¹ბს-1010-967(კ-07) 19 მარტი, 2008 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ე.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.07წ განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ე.-მ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ¹6705054 და ¹6106837 ბათილად ცნობის, ამ საქმეებზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების ბათილად ცნობისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დავალდებულების მოთხოვნით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.07.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას არ მიეკუთვნებოდა, რადგან სისხლის სამართლის საქმეების, ამ საქმეებზე მიღებული დადგენილებების, გზავნილების და სხვ. დოკუმენტების გასაჩივრების წესი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის დადგენილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე.-მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.10.07წ გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დასაშვებობის საკითხის შესასწავლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. წინასწარი გამოძიების ორგანოები მოქმედებენ მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით და შეზღუდული არ არიან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რის გამო სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ე.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, სწორად არ გამოიყენა და განმარტა კანონები, იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა განჩინება, რაც სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად მისი გაუქმების საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 91-ე მუხლში ცვლილების შეტანამდე პროკურატურა განიხილებოდა როგორც სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, შესაბამისად მასზე არ ვრცელდებოდა ზაკ-ის მოქმედება, მე-3 თავის გამოკლებით, კონსტიტუციაში და “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, პროკურატურა გამოვიდა სასამართლო ხელისუფლების სისტემიდან და მიენიჭა დამოუკიდებელი სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსი, იგი არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების – მთავრობის შემადგენლობაშიც. დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელი სხვა ორგანოებისაგან განსხვავებით პროკურატურა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო და მასზე არ ვრცელდება ზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი. პროკურატურის მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი, კასატორის მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად, შესაბამისად მისი ბათილობის მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა.
კასატორი სასკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით ითხოვს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.