საქმე №ას-859-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ო–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „მ.ო–ის“ მიმართ ზიანის ანაზღურების შესახებ ი.ლ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზი არ შეუვსია.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტმა რამდენჯერმე მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა ცხადად დაასაბუთა ამ ეტაპე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. საბოლოოდ კი, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ საქმეზე იმავე მოპასუხის წინააღმდეგ სააპელაციო პალატამ ბაჟის გადავადების შესახებ სხვა პირის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა შესრულდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. 2024 წლის 29 აპრილს, ხარვეზით დადგენილი ვადის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზი შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა. 2024 წლის 22 მაისს, ხარვეზით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა კვლავ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის მოტივით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზი შევსების ვადა კვლავ 5 დღით გაუგრძელდა. მითითებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2024 წლის 4 ივნისს.
14. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
16. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
17. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 5 ივნისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2024 წლის 10 ივნისს (9 ივნისი იყო კვირა დღე) ამოიწურა, მართებულად მიიჩნევს.
18. პალატის შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის მიხედვით არ გამოუსწორებია. ამასთან, როგორც აღინიშნა, აპელანტს საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
19. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლითაც, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო უსახსრობის გამო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლო შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტს, ხარვეზით დადგენილი ვადის დაცვით, სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (იხ.: სუსგ. №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.; №ას-409-2024, 24.05.2024წ.). საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც, უპირველესად, უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და, ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (იხ.: სუსგ №ას-1023-2019, 25.09.2019წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
21. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ მას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. ამასთან, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები ვადის გაშვების საპატიოობას არ ადასტურებს.
22. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
23. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
24. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო მოწესრიგებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
27. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
28. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე