Facebook Twitter

საქმე №ას-799-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.კ.ა–მა“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.კ–იას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ მოპასუხისათვის 4 108.94 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2019 წლის 16 დეკემბერს ქ.თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა ავტომანქანა „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით ......, რომელიც დაზღვეული იყო მოსარჩელე კომპანიაში პოლისით MO/R-033224/19. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დამრღვევ მხარედ მიჩნეულ იქნა მოპასუხე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი არ გასაჩივრებულა და ჯარიმა გადახდილია დროულად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა „ტოიოტას“ აღდგენითი ღირებულება, შპს „ტ.ც.თ–ის“ მიერ გაცემული ინვოისის თანახმად, 5 957 ლარია, რომელიც მოსარჩელემ დამზღვევის სასარგებლოდ აანაზღაურა. შესაბამისად, სუბროგაციის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა ბრალეული, შემთხვევაზე პასუხისმგებელი მხარის მიმართ ინვოისში მითითებულ თანხას (5 957 ლარს) გამოკლებული მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი თანხა (1848,06 ლარი) - 4 108.94 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ავტომანქანას დაზიანების დროს არ ჰქონდა ჩამოვარდნილი ბამპერი, არ იყო დაზიანებული უკანა სანისლე ფარი, მოთხოვნილი თანხა დაზიანებასთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი და არ შეესაბამება არც ბაზარზე არსებულ ფასებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 3030.94 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 146.37 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ უნდა იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა 650,94 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 20 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 55 ლარი; მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 117,75 ლარის ანაზღაურება აპელანტის სასარგებლოდ.

7. პალატის მითითებით, აპელანტის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტს პრეტენზია არ დაუფიქსირებია. სადავო საკითხი ზიანის ოდენობაა. საქმეში წარმოდგენილი ინვოისიდან ირკვევა, რომ ავტომობილის შეკეთებისათვის საჭიროდ იქნა მიჩნეული მთლიანად 5957 ლარის ღირებულების ნაწილების გამოცვლა და სამუშაოების ჩატარება: 1. უკანა ბამპერი - 910 ლარი; 2. უკანა ბამპერის პლასტმასი - 574 ლარი; 3. უკანა ბამპერის პლასტმასი N2 -280ლარი; 4. უკანა ბამპერის მარცხენა სალასკა N1 - 91 ლარი; 5. უკანა ბამპერის ქაფი - 84 ლარი; 6. საბარგულის პლასტმასი -119 ლარი; 7. უკანა საბუქსირეს პლასტმასი- 21 ლარი; 8. საბარგულის კარი - 2 380 ლარი; 9. უკანა მარცხენა სანისლე ფარი - 406 ლარი; 10 სამღებრო სამუშაოები - 420 ლარი; 11. სათუნუქე სამუშაოები - 672 ლარი. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელეს უარი ეთქვა სათუნუქე სამუშაოებისა (ივნოისის მე-11 პოზიცია) და უკანა მარცხენა სანისლე ფარის (ინვოისის მე-9 პოზიცია) ღირებულების (672+406=1078ლარი) ანაზღაურებაზე.

8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ, დაზიანებული ავტომობილის ფოტოსურათებზე, რომლებიც გადაღებულია შემთხვევის ადგილზე. როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია ერთსა და იმავე ადგილას და ფოტოებში ასახული დაზიანებები იდენტურია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის არგუმენტი, რომ დაზიანებული ავტომობილი გადაადგილეს და გარკვეული დაზიანებები შემდგომ არის მიყენებული. ეს გარემოება წარმოდგენილი ფოტომასალიდან არ დგინდება, რაიმე სხვა მტკიცებულება კი, აპელანტს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ამ ნაწილში მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა. რაც შეეხება თავად ფოტოებში ასახულ ინფორმაციას, ფოტოებში ცალსახად ჩანს, რომ დაზღვეულ ავტომობილს მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული უკანა ბამპერი, კერძოდ, სახეზეა არა ზედაპირული დაზიანება, არამედ დარღვეულია ავტონაწილის მთლიანობა. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, იძლევა მოსარჩელის მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას, რომ დაზიანებული ნაწილის ახლით ჩანაცვლება იყო პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად პროპორციული ღონისძიება. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი იმყოფებოდა საგარანტიო ვადაში, შესაბამისად მისი დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილები უნდა შეცვლილიყო ახლით შპს „ტ.ც.თ–ში“, სადაც შეიძინეს ავტომობილი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ამ განმარტებას მოპასუხე არ შესდავებია. საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ავტომობილის გამოშვების თარიღია 01.01.2019 წელი, ის დაიზღვა 02.07.2019 წლიდან, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 16.12.2019 წელს. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ავტომობილი იმყოფებოდა საგარანტიო პერიოდში და მისი მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილები ახალი, ორიგინალი ნაწილებით უნდა ჩანაცვლებულიყო.

9. რაც შეეხება ავტომობილის საბარგულის კარის ახლით შეცვლის ხარჯს - 2380 ლარს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა გაწეული ხარჯების აუცილებლობა. პალატამ კვლავ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, სადაც აღბეჭდილია ავტომობილის ზემოხსენებული ნაწილი. ფოტოებზე ჩანს საბარგულის კარის მარცხენა ქვედა კუთხეში გარკვეული სახის ზედაპირული დაზიანების კვალი, თუმცა თვალსაჩინოდ არ დგინდება იმ ხარისხის ზიანი (კარის დეფორმაცია, გაღუნვა და აშ.), რაც მისი ახალი ნაწილით შეცვლისა და საკმაოდ სოლიდური ხარჯის - 2380 ლარის გაღების აუცილებლობას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატაში გამართულ სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ საგარანტიო პერიოდში მყოფ ავტომობილზე დაზიანებული ნაწილის ახლით ჩანაცვლება ყველა შემთხვევაში არ ხდება, მაგალითად, როდესაც სახეზეა ნაკაწრი, ხდება მისი აღდგენა და არა ნაწილის შეცვლა. შესაბამისად, დგინდება, რომ ახალი ნაწილის ყიდვის საჭიროება შეფასებითი კატეგორიაა და გამომდინარეობს არსებული ნაწილის დაზიანების ხარისხიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ უკანა ბამპერის მსგავსად, საბარგულის კარის დაზიანებაც იმ ხარისხის იყო, რომ მისი აღდგენა ან შეუძლებელი იყო, ან ვერ უზრუნველყოფდა ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას. ამ გარემოებათა სამტკიცებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ავტომობილის ფოტოსურათი, რომელიც საბარგულის კარის ნაწილში, იმ დასკვნის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ აუცილებელია ახალი ნაწილის (საბარგულის კარის) დაყენება.

10. მოწინააღმდეგე მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებდა შპს „ტ.ც.თ–ის“ ინვოისზეც, რომელშიც ჩამოთვლილია ის მომსახურებები და ავტონაწილები, რაც გამოყენებულ იქნა დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს მზღვეველსა და სერვისცენტრს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტს, რომელიც ასახავს მხოლოდ ჩატარებული სამუშაოს ღირებულებას და არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის პოზიციას ხარჯების აუცილებლობის თაობაზე.

11. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის ბრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაც გამოიხატა დაზღვეული ავტომობილის დაზიანებაში, ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ავტომობილის უკანა ბამპერისა და მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილების (იხ. ინვოისის 1-ლი, მე-2, მე-3, მე- 4, მე-5, მე-6, და7 პოზიციები) ასევე, საჭირო სამუშაოს ღირებულებით, რაც ჯამურად (1. უკანა ბამპერი - 910 ლარი; 2. უკანა ბამპერის პლასტმასი - 574 ლარი; 3. უკანა ბამპერის პლასტმასი N2 -280ლარი; 4. უკანა ბამპერის მარცხენა სალასკა N1 - 91 ლარი; 5. უკანა ბამპერის ქაფი - 84 ლარი; 6. საბარგულის პლასტმასი -119 ლარი; 7. უკანა საბუქსირეს პლასტმასი- 21 ლარი;10 სამღებრო სამუშაოები - 420 ლარი) 2 499 ლარი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მოპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე გადახდილი ჰქონდა 1848,06 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 650,94 (2499-1848,06=650,94) ლარის გადახდა დაეკისრა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. სუბროგაციის წესით თანხის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენისას, უდავოდ დადასტურებული უნდა იყოს ზიანის მიყენებაზე ვალდებული პირი და საეჭვო არ უნდა იყოს მისი ბრალეულობა. ამ პირისთვის ასანაზღაურებელი თანხის დაკისრებაზე მსჯელობისას კი, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მისი მხრიდან რა სახის შესაგებელია წარმოდგენილი. თუ მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის მოცულობას, მოსარჩელემ ეს მოცულობა უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს.

14. მოპასუხის მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქმეში წარმოდგენილ თავდაპირველ ფოტოსურათზე (რომელიც მის მიერ იქნა გადაღებული) ასახული ავტომანქანის დაზიანება უკანა ბამპერთან მიმართებით განსხვავდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე ასახული დაზიანებისაგან, ვერ იქნა წარმოდგენილი. მოპასუხემ ამ ნაწილში ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და არ წარმოუდგენია შესაბამისი სპეციალისტის შეფასება, რაც სასამართლოს უტყუარად შეუქმნიდა იმ შინაგან რწმენას, რომ ავტომანქანას დამატებით კიდევ მიადგა ზიანი და იმ სახით, რამაც გაზარდა მოპასუხის მიმართ დამდგარი ზიანის როგორც მოცულობა, ისე ღირებულება. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა კი, არ იძლევა ამგვარი შეფასების შესაძლებლობას.

15. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ქ–ოს“ მიერ 09.06.2023 წელს გაცემული ინვოისით განსაზღვრულ შეფასებას, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ავტომანქანა უპირობოდ ექვემდებარებოდა შპს „ტ.ც.თ–ში“ შეკეთებას და აღდგენითი სამუშაოების შეფასებას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შპს „ტ.ც.თ–ის“ ინვოისით.

16. ავტომანქანაზე მისი წლოვანებიდან გამომდინარე ვრცელდებოდა დაზღვევის ხელშეკრულების საგარანტიო პირობები, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით საგარანტიო პირობები ითვალისწინებს დაზიანებული ავტომანქანის ნაწილების არა შეკეთებას, არამედ ახალი ნაწილებით ჩანაცვლებას. როგორც ინვოისით, ასევე საპატრულო პოლიციის პატაკით, ნათლად ჩანს, რომ დაზიანდა უკანა ბამპერი და საბარგულის კარი. წარმოდგენილი ინვოისით გაწერილი სათადარიგო ნაწილის/სამუშაოს დასახელება იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს იმ ზიანის მოცულობა და ღირებულება რაც ავტონამქანა „ტოიოტას“ აღდგენას ესაჭიროებოდა. ინვოისში მითითებული აღდგენითი სამუშაოების ნაწილში მოპასუხეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შესაგებელი და, შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

17. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით და დათვალიერების აქტით ნათლად ჩანს ავტომობილის დაზიანებები. მხარის მიერ წარმოდგენილია 1 ფოტოსურათი, რომელიც არ არის ახლოდან გადაღებული მაგრამ მაინც ჩანს დაზიანეები. რაც შეეხება სხვა ფოტოსიურათებს რაც საქმეშია წარმოდგენილი დეტალურადაა გადმოცემული ავტომობილის დაზიანება შემთხვევის დროს და ნათლად ჩანს ცალკეული დაზიანებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის - მოპასუხისათვის 4 108.94 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 832.1 (თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო, მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას, რაც იმპლიმენტირებულია ამავე კოდექსის 832-ე მუხლში (იხ.: სუსგ №ას-812-2022 , 05.10.2022წ.). დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია “ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან” (იხ.: Skiner M, Gross J., Subrogation, 7.06.2007, http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf.) (იხ.: სუსგ №ას-812-2022 , 05.10.2022წ.).

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც აქვს დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ეს უფლება გადადის მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში არა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არამედ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი – სადაზღვევო კომპანიით (მზღვევლით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ.: სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012 წ.; №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-812-2022, 05.10.2022წ.; №ას-1598-2023, 20.03.2024წ.).

26. აღსანიშნავია, რომ სუბროგაციის საფუძველზე კანონმდებელი ცდილობს ორი მიზნის მიღწევას: პირველი, დაზღვეულმა არ უნდა მიიღოს ორმაგი კომპენსაცია ზიანის მიმყენებელი მესამე პირისა და მზღვეველისაგან, ანუ დამზღვევი არ უნდა გამდიდრდეს უსაფუძვლოდ და მეორე, ზიანის მიმყენებელმა მესამე პირმა, სადაზღვევო ანაზღაურების საფუძველზე, არ უნდა ნახოს სარგებელი, კერძოდ, იგი არ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან (იხ.: სუსგ №ას-812-2022, 05.10.2022წ.).

27. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (იხ.: სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-1523-2019, 24.01,2020 წ.).

28. წინამდებარე საკასაციო საჩივრით სადავოა სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზიანის ოდენობა. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმეში წარდგენილი აღდგენითი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ შედგენილი აქტი და რეალურად ანაზღაურებული თანხა, საკმარისი მტკიცებულებებია ზიანის ოდენობის დასადასტურებლად, რაც უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას და განმარტავს, მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102.3 მუხლი).

30. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეაფასა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ შპს „ტ.ც.თ–ის“ ინვოისი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მასში ასახული ოდენობით ზიანის არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ სადავო გარემოებების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებდა ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისგან დადასტურებულია. ამ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა ზიანის, 4 108.94 ლარის სრულად არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა. მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ გამორიცხა დაზიანებული ნაწილის, საბარგულის კარის, აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადგინდებოდა დაზიანებული საბარგულის კარის აღდგენისთვის საჭირო ხარჯების ოდენობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სანისლე ფარისა და სათუნუქე სამუშაოების ღირებულებასთან (406+672=1078 ლარი) ერთად (ამ ნაწილში გადაყვეტილება არ გასაჩივრებულა), დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ახალი საბარგულის კარის ღირებულების (2 380 ლარი) ანაზღაურების ნაწილშიც.

31. ამდენად, სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი ოდენობით ზიანის მიყენების და მოპასუხის ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპასუხე მიყენებული ზიანის ოდენობას სადავოდ ხდიდა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ ოდენობით ზიანს შორის, რაზეც კასატორი მიუთითებს.

32. დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები მოქმედებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რის გამოც მზღვევლის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურება ვერ იქნება ავტომატურად მესამე პირებისთვის მბოჭავი (იხ.: სუსგ №ას-482-2022, 10.06.2022წ.).

33. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ზიანის ოდენობა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობაზე ნაკლები იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარე, რომელსაც ეკისრება მტკიების ტვირთი, ვალდებულია, წამოადგინოს ძირითადი მტკიცებულება. ძირითადი მტკიცებულება სათანადოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. ზიანის ოდენობის შედავების პირობებში, სწორედ სადაზღვევო კომპანია იყო ვალდებული, ზიანის ოდენობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოედგინა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა მოპასუხე ვალდებული, ამგვარი მტკიცებულება სათადადოდ გაექარწყლებინა საპირისპირო მტკიცებულებით. გარდა ამისა, მოპასუხემ წარმოადგინა დაზიანებული ავტომობილის ფოტოსურათი, რომლებიც გადაღებულია შემთხვევის ადგილზე. ფოტოების მიხედვით, საბარგულის კარს აქვს გარკვეული ზედაპირული ნაკაწრები მარცხენა ქვედა კუთხეში, რაც ცალსახად არ ადგენს ახალი ნაწილის შეძენისა და 2380 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელემ, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა საბარგულის კარის აღდგენის შეუძლებლობა.

34. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს.კ.ა–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №Na8b, გადახდის თარიღი 02.07.2024), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე