Facebook Twitter

საქმე №ას-691-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.უ–ნი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ (შემდგომ - დამზღვევი, სააგენტო, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.უ–ნის“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე) მიმართ მოპასუხისათვის 21 447.36 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 21 447.36 ლარის 0.2%-ის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2021 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 012/2022 ხელშკრულება, რომლის თანახმად დაზღვეულ იქნა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები. 2022 წლის 4 ივნისს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი „Toyota hilux,“ სახელმწიფო ნომრით ........ სადაზღვევო კომპანიის 2022 წლის 19 სექტემბრის №26979 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მზღვევლის აზრით, სააგენტოს მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე.

3. თავად მოპასუხე მხარის მიერ გამოგზავნილი, შპს „პ.მ.ჯ–ას“ მიერ შედგენილი 2022 წლის 5 სექტემბრის დეფექტური აქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო. ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის საბალანსო ღირებულება 21 447.36 ლარი იყო. მოპასუხეს უნდა დაეკოსროს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოც.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მზღვეველი გათავისუფლებულია თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნა, მოსარჩელის უფლებამოსილმა მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებდა ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 17.06.2022 წლის №701/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის კვლევითი ნაწილის თანახმად, 2022 წლის 4 ივნისს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე ლარსის მხრიდან, მცხეთის მიმართულებით მოძრაობდა დაზღვეული ავტომობილი „ტოიოტა“ სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა ნოდარ წიკლაური. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას მძღოლმა დაიწყო მის წინ მოძრავ სატვირთო ავტომობილ „მენის“ (სახ. ნომერი N......, რომელსაც მართავდა ჯაგხანჯირ სადულაევი) გასწრება, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „ფოლცვაგენს“ (სახ. ნომერი ....., რომელსაც მართავდა ვ.მ–ვი) და ავტომობილ „ოპელს“ (სახ. N...., რომელსაც მართავდა წარაირ სარქისიანი). ავტომობილ „ტოიოტასა“ და ავტომობილ „ფოლცვაგენის“ შეჯახების შემდეგ, ავტომობილი „ტოიოტა“ მართვადაკარგული შეეჯახა თანმხვდენილი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილ „მენს“ მარცხენა გვერდითა ნაწილში. დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლის ქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ იარსებებდა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო საკითხის შეფასების თვალსაზრისით, საგულისხმო იყო 04.06.2022 წლის ექსპერტის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ოქმის დანართი სქემა, საიდანაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ......... მიმდებარე ტერიტორიაზე და ორმხრივი მოძრაობის, მოასვალტებული, უდეფექტო, მშრალი, ორ სამოძრაო ზოლად დაყოფილი საავტომობილო გზაა, ზოლებს შორის გავლებულია უწყვეტი ღერძულა ხაზი. ლარსის მიმართულების სამოძრაო ზოლში, თბილისის მიმართულებით გაჩერებულია ავტომობილი „ტოიოტა“, რომელიც არის დაზიანებული და რომლის უკანა მარჯვენა საბურავი უწყვეტი ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 2 მეტრით, ხოლო წინა მარჯვენა საბურავი – 3.9 მეტრით. სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ა.შ–ის, ს.ვ–ის, ნორაირ სარგისიანის, ვიტალი მარზოევის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა შინაარსი სრულად თანხვდენილია, ცალსახად დასტურდება, რომ შეჯახებამდე დაზღვეული ავტომობილის – Toyota-ს მძღოლი ცდილობდა თავის ზოლში მომავალი სატვირთო ავტომობილის გასწრებას.

11. პალატის შეფასებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.3 „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის ჭრილში, განსაკუთრებით საგულისხმო იყო მძღოლის გამოკითხვის ოქმის ის მონაკვეთი, სადაც მძღოლი უთითებს, რომ – „ამ მონაკვეთში გზა უხვევს მარცხნივ და საპირისპირო სამოძრაო ზოლში ვერ ხედავდა თუ რაიმე ავტომობილი მოდიოდა. ამ დროს მე სატვირთო ავტომობილს გაუსწორდი მისაბმელს გვერდით, რა დროსაც საპირისპირო სამოძრაო ზოლიდან დაახლოებით 10 მეტრში დავინახე რომ მოდიოდა ავტომობილი... მე ისევ ვცდილობდი ავტომობილის დამუხრუჭებას და ჩემს სამოძრაო ზოლში დაბრუნებას, მაგრამ მანძილის სიმცირის გამო და იმის გამო რომ საჭე ვერ დავიმორჩილე, ვერ მოვასწარი ჩემს სამოძრაო ზოლში დაბრუნება და დავეჯახე თბილისიდან მომავალ ავტომობილს მის სამოძრაო ზოლში“... „გზაზე რაიმე ხელიშემშლელი გარემოება არ ყოფილა, რაც ზეგავლენას იქონიებდა ჩემს ავტომობილზე კონტროლის დაკარგვაზე“.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის პრეტენზია, რომ შემთხვევის ადგილზე არსებულ მონაკვეთზე ღერძულა ხაზის გადაკვეთის უფლებას უფლებამოსილ მძღოლს კანონი („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული საგზაო ნიშნის 3.20 თანახმად, 30 მმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტის გასწრება ნებადართულია) ნებას რთავდა. აპელანტი მხარის ეს განმარტება ეწინააღმდეგება როგორც ჯ.მ–ვის ჩვენებას, რომელშიც მითითებულია, რომ კონკრეტული გზის მონაკვეთზე, შემთხვევამდე მოძრაობდა ავტომობილ „ტოიოტას“ წინ 40 კილომეტრ-საათი სიჩქარით (იხ. ს.ფ ტომი 2, 43 გვერდი), ასევე თავად მძღოლის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ ......... ტერიტორიაზე მოძრაობდა მის სამოძრაო ზოლში 40-45 კმ.სთ სიჩქარით, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამ „მონაკვეთში გზა უხვევდა მარცხნივ და საპირისპირო სამოძრაო ზოლში ვერ ხედავდა, თუ რაიმე ავტომობილი მოდიოდა“.

13. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ვალდებულება, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულ იქნა უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით - მართებულია და სრულად შეესაბამება მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. ვინაიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის წესის ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობა - სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დადგინდა, უსაფუძვლო იყო პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. სასამართლომ სიღრმისეულად არ შეაფასა სადაზღვევო შემთხვევის დროს მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისი ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა უხეშ გაუფრთხილებლობად. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული, სატვირთო ავტომობილის მძღოლის, ჯს–ვის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, 2020 წლის 4 ივნისს სოფელ ....... ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილი „სკანია“ მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით, როდესაც მის უკან მომავალმა ავტომობილმა ,,ტოიოტამ“ დაიწყო გასწრება. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა უხვევს მარცხნივ. ამ დროს საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან მოდიოდა ავტომობილი „ფოლცვაგენი“, რომელიც დაახლოებით სატვირთო ავტომობილისგან დაშორებული იყო 20-30 მეტრით. ვინაიდან ავტომობილ „ტოიოტას“ არ ჰქონდა დასრულებული გასწრება, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაიწყო დამუხრუჭება და გზის მარჯვენა მხარეს გადასვლა, თუმცა მაინც შეეჯახნენ.

16. „ტოიოტას“ მძღოლის, სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ახსნა-განმარტების თანახმად, 2020 წლის 4 ივნისს, სოფელ ....... ტერიტორიაზე მოძრაობდა 40-45 კმ/სთ სიჩქარით სატვირთო ავტომობილის უკან. მან ავტომობილზე დაკარგა კონტროლი, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, თუმცა, როდესაც გაუსწორდა სატვირთო ავტომობილის უკანა მოსაბმელს, წინ, დაახლოებით 10 მეტრში შეამჩნია მისი მიმართულებით მომავალი ავტომობილი. მიუხედავად მცდელობისა, დაემუხრუჭებინა ავტომობილი და დაბრუნებულიყო მარჯვნივ სამოძრაო ზოლში, მანძილის სიმცირის გამო ვერ შეძლო და შეეჯახა.

17. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადაზღვევო რისკს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, სააგენტოს მძღოლის მიზეზით იქნა თუ არა იგი გამოწვეული. მართალია, მძღოლის მიერ დაირღვა საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა, ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად; იმ ვითარებაში, როდესაც წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილი მოძრაობდა დაბალი სიჩქარით (როცა გასწრება ნებადართულია) და დაზღვეული ავტომანქანის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის დროს ზოლი იყო თავისუფალი, მანქანას მართავდა უფლებამოსილი და ფხიზელი მძღოლი, დასაშვები სიჩქარით. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლს ჯანმრთელობის გაუარესება აღენიშნებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა პირის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება (რის გამოც შეწყდა სისხლის სამართლის საქმე), ამიტომ შემთხვევის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება არასწორია. მძღოლს აუცილებელი წინდახედულობის ნორმები განსაკუთრებით მძიმედ არ დაურღვევია და მისი ქმედება, შესაძლოა, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდეს. მით უფრო, რომ ხელშეკრულება შემთხვევის მიზეზის მიუხედავად, ითვალისწინებს ანაზაურების ვალდებულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში), ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119). დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვევლის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ.: სუსგ №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.; №ას-595-2022, 28.04.2023წ.; №ას-1252-2022, 15.11.2023წ.).

25. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე ვალდებულება შესრულებულია; სადაზღვევო შემთხვევა წარმოიშვა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

26. მოპასუხე მოთხოვნის უარსაყოფად მიუთითებდა კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველზე (მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზე). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რამდენადაც სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია უფლებამოსილი მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ. საკასაციო პალატა იზიარებს გაუფრთხილებლობის ხარისხის განსაზღვრის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსკ-ის 829-ე მუხლიდან (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გამომდინარე, დამზღვევის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა მზღვევლის ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-254-2023, 07.06.2023წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-331-2024, 28.06.2024წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ; №ას-499-2023, 07.06.2023წ.; №ას-331-2024, 28.06.2024წ.). თავის მხრივ, წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.

28. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ №ას-1091-2022, 23.02.2023წ.; №ას-331-2024, 28.06.2024წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა დაიწყო მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილისათვის („Man“-ს) გასწრება. გასწრების მიზნით, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში, ისე რომ ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ვტომობილი საპირისპირო ზოლიდან, სადაც შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს („Volkswagen“-ს და „Opel“-ს). საგულისხმოა, რომ ხსენებულ მონაკვეთში საავტომობილო გზა დაყოფილია ორ სამოძრაო ზოლად და ზოლებს შორის გავლებულია შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი. შეჯახების შემდეგ, დაზღვეული ავტომობილი მართვადაკარგული შეეჯახა თანმხვედრ მოძრავ სატვირთო ავტომობილს, მარცხენა გვერდითა ნაწილში. დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში. მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა (სშსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 17.06.2022 წლის №701/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; 04.06.2022წ. ექსპერტის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ოქმის დანართი სქემა; დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები; თავად მძღოლის გამოკითხვის ოქმი). ამდენად, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა წინდახედულობის ნორმების აბსოლუტური უგულებელყოფით გაასწრო მის წინ მიმავალ ავტომანქანას ისე, რომ არამარტო გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ღერძულა ხაზი, არამედ უკიდურესად სახიფათო მონაკვეთში, როცა ვერ ხედავდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობის საპირისპირო ზოლს (რადგან გზა მარცხნივ უხვევდა) და, შესაბამისად, იქიდან მომავალ მანქანებს, საკუთარ და სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე და, საბოლოოდ, შეეჯახა სამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამდენად, მძღოლის მითითებულ ქმედებას საკასაციო პალატა უხეშ გაუფრთხილებლობად აფასებს.

30. მოსარჩელე არ ეთანხმება მისი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებას იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, თუმცა გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა და ფხიზელი იყო, რის გამოც მისი ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასებულიყო. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ მტკიცებას და მიუთითებს, რომ მძღოლმა გადაკვეთა რა ღერძულა ხაზი, მით უფრო ისეთ მონაკვეთში, სადაც, მძღოლისვე განმარტებით, გზა უხვევდა მარცხნივ და საპირისპირო სამოძრაო ზოლში ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ავტომობილი, წინდახედულობის ნორმის მარტივ დარღვევად ვერ შეფასდება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოძრაობის წესის ამგვარი უგულებელყოფა და, მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე შემხვედრ ავტომობილებთან შეჯახება, დადგენილი წესრიგის დარღვევაა უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით. წინდახედულების ობიექტური მასშტაბით შეფასებისას, აღნიშნული მიიჩნევა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების დარღვევად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა ქმნის მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საფუძველს, დამზღვევის მხრიდან ვლინდებოდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის მძიმე დარღვევა და მართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

32. კასატორის პრეტენზიის თანახმად, დარღვევა უხეშ გაუფრთხილებლობად რომც შევაფასოთ, მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, ზიანი აუნაზღაუროს დაზღვეულს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის, ზოგადი პირობების პირველი მუხლის (სადაზღვევო რისკები ) „ა“ პუნქტი „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა)“ მოიცავს დამზღვევის როგორც მარტივი, ისე უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მზღვევლის მხრიდან. პალატა მიუთითებს, ამავე პირობების მე-2 მუხლის (საერთო გამონაკლისების) „ო“ პუნქტზე, რომლის თანახმად, „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხლებლობით.“

33. უნდა განიმარტოს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ.: სუსგ №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.; №ას-535-2020, 05.10.2021წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ.: სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.; №ას-535-2020, 05.10.2021წ.).

34. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ.: სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ.; №ას-462-2022, 24.06.2022წ. №ას-865-2023, 29.09.2023წ.). ამასთან, ბრალის მიუხედავად მზღვევლის პასუხისმგებლობის არსებობაზე შეთანხმებას დაზღვევის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირდაპირ და არაორაზროვნად. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლის მიერ ჩადენილი ქმედების ბრალი მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს. მათ მზღვეველის მოვალეობის გათავისუფლების საფუძვლად დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის უხეში გაუფრთხლებლობით გამოწვევა ცალსახად და არაორაზროვანდ განსაზღვრეს.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 3 420.9 ლარის 70% - 2 394.63 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 420.9 ლარის (საგადასახადო დავალება №11055, გადახდის თარიღი 30.04.2024), 70% - 2 394.63 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე