საქმე №ას-843-2022 31 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ „ა.ს–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ყ–ძე (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები - თ.ყ–ძე, თ.ნ–ი, ც.ზ–ნი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ა.ს–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორებს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ყ–ძემ (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, პირველი დასაქმებული, პირველი აპელანტი, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი), თ.ნ–მა (შემდგომ - მეორე მოსარჩელე, მეორე დასაქმებული, მეორე აპელანტი) და ც.ზ–ნმა (შემდგომ - მესამე მოსარჩელე, მესამე დასაქმებული, მესამე აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, დამსაქმებლის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ,,ა.ს–ო“) და მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სარჩელი პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის №30-კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა; მეორე და მესამე მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამ უკანასკნელთა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 3 თებერვლის №31-კ და №45-კ ბრძანებები; დამსაქმებელს მეორე მოპასუხის მიმართ დაეკისრა კომპენსაციის - 7200 ლარის, ხოლო მესამე მოპასუხის მიმართ - 12 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამსაქმებელმა და დასაქმებულებმაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო დამსაქმებელმა - დასაქმებულთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის განჩინებითაც.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და პირველი მოსარჩელის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ უკანასკნელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ცენტრის უფროსის 2017 წლის 3 თებერვლის №30-კ ბრძანება; დამსაქმებელს კომპენსაცია 17 000 ლარი (ხელზე ასაღები) დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მეორე და მესამე მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
7. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო საჩივრით თ.ყ–ძის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი აპელანტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმაც, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე და მესამე მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ საკასაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება) ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი საკასაციო საჩივარი, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ საკასაციო საჩივრად (იხ.: სუსგ №ას-657-2022, 07.07.2022წ.).
11. სსსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
12. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. ამასთან, შეგებებული საკასაციო (სააპელაციო) საჩივარი არის ძირითადი საკასაციო (სააპელაციო) საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა კასატორის (აპელანტის) მოთხოვნა (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, 2005, გვ.470, 510.). შეგებებული საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღებისათვის საჭიროა დასაშვებობის წინაპირობების არსებობა.
13. მოცემულ შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსარჩელეები შეგებებული საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაცვლად ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულთა (მეორე და მესამე დასაქმებულთა) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაუქმდა და დამსაქმებელს მათ სასარგებლოდ კომპენსაცია დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ დამსაქმებელმა და დასაქმებულებმაც გაასაჩივრეს, თუმცა დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო (რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის განჩინებითაც). ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, მხოლოდ პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და პირველი მოსარჩელის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ უკანასკნელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის უფროსის 2017 წლის 3 თებერვლის №30-კ ბრძანება დასაქმებულის ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დამსაქმებელს კომპენსაცია 17 000 ლარი (ხელზე ასაღები) დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა), ხოლო მეორე და მესამე მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრები, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა.
15. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით მხოლოდ დამსაქმებელმა (მოპასუხემ) გაასაჩივრა. მან საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ პირველი მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მოითხოვა. ნიშანდობლივია, რომ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გათვალისწინებით, დამსაქმებელი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მეორე და მესამე მოსარჩელეთა მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით ვერც შეედავებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მეორე და მესამე აპელანტის ნაწილში არ შეცვლილა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიმართულია მხოლოდ პირველი მოსარჩელის წინააღმდეგ, არ არსებობს მეორე და მესამე მოსარჩელეთა შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის წინაპირობები, რის გამოც, მათ ნაწილში შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად (სსსკ-ის 187.2 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 187-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 401-ე, 405-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ნ–ისა და ც.ზ–ნის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. თ.ნ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 900 ლარიდან, 300 ლარი (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 02.08.2022);
3. ც.ზ–ნს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 900 ლარიდან, 300 ლარი (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 02.08.2022);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე