Facebook Twitter

17 ნოემბერი, 2020 წელი №ას-1342-2020 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სვეტლანა ტ-გ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ს.ტ-გ–ის სარჩელის გამო, შპს „ვ....-ის“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

წარმოდგენილ საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არის შედგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, მხარის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხისათვის თანხის - ყოველთვიურად 4000 ლარის დაკისრება, 2014 წლის აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ, რაც საკასაციო წესით, სრულად გაასაჩივრა სვეტლანა ტ-გ–მა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად _ 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სსსკ-ის 40-ე მუხლის მეორე ნაწილით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით, ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკასაციო საჩივრის ღირებულება 148 000 ლარით (144 000 ლარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში + 4 000 ლარი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში), ხოლო მასზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარით უნდა განისაზღვროს.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა არ მიუთითებს ფაქტობრივ საფუძველს.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ეს ნორმები მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი, მასში არაა მითითებული იმ გარემოებების შესახებ, რაზე დაყრდნობითაც მხარე ითხოვს ბაჟის გადახდის გადავადებას, ასევე საქმეშიც არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს შუამდგომლობას დაუსაბუთებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები), ასევე მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ხსენებულ საპროცესო სტანდარტს არ შეესაბამება, რაც შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინოს: ა) სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედანი და ბ) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი.

განემარტოს მხარეს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 41-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;

2. სვეტლანა ტ-გ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდეს ხარვეზი და კასატორს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს:

2.1. სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე