26 ივლისი, 2024 წელი,
№ას-756-2024 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.ხ–ი, მ.ხ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ხ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ.ხ–ის და მ.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6000 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2591-ე, 59-ე, 63-ე, 70-78-ე, 369.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო 2024 წლის 31 იანვრის სხდომაზე მხარეებს სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების, გასაჩივრების წესი და ვადა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არც ერთი მხარე არ ესწრებოდა, თუმცა მათთვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო (იხ. ს/ფ 78).
4. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა 2024 წლის 27 მარტს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2024 წლის 27 მარტი.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს 2024 წლის 28 მარტს, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განჩინებით განუხილველი დარჩა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
8. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის განმარტებით, მან კუთვნილი ელექტრონული ფოსტის k.....@gmail.com საშუალებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ....@court.ge -ზე გადააგზავნა 2024 წლის 27 მარტს 22:55:59 საათზე, რომლის მიღება დაადასტურა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 28 მარტს 09:56 საათზე. აღნიშნულის დამადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა წარმოადგინა მის მიერ 2024 წლის 27 მარტს სააპელაციო საჩივრის გაგზავნის დამადასტურებელი ამონაწერი ელექტრონული ფოსტიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვის პასუხად სასამართლოს მიერ მომზადებულ წერილზე მიუთითა, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ წარმომადგენლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტიდან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა 2024 წლის 27 მარტს, 21:26 საათზე. თუმცა, ვინაიდან დოკუმენტი გაგზავნილი იყო არასამუშაო საათებში, მისი რეგისტრაცია მოხდა მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ 2024 წლის 28 მარტს 09:56 საათზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის, ვადის დარღვევით შეტანის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
11. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 13 თებერვლიდან და ამოიწურა 2024 წლის 27 მარტს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2024 წლის 27 მარტი. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ფოსტის k......@gmail.com საშუალებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე .....@court.ge -ზე გადაიგზავნა 2024 წლის 27 მარტს 22:55:59 საათზე, რაც დასტურდება, როგორც კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის ელექტრონული ფოსტიდან ამონაწერით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისს მომზადებული წერილით, რომლის მიხედვითაც მითითებული ელექტრონული ფოსტიდან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა 2024 წლის 27 მარტს, 21:26 საათზე, თუმცა, ვინაიდან დოკუმენტი გაგზავნილი იყო არასამუშაო საათებში, მისი რეგისტრაცია მოხდა მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ 2024 წლის 28 მარტს 9:56 საათზე.
12. ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია კერძო საჩივარზე დართული კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის ხ.კ–ძის ელექტრონული ფოსტიდან ამონაწერი (იხ. ს/ფ 162-166), ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის წერილი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარი, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტორნულ ფოსტაზე გადაიგზავნა 2024 წლის 27 მარტს. თუმცა, ვინაიდან დოკუმენტი გაგზავნილი იყო არასამუშაო საათებში, მისი რეგისტრაცია მოხდა მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ 2024 წლის 28 მარტს 09:56 საათზე. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა და მხოლოდ საქმეში არსებული მასალების მიხედვით შეეძლო ემსჯელა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადაგასულად არ ჩაითვლება (შდრ. სუსგ Nას-320-2019, 24.04.2019წ.; Nას-1693-2019, 10.02.2020; Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; №ას-34-2021, 18.05.2021წ.; №ას-616-2023, 10.07.2023წ.).
14. 1სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
15. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება ემყარება სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლას, რადგან ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლოს არ ჰქონდა საქმის მასალებში ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საპროცესო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე სააპელაციო საჩივარი შეტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოში, ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე ამ საკითხის ხელახლა შემოწმება შესაძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ხ–ისა და მ.ხ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
თ. ზამბახიძე