საქმე №ას-547-2021 30 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.რ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ბ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.რ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟის გზით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე ქალაქ ხონში, თავისუფლების მოედან №3-ში მრავალბინიან სახლში მდებარე №12 ბინის მესაკუთრეა. საერთო სარგებლობის ფართი - 4,8 კვ.მ მის მოპირდაპირედ მდებარე №10 ბინის მესაკუთრეს - მოპასუხეს თვითნებურად აქვს ამოშენებული, მიშენება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აივნის ამოშენების გამო სადარბაზოში შუქი და ჰაერი არ შედის, მოსარჩელეს ხელი ეშლება საერთო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობაში, რადგან მხოლოდ მოპასუხეს აქვს დაკავებული. ამასთან, უნებართვო მიშენების ტიხარი 20 სმ-ით შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ფართი მას არ მიუშენებია. უძრავი ქონება მიშენებით შეიძინა 2010 წელს. მოსარჩელე მრავალი წელია ცხოვრობს თავის ბინაში და შეეძლო, ვინც მიაშენა მისთვის წარედგინა პრეტენზია. საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება მიშენების ტიხრის 20 სმ-ით მოსარჩელის საკუთრებაში შეჭრის ფაქტი. მოსარჩელის უფლების დარღვევა, მისთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ დგინდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა სადავო ფართის დემონტაჟი; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული - 201 ლარის, იურიდიული მომსახურების - 500 ლარისა და საფოსტო მომსახურებისხარჯის - 55.7 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიშენების აშენების დროისათვის მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავ ქონებათა მესაკუთრეები და მფლობელები იყვნენ სხვა პირები. შესაბამისად, მეზობლისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო განსახილველი სარჩელით სადავო ნაგებობის აშენების შესახებ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების წინამორბედმა მესაკუთრემ რაიმე ფორმით პრეტენზია განაცხადა სადავო მიშენების მშენებლობისას დროს ან თუნდაც უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვამდე პერიოდში, რაც პრეზუმირებულად მიუთითებდა იმაზე, რომ მხარეებმა განსახილველი სარჩელით სადავო მიშენებაზე მიაღწიეს შეთანხმებას და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
8. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება, რომ მოპასუხის ე.წ. ლოჯიის ტიხარი სადარბაზოს მხრიდან, სავარაუდოდ, 17 სმ-ით შეწეულია მოსარჩელის კუთვნილ ბინაში, თუმცა ისიც დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა ამავე სახით. შესაბამისად, სადავო მიშენების დროისათვის ის პრეტენზიას ვერ განაცხადებდა მის აშენებაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება უძრავი ქონების წინამორბედი მესაკუთრის მიერ რაიმე სახის პრეტენზია მეზობლის მიმართ. რაც შეეხება სადავო მიშენების კანონიერების თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიას, არ წარმოადგენდა ამ დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს, რის გამოც სააპელაციო პალატამ ის სამართლებრივად არ შეაფასა.
9. პალატამ დაასკვნა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, სამეზობლოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა თმენის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, საფოსტო მომსახურების 55.7 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯის - 201 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
11. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ საერთო სარგებლობის აივანი თვითნებურად გადაკეთებულია ლოჯიად, ფართით - 4.8 კვმ, სადაც განთავსებული აქვს სველი წერტილი, რაც არ არის რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, სარჩელი მაინც დააკმაყოფილა, რაც ალოგიკურია.
12. ექსპერტიზის დასკვნები, შიდა აზომვითი ნახაზები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცნობები, მერიის ცნობები და ყველა სხვა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტს.
13. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამეზობლო თმენის თაობაზე სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა და არასწორად შეაფასა ლოჯიის ტიხრის მოსარჩელის ფართში შეჭრის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გადაიტანა ბინების წინა მფლობელებზე. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებაც, რომ არავის არასოდეს მიუმართავს საერთო სარგებლობის ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. არასწორია სასამართლოს მითითება, თითქოს, სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს სადავო მიშენების კანონიერების საკითხი, ვინაიდან უნებართვო, უკანონო მიშენების დემონტაჟის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული. ამ მოტივით სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება აშკარად უკანონოა.
14. საკასაციო სასამართლომ მოპასუხეს უნდა დაავალოს, წარმოადგინოს ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, რითაც დადასტურდება, რომ მას მეტი ფართი აქვს მფლობელობაში, ვიდრე საკუთრებაში, რაც მოსარჩელის საკუთრების ნაწილისა და საერთო სარგებლობის ფართის მითვისების შედეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 16 თებერვალს ჩატარდა ზეპირი მოსმენა მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით, რაზეც მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა. ამასთან, მხარეებს მიეცათ გონივრული დრო მორიგების მიაღწევად, თუმცა მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა. 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო 4.8 კვ.მ მიშენების დემონტაჟის მოპასუხისათვის დავალდებულების თაობაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონი) 7.2 მუხლს (მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172.2 მუხლსა (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) და 173.1 მუხლის ბოლო წინადადებას (ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ) ეფუძნება.
18. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთს მესაკუთრე ფლობს; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში; ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე მრავალბინიან სახლში ბინების მესაკუთრეებს წარმოადგენენ, შესაბამისად, დავა უნდა მოწესრიგდეს არა - სამეზობლო სამართლით, არამედ უფრო სპეციალური - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 11.1 მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად მიიჩნევა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა.შ.) თანახმად, სადავო ფართი - 4.8 კვ.მ აივანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. უდავოა ისიც, რომ აივანი ამოშენებულია და მხოლოდ მოპასუხე სარგებლობს. ამასთან, უდავოა, რომ სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი კონკრეტული ობიექტების სარგებლობაში გადაცემა) შესაბამისად, ამხანაგობას სადავო საერთო სარგებლობის ფართი მოპასუხისთვის არ გადაუცია და არც საჯარო რეესტრშია მასზე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირებული.
20. ზემოაღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, მოსარჩელეს წართმეული აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს საერთო ქონებით. მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაასაბუთა ხელშეშლის მართლზომიერება. მისი პრეტენზიის თანახმად, ფართი მას არ მიუშენებია, უძრავი ქონება მიშენებით შეიძინა 2010 წელს. შედავება არასათანადოა, რამდენადაც ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო მიშენაბა საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, საქმის მასალებით არც ის დგინდება, რომ ბინის ძველ მესაკუთრეს ჰქონდა მიშენება რეგისტრირებული ინდივიდუალურ საკუთრებად. ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი საჯარო რეესტრიდან ვლინდება, საჯარო რეესტში ბინა მიშენების გარეშეა რეგისტრირებული. შესაბამისად, მყიდველის (მოპასუხის) გაცნობიერებული თუ წინდაუხედავი ქმედების გამო მის საკუთრებაში უძრავი ქონება გადავიდა ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც ის ძველ მესაკუთრეს ეკუთვნოდა. უძრავი ქონების ამ ფაქტობრივი მოცემულობით (მიშენებით) შეძენამ მოპასუხე ამხანაგობის საერთო სარგებლობის ფართის მესაკუთრედ არ აქცია. ამდენად, საკუთრების ხელშეშლა მართლსაწინააღმდეგოა, რის გამოც ვლინდება ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
21. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებს მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებს, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.... ნეგატორული სარჩელი მიზნად იასახავს მესაკუთრის ტავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი (იხ. სუსგ №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).
22. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ სადავო აივანი ამხანაგობის საერთო ქონებას განეკუთვნება და მისით სარგებლობის უფლება აქვს ამხანაგობის ნებისმიერ წევრს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავო ფართით სარგებლობა ემსახურება მხოლოდ მის კერძო ინტერესს და ამხანაგობის დანარჩენ წევრებს წართმეული აქვთ საერთო ქონებით სარგებლობის უფლება, რის გამოც მოსარჩელეს, როგორც საერთო ქონების თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟის გზით.
23. რაც შეეხება ახალი მტკიცებულების გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 120 ლარი (საიდანაც 60 ლარი ზედმეტად გადახდილი თანხაა), ხოლო საკასაციო საჩივარზე 150 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს, დაეკისრება 210 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ზედმეტად გადახდილი 60 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
27. კასატორი ასევე მოითხოვს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, საფოსტო მომსახურების - 55.7 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის ხარჯის - 201 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სარჩელს დაურთო მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე მტკიცებულება, შესაბამისად, არსებობს მოსარჩელისათვის წარმომადგენლის ხარჯის სსსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა.
28. პალატა მიუთითებს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯის - 201 ლარისა და საფოსტო მომსახურების საფასურის - 55.7 ლარის გაწევას, რის გამოც ხარჯი მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს უნდა აუნაზღაუროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. დაევალოს ე.რ–ძეს ქ.ხონში, ...... (მიწის საკადასტრო კოდი №......) მდებარე ბინა №10-ზე უკანონოდ მიშენებული 4.8 კვ.მ ფართის დემონტაჟი;
5. ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დ.ბ–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
6. ე.რ–ძეს დაეკისროს პირველი და მესამე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 210 ლარის გადახდა დ.ბ–ძის სასარგებლოდ;
7. დ.ბ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს 2018 წლის 27 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. ე.რ–ძეს დ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის ხარჯის - 201 ლარისა და საფოსტო მომსახურების - 55.7 ლარის ანაზღაურება;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე