Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1010-974(კ-08) 30 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ს.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ს.-ის სარჩელისა გამო ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1010-974(კ-08) ნ. ს.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა კასატორს დაცული ჰქონდა თუ არა საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 440-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა ნ. ს.-ის წარმომადგენელი დ. შ.-ე, მაგრამ საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი არ საქმეში იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 120-123).

2008 წლის 3 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა დ. შ.-ის საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და შესაბამისი დოკუმენტების წარმოსადგენად იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით (იხ. ს.ფ. 129-130).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 132-135).

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით 10 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს – ნ. ს.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 1 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს დ. შ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 25 ნოემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით (იხ. ს.ფ. 138-140). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 11 დეკემბერს, კასატორის მიერ კი აღნიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.