Facebook Twitter

საქმე №ას-1398-2023 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ლ.თ–ა“, დ.შ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.შ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ს.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქონების რეალიზაციის გზით თანხის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.შ–ძემ (შემდგომ - გამყიდველი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ლ.თ–ის“ (შემდგომ - საწარმო, პირველი მოპასუხე), დ.შ–ძისა (შემდგომ - მყიდველი, მეორე მოპასუხე) და ს.ს–ძის (შემდგომ - საწარმოს დირექტორი, ასევე ერთობლივად მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და ქონების რეალიზაციის გზით თანხის გადახდევინების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელემ საზღვარგარეთ შეიძინა სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება - ავტოგაზგასამართი მისაბმელი ..., სახელმწიფო ნომრით ..... ავტოტექნიკის საქართველოში ჩამოყვანისთანავე, 2012 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას მიაქირავა. ამასთან, ვინაიდან საზოგადოებას ახალი დაწყებული ჰქონდა გაზის ბიზნესი და კაპიტალდაბანდებისთვის ესაჭიროებოდა მნიშვნელოვანი თანხა, ქირის საფასურის გადახდა გადაიდო კომპანიის მიერ სს „ბანკი რესპუბლიკისაგან“ აღებული სესხის დაფარვის შემდეგ, ამასთან, მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა გირავნობის უფლებით, მოსარჩელე ამავე სესხზე წარმოადგენდა კომპანიის თავდებს. 2015 წლის 1 ივლისს მოსარჩელესა და კომპანიას შორის წერილობით გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, თავდაპირველად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მოგვიანებით მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ. აღნიშნული დასტურდება დირექტორის 2017 წლის 10 მარტის ცნობით. ამავე ცნობის თანახმად, მოპასუხე კომპანია მოსარჩელეს ქირის სრულ საფასურს გადაუხდიდა სესხის დაფარვიდან (2018 წლის ოქტომბრიდან) ექვსი თვის ვადაში, რაზეც კომპანიის დირექტორმა აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამ დრომდე ქირის დავალიანება არ არის დაფარული, შესაბამისად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ქირის საფასურის გადახდა 2013 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე (65 თვის), 19 500 ლარი, კომპანიასა და მის დირექტორს მოსარჩელის სასარგებლოდ. მიუღებელი შემოსავლის სახით კი, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანებული თანხის თვიური 2.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 487.5 ლარს, 2018 წლის 26 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

3. მოსარჩელემ მინდობილობა გაუფორმა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ ვ.ც–ძეს, რომელმაც 2018 წლის 26 აპრილს ავტოსატრანსპორტო საშულება მიყიდა მეორე მოპასუხეს, თუმცა არც მინდობილ პირს და არც შემძენს, მოსარჩელისათვის ნასყიდობის თანხა არ გადაუხდიათ. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ქონების ღირებულება – 59 000 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანებული თანხის თვიური 2.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1475 ლარს, 2018 წლის 26 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

4. ზემოაღნიშნულის შედეგად მიღებული ნერვული სტრესის, სულიერი ტანჯვისა და დეპრესიის გამო, გაუჩნდა შაქრიანი დიაბეტი, რაც არ დაექვემდებარა მედიკამენტურ მკურნალობას, გადაიზარდა დიაბეტურ განგრენაში და საჭირო გახდა ქვედა, მარცხენა კიდურის ცერა თითის ამპუტაცია. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს შეეზღუდა შრომის უნარი და მიადგა მნიშვნელოვანი (გამოუსწორებელი) მორალური ზიანი, რის გამოც ითხოვს, მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 50 000 ლარი.

5. მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხაუნდა გადაიხადონ თავიანთი კუთვნილი იმ ქონების რეალიზაციის გზით, რომლებზედაც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მოპასუხის შესაგებელი

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოტექნიკის თანხა მოსარჩელეს, როგორც საწარმოს წარმომადგენელს გადაეცა ხელზე და ის ვ.ც–ძესთან ერთად ავტოტექნიკის შესაძენად გაემგზავრა უკრაინაში. მოსარჩელემ ავტოტექნიკა კომპანიის თანხმობის გარეშე გააფორმა თავის სახელზე, მოსარჩელე არ აფორმებდა ავტომანქანას კომპანიის სახელზე არც მას შემდეგ, რაც ეს ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა. მოსარჩელეს მიღებული აქვს საკმაო შემოსავალი, მათ შორის სარჩელით მოთხოვნილი 19 500 ლარი, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ცნობით. მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის ქმედებით არანაირი ზიანი არ მისდგომია. პირიქით, კომპანია დაზარალდა მოსარჩელის თვალთმაქცური და თაღლითური სქემებით.

7. კომპანიის დირექტორს არანაირი სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ აუღია და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ წარმოდგენილი ცნობა გაყალბებულია. ამ ეჭვს ამყარებს სარჩელის მეორე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელის განმარტებაც, რომ ცნობა მას სჭირდებოდა საწარმოდან მიღებული შემოსავლებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით მოსარჩელემ ცნობა შექმნა თავად.

8. გაუგებარია, რომელი ქონებისა და შემოსავლის დაკარგვაზე საუბრობს მოსარჩელე, როდესაც მას საკუთრებაში არც ჰქონია სადავო ავტომობილი და რეალურად ეს ქონება ეკუთვნოდა კომპანიას.

9. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, არ დასტურდება კონკრეტულად რა ქმედებებით მიადგა მორალური ზიანი მოსარჩელეს და რით გამოიხატა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საწარმოს დაეკისრა 19 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანებული თანხის, 19 500 ლარის, წლიური 10.6%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 172.25 ლარია, 2019 წლის მაისიდან ვალდებულების (19500 ლარის) შესრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ; მეორე მოპასუხეს დაეკისრა 59 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის, დავალიანებული თანხის, 59 000 ლარის, წლიური 10.3%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 506.41 ლარია 2021 წლის იანვრიდან ვალდებულების (59000 ლარის) შესრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩა უცვლელად. გაუქმდა ამავე განჩინებით მოპასუხე დირექტორის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; საწარმოს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი ბაჟის 771 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის, 25 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მეორე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი 2 229 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის, 25 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 1 ივლისს სატრანსპორტო საშუალებაზე ...., მოსარჩელესა და საწარმოს შორის წერილობით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. თავდაპირველად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მოგვიანებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ. ქირის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 300 ლარით. აღნიშნული დასტურდება 2015 წლის 1-ელი ივლისის წერილობითი ხელშეკრულებითა და დირექტორის მიერ 2017 წლის 10 მარტს გაცემული ცნობით, რომლის მიხედვით, კომპანიას მოსარჩელის კუთვნილი სატანსპორტო საშუალება გადაცემული ჰქონდა სასყიდლიანი სარგებლობით და გადასახდელი ჰქონდა ქირა. ცნობა ხელმოწერილია დირექტორის მიერ და ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, უდავო იყო, რომ საქართველოში შემოყვანის დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, ავტოტექნიკა გამოიყენებოდა კომპანიის გაზის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის, შესაბამისად, დადასტურებლია, რომ კომპანია ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ავტოგაზგასამართი მისაბმელით.

14. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეს საწარმოსაგან მიღებული აქვს შემოსავალი, მათ შორის, სარჩელით მოთხოვნილი 19 500 ლარი, რასაც ადასტურებდა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მართლაც წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, თუმცა იგი ასახავს იმფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ საწარმოსაგან, 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მიიღო დასაბეგრი შემოსავალი 19600 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა შეიცავდა შემოსავლების სამსახურში საწარმოს მიერ დეკლარილებულ ინფორმაციას და მისი შინაარსის გათვლისწინებით, არ დასტურდებოდა კონკრეტულად საიჯარო ქირის გადახდა.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიის დირექტორი შეთანხმდნენ მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის ჯამური ოდენობა გადახდილი იქნებოდა ბანკიდან აღებული სესხის დაფარვიდან 2018 წლის ოქტომბრიდან ექვსი თვის ვადის დაცვით. დადგენილი იყო მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი იყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება - დასაბუთებული.

16. მეორე სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა, რომლის გადაუხდელობას ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 26 აპრილს ვ.ც–ძეს მინდობილობით მფლობელობაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და მიანიჭა გარკვეული უფლებები, მათ შორის – ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის უფლება. ამ უკანასკნელმა კი, როგორც მინდობილმა პირმა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულება ....., მიჰყიდა მეორე მოპასუხეს, პალატის მითითებით, დადგენილი იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება მისი მეორე მოპასუხისათვის გასხვისების დროისათვის. დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა თავისი ვალდებულება - ქონება გადაუფორმა შემძენს შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარდგენის გზით. აქედან გამომდინარე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა ნივთის ღირებულების გადახდის შეთანხმების ფაქტი და არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ელემენტები.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია მოვალის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება - კრედიტორს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური. შესაბამისად, ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს არცერთი თეთრი არ გადაუხდია ტექნიკის შესაძენად საკუთარი სახსრებიდან და მისი საფასური გადაიხადა კომპანიის დამფუძნებელმა. რაკი კომპანიის მიმართ გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები იყო დაწესებული, სატრანსპორტო საშუალება ვერ გადააფორმა. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ქირავნობის ხელშეკრულება ფორმალურად დაიდო და ის მხარეთა ნამდვილ ნებას არ გამოხატავდა.

19. რაც შეეხება მოსარჩელისათვის გადახდილ 19 600 ლარს, მან ეს თანხა მიიღო იურიდიული მომსახურების გაწევისათვის, რამდენადაც სხვადასხვა ინსტაციაში წარმოადგენდა კომპანიის ინტერესებს.

20. კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა კი სადავოა, რამდენადაც მას კომპანიის წესდებით ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. გარდა ამისა, ცნობაც ფორმალური ხასიათის იყო და მხარეთა რეალურ ნებას არ ასახავდა. ასეც რომ არ იყოს, ცნობაში მითითებულია 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 10 მარტამდე დავალიანების შესახებ, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან არსებულ დავალიანებას, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ ადასტურებს.

21. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნაც. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მინდობილობის გაცემა და მომსახურების სააგენტოში მისვლა არა ნასყიდობას, არამედ მოსარჩელის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფორმალურად გაფორმებას ადასტურებს, რაც მოწმის ჩვენებითაც ნათლად დადასტურდა.

22. გაუგებარია, რატომ არ მიიჩნია სასამართლომ მოწმის ჩვენება სათანადო მტკიცებულებად, როდესაც ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ პროცესებში. ამასთან, ის ერთადერთი მოწმეა და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად სადავო გარემოებას ადასტურებს.

23. სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლო გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში. დაუსაბუთებელი თავად სასარჩელო მოთხოვნაც. ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი, მოსარჩელე კი, ზოგადად მიუთითებს მიუღებელ შემოსავალზე და ვერ ადასტურებს მისი მიღების სავარაუდოობას. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის კასატორებისათვის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხისათვის დავალიანებული თანხის 19 500 ლარის წლიური 10.6%-ის გადახდისა და მეორე მოპასუხისათვის დავალიანებული თანხის, 59 000 ლარის, წლიური 10.3%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. პირველი მოპასუხის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 581.1 მუხლს (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც) ეფუძნება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეებმა თავდაპირველად 2012 წლის დეკემბრიდან ზეპირად, მოგვიანებით - 2015 წლის 1 ივლისს წერილობით სატრანსპორტო საშუალებაზე - ავტოგაზგასამართ მისაბმელ ....-ზე დადეს იჯარის ხელშეკრულება; მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა სატრანსპორტო საშუალება; მხარეთა შეთანხმებით ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2018 წლის აპრილს; მოიჯარეს არ გადაუხდია საიჯარო ქირა, მოსარჩელე მოითხოვს ქირის გადახდას 2013 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე (65 თვე) - 19500 ლარს.

28. არ არის გასაზიარებელი პირველი მოპასუხის მტკიცება, რომ იჯარის ხელშეკრულება თვალთმაქცური (სსკ-ის 56-ე მუხლი) გარიგება იყო, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ფორმალურად იყო გაფორმებული მოსარჩელის სახელზე, რეალურად კი, საწარმოს ეკუთვნოდა. თვალთმაქცური გარიგების საფუძვლად მოპასუხე შესაგებლში მიუთითებდა, რომ მოსარჩელემ ავტოტექნიკა კომპანიის თანხმობის გარეშე გააფორმა თავის სახელზე, მოსარჩელემ კი, არ გადაუფორმა ავტომანქანა კომპანიას არც მას შემდეგ, რაც ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა. მოსარჩელე მანიპულირებდა იმით, რომ დასაქმებული იყო საჯარო სექტორში და კომპანიას ჰპირდებოდა არარსებული პრობლემების თავისი კავშირებით მოგვარებას. სააპელაციო საჩივარში ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ის მიუთითა, რომ მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია ტექნიკის შეძენაში, ხოლო საკასაციო საჩივარში საწარმოს ქონების მოსარჩელის სახელზე გაფორმების მიზეზად უკვე საწარმოს მიმართ სამართლებრივი შეზღუდვის არსებობაზე მიუთითებს.

29. გარდა იმისა, რომ კასატორის (პირველი მოპასუხის) პოზიცია თავშივე არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის ნამდვილი იჯარის ხელშეკრულების არსებობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს. აღნიშნული დასტურდება 2015 წლის 1 ივლისის მხარეთა შორის დადებული იჯარის წერილობითი ხელშეკრულებითა და საწარმოს დირექტორის მიერ 2017 წლის 10 მარტს გაცემული ცნობით, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოსარჩელისათვის ქირის სრულად გადახდა სესხის დაფარვიდან (2018 წლის ოქტომბრიდან) ექვსი თვის ვადით იკისრა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება 2012 წლიდან 2015 წლის 1 ივლისამდე იჯარის ხელშეკრულების არსებობა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მსჯელობას, რომ ამ პერიოდში მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების არსებობას ადასტურებს საქართველოში შემოყვანის დღიდან - 2012 წლის დეკემბრიდან მოსარჩელის კუთვნილი ავტოტექნიკის კომპანიის გაზის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის გამოყენების უდავო ფაქტი, ანუ კომპანია ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ავტოგაზგასამართი მისაბმელით, თუმცა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა სადავო ავტომობილით კომპანიის სარგებლობას. ამ გარემოების მითითებისა და მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია კასატორის პრეტენზია სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც. საწარმოს დირექტორის მიერ 2017 წლის 10 მარტს გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, საწარმო შესაგებელში მიუთითებდა მისი სიყალბის შესახებ, რაც გაქარწყლდა ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო საკასაციო სასამართლოში კი მხარემ აღნიშნა, რომ დირექტორს ამგვარი ცნობის გაცემის უფლება წესდებით არ ჰქონდა, რაც დაუსაბუთებელია. რაც შეეხება საწარმოს მიერ მოსარჩელისათვის გადახდილ 19 600 ლარს, მოპასუხე შესაგებელში ამტკიცებდა, რომ იჯარის ხელშეკრულება ნამდვილადაც რომ მიგვეჩნია, საწარმოს მიერ ქირის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავდა ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელისათვის უკვე გადახდილი ჰქონდა 19 600 ლარი. საკასაციო საჩივარში კი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ეს თანხა მიიღო იურიდიული მომსახურების გაწევისათვის, რამდენადაც სხვადასხვა ინსტაციაში წარმოადგენდა კომპანიის ინტერესებს. ამდენად, ამ კუთხითაც მხარის პოზიცია არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია.

31. ამრიგად, რაკი დადგენილია მოსარჩელის მიერ თავისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოპასუხე კომპანიისთვის იჯარით გადაცემის ფაქტი, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა საიჯარო ქირის გადახდა, მოსარჩელეს წარმოეშვა გადაუხდელი ქირის მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ ქირის თვიური ოდენობა განსაზღვრული იყო 300 ლარით, ამასთან იჯარის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო 2012 წლის დეკემბერში, წერილობით - 2015 წლის 1 ივლისს და გრძელდებოდა ავტოტექნიკის გასხვისებამდე 2018 წლის 26 აპრილამდე, 65 თვის განმავლობაში, შესაბამისად, გადაუხდელი ქირა19 500 ლარით უნდა განისაზღვროს.

32. მეორე მოპასუხის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის საფასურის გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.2 მუხლს (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) ეფუძნება. ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის მისაღებად შემდეგი წინაპირობები უნდა შესრულდეს: ა) ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა.

33. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. მეორე მოპასუხეც სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის კუთვნილებას ხდის სადავოდ და თვალთმაქცურ გარიგებაზე მიუთითებს. სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ მტკიცების უსაფუძვლობაზე და დაადგინა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელეს ეკუთვნოდა და მოპასუხე მხარემ ვერ წარადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. რაც შეეხება ზემოხსნებული ნორმით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელ მეორე გარემოებას - ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა მხარეთა შორის სადავო არ არის.

34. ამდენად, უდავოა, რომ 2018 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ ვ.ც–ძეს მინდობილობით მფლობელობაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალება და მიანიჭა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის უფლება. ამ უკანასკნელმა კი, როგორც მინდობილმა პირმა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულება მიყიდა მეორე მოპასუხეს; გამყიდველმა შეასრულა თავისი ვალდებულება - ქონება გადაუფორმა შემძენს შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარდგენის გზით; შემძენს გამსხვისებლისათვის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. ამდენად, მეორე მოპასუხის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის საფასურის გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

35. კასატორთა შემდგომი პრეტენზია საიჯარო ქირისა და ნასყიდობის საფასურის დროული გადაუხდელობით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - მიუღებელი შემოსავლის მათთვის დაკისრებას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს სსკ-ის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა აშკარა ქონებრივი დანაკლისის დასასაბუთებლად, უსაფუძვლო გამდიდრების გამორიცხვისთვის. ამდენად მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრულობის კრიტერიუმებით შემოფარგვლა უსაფუძვლო გამდიდრების და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა ინტერესთა წონასწორობის რღვევის პრევენციას ახდენს (შდრ. ნათია ჩიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 151).

37. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა ეს იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მხარეთა მტკიცების ტვირთის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მტკიცებულებები და გარემოებები კომპლექსურად შეფასდეს (შდრ. ჩიტაშვილი ნ. „საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში“, თსუ, 2016, გვ. 154).

38. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოსავლის მიღებაზე ზოგადად მიუთითებდა და არ წარუდგენია კონკრეტული მტკიცება მის სავარაუდოობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატის განსჯით, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანია, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება მისი სამართლებრივი სტატუსის ან ჩვეულებრივი საქმიანობის საგნის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რაც ამგვარი ქმედების ნეგატიურ შედეგებს სავარაუდოდ აქცევდა მოვალისათვის სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად (იხ.: სუსგ №ას-964-2018, 01.04.2020წ.; №ას-884-2022, 27.04.2023წ.; №ას-1237-2023, 29.02.2024წ.). ამ ფაქტების მითითების გარეშე, მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. მოცემული დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ ეხება, მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულება კი არ ქმნის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს (იხ.: სუსგ №ას-459-438-2015, 07.07.2015წ.; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ.; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019წ.; №ას-81-2020, 02.03.2020წ.; №ას-964-2018, 01.04.2020წ.; №ას-884-2022, 27.04.2023წ.)

39. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე.

41. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს კასატორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება პირველი მოპასუხის სასარგებლოდ - 557.4 ლარი, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ - 865.2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ლ.თ–ისა“ და დ.შ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება შპს „ლ.თ–ისათვის“ დავალიანებული თანხის - 19 500 ლარის წლიური 10.6%-ის, ხოლო დ.შ–ძისათვის დავალიანებული თანხის - 59 000 ლარის წლიური 10.3%-ის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ.შ–ძის სარჩელი შპს „ლ.თ–ასათვის“ მიუღებელი შემოსავლის, დავალიანებული თანხის, 19 500 ლარის, წლიური 10.6%-ის, 2019 წლის მაისიდან ვალდებულების (19 500 ლარის) შესრულებამდე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. კ.შ–ძის სარჩელი დ.შ–ძისათვის მიუღებელი შემოსავლის, დავალიანებული თანხის, 59 000 ლარის, წლიური 10.3 %-ის, 2021 წლის იანვრიდან ვალდებულების (59 000 ლარის) შესრულებამდე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. კ.შ–ძეს დაეკისროს შპს „ლ.თ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 557.4 ლარის, ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ;

6. კ.შ–ძეს დაეკისროს დ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 865.2 ლარის, ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე