საქმე №ა-2739-24 13 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ჯ.კ–ი“, შპს „G.S.”, შპს ,,მ....“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „კ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „კ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ჯ.კ–ს“ დაეკისრა 313 179 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ; „G-S“-ს დაეკისრა195 963 ლარისა და 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ; შპს „მ....-ს“ დაეკისრა 95 316 ლარისა და პირგასამტეხლოს - 100 000 ლარის გადახდა შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ; შპს „კ.ს–ოს“ სარჩელი შპს „ი.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; შპს „ჯ.კ–ს“ შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა; შპს „მ....-ს“ შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა; შპს „G-S“-ს შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა; შპს „ჯ.კ–ს“, შპს „მ....-ს,“ შპს „G-S“-ს შპს „კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 15 000 ლარის გადახდა;
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ჯ.კ–ის“, შპს „G.S.”-ისა და შპს „მ....“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება.
3. განმცხადებლის მითითებით, განმცხადებლებისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) უცნობი იყო საკასაციო საჩივრის განხილვის თარიღი. მართალია, მხარეს 2024 წლის 8 თებერვალს ეცნობა რომ საქმე განიხილებოდა ამავე წლის 14 თებერვალს, თუმცა ამის შემდგომ არანაირი შეტყობინება აღარ მიუღიათ. 2024 წლის 18 მარტს განმცხადებლებისათვის ცნობილი გახდა, საქმის განხილვის დასრულების შესახებ. თუკი სასამართლომ საქმე 14 თებერვალს განიხილა, ამის შესახებ მხარეს 15 თებერვალს უნდა შეეტყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ.: პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020). სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ.: მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
6. სსსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღდნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ.: სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
7. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი მოწმდება სასამართლოს ინიციატივით. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს (429-ე მუხლი).
8. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 422.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ეცნობა საკასაციო საჩივრის განხილვის თარიღი.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემადგენლობას, თუმცა ვრცლად სასამართლო აღნიშნულზე საკითხზე აღარ იმსჯელებს, რადგან განცხადების განსახილველად დაშვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ამ განცხადების სასამართლოში წარდგენის ვადის დაცვა, კერძოდ, სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.
10. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება და თავად განმცხადებელიც მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი მოსამართლის თანაშემწემ განმცხადებელთა უფლებამოსილ წარმომადგენელს 2024 წლის 18 მარტს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა (იხ. ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტი - ტ.8, ს.ფ. 529), წარმოდგენილი განცხადება კი ფოსტისათვის ჩაბარებულია 2024 წლის 17 მაისს. ამდენად, დარღვეულია განცხადების წარდგენის სსსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
11. რადგან დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
12. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება, რომელთა დაუცველობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (იხ. სუსგ № ას-342-2019, 25.04.2019წ.; №ა-3666-ბ-9-2021, 15.09.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 422-ე, 429-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.კ–ის“, შპს „G.S.”-ისა და შპს „მ....“-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე