საქმე №ას-1545-2022 28 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ღ–ძე, მ.თ–ძე, გ.ღ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.რ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - მ.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.რ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გამოთხოვილ იქნას გ.ღ–ძის, მ.თ–ძის, მ.გ–ძის (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) და გ.ღ–ძის (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ......., ბინა N20, სართული 6-7, ს/კ ...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელეს. ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად:
2.1. 2021 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა დ.ქ-ბ–ა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით;
2.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს გ.ღ–ძეს და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გ.ღ–ძის საკუთრების უფლება დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ..............., 300.1 კვ.მ (ს/კ .....). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მხარემ (მყიდველი) შეიძინა მოპასუხე გ.ღ–ძის (გამყიდველი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელე მხარემ სრულად გადაიხადა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მოპასუხე გ.ღ–ძის მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობა, ხოლო გამოსყიდვის ბოლო ვადად გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის 30 მაისი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მან ვერ უზრუნველყო ქონების გამოსყიდვა შეთანხმებულ ვადაში. მოსარჩელე მხარემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რის შედეგადაც ქონების მესაკუთრე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გახდა მოსარჩელე. 27.10.2020 წლიდან საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, თუმცა მან ვერ მიიღო უძრავი ქონება ფაქტიურ მფლობელობაში, ვინაიდან ქონების ძველმა მესაკუთრემ და მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ნებაყოფლობით ბინის დატოვებაზე/დაცლაზე და ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემაზე. მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ტოვებენ ბინას;
2.3. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეებისათვის გაგზავნა;
2.4. 2021 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა ფოსტის უკუგზავნილები, საიდანაც ირკვევა, რომ კურიერი სამჯერ იმყოფებოდა მისამართზე - თბილისი, ......., სართული 6-7. 2021 წლის 13 ოქტომბერს და 2021 წლის 26 ოქტომბერს მოპასუხეებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე;
2.5. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 დღის ვადა. ამ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების (გარდა თავდაპირველი მოპასუხისა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 15 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, 2021 წლის 13 ოქტომბერს და 2021 წლის 26 ოქტომბერს მოპასუხეებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე, რაც სსსკ-ის 74-ე-75-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეების მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებად ითვლება.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხეთა განმარტებაზე, რომ მათ სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებიათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტის მიმართ მოქმედებს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს ამ აქტის ადრესატს. მოპასუხეებს, გარდა საკუთარი ზეპირსიტყვიერი შედავებისა, სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომ კურიერს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია და გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებიათ, არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, მათ ეს მტკიცების ტვირთი ვერ დაძლიეს. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 75-ე მუხლი ადგენს ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების პრეზუმფციას იმ შემთხვევაში, თუ იგი (მასთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრი) უარს განაცხადებს უწყების ჩაბარებაზე და თუ აღნიშნულის თაობაზე უწყების მიმტანი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს უწყებაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ ნორმით გათვალისწინებული ვითარებაა და შესაბამისად, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა 2021 წლის 26 ოქტომბერს.
7. სააპელაციო პალატის დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეების ზეპირსიტყვიერი შედავება არ დასტურდება სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, ხოლო მათი მხრიდან შესაგებლის წარდგენა და შესაბამისად, უფლების გამოყენება არ დასტურდება საქმის მასალებით, მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა (გარდა თავდაპირველი მოპასუხისა) შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2021 წლის 13 ოქტომბერს და 26 ოქტომბერს მოპასუხეებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე;
13.2. დავის საგნის მიმართ მოპასუხეთა ინტერესის არსებობა დასტურდება იმ გარემოებით, რომ გ.ღ–ძემ ფოსტიდან მოიკითხა გადაწყვეტილება;
13.3. საყურადღებოა მოსარჩელის გზავნილისა და სასამართლოს გზავნილის ჩაბარებას შორის სხვაობა. სასამართლოს მომსახურე საკურიერო კომპანია შპს „ს.კ.ს–ბი“ ტოვებს შეტყობინებას (სტიკერს) გზავნილის შესახებ, გზავნილს მინიმუმ 5 დღე მაინც აჩერებს ფოსტაში და, თუკი ადრესატი დაინტერესდება, აყენებს საქმის კურსში, განსხვავებით შპს „ჯ.ე–გან“, რომლითაც სარგებლობდა მოსარჩელე მხარე და, რომელიც დაუყოვნებლივ აბრუნებს გზავნილს ყოველგვარი შეტყობინების დატოვების გარეშე;
13.4. ერთდროულად მიტანილ ჩაბარების დასტურების ფურცლებზე მიმღების უარის შესახებ კურიერის აღნიშვნები იმ პირობებში, როდესაც მათზე არ არის ასახული ინფორმაცია, რომ სახეზეა სასამართლო გზავნილი, არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და ის, თუ ვინ განაცხადა უარი გზავნილის მიღებაზე, ჰგავს არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლის ქმედებას;
13.5. 13.10.2021 წლის გზავნილებიდან ორივე გ.ღ–ძის გრაფაში მითითებულია გ.ღ–ძე შვილის მობილურის ნომერი, პირადი ნომრები მითითებული არ არის. როგორც ჩანს, კურიერმა გზავნილები მიიტანა ერთდროულად. ყველა მათგანზე გაკეთებულია იდენტური განმარტება - კომენტარი - „მიმღებმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე“. ტელეფონით გასაუბრებაზე კურიერი არაფერს ამბობს. აღნიშნული არ არის აგრეთვე შეტყობინების დატოვებაზე, რაც მოწმობს იმას, რომ კურიერს შეტყობინება არ დაუტოვებია;
13.6. კურიერმა ბოლო ვიზიტისას 26.10.2021 წელს ჩაბარების დასტური 13.10.2021 წლის ვიზიტის ანალოგიურად შეავსო ისე, რომ თითქოს თითოეულმა მიმღებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ტელეფონით არც ამჯერად უსარგებლია;
13.7. ორივე ვიზიტისას კურიერს თითქოს ოთხივე მოპასუხე სახლში დახვდა. მან პერსონალურად და დამოუკიდებლად თითოეულისგან მიიღო უარი, გააკეთა აკურატულად დასტურებზე შესაბამისი აღნიშვნები, ხოლო ადრესატებისგან არცერთს გონიერების მინიმუმი არ დარჩა, ეკითხათ ვინმესთვის მაინც, რა სამართლებრივი შედეგი ექნებოდა სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობას. მოქმედებათა ასეთი განვითარება არაცხოვრებისეული და არასარწმუნოა. ოთხი მოპასუხის ერთობლივი უარი გზავნილის მიღებაზე, თან ორჯერ ერთდროულად დამაჯერებელი არ არის. კურიერს და შემდეგ არც სასამართლოს თუნდაც მათთვის ცნობილ და მოსარჩელის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე არც ერთ მოპასუხესთან არ განუხორციელებია სატელეფონო კომუნიკაცია;
13.8. სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ არ შეამოწმა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 27.10.2021 წლის განცხადებით წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილების სანდოობა იმ მხრივ, რომ გაერკვია, ნამდვილად ოთხივე მოპასუხის ნება იყო თუ არა გამოხატული კურიერის მიერ დაბრუნებულ ჩაბარების დასტურებში და ხომ არ ჰქონდა ადგილი ერთი, დაუდგენელი პირის პოზიციის გასაღებას ყველა მოპასუხის უარად;
13.9. იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ფაქტის მოწმე, ხოლო კურიერს უგულებელყოფილი აქვს საკურიერო მომსახურების ელემენტარული წესები, კურიერის აქტის გაქარწყლების ტვირთის ადრესატებზე გადატანა არასწორია.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 2321 მუხლით [მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით].
18. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
19. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
20. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
21. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარების საკითხი.
22. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით [სსსკ-ის 70.1. მუხლი].
23. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით [სსსკ-ის 74.1. მუხლი].
24. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე [სსსკ-ის 75-ე მუხლი].
25. დადგენილია, რომ 2021 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა ფოსტის უკუგზავნილები, საიდანაც ირკვევა, რომ კურიერი სამჯერ იმყოფებოდა მისამართზე - თბილისი, ........ 2021 წლის 13 ოქტომბერს და 2021 წლის 26 ოქტომბერს მოპასუხეებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტის მიმართ მოქმედებს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს ამ აქტის ადრესატს, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს. ამ უკანასკნელებს კი მხოლოდ საკუთარი ზეპირი განმარტებისა და ვარაუდების გარდა საკასაციო პალატისთვის არ მიუთითებიათ რაიმე სარწმუნო მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე, რაც გააქარწყლებდა აღნიშნული აქტის ნამდვილობის პრეზუმფციას.
27. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის გაცხადების გამო ამოქმედდა ადრესატთათვის სასამართლო უწყების ჩაბარების პრეზუმფცია და სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა 2021 წლის 26 ოქტომბერს.
28. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 15 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ღ–ძის, მ.თ–ძის და გ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს გ.ღ–ძეს (პ/ნ ......), მ.თ–ძეს (პ/ნ .....) და გ.ღ–ძეს (პ/ნ N........) დაუბრუნდეთ მ.ღ–ის მიერ 2022 წლის 22 დეკემბრის №15510341898 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი