Facebook Twitter

საქმე №ას-1324-2022 15 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით დ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ საყვედურის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სააგენტოს დირექტორის Nკ-02/37 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე 2015 წლის 19 მარტს დაინიშნა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის ვადით; ხოლო, 01.06.2015წ. Nკ-02/61 ბრძანებით მოსარჩელე კონკურსის წესით დაინიშნა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 01 აპრილიდან განისაზღვრა თვეში 3 800 ლარის ოდენობით.

2.2. სააგენტოს 24.01.2019წ. Nკ01/32 ბრძანებით საააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს - მოსარჩელეს გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა -საყვედური (იხ. ტ. 2, ს.ფ. 19).

2.3. მოსარჩელე, როგორც ადმინისტრაციული დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი, უზრუნველყოფდა თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების საკითხების დარეგულირებას, მათი სამუშაო აღწერილობების კონტროლს, აძლევდა თანამშრომლებს სათანადო მითითებებსა და დავალებებს და აფიქსირებდა საკურაციო სტრუქტურული ერთეულების პოზიციას. ასევე, მონიტორინგს უწევდა ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს და უზრუნველყოფდა მათ შესრულებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ სათანადოდ არ განხორციელებულა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 115-121).

2.4. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას საფუძვლად დაედო დასკვნა „[სააგენტოს] მიერ „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 27.07.20198წ. N381 დადგენილების საფუძველზე, სააგენტოს მიერ შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ იურიდიული სამმართველოს მიერ, სააგენტოს დებულების მე-12 მუხლის „ზ“ პუნქტით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, 10.01.2019წ. დავალების შესაბამისად, დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა სააგენტოს მიერ „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის“ მიხედვით, სააგენტოს მიერ შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და მასთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებების განხორციელების თაობაზე, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 15 დეკემბრამდე.

- დასკვნის მიხედვით, მოკვლეულ იქნა შემდეგი: „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის“ დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტი ძალაში შევიდა 2018 წლის 01 აგვისტოს, რომლის 50-ე პუნქტი მოიცავს - წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებულ სამუშაოებს. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იყო ჯერ 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ კანონში ცვლილების შეტანით, აღნიშნული ვადა გაგრძელდა 2018 წლის 15 დეკემბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულები არიან ნავსადგურებში და რომელთა ფუნქცია-მოვალეობა დაკაშირებულია საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებულ სამუშაოებთან, სააგენტოს მიერ უნდა დაზღვეულიყვნენ 2018 წლის 15 დეკემბრამდე. ასევე, კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულების ორგანიზებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100-ზე მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით, ზემოაღნიშნულ კანონთან სრული შესაბამისობის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული საკითხი არ განხორციელებულა;

- დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხსენებითი ბარათი ახსნა-განმარტებების წარდგენის თაობაზე დაეწერა დირექტორის მოადგილეს - ვ.მ–ს, ადმინისტრაციული დეპრტამენტის უფროსს - მოსარჩელეს და ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს - ი.ა–ძეს, რითაც დაევალათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ ახსნა-განმარტებების წარდგენა. ი.ა–ძის განმარტებიდან ირკვევა, რომ მასთან „ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის" უფროსის (ნავსადგურის კაპიტანი) - ვ.თ–ძის მხრიდან 2018 წლის 16 აპრილს შესული იყო N848 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც ითხოვდა მ.ც–ძისა და ვ.ტ–ასთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი დაეწერა 2018 წლის 24 აპრილს, რაც უკან დააბრუნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან - მოსარჩელესთან შემდეგი რეზოლუციით - „გთხოვთ მიმითითოთ თქვენი გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით“, თუმცა აღნიშნულის შემდგომ პასუხი და მითითება აღარ მიუღია. 2018 წლის 22 იანვარს დამატებით გაეგზავნა სამსახურებრივი ბარათი დღის ბოლომდე მიწოდების მითითებით, თუმცა არც აღნიშნულზე განუხორციელებია რეაგირება;

- დასკვნის მიხედვით, ვინაიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი ქმედებები და არ მოხდა სააგენტოს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და დღემდე შესაბამისი თანამშრომლები მუშაობენ სათანადო დაზღვევის გარეშე, აღნიშნული საქმიანობის გაგრძელება წარმოადგენს სააგენტოს დაჯარიმების საფუძველს. სახეზეა ადმინისტრაციული მიმართულების შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რაც გამოიხატება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 15-18).

2.5. სააგენტოს შინაგანაწესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად ითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ამავე შინაგანაწესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153-167).

2.6. მიუხედავად იურიდიული სამმართველოს მიერ ორჯერ მიმართვისა, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შესაბამის რეაგირებას, არ განხორციელდა შესაბამისი ქმედებები და, საბოლოო ჯამში, არ მოხდა სააგენტოს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლობისა და შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის გამო, არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ ზემოთ მითითებული საკითხები ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედიოდა.

2.7. “[სააგენტოს] დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 14.04.2011წ. N1-1/585 ბრძანებაში 2019 წლის 12 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა სააგენტოს სტრუქტურული ცვლილებები.

2.8. დებულების ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრა სააგენტოს ახალი სტრუქტურა და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომელიც შეთანხმებულ იქნა საქართველოს მთავრობასთან და 2019 წლის 15 თებერვალს მიღებულ იქნა N303 განკარგულება ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2019 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“.

2.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) პოზიცია, რომ სააგენტოს დებულების შესაბამისად, სააგენტოს ძირითად დეპარტამენტებში იგულისხმება ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უშუალოდ გამომდინარეობს სააგენტოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგულირების მანდატიდან. მათ შორის არის: ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი; მეზღვაურთა დეპარტამენტი; საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი; გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი. რაც შეეხება სააგენტოს მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულებს, მათ შორის მოიაზრება ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც სააგენტოს ძირითად სტრუქტურულ ერთეულებს ეხმარებიან მათი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში.

2.10. სააგენტოს დებულებაში განხორციელებულ ცვლილებამდე სააგენტოს მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულებში მოიაზრებოდა: ადმინისტრაციული დეპარტამენტი; იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ანალიტიკური სამსახური. სააგენტოს სტრუქტურა ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და იურიდიულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მიმართებით, 2018 და 2019 წლებში გამოიყურებოდა შემდეგნაირად: ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარმოადგენდა სააგენტოს მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულს.

2.11. 23.04.2018წ. N2-01/128 ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო აღწერილობები. აღნიშნულის თანახმად, დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფაზე. სააგენტოს დირექტორის მოადგილე წარმოადგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე. ასევე, ორგანიზებას უწევს სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას. ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოები ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს დირექტორისა და კურატორი სააგენტოს დირექტორის მოადგილის წინაშე, ვინაიდან დირექტორის მოადგილე ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 85-97).

2.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ისევე როგორც იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის შემთხვევაში, კურატორი მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსების სამუშაო აღწერილობა ფუნქციურად იდენტური იყო, რაც გულისხმობს, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც მოადგილეები, ასევე, დეპარტამენტის უფროსები, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევდნენ დეპარტამენტის საქმიანობას და სამუშაო აღწერილობაში დუბლირებული იყო დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები.

2.13. დადგენილია, რომ სააგენტოს გააჩნია 4 ძირითადი დეპარტამენტი, შესაბამისად, სააგენტოს ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს: საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა, ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაცია; ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაცია და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგი; მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირება; გემების რეგისტრაცია და დროშის კონტროლი.

2.14. „საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიისა და ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპების“ დამტკიცების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 25.04.2017წ. N199/სა ბრძანების შესაბამისად, საჯარო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ფუნქციები იყოფა ძირითად და მხარდამჭერ ფუნქციებად. ამავე ბრძანების შესაბამისად, საჯარო დაწესებულების მხარდამჭერი ფუნქციების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებული თანამდებობების საერთო რაოდენობის 30%-ს. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, სააგენტოს 118 საშტატო ერთეულიდან 40 ერთეული წარმოადგენდა სააგენტოს მხარდამჭერ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ თანამშრომელს, რომელიც სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი იყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 98-111).

2.15. სააგენტოს დირექტორის 18.02.2019წ. Nკ-02/9 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 14.04.2011წ. N1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - მოსარჩელე კანონის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 19 თებერვლიდან და მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძველი უკანონოა, ვინაიდან სააგენტოს დირექტორის 18.02.2019წ. ბრძანებით, რომელიც აღნიშნულ ბრძანებას დაედო საფუძვლად, გაუქმდა ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო, ხოლო სხვა სტრუქტურულ ერთეულებს არსებითი ხასიათის ცვლილებები არ შეხებია. ასევე, რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოში დასაქმებული სხვა არცერთი პირი გათავისუფლებულა სამსახურიდან, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა მხოლოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით. მოსარჩელე ასევე აცხადებს, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,საყვედური“ გამოყენებულ იქნა არა მარტო უსაფუძვლოდ, არამედ დისკრიმინაციული მიდგომის შედეგად. აქედან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დამსაქმებლის მიდგომა დისკრიმინაციულია.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37.3.”გ” მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632.1, 3633-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მიუთითა, რომელი კონკრეტული ნიშნით მოხდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, აღნიშნული გამორიცხავს დისკრიმინაციული ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მისი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.

5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს დროშის პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე და ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემების რაოდენობისა და ეროვნული ტონაჟის გაზრდა. სააგენტოს მიერ გატარებული რეფორმების (რეორგანიზაციის) შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშამ შავი სიიდან ოფიციალურად გადაინაცვლა ნაცრისფერ სიაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთელ მსოფლიოში საქართველოს, როგორ საზღვაო სახელმწიფოს, რეპუტაციის ამაღლებას. გაწეულმა მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული დროშის ქვეშ რეგისტრირებული მცურავი საშუალებების რაოდენობა, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის სამუშაოს მოცულობასაც. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს საზღვაო დროშის ქვეშ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების საერთო ტონაჟის მაჩვენებელი გაიზარდა 52%-ით. აღნიშნულ გემებზე დროშის სახელმწიფო კონტროლი განსახორციელებელია, როგორც წინა სარეგისტრაციო ეტაპზე, ისე ყოველწლიურად. სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტში მუშაობდა მხოლოდ 1 ინსპექტორი, რომელსაც გემების ინსპექტირება უწევს სხვადასხვა სახელმწიფოსა და კონტინენტზე. შესაბამისად, არ არსებობდა დამატებითი ალტერნატივა ამ ფუნქციის შესასრულებლად, გარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცერზე იგივე ფუნქციის დაკისრებისა, რომელსაც მუდმივი ხასიათი ვერ ექნება, ვინაიდან მათ მოვალეობებში შედის საქართველოს ნავსადგურებში შემოსული უცხო დროშის ქვეშ მცურავი გემების კონტროლი. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დროშის კონტროლის სამმართველოს ესაჭიროებოდა დამატებითი ინსპექტორი, რომელიც განახორციელებდა დროშის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს გემებზე სხვადასხვა სახელმწიფოში. ასევე, აღსანიშნია, რომ შიდა ფლოტში რეგისტრაციის მაჩვენებელმა გადააჭარბა 800 ერთეულს, რომელსაც კონტროლს ასევე მხოლოდ 1 ზემოხსენებული ინსპექტორი უწევდა. კონტროლის სამმართველოს ინსპექტორის პოზიციაზე საჭირო იყო პროფესიონალი მეზღვაური, რადგან ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემების წინასწარი და შემდგომ ყოველწლიური შემოწმება აუცილებლად ითხოვდა საზღვაო განათლებას. ასევე, გემის სერტიფიკატებს, მოწმობებს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ხელს უნდა აწერდეს კომპეტენტური პიროვნება (მეზღვაური). სწორედ აქედან გამომდინარე, გაუქმებული დეპარტამენტის რესურსი გამოყენებულ იქნება ამ მიმართულებით. კერძოდ, გაუქმებულის ნაცვლად სააგენტოში შეიქმნა ორი საშტატო ერთეული: საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოში - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცრის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 2 700 ლარი) და გემების რეგისტრაციის და დროშის კონტროლის დეპარტამენტის დროშის კონტროლის სამმართველოში ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 4 000 ლარი). ამ გარემოებას არც აპელანტი ხდის სადავოდ.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დირექტორის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები იდენტურია, რაც გულისხმობს, რომ დირექტორის მოადგილე, ასევე, დეპარტამენტის უფროსი, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობას და სამუშაო აღწერილობაში დუბლირებული იყო დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საშტატო რესურსი გამოყენებულიყო სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს საშტატო განრიგიდან გამომდინარე, არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი აღდგენა. სააგენტოში ვაკანტური პოზიცია არსებობდა მხოლოდ დეფიციტური თანამდებობის, რომელიც მოითხოვდა საზღვაო განათლებას და კომპეტენციას. მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სხვა პოზიციაზე გადაყვანა. ამ საკითხზე აპელანტის მიერ მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დეფიციტური პოზიციის დასაკავებლად მის საკმარის კომპეტენციას.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1.”ა” მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაედასტურებინა, რომ მის მიერ ჩატარებული რეორგანიზაცია იყო კანონიერი, ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს და ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ ცვლილებებს სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა სააგენტოსათვის მტკიცებულების წარმოდგენის დავალება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადება ემსახურებოდა მხოლოდ მის დისკრედიტაციას და საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისთვის ნიადაგის მომზადებას;

16.2. მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი გახდა ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მხრიდან 2018 წლის 16 აპრილს შემოსული N848 მოხსენებითი ბარათი, საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშოების ჩამონათვალი“ კი ძალაში შევიდა 2018 წლის 01 აგვისტოს, ანუ მოხსენებითი ბარათის შემოსვლის დროს აღნიშნული დადგენილება არ იყო მიღებული. დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენდა სიახლეს და მათი შესრულების შესახებ ცნობილი არ იყო არა მხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ სააგენტოს ხელმძღვანელობამაც არ იცოდა ვრცელდებოდა თუ არა დადგენილების მოქმედება სააგენტოს საქმიანობაზე. არც დადგენილი პრაქტიკა არსებობდა „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის“ მიხედვით, სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება არ შედიოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებაში და თუ სააგენტოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტდა, რომ სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა, ამაზე მას პირდაპირი მითითება უნდა გაეკეთებინა;

16.3. სინამდვილეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს. მოსარჩელემ 2021 წლის 15 ივნისის სხდომაზე წარადგინა მტკიცებულება, კერძოდ, ე.წ სქრინი „დეს“ - დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემიდან, რომლითაც ირკვევა, რომ სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად სააგენტო დაჯარიმდა 1000 ლარით. აღნიშნულის მიუხედავად, იმის ნაცვლად, რომ დაწყებულიყო დისციპლინური წარმოება კონკრეტული თანამშრომლის მიმართ, ჯარიმის (1000 ლარი) თანხა შეგროვდა სააგენტოს თანამშრომლების მიერ და ამ ფორმით იქნა ის გადახდილი;

16.4. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სასამართლოში ასევე დაიკითხა მოწმე - ი.ჯ–ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელე სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის იყო არასასურველი თანამშრომელი;

16.5. სააგენტო თავად იყო რეორგანიზაციის განხორციელების ინიციატორი. სააგენტომ „[სააგენტოს] დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 14.04.2011წ. N1-/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების გამზადებული პროექტი წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მიმართა ცვლილების განხორციელების თხოვნით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სააგენტოსთვის დასახული მიზნის მისაღწევად არ იყო აუცილებელი რეორგანიზაციის ჩატარება. სააგენტო თავად აღნიშნავდა, რომ არსებული სტრუქტურით სააგენტო წარმატებულად ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის არსებობა, არ აფერხებდა სააგენტოს განვითარებას და მისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა. თუ სააგენტოსთვის აუცილებელი იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცრისა და დროშის კონტროლის სამმართველოში ინსპექტორის საშტატო ერთეულის დამატება, აღნიშნული შესაძლებელი იყო რეორგანიზაციის ჩატარების გარეშეც. ამისათვის საჭირო იყო, სააგენტოს ხელმძღვანელს წერილობით მიემართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და დაესაბუთებინა სააგენტოს უფრო მეტად წარმატებული ფუნქციონირებისთვის აღნიშნული საშტატო ერთეულების აუცილებლობა;

16.6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის კანონიერების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს არ გამოუცია შესაბამისი ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს ეცნობებოდათ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, რომელსაც თან სდევს სამუშაო ძალის შემცირება. გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა სააგენტოს წერილი, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის საფუძველზე სააგენტოდან მხოლოდ მოსარჩელე გათავისუფლდა;

16.7. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობა. სააგენტოს მიზანი იყო 2 დამატებითი საშტატო ერთეულის გაჩენა. ამისათვის გააუქმა ორი თანამდებობა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის (რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე) და იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტური იყო და ამ თანამდებობის გაუქმება არ გამოიწვევდა კონკრეტულ პირთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ერთადერთი დასაქმებული, რომელთანაც განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში სააგენტომ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, იყო მხოლოდ მოსარჩელე;

16.8. რეორგანიზაციის შემდგომ, 2019 წლის 25 აპრილიდან იურიდიული სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცრის ახლად შექმნილ პოზიციაზე. აღნიშნული პირი განათლებით არის იურისტი, ისევე როგორც მოსარჩელე. შესაბამისად, სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, მოსარჩელისათვის ვაკანტური პოზიცია შეეთავაზებინა;

16.9. სააგენტომ ვერ დაძლია მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის საფუძვლიანობა და ამ პროცესში მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს ადგენს სშკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

18. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „ამოსაცნობ ნიშანს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დიკსრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-864-831-2016, 03 ივლისი, 2017 წელი; Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის წარმოშობისათვის აუცილებელი ფაქტების მითითებისა და მტკიცების მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და დამაჯერებლად ვერ ახსნა დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის არსებობა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; Nას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). კერძოდ, თუ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

24. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

25. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

26. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).

27. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ/დამსაქმებელმა უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებული სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლდა. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსისა და სააგენტოს დირექტორის მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობები იყო იდენტური, კერძოდ, როგორც ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ისე დირექტორის მოადგილე სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევდნენ დეპარტამენტის საქმიანობას და სამუშაო აღწერილობაში დუბლირებული იყო დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საშტატო რესურსი გამოყენებულიყო სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, რაც განხორციელდა კიდეც (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი); სააგენტოში გაუქმებული საშტატო ერთეულის ნაცვლად, შეიქმნა ორი დეფიციტური საშტატო ერთეული - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცრისა და გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის დროშის კონტროლის სამმართველოში ინსპექტორის საშტატო ერთეულები; დადგენილია ასევე, რომ სააგენტოში ვაკატური იყო მხოლოდ დასახელებული დეფიციტური თანამდებობები, აღნიშნული თანამდებობები კი, მოითხოვდა საზღვაო განათლებასა და კომპეტენციას, რომელიც სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა, მოსარჩელე პროფესიით არის იურისტი. შესაბამისად, მართებულია სააპელაცო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რეორგანიზაციის შემდგომ მისი დასაქმება. მოსარჩელეს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენია. აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზიას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერება, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე სააგენტოს 24.01.2019წ. Nკ01/32 სადავო ბრძანების მართლზომიერებაზე მსჯელობა.

29. მტკიცებულების წარმოდგენის დავალების თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის დავალების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

32. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს დ.მ–ს (ს/ნ N.........) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 21 სექტემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი