Facebook Twitter

საქმე №ას-826-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ.მ.ც–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ.ს–ო“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „კ.მ.ც–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „პ.ს–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 ლარი დაეკისრა; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე, 73.8-ე, 74-ე მუხლების, 61-ე-63-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია. სასამართლოს მითითება, რომ გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის უსაფრთხოების თანამშრომელმა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომელი გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს.

7. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, წარმომადგენლის მეუღლისათვის გზავნილის ჩაბარებაც არ ნიშნავს კომპანიისათვის გზავნილის ჩაბარებას, ვინაიდან გზავნილი პირადად აპელანტის წარმომადგენელ ნუგზარ ბარკაიას არ ჩაჰბარებია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1848.36 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება იმის თაობაზე, თუ რით გამოიხატება გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინება გაეგზავნა მოსარჩელე კომპანიას მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ....... ქ. №9) და 2023 წლის 8 ნოემბერს ჩაჰბარდა კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომელ დ.მ–ს. განჩინება გაეგზავნათ კომპანიის წარმომადგენლებსაც. წარმომადგენელ ნ.ბ–ასათვის გაგზავნილი გზავნილი 2023 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა მის მეუღლეს – მ.ბ–ას.

15. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომლისათვის, როგორც არაუფლებამოსილი პირისათვის გზავნილის ჩაბარება კომპანიისათვის გზავნილის ჩაბარებად ვერ მიიჩნევა, ისევე, როგორც გზავნილის კომპანიის წარმომადგენლის მეუღლისთვის ჩაბარება, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

16. საკასაციო პალატა, კერძო საჩივრის პრეტენზიებს არ იზიარებს და, უპირველესად, კომპანიის წარმომადგენლის მეუღლისათვის გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება მიიჩნევა უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან წარმომადგენლის მეუღლემ, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. ამასთან, ზემოაღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს, რომელმაც, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა (იხ.: სუსგ №ას-1203-2020, 21.04.2021წ.; №ას-1037-2020, 25.01.2021წ.), შესაბამისად, მიიჩნევა, რომ გზავნილი მოსარჩელის წარმომადგენელ გელა ბირკაიას ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესით.

18. დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, საქმის განხილვის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზეც, რომ გზავნილის კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომლისათვის ჩაბარება კომპანიისათვის გზავნილის ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.

19. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნლების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება, შესაძლოა, გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ გზავნილი მოსარჩელეს (იურიდიულ პირს) გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომელს. მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მითითებული მისამართი მოსარჩელე კომპანიის ადგილსამყოფელია, ხოლო გზავნილის მიმღები კომპანიის თანამშრომელი.

21. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკის თანახმად, „ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის“ ცნებაში მოიაზრება ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას შეტყობინება კეთილსინდისიერად ჩააბაროს ხელმძღვანელობას. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ.: სუსგ №ას-330-2019, 19.11.2019წ.; №ას-1289-1309-2011, 14.11.2011წ.; №318-2022, 21.10.2022წ.).

22. პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი ვერ ადასტურებს სადავო გზავნილის მიმღები პირის არაუფლებამოსილებას გზავნილის ჩაბარებაზე, ვინაიდან სადავოს არ წარმოადგენს, რომ გზავნილის ჩამბარებელი კომპანიის თანამშრომელია. ამასთან, პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპონდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმოს მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. (იხ.: სუსგ №ას-62-2020, 16.12.2020წ.; №ას-610-583-2016, 05.10.2016წ.; სუსგ №ას-151-151-2018, 30.07.2018წ.).

23. პალატა მიუთითებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც შიდაორგანიზაციული ინსტრუქციებისა და წესების მიხედვით, კორესპონდენციის მიღებისა და მასზე რეაგირების ფუნქცია მინიჭებული აქვს კონკრეტული პირსა თუ საწარმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, თუმცა გზავნილს იბარებს ასეთი უფლებამოსილების არმქონე თანამშრომელი. შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ წესთა ერთობლიობა აღნიშნული საზოგადოების შიდაორგანიზაციული სახის დოკუმენტს წარმოადგენს და მისი დაცვის ვალდებულება ორგანიზაციის თანამშრომლებს ევალებათ. მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების ცოდნა არ მოეთხოვებათ მესამე პირებს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში ისე უნდა უზრუნველყოს კორესპონდენციის მიღების პროცედურა, რომ იგი არ ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას მესამე პირებისათვის (იხ.: სუსგ №ას-67-58-2011, 18.03.2011წ; №ა-4227-ა-12-2018, 21.09.2018წ.; №ას-318-2022, 21.10.2022წ.).

24. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავი ვერ გაართვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთს, რომ გზავნილი ჩაბარებულია არაუფლებამოსილი პირისათვის. ამრიგად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება მასზე, რომ გზავნილზე ხელმომწერი პირის მიერ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი მიჩნეული არ უნდა იქნეს ორგანიზაციის მიერ გზავნილის მიღების თარიღად.

25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 8 ნოემბრიდან დაიწყო (გზავნილის ჩაბარების მეორე დღე) და ამოიწურა 2023 წლის 20 ნოემბერს. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულად განაპირობა.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კ.მ.ც–ის“ კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე