საქმე №ას-785-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ა.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ინდმეწარმე ა.ბ–ძის (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს „დ–ას“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 84959.40 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
4. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მხარე სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, რაზეც მოსარჩელის თანაშემწემ განუმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად. რამდენიმე დღის შემდეგ მოსამართლის თანაშემწე ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ შეეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2024 წლის 26 იანვარს, საიდანაც აითვალა 14-დღიანი ვადა და სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით - 2024 წლის 8 თებერვალს, რისი გათვალისწინებითაც, არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმისწარმოების განახლების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს).
11. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.).
12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. ეს ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მართალია, არ ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, თუმცა მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. 2023 წლის 1 დეკემბრის მთავარ სხდომაზე, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს აცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2023 წლის 22 დეკემბერი, 11:00 სთ (იხ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ტ. 1, ს.ფ. 333, 336), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2024 წლის 23 იანვარს დაიწყო და იმავე წლის 5 თებერვალს ამოიწურა, შესაბამისად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 8 თებერვალს წარადგინა.
14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული არ იყო, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2024 წლის 27 იანვრიდან დაიწყო, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია - 2024 წლის 8 თებერვალს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის მიხედვით.
15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებითა და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ.: სუსგ №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.; №ას-1117-2022, 21.10.2022წ.; №ას-644-2023, 28.07.2023წ.; №ას-122-2024, 28.03.2024წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ.: სუსგ №ას-1761-2018, 31.01.2019წ.; №ას-717-2020, 19.11.2020წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებული ვადების დაცვით მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადებას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით დაადასტურებდა, ისევე, როგორც, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა.
16. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი, მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მით უფრო, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით 2024 წლის 18 იანვარს მიმართა სასამართლოს და იმავე დღეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 8 თებერვალს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).
20. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ.: №ას-1226-2019, 23.12.2019წ.; №ას-464-464-2018, 05.07.2018წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე