Facebook Twitter

ბს-101-101(კ-08) 4 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ.-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 29 იანვარს დ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, იყო თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი. 2002 წლიდან, თანახმად "სამხედრო მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონისა (წელთა ნამსახურობით), არის თადარიგში დათხოვნილი.

მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი დარჩა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია - 942,68 ლარი, რის თაობაზეც მან არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის – 942,68 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა – 942,68 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნული ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად, მათი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

ამასთან, აპელანტის განმარტებით, სარჩელი აღძრული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ასევე, აპელანტის მითითებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ არის მიჩნეული და შესაბამისად, სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში დამტკიცებული ხარჯების გეგმური პარამეტრების ზევით დაუშვებელია ხარჯების გაწევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, მაგრამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმ ნაწილში, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129), იგი არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო წინამდებარე საქმეში არსებულ სადავო ურთიერთობებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონიდან, მაგრამ იგი წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის დებულება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა იყო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა, მასზე უნდა გავრცელებულიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ხოლო, ვინაიდან ამ კანონით არ რეგულირდებოდა ხანდაზმულობის ვადა, კანონის ანალოგიის პრინციპის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლით, საჭირო იყო აღნიშნული ურთიერთობების დასარეგულირებლად სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენება.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობები წარმოადგენდა მოპასუხის მიერ გაცემულ აღიარებას, ხოლო, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, შეწყვეტილი იყო და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაც იყო საფუძვლიანი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს შემდეგს: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

ამდენად, ზემოაღნიშნული ორი კომპონენტი კანონმდებლის მიერ გამოყოფილია ცალკე და არ იგულისხმება ფულად სარგოში.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ასევე ერთმანეთისაგან მიჯნავს ფულად სარგოსა და სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემის საკითხს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების რეჟიმში მოქცევას და ადასტურებს რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სისწორეს, თავის მხრივ, აღნიშნავს შემდეგს: სამართლებრივი სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნებისათვის დაუშვებელია უფლება უსასრულოდ იმყოფებოდეს გაურკვეველ მდგომარეობაში, ნებისმიერი უფლების რეალიზებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის ვადები, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, პირი კარგავს უფლების რეალიზების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, იმავდროულად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის ნაწილში და თვლის, რომ საქმეში, ს.ფ. 5-ზე წარმოდგენილი ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹9/4239 პასუხს, აღნიშნული შეიცავს ცალსახა უარს, რის გამოც მითითებული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად და ვერ იქცევა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2007 წლის 29 იანვარს, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ დ. ხ.-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც შეეხება 2000-2002 წლებს, ხანდაზმულია და ამ მოტივით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.