Facebook Twitter

საქმე №ას-1239-2023 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შპს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.გ–ი“ (მოსარჩელე)

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - უფლებამონაცვლეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი.გ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 305 253 ლარი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 305 253 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ი.გ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 77 590.53 ლარის გადახდა დაეკისრა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა (გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერაც, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს განჩინებით განუხილველად დარჩა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით, შპს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 29 აპრილს, განცხადებით მომართა შპს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელმა და შპს „ი.გ–ის“ უფლებამონაცვლედ შპს „გ.ვ.ჯ–ას“ ცნობა მოითხოვა იმ საფუძლით, რომ შპს „ი.გ–ის“ სამეურვეო ქონება გაიყიდა აუქციონზე, რომელიც შპს „გ.ვ.ჯ–ამ“ შეიძინა (აღნიშნულ სამეურვეო მასაში შედიოდა შპს „ი.გ–ის“ დებიტორული მოთხოვნებიც), შესაბამისად, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 4 აპრილის განკარგულების საფუძველზე, შპს „ი.გ–ის“ შპს „ს.ბ–ის“ მიმართ საკუთრების უფლება შეიძინა შპს „გ.ვ.ჯ–ამ“, უნდა მოხდეს უფლებამონაცვლეობის დადგენა.

7. 2024 წლის 24 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით შპს „ი.გ–ის“ გაკოტრების მმართველმა დაადასტურა შპს „ს.ბ–ის“ მიერ მითითებული გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუავილი, სამოქლალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული).

11. მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

12. განსახილველ შემთხვევაში, აღსრულებოს ეროვნული ბიუროს 2023 წლის 4 აპრილის განკარგულებით დგინდება, რომ შპს „ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ სამეურვეო ქონების შემძენი 2023 წლის 24 მარტს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს „გ.ვ.ჯ–ა“. სამეურვეო ქონება, უძრავ და მოძრავ ქონებეთან ერთად მოიცავდა არამატერიალურ აქტივებს კერძოდ, დებიტორულ დავალიანებებს. მხარეთა განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილ შპს „ი.გ–ის“ დებიტორული დავალიანების შესახებ ანგარიშით დგინდება, რომ შპს „ი.გ–ის“ მოთხოვნებზე შპს „გ.ვ.ჯ–ამ“ შპს „ს.ბ–ის“ მიმართ საკუთრების უფლება შეიძინა (ანგარიშის თანახმად თანხა 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 305253 ლარია), შესაბამისად, რადგანაც უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მოთხოვნის შეძენაა, საპროცესო უფლებამონაცვლეობა კი, შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება უფლებამონაცვლედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ი.გ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს შპს „გ.ვ.ჯ–ა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 285 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ი.გ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს შპს „გ.ვ.ჯ–ა“ (ს/ნ .......);

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე