Facebook Twitter

საქმე №ას-187-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ზიანის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ს–მა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომ - კომპანია, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და ზიანის აღკვეთა.

სარჩელის საფუძვლები

2. მოპასუხეს უნდა დაევალოს 01.01.834 და 01.00.287 ხაზობრივ ნაგებობებზე „მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელიდან“ და „მიწისქვეშა კომუნიკაცია წყალარინების ქსელიდან“ გამომდინარე ზიანის აღკვეთა, კერძოდ, წყლის ნაგებობიდან გამომდინარე წყლის ავარიული გაჟონვის აღმოფხვრა სრული (ახალი მასალებით) რეაბილიტაციით შემდეგ მისამართზე: მახათის შესახვევისა და მახათის ქუჩის (იმავე – ...... ქუჩის) მონაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება №....... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებას და გრაფიკულად წარმოდგენილია შპს „კ–ის“ მიერ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიტუაციური გეგმით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის №..... (..... (73.85კვ.მ) და ....... (70.66 კვ.მ)) უძრავ ქონებაზე ზემოხსენებული ქმედებით მიყენებული ზიანის - 57 329.32 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელიდან (საკადასტრო კოდი: ......), მომდინარე ზიანის (წყლის გაჟონვა) აღკვეთა იმ მონაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება №......... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებას (მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, საკადასტრო კოდები: ....... და .......). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 57 329.32 ლარისა და საპროცესო ხარჯის - 9 297.71 ლარის ანაზღაურება, საიდანაც, 1772.61 ლარი სახელმწიფო ბაჟია, 2453.17 ლარი - იურიდიული მომსახურების, 12 ლარი - მინდობილობის, 859.93 ლარი - ექსპერტიზის, 4000 ლარი - საექსპერტო დოკუმენტაციის, ხოლო 200 ლარი - საექსპერტო დასკვნის ხარჯი.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელიდან (საკადასტრო კოდით №....). სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ დაადასტურა, მას მოპასუხის კუთვნილი ნაგებობებიდან ადგება ზიანი, თუმცა, ნაწილობრივ, კერძოდ, 2020 წლის 13 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს ზიანის გამოწვევას №01.01.834 წყალსადენის მილის მრავალჯერადი დაზიანებით. სხვაგვარი დასკვნის შესაძლებლობას არ ქმნის და აღნიშნულს ადასტურებს წარმოდგენილი შესაგებელი (ს.ფ. 328), 2020 წლის 11 სექტემბრის ოქმი, 2020 წლის 16 სექტემბრის, 2020 წლის 30 სექტემბრისა და 2020 წლის 19 ოქტომბრის წერილები (იხ.: გადაწყვეტილების 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.1.7 პუნქტები). ამასთან, სახლის დაზიანების გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მოპასუხის წყალმომარაგების მილსადენის დაზიანებაა მითითებული დ.რ–ძის მიერ 2022 წლის 3 მაისს გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასა და 19.12.2022 წლის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშიც (იხ.: ს.ფ. 399). რაც შეეხება, წყალარინების ქსელს, ექსპერტი (იგულისხმება 13.10.2020 წლის ექსპერტიზის დასკვნა) ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ზიანის წარმოშობა აღნიშნულ ნაგებობას უკავშირდებოდეს, თუმცა, აღნიშნულის დასადგენად მიზანშეწონილად მიიჩნევს უშუალოდ ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მილსადენის ტექნიკურ შემოწმებას. უდავოა, რომ №01.00.287 ნაგებობა არ შემოწმებულა.

9. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სწორედ აღნიშნული ნაგებობიდან მომდინარეობს საფრთხე და მოსარჩელეს ადგება ზიანი, ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. აქვე, საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სარეაბილიტაციო პროექტების შეფასების ანგარიში, სადაც ასახულია წყალარინების ახალი მონაკვეთის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის გეგმას და არა უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის (№01.00.287) მიწისქვეშა წყალარინების ქსელიდან ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ქონებას ზიანი მიადგა/ადგება №01.01.834 მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელიდან და მოპასუხეს სწორედ დასახელებული უძრავი ნივთიდან მომდინარე ზიანის აღკვეთა (წყლის გაჟონვა) დაევალა.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მოქმედების შედეგად 57 329.32 ლარის ზიანი მიადგა. პალატის მითითებით, მოთხოვნილი ხარჯი მოიცავს მხოლოდ კედლის გამაგრებითი სამუშაოების და არა, როგორც მოპასუხე განმარტავდა, მთლიანი სახლის რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხარჯს. ხარჯის მოცულობას კი ადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - 21.01.2022 წლის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ „ქ. თბილისში, მახათას ქ. №1-ში ინდივიდუალური სახლის კედლის გამაგრების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას ნაცვლად წარმოდგენილი ღირებულებით 48 002.04 ლარისა, 57 329.32 ლარს დ.ღ.გ.-ს და დანარიცხების გათვალისწინებით, ეძლევა რეკომენდაცია დასამტკიცებლად“. ამდენად, მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე ზიანის ოდენობა. სააპელაციო პალატის განსჯით, მოთხოვნილი ზიანის ოდენობა არ აღემატება რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ ატარებს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ წარმოადგენს საჯარიმო სანქციას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

12. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ მალევე შეასრულა ტექნიკური ღონისძიებები და აღმოიფხვრა დაზიანება. სასამართლოს მოპასუხე კომპანიის მხრიდან წარედგინა დაზიანების აღმოფხვრის თაობაზე აქტი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ზიანის აღმოფხვრის დავალდებულების ნაწილში გაუგებარი და დაუსაბუთებელია. თუკი სასამართლო გულისხმობს წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციას, მოპასუხემ წყალსადენი ქსელები/ხაზობრივი ნაგებობები შეიძინა 2019 წელს, მათ შორის, ხაზობრივი ნაგებობაც. კომპანია ახორციელებს ქსელების რეაბილიტაციას თანმიმდევრულად, სახელმწიფო უწყებების ნებართვებისა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია თბილისში არსებული ხაზობრივი ნაგებობების ერთდროულად და სწრაფად რეაბილიტაცია/შეცვლა.

13. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, არ არის გამოკვლეული და დადგენილი დაზიანდა თუ არა ნაგებობა მართლსაწინააღმდეგო (ან გაუფრთხილებელი) ქმედების შედეგად. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 ოქტომბრის ექსპერტიზა ემყარება მხოლოდ გარეგან დათვალიარებას და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რის გამოც არ პასუხობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური გამოკვლევისა და შეფასებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ექსპერტების მიერ არ გამოკვლეულა ზიანის გამომწვევი მიზეზები და დასკვნა მომზადებულია მხოლოდ დათვალიერების საფუძველზე. მითითებული დასკვნით არ დგინდება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მაგრამ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სახლი აშენებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 19 დეკემბრის დასკვნით, შენობა-ნაგებობას არ გააჩნია ანტისეისმური სარტყელი, აღენიშნება ცვეთა, ლპობა, შენობა-ნაგებობა აშენებულია XIX საუკუნის მიწურულს და XX დასაწყისში და მისი ვერც გეგმარება და ვერც თავდაპირველი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს მოქმედი სეისმური ნორმების ყველა მოთხოვნას, სახლის გამოსადეგობის ვადა პრაქტიკულად ამოწურულია. დამოუკიდებელ ექსპერტ დ.რ–ძის 2022 წლის 3 მაისის დასკვნითაც, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი აშენებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, შენობა-ნაგებობას არა აქვს რკინა-ბეტონის სარტყელი ან რაიმე სახის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით დამაგრებები.

14. მოპასუხე წყლის მიმწოდებელი კომპანიაა და მის მიერ მოსახლეობის უწყვეტი წყლალმომარაგება უზრუნველყოფილია მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყლის მილების) მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, რომ მიწისქვშა კომუნიკაციები მაღალი რისკისაა, სამშენებლო ნორმებისა და წესებით დადგენილ იქნა მოთხოვნა წყალსადენისა და წნევიანი საკანალიზაციო მილებიდან შენობა-ნაგებობის დაშორება არანაკლებ 5 მეტრით, ხოლო თვითდენითი საკანალიზაციო მილებიდან არანაკლებ 3 მეტრით. ამ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს, თავიდანვე აცილებულ იქნეს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების, ასევე – მესამე პირთა ქონების დაზიანება. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, შენობა-ნაგებობის დაზიანება გამომწვეულია სხვადასხვა ფაქტორით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მოპასუხის მიჩნევა ზიანის გამომწვევ და პასუხისმგებელ პირად, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

15. რაც შეეხება ზიანის ოდენობასა და ხარჯების, 57 329.32 ლარით დაანგარიშების მეთოდიკას, მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია ქ. თბილისში, .... ქ. №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის №..... საკადასტრო კოდზე, რომელიც 20 პირის თანასაკუთრებაა. მითითებული ხარჯები მოიცავს არამარტო მოსარჩელის საკუთრების, არამედ სხვა პირთა ქონების გამაგრებით ხარჯებსაც. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება კონკრეტულად შენობა-ნაგებობის რა ნაწილი (მონაკვეთი) იქნა დაზიანებული მოპასუხის წყლის მილის დაზიანებით. ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოები განპირობებული/გამოწვეული იყოს წყლის მილის დაზიანებიდან გამომდინარე. მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა მოიცავს დღგსაც, თუმცა მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელი პირის დამადასტურებელი მტკიცებულება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ დაანგარიშება, საქმეში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობა აშენებული სამშენებლო ნორმების დარღვევით, არ გააჩნია ანტისეისმური სარტყელი, არა აქვს რკინა-ბეტონის სარტყელი ან რაიმე სახის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით დამაგრებები და გასულია მისი ექსპლუატაციის ვადა.

17. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 453.17 ლარის (დავის საგნის 4 %) კასატორისათვის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

24. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) მე-1000 მუხლიდან (1. თუ, ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი), სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.

25. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (იხ.: სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23.12.2016წ.). საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ.: სუსგ №ას-40-37-2015, 24.12.2015წ.). ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ.: სუსგ №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.; №ას-1292-2023, 26.12.2023წ.). შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსკ-ის 992-ე მუხლით (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობის თაობაზე კასატორის პრეტენზია. ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ.: სუსგ №ას-164-2024, 29.03.2024წ.).

26. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მილიდან გადინებული წყლის შედეგად და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები და არასწორად დაადგინეს ზიანის ოდენობაც.

27. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმად, „ქ. თბილისში, ...... ქ. №1-ში არსებული საცხოვრებელი სახლის (ს/კ ........) კედლების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა: შენობის გზისპირა კედლებში ბზარების წარმოშობის მიზეზი არის 200 მმ-იანი მილის ცენტრალური წყალსადენის მილის მრავალჯერადი დაზიანება და სახლის სიახლოვეს დიდი ხნის მანძილზე წყლების გრუნტში გაჟონვა, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლების ქვეშ ფუძე-გრუნტების დანესტიანება, რამაც შეამცირა მისი მზიდუნარიანობა და მოხდა ჯდენითი დეფორმაციების განვითარება. ამას ადასტურებს წყალსადენის მაგისტრალის მრავალჯერადად დაზიანების ადგილთან კედლებში – ბზარების კონცენტრაცია და უშუალოდ ბზარების დახრის მიმართულება, რაც მიანიშნებს შენობის კუთხის ჯდენაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა კედლებში ბზარწარმოქმნის მიზეზი, წყალმომარაგების ქსელთან ერთად, შესაძლებელია იყოს შენობის დაზიანებულ კედლების სიახლოვეს ქუჩაში არსებული ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა. აღნიშნული მიზეზების გამოსარიცხად შემოწმდეს საკანალიზაციო სისტემის გამართულობა. აღნიშნულ სექტორში საჭიროა შემოწმდეს ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მილსადენის ტექნიკური მდგომარეობაც, რათა გამოირიცხოს ფარული გაჟონვების არსებობა“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია სადავო უძრავი ქონების დაზიანების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზი - №01.01.834 წყალსადენის მილის მრავალჯერადი დაზიანება. ამასვე ადასტურებს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრის მოპასუხის დირექტორისათვის და სხვა შესაბამისი ორგანოებისათვის დაზიანების აღმოფხვრის თაობაზე არაერთი მიმართვა. ამასთან, სახლის დაზიანების გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მოპასუხის წყალმომარაგების მილსადენის დაზიანებაა მითითებული დ.რ–ძის მიერ 2022 წლის 3 მაისს გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასა და 2022 წლის 19 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება.

28. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: სუსგ №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ.; №ას-72-72-2018, 15.02.2018წ.; №ას-164-2024, 29.03.2024წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაქარწყლება და დადასტურება იმისა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანება განაპირობა არა მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის გაუმართაობამ, არამედ - სხვა მიზეზმა.

29. საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს წყლის მილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის მოცულობაც, რამდენადაც კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია ქ. თბილისში, ...... ქ. №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის №...... საკადასტრო კოდზე, რომელიც წარმოადგენს 20 პირის თანასაკუთრებას, შესაბამისად, დათვლილი ხარჯი არ მოიცავს მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებას. ამ დასკვნას უპირისპირდება დამოუკიდებელი ექსპერტის - დ.რ–ძის დასკვნა, რომლითაც ზიანის ოდენობად 19 924,08 ლარია განსაზღვრული.

30. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასკვნებს, რომელიც ემყარება საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების სსსკ-ის 172-ე მუხლით დადგენილ კვლევას (ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და შეფასდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) და განმარტავს, რომ მოთხოვნილი თანხა მოიცავს მხოლოდ კედლის გამაგრებითი სამუშაოების და არა - მთლიანი სახლის რეკონსტრუქციისათვის საჭირო ხარჯს.

31. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება როგორც მოპასუხის კუთვნილი მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობის (წყლის მილის) დაზიანებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, ისე - ამ ზიანის ოდენობა.

32. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სადავო მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ღობითა და ჭიშკრით მის მიზნობრივ სარგებლობაში ხელშეშლა. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს (იხ.: სუსგ №ას-674-2019, 30.09.2019წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.; №ას-1384-2020, 04.03.2021წ.; №ას-1713-2019, 12.02.2021წ.). რაკი დადგინდა, რომ მოსარჩელის ნაგებობას მოპასუხის კუთვნილი ნაგებობებიდან ადგება ზიანი, მოპასუხისათვის ამ ქმედების (წყლის გაჟონვის) აღკვეთის დავალდებულება საფუძვლიანია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. საკასაციო შესაგებელში მოსარჩელე შუამდგომლობს, კასატორს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 453.17 ლარის ანაზღაურება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ.: სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.; №ას-1054-2019, 30.09.2019წ.; №ას-1289-2023, 7.02.2024წ.). საკასაციო პალატა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 150 ლარი.

39. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 3 066.5 ლარის ლარის 70% – 2 146.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 066.5 ლარის (2867 ლარი - საგადასახადო დავალება №31, გადახდის თარიღი 16.02.2024 და 199.5 ლარი - საგადასახადო დავალება №5, გადახდის თარიღი 06.03.2024), 70% - 2 146.55 ლარი;

3. ნ.ს–ის შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების კასატორებისთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 150 ლარის გადახდა ნ.ს–ის სასარგებლოდ;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე