საქმე №ას-934-2024 5 აგვისტო, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – შპს „ს-....“, შპს „ა.გ...“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.ს.უ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს.გ.ს.უ–ის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს-...-ს“ აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში, კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის განკარგვა ჯამში 100 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ანგარიშზე ჩარიცხული ან არსებული თანხის არაუმეტეს 50%-სა; აკრძალავ არ გავრცელდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე, სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გასაცემლებზე. ასევე, სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებზე.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლსა და 198.2 მუხლებს, რომელთა მითითებითაც, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მათ უნდა განახორციელონ გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება, რისი გათვალისწინებითაც იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება. მოვალის მიერ ფულადი სახსრების განკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ის გარემოება, რომ მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად განკარგოს ფულადი სახსრები, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და გადაუდებლობას.
3. ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ს-....“-ისა და შპს „ა.გ...“-ის წარმომადგენლებმა საჩივრით გაასაჩივრეს.
4. საჩივრის ავტორთა მითითებით, სასამართლო დაეყრდნო სიტყვიერ განმარტებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე შპს „ს-...-მა“ არ უზრუნველყო გირავნობის საგნის სათანადო მოვლა/შენახვა და გირავნობის საგანი განადგურდა. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. გირავნობის საგნის მოვლის და სათანადო შენახვის ვალდებულება მხარეს არ დაურღვევია და ავტოსატრანსპორტო საშუალება დღესაც გამართულ მდგომარეობაშია. სასესხო ხაზისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგანი მართალია დაზიანდა, მაგრამ დამგირავებელმა დროულად აღადგინა იგი და დღემდე მუშა მდგომარეობაშია და მისი ღირებულება არ შეცვლილა. ამასთან, საარბიტრაჟო მოსარჩელემ არც კი მოიძია მოპასუხეთა ქონება. მას სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომის-ანგარიშებზე ყადაღის დადების გამოყენების აუცილებლობაც. ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ სარჩელის აღძვრიდან დღემდე მსესხებელს გამსესხებლისათვის გადახდილი აქვს 25 000 ლარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხის (შპს ,,ს-...“-ის) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავისებული თანხის განკარგვის აკრძალვის კანონიერება.
9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
13. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომლის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
14. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს.გს.უ–სა“ და შპს „ა.გ...-ს“ შორის, 2023 წლის 11 აპრილს, დაიდო გენერალური სასესხო ხაზისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს განესაზღვრა სასესხო ხაზი - 80 000 ლარი, 3 წლის ვადით, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად შპს „ს-..-ის“ კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე დარეგისტრირდა გირავნობა (მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენს 115 000 ლარს; სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის საგნის შეფასებითი ღირებულებაც 115 000 ლარია).
15. უდავოა, რომ შპს „ს.გს.უ–მა“ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა საარბიტრაჟო მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის - 74 231.87 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 7 479.18 ლარისა და პირგასამტეხლოს - 26 107.33 ლარის დაკისრება. ასევე, 2024 წლის 28 თებერვლიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.07%-ი პირგასამტეხლოსა და საარბიტრჟო მოსაკრების დაკისრება. შპს „ა.ა.ს.ს.პ.ა. ს.ა–ის“ 2024 წლის 4 მარტის დადგენილებით, საარბიტრაჟო სარჩელი მიღებულია წარმოებაში. ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო სარჩელის ფარგლებში, საარბიტრაჟო მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ს-...-ის“ ფულად სახსრებზე საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანარიშებზე 115 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
16. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით და საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის განკარგვის აკრძალვა უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, რამეთუ უზრუნველყოფის ღონისძიება ვრცელდება მხოლოდ 100 000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, საარბიტრაჟო მოპასუხე უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მის საბანკო აგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაწილით. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ან არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ზე. გარდა ამისა, აკრძალვა არ ვრცელდება საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე, სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გასაცემებსა და სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული და არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი (იხ.: სუსგ №ას-706-2023, 19.06.2023წ.). .
17. საჩივრის ავტორთა მტკიცებით, სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გირავნობით, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც გამართულ მდგომარეობაშია და მისი რეალიზაციით მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნა, რაც საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველია.
18. პალატა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით თანახმად, სესხის გამცემმა მოპასუხის დავალიანების გათვალისწინებით კერძო აღმასრულებეს მიმართა და მოითხოვა გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების გადაცემა. კერძო აღმასრულებლის 2024 წლის 15 თებერვლის წერილის თანახმად, აღმასრულებელი 2023 წლის 10 დეკემბერს ტელეფონით დაუკავშირდა შპს „ს-...-ის“ დირექტორ ლ.ჯ–ას, რომელმაც განუცხადა, რომ გირავნობის საგანს ვერ წარმოადგენდა, ვინაიდან ავტომობილი არ იყო მუშა მდგომარეობში, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა ძრავი და ვერ გადაადგილდებოდა. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიულად გირავნობის საგანი გაჩერებული იყო ონის რაიონში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე. აღმასრულებლის მითითებით, 2024 წლის 11 თებერვალს გამოცხადდა ონის რაიონში, ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე, დამგირავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად. მისამართზე გასვლისას გაირკვა, რომ გირავნობის საგანი მართლაც არ იყო მუშა მდგომარეობაში და მისი გადაადგილება შეუძლებელი იყო, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 11 თებერვლის სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმიც, რომლის თანახმად, დამგირავებელი დირექტორის ლ.ჯ–ას განმარტებით, ავტომობილის ძრავი დაზიანებულია, ასევე, დაზიანებულია ბეტონმრევი. ძრავის დაზიანება მოცულობითია, შესაბამისად შესაცვლელია. აღმასრულებლი ოქმში მიუთითებს, რომ მისამართზე იმყოფებიან ხელოსნები, რომლებიც აწარმოებენ ძრავის და გადაცემათა კოლოფის ამოღებას. ბეტონმრევში ჩარჩენილია ბეტონი, რომელიც შიგნით გაქვავებულია.
19. საქმის მასალებით ცალსახად დგინდება დაგირავებული საგნის ღირებულების შემცირება, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება აუდიტორული კომპანია „მოდერნ აუდიტის“ დასკვნას (რომელის თანახმად, სპეციალიზებული სატრანსპორტპ საშუალების (MAN 35.413, სახელმწიფო ნომერი HD891D) საბაზრო ღირებულება 01.07.2024 წლისათვის შეადგენს 40 000 აშშ დოლარს (112 000 ლარს)) პალატა მას გირავნობის საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან აუდიტორულ დასკვნაში შემფასებლის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, შეფასების ობიექტის ინსპექტირება შემფასებელს არ განუხორციელებია. ფოტომასალა და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა დამკვეთმა. შეფასების დაკვნა ეყრდნობა მხოლოდ შემფასებლის პროფესიულ აზრს ღირებულებასთან მიმართებაში შეფასების ეფექტური თარიღისათვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება.
20. რაც შეეხება საჩივრის ავტორთა პრეტენიზას, რომელიც ანგარიშებზე ყადაღის დადებას ეხება, პალატა არ იზიარებს და უპირველესად მიუთითებს, რომ არ მომხდარა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, არამედ განხორციელდა ანგარიშებიდან კონკრეტული თანხის განკარგვის აკრძალვა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა საკუთრებაშია რაიმე სხვა ქონება და კომპანიის ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის განკარგვის აკრძალვა არ არის ერთადერთი და უკიდურესი ზომა სარჩელის უზრუნველსაყოფად. ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორები მათ საკუთრებაში არსებულ სხვა ქონების არსებობაზე არ მიუთითებენ. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, რომლის უფლებებიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით „ილახება’’, სსსკ-ით უფლება აქვს გაასაჩივროს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება (სსსკ-ის 194.3 მუხლი), მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი (სსსკ-ის 196-ე მუხლი), მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და დაყადაღებული ქონების გამიჯვნა (სსსკ-ის 1961), ანდა მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება (სსსკ-ის 199-ე მუხლი) (გ.კაჟაშვილი. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი 2018, გვ. 71,72).
21. პალატა საჩივრის ავტორთა მითითებაზე, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრიდან დღემდე მსესხებელს გამსესხებლისათვის გადახდილი აქვს 25 000 ლარი მიუთითებს, რომ აღნიშნული ასევე გავლენას ვერ იქონიებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან, ჯამში მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 107 818 ლარის დაკისრება წარმოადგენს (სესხის ძირითადი თანხა - 74 231.87 ლარი, საპროცენტო სარგებლი - 7 479.18 ლარი და პირგასამტეხლოს - 26 107.33 ლარი), ასევე, 2024 წლის 28 თებერვლიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.07%-ი პირგასამტეხლოსა და საარბიტრაჟო მოსაკრების დაკისრება, რისი გათვალისწინებითაც, პრეტენზია დაუსაბუთებელია.
22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-...-სა“ და შპს „ა.გ...-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20 24 წლის 18 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე