საქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს - 30 472.20 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 27 დეკემბერს, სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №933 ხელშეკრულების (№AT210021744) საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისათვის ლეიბების, ბალიშების, საბნების, პირსახოცებისა და თეთრეულის კომპლექტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 27 მარტისა.
3. მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად, 2022 წლის 27 მარტისა, სრულად მიეწოდა 2022 წლის 30 ივნისს, 95 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, პირგასამტეხლოს წარმოადგენს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების, 213 840 ლარის, 0.15% - 30 472.20 ლარი (213840*0.15%*95), რაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მისი მხრიდან სრულად არის შესრულებული და გაფორმებულია კიდეც მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
6. მოპასუხე შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ოდენობაზეც მიუთითა და განმარტა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება, როგორც სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, ასევე – საქათველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 115-ე, 420-ე მუხლების დანაწესს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს – 3917.5 ლარის გადახდა დაეკისრა.
8. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება; სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ 9795.69 ლარის გადახდა დაეკისრა.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან, თუმცა, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობისა და ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით, ჯამური ღირებულება შეადგენს 29 387.07 ლარს, ნაცვლად 30 472.20 ლარისა.
11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან პროდუქციის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობა, 29 387.07 ლარი, უნდა შემცირდეს სამჯერ, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და განისაზღვროს 9795.69 ლარით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება როგორც პირგასატეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადას, ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს (სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლებს).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნება მისი მოთხოვნა, სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები გაითვალისწინა პირგასამტეხლოს შემცირებისას.
14. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლო განსაზღვრულია არა სადამსჯელო, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით, რითაც უზრუნველყოფილია ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
15. კასატორის მითითებით, მართლია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
19. დადგენილია, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს, სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №933 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა, სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა შეთანხმებული საქონელი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 213 840 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 9.6 ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.
20. უდავოა, რომ 2022 წლის 28 აპრილს, მოპასუხემ სამინისტროს 44 340 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა, 2022 წლის 2 მაისს – 60 000 ლარის, 2022 წლის 6 მაისსაც – 60 000 ლარის, 2022 წლის 30 ივნისს კი – 37 500 ლარის საქონელი, ანუ, 2022 წლის 28 აპრილს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 32 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება – 201 840 ლარს; 2022 წლის 2 მაისს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 36 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 157 500 ლარს; 2022 წლის 6 მაისს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 40 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 97 500 ლარს; 2022 წლის 30 ივნისს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 95 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება კი 37 500 ლარს.
21. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
22. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 9795.69 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა.
23. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).
24. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.).
25. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
27. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამდენი პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ.: სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
28. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით. ამასთან, ვინაიდან საქმის გარემოებებით დგინდება, არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფულადი ეკვივალენტი და ვადაგადაცილების დღეების ოდენობა, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, რაც ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით ჯამურად შეადგენს 29 387.07 ლარს (კერძოდ, 2022 წლის 28 აპრილს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 32 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება – 201 840 ლარს; ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა – 9688.32 ლარს (201840x0.15%=302.76x32=9688.32); 2022 წლის 2 მაისს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 36 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 157 500 ლარს; ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8505 ლარს (157 500x0.15%=236.25x36=8505 ლარი); 2022 წლის 6 მაისს მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 40 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 97 500 ლარს; ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა – 5850 ლარს (97 500x0.15%=146.25 x40=5850 ლარი), 2022 წლის 30 მიწოდებული პროდუქციის შედეგად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა – 95 დღეს, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება 37 500 ლარს; ხელშეკრულებით დადგენილი 0.15%-ის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5343.75 ლარს (37 500x0.15%=56.26x95=5343.75ლარი), სწორედ მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სსკ-ის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს სახით 29 387.07 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით არ წარმოადგენს არაგონივრულს (აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 13.7%-ია, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციით (სავალდებულო ძალა არ გააჩნია) განსაზღვრული ოდენობის საზღვრებშია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია, განისაზღვროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%), მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია.
29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 29 387.07 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
30. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3526 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, 29 387.07 ლარის, გადახდა;
5. ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 3526 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე