 წლის 11 ივნისს, მხარეთა შორის დადებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულებასა და მის დანართზე N1, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008679421 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, „ექსპერტიზაზე წარდგენილი, შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული „ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი“, მიუხედავად დიდი მოცულობით ჩატარებული სამუშაოებისა, ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული სამუშაოების მესამე ეტაპით შესასრულებელ მოთხოვნებს ვერც ხარისხობრივად და ვერც რაოდენობრივად”.

13. აპელანტის მითითებით, II ეტაპის სამუშაოები შესრულდა დაგვიანებით, ხოლო III ეტაპის მესამე ეტაპის სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება. თავის მხრივ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე/მენარდე) უთითებს, რომ, მართალია, დაგვიანებით, თუმცა II და III ეტაპების სამუშაოები შესრულდა, რაც წარედგინა შემკვეთს, ამასთან, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, ეს სამუშაოები განხილული და მოწონებულია, დადებითად შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ხოლო თვითონ შემკვეთისაგან რაიმე სახის პრეტენზია არ ყოფილა გაცხადებული. თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელემ (მენარდემ) მიუთითა საქმეში განთავსებულ წერილებზე და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებია, როგორც დასრულებული III ეტაპის სამუშაოების, ისე IV ეტაპის სამუშაოებიდან ფაქტობრივად შესრულებული ნაწილის-50% ღირებულება. რაც შეეხება მოპასუხის (შემკვეთის) მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტი), მოსარჩელის მტკიცებით, ეს დასკვნა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნებს, რომლითაც მენარდის მიე მიერ წარდგენილი კონცეპტუალური პროექტები დადებითად შეფასდა.

14. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილების, საბჭოს სხდომის ოქმების, ასევე, თავად მხარეთა მიერ განხორციელებული მიმოწერებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14.1. მენარდე საწარმომ III ეტაპის სამუშაოები შემკვეთს (მოპ-ასუხეს/აპელანტს) მიაწოდა ორჯერ: პირველად- 2019 წლის 14 ნოემბერს მეორე ეტაპის კორექტირებული და მესამე ეტაპის შუალედური ვარიანტი, ხოლო შემდეგ, 2020 წლის 20 მარტს დასრულებული ვარიანტი, რა დროსაც შემკვეთს ეცნობა, რომ II და III ეტაპების განხილვა დასრულდა და სთხოვდა შესრულებულ ეტაპებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების გაფორმებას;

14.2. 2019 წლის 30 დეკემბრიდან-2020 წლის 17 მარტამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არაერთხელ განიხილა მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები, მისცა დადებითი შეფასება და ქალაქგეგმარების ძეგლის რეაბილიტაციის კონცეფცია მისაღებად ჩათვალა;

14.3. მოპასუხე სსიპ სმგფ-მა 2020 წლის 29 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით ჩაიბარა ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ხოლო მისივე მოთხოვნის მიუხედავად, რომ მენარდე საწარმოს II და III ეტაპების სამუშაოები ერთდროულად წარედგინა, რაც წარდგენილი იქნა კიდეც 2020 წლის 20 მარტს, III ეტაპის სამუშაოების მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიცია ან პრეტენზია არ განუცხადებია;

14.4. 2020 წლის 20 მარტს, III ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადა დარღვეული იყო (ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 10.01.2020). მოპასუხეს (შემკვეთს) მე-3 ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე შედავება არ განუხორციელებია;

14.5. IV ეტაპის სამუშაო, რომლითაც შედგენილი იქნა ჯებირების პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სრულიად მიუღებელად და შეუთავსებლად ჩაითვალა.

15. სსკ-ის 629.1-ე და 636-ე მუხლების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

16. სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მე- II და III ეტაპების სამუშაოები შეასრულა, თუმცა ვადის გადაცილებით ამასთან, II ეტაპის სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებული აქვს. ამდენად, სკ-ის 629.1-ე და 636-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა III ეტაპის სამუშაოთა ღირებულების-239,999.7 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებული.

17. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის (შემკვეთის) მსჯელობას, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულდა არაჯეროვნად. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნა იმ მიზეზით, რომ იგი ჩატარდა არასრულ მასალებზე, თავდაპირველად წარდგენილ შუალედურ ვარიანტზე, ხოლო მოპასუხეს ამ გარემოების გასაბათილებლად სასამართლოსათვის არ წარუდგენია ის მტკიცებულებები, რაც მისი მხრიდან მიწოდებული იყო ექსპერტიზისათვის და რაც დაადასტურებდა მისი პრეტენზიის მართებულობას და გააქარწყლებდა მოსარჩელის მსჯელობას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავად შემკვეთის (აპელანტის) მითითებით, სამუშაოს შეფასებასა და მასზე დასკვნის გაცემაზე კომპეტენტურად მიჩნეული იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელმაც მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ წარდგენილ რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებებს დადებითი შეფასება მისცა და ქალაქგეგმარების ძეგლის რეაბილიტაციის კონცეფცია მისაღებად ჩათვალა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ III ეტაპის სამუშაოები შესრულებულად უნდა ჩაითვალოს და ამ ნაწილში მენარდის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის დასაბუთება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან კანონიერად.

18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის (შემკვეთის) შედავება საბანკო გარანტიის გამოთხოვის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო არაა, რომ II ეტაპის სამუშაოები მენარდემ ვადის გადაცილებით დაასრულა, ხოლო III ეტაპის სამუშაოები წარდგენილი იქნა 2020 წლის 20 მარტს, რა დროსაც ასევე გასული იყო შესრულების ვადა. სსკ-ის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის (მოცემულ შემთხვევაში მენარდის) მიერ ბენეფიციარის (შემკვეთის) წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი (გარანტორი) ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების, მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. იმის გათვალისწინრბით, რომ დადასტურებულია მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, ბენეფიციარის (მოპასუხის/აპელანტის) მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვა ხელშეკრულებას შეესაბამება და ამ მოქმედებით მოსარჩელისათვის თითქოსდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება. შესაბამისად, აპელანტის (შემკვეთის/მოპასუხის) მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შემკვეთს სსიპ სმგფ-ს, მენარდე საწარმოს სასარგებლოდ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის - 44543.87 ლარის ანაზღაურება დაეკისრა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდე საწარმოს აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის/შემკვეთის) სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილთან მიმართებით, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, IV ეტაპის სამუშაოების 50%-ის შესრულების სანაცვლოდ 139 999.82 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში განთავსებულ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის წერილზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც მენარდე საწარმოს (მოსარჩელეს) ეცნობა, რომ პროექტით წარდგენილი საყრდენი კედლები მდინარე რიონის კალაპოტის გასწვრივ, რასაც პროექტით ჯებირების სახე მიეცა, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელი იყო. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებული სახით ჯებირების პროექტი მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის მერიის და შემკვეთის მიერ ზეპირი მოთხოვნით შეადგინა, ამასთან, თვითონაც მიიჩნევდა, რომ ასეთი სახით ჯებირების პროექტირება აუცილებელი იყო სხვა სამუშაოების წარმოებისათვის და იქ მცხოვრები მოსახლეობის დასაცავად. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიიჩნევს, ჯებირებთან დაკავშირებით შედგენილი პროექტი, როგორც IV ეტაპის სამუშაოების ნაწილი, არ შეესაბამება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მისი შესრულებისათვის მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის) 139 999.82 ლარის დაკისრებას. ამდენად, აპელანტის/შემკვეთის მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების საფუძველია, რომლითაც მოპასუხეს (სსიპ სმგფ-ს) მოსარჩელის სასარგებლოდ 139 999.82 ლარის გადახდა დაეკისრა, შესაბამისად, მენარდის ეს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის/მენარდის მოთხოვნა 2020 წლის 1 ივნისის N1462-გ წერილით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხის მიერ გამოხატული ნების ბათილად ცნობისა და მოპასუხის დავალდებულებაზე, მენარდის მიერ N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების ფარგლებში მომავალში და ხელშეკრულების პირობების თანახმად ჯეროვნად შესრულებული სამუშაოს საპირწონე ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე -გასაჩივრებული არ ყოფილა და შესულია კანონიერ ძალაში).

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ (პირველმა კასატორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოპასუხემ (მეორე კასატორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მენარდის სასარგებლოდ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის სრულად უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მენარდე საწარმოს საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია (IV ეტაპის სამუშაოების შესრულებისა და ანაზღაურების, ასევე შემკვეთის მიერ მოთხოვნილი საბანკო გარანტიის უსაფუძვლობის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს ზიანი მიადგა), შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო შემკვეთის სსიპ სმგფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთაგან პირველმა - მენარდე საწარმომ (მოსარჩელემ) წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), ხოლო მეორე კასატორმა (მოპასუხემ/შემკვეთმა) ვერ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონონობა, შესაბამისად, მენარდის სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა და კანონიერება.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე მართებულად არის განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნარდობის სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და სსკ-ის 629.1-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“ და 636-ე „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი” მუხლებით წესრიგდება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არის გამოვლენილი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესოსამართლებრივი საფუძველი და დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით საკასაციო სასამართლოს შეუძლია ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

23. მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ჯერ პირველი კასატორის პრეტენზიებზე, რომლის სასარგებლოდაც, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს აცლის მეორე კასატორის (შემკვეთის) საკასაციო საჩივარს. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემკვეთის საკასაციო განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილია სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

24. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების 7.1-7.19 ქვეპუნქტებში. მენარდე საწარმოს (პირველი კასატორის) საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო იმჯელებს IV ეტაპის სამუშაოების შესრულების დასაბუთებულობაზე, რაც განაპიროებებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას შემკვეთის მხრიდან (სსკ-ის 636-ე მუხლი, ნორმიდ დეფინიცია იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22-ე პუნქტში).

24.1. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის ხელმოწერილი 2019 წლის 11 ივნისის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მენარდემ იკისრა ამავე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქ. ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების ვალდებულება, ხოლო შემკვეთმა იკისრა, გაწეული მომსახურების მიღებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ანგარიშსწორების უზრუნველყოფის ვალდებულება;

24.1.1. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 799 999.00 ლარით (ხელშეკრულების მე-3 მუხლი);

24.1.2. ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემკვეთი ახორციელებს კონტროლს მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (ხელშეკრულების მე-5 მუხლი);

24.1.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლი ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესს, ხოლო მე-7 მუხლი- ანგარიშსწორების წესსა და ვადებს;

24.1.4. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით (ხელშეკრულების მე-15 მუხლი);

24.1.5. ხელშეკრულების 16.1-16.3 მუხლების თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი „მიმწოდებლის“ (მენარდის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, „მიმწოდებლის“ მიერ შემსყიდველთან/შემკვეთთან შეთანხმებული, საქართველოში მოქმედი საფინანსო ორგანიზაციიდან წარმოდგენილია, შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო და გამოუთხოვადი 40 000.00 ლარის ღირებულების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ბოლო ვადას. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას, შეთანხმების შედეგად გაგრძელდა მომსახურების მიწოდების ვადა, „მიმწოდებელი“ (მენარდე) ვალდებულია, წარმოადგინოს გაგრძელებული ვადის ან/და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საქართველოში მოქმედი საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს გაგრძელებულ ვადას. თუ წინამდებარე ხელშეკრულების 16.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას მიმწოდებელი /მენარდე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე არ, ან ვერ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების 16.2 პუნქტით გათვალისწინებულ გაგრძელებული ვადის, ან ახალ საბანკო გარანტიას, ან მხარეები ვერ შეთანხმდებიან მიწოდების ვადის გაგრძელებაზე, ან ხელშეკრულება ვადამდე შეწყდება მიმწოდებლის/მენარდის ბრალეულობით, შემსყიდველი/შემკვეთი მიმართავს საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვაზე;

24.1.6. ხელშეკრულების მე-17 მუხლის თანახმად, მენარდე კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ეტაპების მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს შემკვეთს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 28-34).

25. პირველი კასატორის პრეტენზია, რომ მან შეასრულა ხელშეკრულების IV ეტაპის სამუშაოების 50 %, რის გამოც 139 999.82 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შემკვეთს (მოპასუხეს) დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს, დადგენილი გარემოებებისა და საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზების გზით, რაც მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფარგლებში შეაფასა სასამართლომ.

25.1. მენარდე საწარმომ 2019 წლის 14 ნოემბერს N 171 წერილით მიმართა შემკვეთს და წარუდგინა II ეტაპის კორექტირებული, ხოლო III ეტაპის შუალედური ვარიანტი, ხოლო ამავე ორი ეტაპის ესკიზური პროექტი - 2019 წლის 20 დეკემბრის წერილით (ტ.4, ს.ფ. 59,75). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძველზე განიხილა ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია, II ეტაპი. სააგენტომ მისაღებად მიიჩნია მენარდის მიერ წარდგენილი კონცეფცია, რაც 2019 წლის 27 ნოემბრის წერილით აცნობა მენარდეს, თუმცა, სრულიად მიუღებელად და შეუთავსებლად ჩათვალა პროექტით წარდგენილი საყრდენი კედლები მდინარე რიონის კალაპოტის გასწვრივ, რასაც პროექტით ჯებირების სახე მიეცა. სააგენტოს წერილში დაფიქსირებულია, რომ მდინარე რიონის სანაპირო ზოლის, თეთრი ქვებით გამოვლენილი განსაკუთრებული ღირებულების მიმართებით სააგენტო ითხოვს ამ თვალსაზრისით კორექტირებას, მდ. რიონის პანორამული მოშენება უნდა აღიქმებოდეს მდინარე რიონის დინების ბუნებრივი სახის შენარჩუნების ფონზე... (ტ. 4, ს.ფ. 66). ამის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წლის 30 დეკემბრიდან-2020 წლის 17 მარტამდე არაერთხელ განიხილა მენარდე საწარმოს (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები და მისცა დადებითი შეფასება. ქალაქგეგმარების ძეგლის რეაბილიტაციის კონცეფცია ზოგადად მისაღებად ჩაითვალა, თუმცა პროექტირების შემდეგ ეტაპზე გასათვალისწინებელ სამუშაოებზე გაიცა შენიშვნა- რეკომენდაციები (ტ. 4, ს.ფ. 67-73);

25.2. მენარდე საწარმომ, 2020 წლის 29 იანვარს, N 10 წერილით მიაწოდა ინფორმაცია შემკვეთს (მოპასუხეს/მეორე კასატროს) პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით. ასევე, აცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ განეკუთვნება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და სკრინინგის პროცედურებს არ ექვემდებარება. რაც შეეხება ტექნიკური დავალების 2.2.4. ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას, აღნიშნული წარდგენილი იქნებოდა IV ეტაპის დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად (იხ. ტ. 4, ს.ფ. 76). ამის შემდეგ, 2020 წლის 17 თებერვალს, მენარდე საწარმომ N 15 წერილით შემკვეთს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მსვლელობასთან, მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პროექტის განხილვასთან და პროექტის ჩაბარების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, სადაც განიხილებოდა II და III ეტაპები. ამ წერილში მენარდემ აღინიშნა, რომ, სავარაუდოდ, კიდევ საბჭოს ორი სხდომა დასჭირდებოდა პროექტის განხილვის დასრულებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. აღნიშნული ვითარების გამო პროექტი ჩამორჩა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპობრივი ჩაბარების გრაფიკს, რის გამოც ითხოვა პროექტის ჩაბარების ვადების დაკორექტირება (ტ. 4, ს.ფ. 77);

25.3. მეორე კასატრომა (შემკვეთმა/ სსიპ სმგფ-მა) 2020 წლის 16 მარტის წერილით მოითხოვა შესრულების გარანტიის ვადის გახანგრძლივება მისი ამოწურვის გამო, რაც მენარდემ შეასრულა და შემკვეთს წარედგინა სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ მიერ 2020 წლის 17 მარტს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია NCPB 100174-1, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დრო - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდი. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტორი იღებდა გამოუთხოვად, უპირობო ვალდებულებას, ბენეფიციარისათვის გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომლის ოდენობა ჯამში არ აღემატება 40 000 ლარს, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, 5 დღის ვადაში, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის (1.9 ქვეპუნქტი), ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცება და მასში მითითებული თანხის დასაბუთება (ტ. 4, ს.ფ. 78-85);

25.4. მენარდე საწარმომ 2020 წლის 20 მარტის N 25 წერილით შემკვეთს (მოპასუხე/აპელანტს) წარუდგინა ანგარიში პროექტის მსვლელობის თაობაზე, მიუთითა, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს დასრულდა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ პროექტის განხილვა. მოცულობიდან გამომდინარე პროექტის განხილვას დასჭირდა საბჭოს შვიდი სხდომის ჩატარება, რამაც გამოიწვია პროექტის II და III ეტაპების ჩაბარების გადადება. ასევე, მოსარჩელემ მოპასუხეს განუცხადა, რომ საბოლოო დასტურის მიღების გამო, II და III ეტაპების განხილვა დასრულდა და სთხოვა შესაბამისი მიღება-ჩაბარების გაფორმება შესრულებულ ეტაპებზე (II და III ეტაპები; ტ. 4, ს.ფ. 86);

25.5. 2020 წლის 29 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით სსიპ სმგფ-მა (შემკვეთმა) ჩაიბარა II ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ “წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს“. ამავე აქტით, ვადების დაგვიანების მიზეზით, შემკვეთმა მენარდე საწარმოს დააკისრა ჯარიმა, რაც გამოაკლო მოსარჩელისთვის ჩასარიცხ თანხას, შუალედური აქტი მენარდის მხრიდან ხელმოწერილია (ტ. 1, ს.ფ. 87-88);

25.6. მენარდემ (მოსარჩელემ) 2020 წლის 14 მაისის წერილით აცნობა შემკვეთს (მოპასუხეს/აპელანტს), რომ ამ უკანასკნელისავე მოთხოვნით II და III ეტაპების შესრულება მენარდეს უნდა წარედგინა ერთდროულად, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, III ეტაპის სამუშაოებზე შემკვეთის (მოპასუხის) მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწონა არქიტექტურული კონცეფცია და მისაღებად მიიჩნია, ეს საფუძველი უნდა გამხდარიყო შემკვეთისათვის, ჩაებარებინა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების II და III ეტაპები. მასთან, სააგენტოს დასკვნით, მენარდემ მიიღო დადებითი დასკვნა-რეკომენდაციები 44 შენობაზე, რომელსაც ითვალისწინებს IV ეტაპზე წარსადგენ მუშა დოკუმენტაციაში, რომელზედაც ამჟამად მუშაობს და შესრულებული აქვს მთლიანი IV ეტაპის სამუშაოების 50%, მათ შორის მდ. რიონის ჯებირების გამაგრება-მოწყობის მუშა პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 89 -90);

25.7. მენარდე საწარმომ 2020 წლის 21 მაისის წერილით შემკვეთს აცნობა, რომ ორი ეტაპის მიღება-ჩაბარება გაფორმებულია მხარეთა შორის, ხოლო III ეტაპი ჩაბარებული აქვს მენარდეს და ელოდება შემკვეთის (მოპასუხის) კომენტარებს, ამასთან, პროექტმა გაიარა კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს შვიდი სხდომა და მენარდეს მიღებული აქვს დადებითი დასკვნა... (ტ.4, ს.ფ.90).

25.8. მეორე კასატრომა შემკვეთმა - სსიპ სმგფ-მა 2020 წლის 1 ივნისის №1462-გ წერილით მენარდე საწარმოს აცნობა 2019 წლის 11 ივნისს გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. წერილში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მიხედვით მენარდე საწარმოს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2020 წლის 18 თებერვალს. არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპების ჩაბარების ვადები, კერძოდ II ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ნაცვლად 2019 წლის 19 ნოემბრისა წარდგენილ იქნა 2020 წლის 27 იანვარს (68 დღის ვადაგადაცილებით). რაც შეეხება III ეტაპის სამუშაოებს (ესკიზური ნახაზები), ტექნიკური დავალების მიხედვით სრულად და ხარისხობრივად არ არის მიწოდებული და ჩაბარების ვადებიც დარღვეულია, რის გამოც N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების მე-18 მუხლის 18.3 პუნქტის შესაბამისად, შემკვეთი სსიპ სმგფ 2020 წლის 2 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტდა მენარდე საწარმოსთან (მოსარჩელესთან) გაფორმებულ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულებას. ამავე წერილით მენარდე საწარმოს ეცნობა, რომ განხორციელდებოდა მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედება (ტ. 1, ს.ფ. 91);

25.9. შემკვეთისაგან მიღებული ზემოხსენებული წერილის პასუხად, მენარდე საწარმო წერილობითვე (05.06.2020 N 41) შეედავა შემკვეთს, რომ არ ეთანხმებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც უსამართლოს და დაუსაბუთებელს, ამასთან, დეტალურად აღწერა მხარეთა შორის შემდგერი ზეპირი (სატელეფონო) და წერილობითი კომუნიკაციის ქრონოლოგია; მიუთითა ხელშეკრულების შესრულების პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან (მ. ცქიტიშვილთან) შეხვედრის დროს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე; შემკვეთის მხრიდან მენარდის მიერ რეაგირების გარეშე დატოვებულ წერილობით შტყობინებებზე (24.01.2020-N 8; 20.03.2020- N 25;13.04.2020-N32). მენარდემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული III და IV ეტაპების შესასრულებლად საწარმომ წინსწრებით ჩადო საკუთარი ფინანსები; მენარდეს დასრულებული აქვს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული შენობების კონსტრუქციული ნაწილი, მათ შორის, დამცავი ბურჯების რეაბილიტაციის მუშა პროექტი, რომელიც წარდგენილია შემკვეთთან განხილვის მიზნით; მენარდემ შემკვეთს მიუთითა ამ უკანასკნელის დარღვევებზე სამუშაოების შესრულების ეტაპების და ვადების მიხედვით (იხ. ტ.1, ს.ფ. 92-95).

25.10. შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა მენარდემ (პირველმა კასატორმა) წერილობით (07.07.2020წ.; N 49) და აღუწერა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, აცნობა, რომ მიმართული ჰქონდა სარჩელით სასამართლოსათვის (იხ. ტ.1, ს.ფ. 167-171).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ არის დადგენილი და ვერც მეორე კასატორი (მოპასუხე) უთითებს, რომ III ეტაპის სამუშაოები არ მიიღო შემკვეთმა. წინამდებარე გადაწყვეტილების 25.1-25.10 ქვეპუნქტებში მითითებული საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მენარდე საწარმო (პირველი კასატორი) მუდმივად ატყობინებს შემკვეთს წერილობითი კომუნიკაციის გზით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონკრეტული ეტაპების მიდმინარეობასა და წარმოშობილ შემაფერხებელ გარემოებებზე, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის განპირობებული; მსჯელობს კოპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხებზე, რათა დაიხვეწოს ის პროექტი, რომელზედაც კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არაერთხელ გამართულ სხდომებზე, ამასთან, საბჭოს სხდომებში მონაწილეობს შემკვეთის (მეორე კასატორის) წარმომადგენელიც- ნ.ნ–ძე. აღსანიშნავია, რომ მენარდესთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა ნ.ნ–ძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სსიპ სმგფ-ის 23.04.2020წ. სხდომის ოქმი. საკასაციო სასამართლომ საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების შეფასების გზით, დაასკვნა, რომ მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს. საქმეში მოთავსებულია ნ.ნ–ძის მოხსენებითი ბარათი (იხ. ტ.1, ს.ფ. 67-69) სსიპ სმგფ-ისადმი, რომელიც არც დათარიღებულია და არც რაიმე სხვა ტიპის აღნიშვნა ახლავს, თუ როდის არის შედგენილი, რაც შეეხება სსიპ სმგფ-ის ქ. ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურება - ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განმხილველი კომისიის სხდომის ოქმს (N 1815-კ), დათარიღებულია 2020 წლის 23 აპრილით (იხ. ტ.1, ს.ფ. 62-66). კოლეგიურიმა ორგანომ 2020 წლის 23 აპრილს განიხილა და გადაწყვიტა კონტრაქტის შეწყვეტის აუცილებლობისა და მიზანშეწწონილობის საკითხი და თანხმობა მისცა სსიპ სმგფ-ს, შეეწყვიტა მასსა (შემკვეთსა) და მენარდე საწარმოს (მოსარჩელეს) შორის 2019 წლის 11 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGOG/ET/C/092 ხელშეკრულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 63-64). დადგენილია, რომ მეორე კასატრომა შემკვეთმა - სსიპ სმგფ-მა 2020 წლის 1 ივნისის №1462-გ წერილით აცნობა მენარდე საწარმოს 2019 წლის 11 ივნისს გაფორმებული N GOG/ET/C/092 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ანუ, კომისიის ზემოხსნებულ სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებიდან - ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რა პერიოდშიც, მენარდე საკუთარ სახელშეკრულებო ვალდებულებებს ასრულებდა, ამასთან, ატყობინებდა შემკვეთს (მეორე კასატორს) კონკრეტული ეტაპების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, მეტიც, გარკვეულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს ღებულობდა მენარდე შემკვეთისაგან. ზემოხსენებული კომისიის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან - 23.04.2020წ.-დან შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე მენარდისათვის წერილის გაგზავნამდე- 1.06.2020წ.-მდე პერიოდში მენარდეს შემკვეთისათვის წერილობით აქვს მიმართული 2020 წლის 14 მაისს და 2020 წლის 21 მაისს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 25.6-25.7 ქვეპუნქტები), მანამდე, 2020 წლის 29 აპრილს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 25.5 ქვეპუნქტი) შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით სსიპ სმგფ-მა (შემკვეთმა) ჩაიბარა II ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია და არც მაშინ უცნობებია მენარდისათვის რაიმე ფორმით, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტაზე, თუმცა, ეს მხოლოდ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის ასახვაა, რადგან სადავო არ არის, რომ შემკვეთმა მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს თითოეულ ეტაპზე იცოდა, რა გარემოებებით იყო განპირობებული კონკრეტული შეფერხება და ვადაგადაცილებები. სწორედ 2020 წლის 14 მაისის წერილით აცნობა მენარდემ შემკვეთს, რომ შემკვეთისავე მოთხოვნით II და III ეტაპების შესრულება მენარდეს უნდა წარედგინა ერთდროულად, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, III ეტაპის სამუშაოებზე შემკვეთის (მოპასუხის) მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწონა არქიტექტურული კონცეფცია და მისაღებად მიიჩნია, ეს საფუძველი უნდა გამხდარიყო შემკვეთისათვის, ჩაებარებინა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების II და III ეტაპები. ამავე წერილში მითითებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნით, მენარდემ მიიღო დადებითი დასკვნა-რეკომენდაციები 44 შენობაზე, რომელსაც ითვალისწინებს IV ეტაპზე წარსადგენ მუშა დოკუმენტაციაში, რომელზედაც ამჟამად მუშაობს და შესრულებული აქვს მთლიანი IV ეტაპის სამუშაოების 50%, მათ შორის მდ. რიონის ჯებირების გამაგრება-მოწყობის მუშა პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 89 -90); 2020 წლის 21 მაისის წერილით კი მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ ორი ეტაპის მიღება-ჩაბარება გაფორმებულია მხარეთა შორის, ხოლო III ეტაპი ჩაბარებული აქვს მენარდეს და ელოდება შემკვეთის (მოპასუხის) კომენტარებს, ამასთან, პროექტმა გაიარა კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს შვიდი სხდომა და მენარდეს მიღებული აქვს დადებითი დასკვნა... (ტ.4, ს.ფ.90).

26.1. საქმეში წარმოდგენილია ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი. II - III ეტაპი. ესკიზური პროექტი. არქიტექტურული განშლები, ცალკეული სახლების ესკიზური პროექტები, რიონის მარჯვენა და მარცხენა ნაპირის; ასევე ქ. ქუთაისის ......... ქუჩაზე არსებული სახლის რეაბილიტაცია, NN10;12;14;2;6-8;20;24;26;28 სახლების კონსტრუქციული პროექტი (მეოთხე ეტაპი). ქ. ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე არსებული საყრდენ სარეგულაციო კედლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და ახალი კედლების მოწყობის სამუშაოები (სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია), ასევე ლოკალური ხარჯთაღრიცხვები და ქ. ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე არსებული საყრდენ სარეგულაციო კედლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ახალი კედლების მშენებლობის მუშა პროექტი (IV ეტაპი). მოსარჩელის მითითებით შესრულებულია III ეტაპის სამუშაოები, ხოლო მეოთხე ეტაპის სამუშაოების 50 %. საქმეში წარმოდგენილია ასევე შპს „კ–ის“ მიერ სამუშაოების III და IV ეტაპებისათვის გაწეული მომსახურებისა და ფიზიკური პირებისათვის გადახდილი მომსახურების საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულებები. III ეტაპის სამუშაოთა შესასრულებლად მოსარჩელემ/პირველმა კასატორმა ჯამში 239,999.7 ლარი გადაიხადა, ხოლო IV ეტაპის 50% სამუშაოებისათვის - 139,999.82 ლარი;

26.2. როგორც საქმეზე დადგენილი გარემოებებით ჩანს, მენარდეს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას და მისთვის უცნობია დაახლოებით თვენახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად, შემკვეთის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთს არც ერთ ეტაპზე ამაზე არ მიუთითებია, საკასაციო სასამართლო მაინც განმარტავს, რომ იმ მსჯელობის დაშვებითაც, რომ კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყეტაზე თანხმობის შემდეგ სსიპ სმგფ-ს გარკვეული დრო სჭირდებოდა, რათა ფორმალური მხარე მოეწესრიგებინა, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, თვენახევრიანი “დუმილი” შემკვეთის მხრიდან, ამასთანავე, ამ პერიოდში მენარდის შეტყობინებების (2020 წლის 14 და 21 მაისის წერილები) უპასუხოდ დატოვება, გამართლებული ვერ იქნება არა მხოლოდ ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის გამო, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისითაც. სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს, ხელშეკრულების მხარეებს, ერთმანეთის მიმართ ნაკისრი უფლება-მოვალეობების, რასაც სინალაგმატური ურთიერთობა ეწოდება, შესრულების დროს კეთილსინდისიერების სტანდარტს უდგენს, ამასთან, სრულიად არაგონივრული და არაკეთილსინდისიერია “დუმილი” ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტას და მისგან გამომდინარე არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ მხარეთათვის ეკონომიკურ (ფინანსურ) შედეგებსაც უკავშირდება. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.

27. საბანკო გარანტიის შემკვეთის მხრიდან გამოთხოვის ნაწილში წარმოდეგნილი პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიაც დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მეორე კასატრომა (შემკვეთმა/ სსიპ სმგფ-მა) 2020 წლის 16 მარტის წერილით მოითხოვა შესრულების გარანტიის ვადის გახანგრძლივება მისი ამოწურვის გამო, რაც მენარდემ შეასრულა და შემკვეთს წარედგინა სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ მიერ 2020 წლის 17 მარტს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია NCPB 100174-1, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დრო - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 25.3 ქვეპუნქტი). ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტორი იღებდა გამოუთხოვად, უპირობო ვალდებულებას, ბენეფიციარისათვის გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომლის ოდენობა ჯამში არ აღემატება 40 000 ლარს, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, 5 დღის ვადაში, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის (1.9 ქვეპუნქტი), ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცება და მასში მითითებული თანხის დასაბუთება (ტ. 4, ს.ფ. 78-85). ცხადია, სავსებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საბანკო გარანტიის სამართლებრივ დანიშნულებასა და არსზე, თუმცა, მენარდე საწარმოს საკასაციო პრეტენზიის შემოწმების შედეგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, არ წარმოშობილა შემკვეთის (მეორე კასატორის) მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის ფაქტობრივი წინაპირობა, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით არ ვლინდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც განპირობებული იყო მენარდე საწარმოს ბრალეულობით;

27.1. სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მენარდე საწარმომ 2020 წლის 20 მარტის N 25 წერილით შემკვეთს (მოპასუხეს/მეორე კასატორს) წარუდგინა ანგარიში პროექტის მსვლელობის თაობაზე, მიუთითა, რომ 2020 წლის 10 მარტს დასრულდა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ პროექტის განხილვა. მოცულობიდან გამომდინარე პროექტის განხილვას დასჭირდა საბჭოს შვიდი სხდომის ჩატარება, რამაც გამოიწვია პროექტის II და III ეტაპების ჩაბარების გადადება. ასევე, მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ საბოლოო დასტურის მიღების გამო, II და III ეტაპების განხილვა დასრულდა და სთხოვა შესაბამისი მიღება-ჩაბარების გაფორმება შესრულებულ ეტაპებზე (II და III ეტაპები; ტ. 1, ს.ფ. 86); დადგენილია, რომ II ეტაპის სამუშაობის შესრულებისას მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა და ამის გამო მას შემკვეთმა დააკისრა ჯარიმა, რაც გამოაკლო მოსარჩელისთვის ჩასარიცხ თანხას, შუალედური აქტი მენარდის მხრიდან ხელმოწერილია (ტ. 1, ს.ფ. 87-88; იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 7.16 ქვეპუნქტი);

27.2. დადგენილია, რომ მენარდემ (მოსარჩელემ) 2020 წლის 14 მაისის წერილით აცნობა შემკვეთს, რომ ამ უკანასკნელისავე მოთხოვნით II და III ეტაპების შესრულება მენარდეს უნდა წარედგინა ერთდროულად, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, III ეტაპის სამუშაოებზე შემკვეთის (მოპასუხის) მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწონა არქიტექტურული კონცეფცია და მისაღებად მიიჩნია, ეს საფუძველი უნდა განხდარიყო შემკვეთისათვის, ჩაებარებინა II და III ეტაპების ეტაპების სამუშაოები, რაც მენარდემ შეასრულა. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნით, მენარდემ მიიღო დადებითი დასკვნა-რეკომენდაციები 44 შენობაზე, რომელსაც ითვალისწინებდა IV ეტაპზე წარსადგენ მუშა დოკუმენტაციაში, რომელზედაც მუშაობას აგრძელებდა მენარდე და შესრულებული ჰქონდა მთლიანი IV ეტაპის სამუშაოების 50%, მათ შორის მდ. რიონის ჯებირების გამაგრება-მოწყობის მუშა პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 89 -90); დადგენილია, რომ მენარდე საწარმომ 2020 წლის 21 მაისის წერილით შემკვეთს აცნობა, რომ ორი ეტაპის მიღება-ჩაბარება გაფორმებულია მხარეთა შორის, ხოლო III ეტაპი ჩაბარებული აქვს მენარდეს და ელოდება შემკვეთის (მოპასუხის) კომენტარებს, ამასთან, პროექტმა გაიარა კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს შვიდი სხდომა და მენარდეს მიღებული აქვს დადებითი დასკვნა...

27.3. დადგენილია, რომ შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას 2020 წლის 1 ივნისს, რის თაობაზეც გადაწყვეტილება კოლეგიურად იქნა მიღებული იმავე წლის 23 აპრილს, საფუძვლად დაედო სსიპ სმგფ-ის ნ.ნ–ძის მოხსნებითი ბარათი, რომლის შინაარსის გაანალიზებით დგინდება არა მენარდე საწარმოს ბრალეულობა და მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ის, რომ ქრონოლოგიურად არის აღწერილი მენარდისა და შემკვეთის წერილობითი კომუნიკაცია, ხოლო ბარათში მითითებული გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ წერილობით დოკუმენტში კონკრეტულად III ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ „ვინაიდან III ეტაპის ესკიზური ვერსიების და კონცეფციის განხილვა მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ჩვენი მხრიდან აღარ მომხდარა კომპანიისათვის III ეტაპის დოკუმენტაციაზე შენიშვნების მიწერა, ამავდროულად ვერ ხერხდებოდა II ეტაპის დოკუმენტაციის მიღება იმიტომ არ იყო წარმოგდენილი დასრულებული გასწორებული ვარიანტი. საბოლოოდ II ეტაპის დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილის გასწორდა და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო III ეტაპის სამუშაოები მგფ-მა არ ჩაიბარა, რადგან ტექნიკური დავალების მიხედვით სრულად და ხარისხობრივად არ იყო მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაცია და ჩაბარების ვადებიც საგრძნობლად დაირღვა“ (იხ. ტ.ს.ფ.68-69). როგორც უკვე აღინიშნა, მოხსენებითი ბარათი დაუთარიღებელია, ხოლო მისი შინაარსის გაანალიზება მხოლოდ იმ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, რომ როდესაც კომისია კოლეგიურად 2020 წლის 23 აპრილს (კომისიის ოქმის თარიღის მიხედვით) იხილავდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მიზანშეწონილობას, II ეტაპის სამუშაოები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩაბარებული შემკვეთს. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით სსიპ სმგფ-მა (შემკვეთმა) ჩაიბარა II ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ “წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს“. ამავე აქტით, ვადების დაგვიანების მიზეზით, შემკვეთმა მენარდე საწარმოს დააკისრა ჯარიმა, რაც გამოაკლო მოსარჩელისთვის ჩასარიცხ თანხას, შუალედური აქტი მენარდის მხრიდან ხელმოწერილია (ტ. 1, ს.ფ. 87-88); შესაბამისად, სსიპ-სმგფ-ის წარმომადგენლის - ნ.ნ–ძის დაუთარიღებელ მოხსენებით ბარათში, რომელიც 2020 წლის 23 აპრილს განიხილა კომისიამ 2020 წლის 29 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით II ეტაპის სამუშაოების ჩაბარებაზე მითითება არ წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას, წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება და აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტობრივ გარემოებებს, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ კომისიის მთელი ოქმის შინაარსში არ ჩანს, მითითებული მოხსენებითი ბარათის გარდა, რეალურად რა დოკუმენტაციის საფუძველზე მსჯელობდა კოლეგიური ორგანო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შემკვეთისათვის თანხმობის მიცემამდე. აქედან გამომდინარე, მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული ფაქტების დამაჯერებლობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, შესაბამისად, რადგან შემკვეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, მის მიერ უნდა მოხდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება (სსკ-ის 636-ე მუხლი), რაზედაც ზემოთ უკვე იმსჯელა საკასაციო სასამართლომ, ხოლო შემკვეთის მიერ გარანტისაგან საბანკო გარანტიის გამოთხოვისათვის არ არსებობდა საფუძველი- მენარდის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, რის გამოც ამ ნაწილშიც გაზიარებულია პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს (მეორე კასატორს) უნდა დაეკისროს საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 44 543.87 ლარის ოდენობით;

28. საქმის არესბითი განხილვის შედეგად მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკმაყოფილდა პირველის კასატორის (მენარდე საწარმოს) საკასაციო საჩივარი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა მეორე კასატორის (შემკვეთის) საკასაციო პრეტენზიას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.

29. სსსკ-ის 53.3- ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ხარჯის-სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 411-ე, 257.3-ე, 264.3-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს "კ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება (კერძოდ პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს "კ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

5. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს "კ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს შპს "კ–ის" მიერ შესრულებული IV ეტაპის სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 139 999.82 ლარის ოდენობით და, ასევე, მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 44 543.87 ლარის ოდენობით;

6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება;

7. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს "კ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ანაზღაურება;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური