საქმე №ას-1204-2022 15 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ქ.ა–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი“ (ყოფილი შპს „ვ.გ.“) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამკვეთი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ–ის“ (ყოფილი შპს „ვ.გ.“) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გადამზიდველი“) სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნებისათვის - 2 400 ევროს გადახდის დაკისრება) მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ევროს გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 18 ივნისს დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება.
2.2. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ გადაზიდვაზე მხარეთა შორის წერილობით ფორმდება დამატებითი განაცხადი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ყოველი ცალკეული გადაზიდვის განსახორციელებლად საჭირო მითითებები და ინფორმაცია. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენს გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა გადამზიდველს წარუდგინოს წერილობითი განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს გადაზიდვისათვის საჭირო შემდეგ ინფორმაციას: ტვირთის დასახელება; ტვირთის აღწერილობა (სახეობა, ხარისხი და სხვა); ტვირთის წონა (ბრუტო ან/და ნეტო); მალფუჭებადი ტვირთის შემთხვევაში, ტვირთის შენახვისათვის საჭირო წესები; ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ; გადაზიდვის საწყისი პუნქტი; ავტომანქანის მიწოდების განრიგი; ავტომანქანის დატვირთვის თარიღი; დანიშნულების პუნქტი; ანგარიშსწორებისა და სხვა გადასახადების გადახდის წესი; სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ტვირთის გადაზიდვაზე (აქციზურობა, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების თავისებურებანი და სხვა).
2.4. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია საწყის/დანიშნულების პუნქტში ავტომანქანის მიწოდების შემდეგ, უსაფრთხოების წესების დაცვით, თავისივე ხარჯებით უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა/ გადმოტვირთვა გონივრულ ვადებში.
2.5. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია დამკვეთის მიერ განაცხადის წარდგენიდან 03 სამუშაო დღეში წერილობით დაადასტუროს ან უარი თქვას განაცხადით განსაზღვრულ პირობებზე.
2.6. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებულ ადგილასა და დროს უზრუნველყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დამკვეთისთვის მიწოდება.
2.7. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული განაცხადით დადგენილ დროსა და ადგილას მიიტანოს ტვირთი და ჩააბაროს უფლებამოსილ პირს, რომელიც მითითებულია სატრანსპორტო ზედნადებში.
2.8. ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის დანიშნულების პუნქტში მიტანისა და უფლებამოსილი პირისათვის მისი ჩაბარების შესახებ გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამკვეთს.
2.9. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია, გაწეული მომსახურებისათვის გადამზიდველს გადაუხადოს მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი განაცხადით განსაზღვრული ოდენობის შესაბამისი საზღაური გადაზიდვის დასრულებისთანავე.
2.10. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, გადაზიდვისათვის წარდგენილი ავტომანქანის დაუტვირთაობის ან გადაზიდვისათვის ავტომანქანის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს გადაუხადოს პირგასამტეხლო გადაზიდვის ღირებულების 10%-ის ოდენობით.
2.11. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადამზიდველს სრულად აუნაზღაუროს გადაზიდვისათვის წარდგენილი ავტომანქანის მოცდენით მიყენებული ზიანი, თუ ეს გამოწვეულია დამკვეთის ბრალით.
2.12. ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის მიერ გადაზიდვისათვის წარდგენილ ავტომანქანაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო გადაზიდვის ღირებულების 10%, წარდგენილი ავტომანქანის მოცდენით მიყენებული ზიანი და ყველა ის ხარჯი, რომელიც გადამზიდველმა გასწია ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
2.13. ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, დამკვეთი პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანზე, რომელიც გადაზიდვის განხორციელებისას მიადგა მისი ბრალით გადამზიდველს ან მესამე პირებს.
2.14. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება CMR კონვენციით.
2.15. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მოცემულ ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ ისინი წერილობითი სახითაა შესრულებული და მხარეთა მიერ უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებითაა დამოწმებული. ნებისმიერი სახის ცვლილება თუ დამატება, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული განაცხადები, შეადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.16. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფოსტით გადაცემულ მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, დამატებით შეთანხმებებსა და განაცხადებს გააჩნიათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს.
2.17. ხელშეკრულების დანართი განაცხადით/შეკვეთით დადგენილია, რომ ჩატვირთვისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნებისათვის მოპასუხეს ეკისრება ჯარიმა - 100 ევრო დგომის ყოველ დღე-ღამეში (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 48 საათი). ,,ექსპედიტორის“ ბრალეულობით გამოწვეული ტვირთის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ზარალი ანაზღაურდება CMR კონვენციის ფარგლებში, 1 კგ ბრუტო წონაზე არაუმეტეს 8.33 საანგარიშო ერთეულისა (SDR). ტრანსპორტირების ვადის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ,,ექსპედიტორი“ ვალდებულია გადაიხადოს - 100 ევრო.
2.18. დადგენილია, რომ 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება იყო გენერალური, ზოგადი ურთიერთობის მარეგულირებელი, ხოლო ყოველი ცალკეული დაკვეთა/მოთხოვნა გადაზიდვაზე უნდა გაფორმებულიყო ცალკე დოკუმენტის ფორმით, რომელსაც ხელშეკრულება ,,დამატებით განაცხადს“ უწოდებს, სადაც ასახული იქნებოდა კონკრეტული გადაზიდვის დეტალები. შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ თუ იგი ხელს მოაწერდა დამატებითი განაცხადის შეთანხმებულ ფორმას, ეს უპირობოდ ნიშნავდა გადაზიდვის თაობაზე კონკრეტული შეკვეთის მიცემას გადამზიდველისათვის და მოსარჩელეს წარმოეშობოდა სახელშეკრულებო ვალდებულება - დაეწყო ტვირთის გადაზიდვა.
2.19. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2020 წლის 19 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელეს გაუგზავნა განაცხადის ხელმოწერილი ფორმა, რაც თავისთავად გულისხმობდა და ნიშნავდა ტვირთის გადაზიდვის შესახებ კონკრეტული შეკვეთის მიცემას.
2.20. დადგენილია, რომ საბოლოოდ ტვირთის ჩატვირთვა მოპასუხის მიერ განხორციელდა 2 მანქანაში - 2020 წლის 02 ივლისს, ხოლო მე-3 მანქანაში 03 ივლისს, რამაც გამოიწვია მანქანების მოცდენა დატვირთვის ადგილზე 8 დღის მანძილზე.
2.21. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების მოცდენისათვის მოსარჩელე, თავის მხრივ, დაჯარიმდა პარტნიორი კომპანიისაგან (სატრანსპორტო საშუალების მიმწოდებლისაგან) 2 000 ევროს ოდენობით, რომელიც მოსარჩელემ აანაზღაურა 17.07.2020 წელს.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა - მანქანების მოცდენა განხორციელდა თუ არა მოპასუხის მიერ.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ავტომანქანების მოცდენა გამოწვეულია მოპასუხის ქმედებით, რადგან შესაგებელში, ასევე, მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარდგენილმა მოწმეებმა ცალსახად განმარტეს, რომ შეცდომა სპეციფიკაციაში, კერძოდ, ფერში დაუშვა მწარმოებელმა ქარხანამ, რაც არ წარმოადგენს მოპასუხის ბრალეულობას და ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელესთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ - 20 ივნისს; გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმის - კ.ქ–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ თურქ პარტნიორებს მანქანების გაგზავნის შესახებ აცნობეს 18 ივნისს, მას შემდეგ რაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მანქანები იქვე ახლოს იყვნენ და მივიდნენ დანიშნულების ადგილას. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ თურქ პარტნიორებს მანქანების გაგზავნის შესახებ ისე მისცეს დასტური, რომ არ დაელოდნენ არც წერილობითი განაცხადის მიღებას მოპასუხისგან და არც დასტურს თანხის გადარიცხვისა და ტვირთის დატვირთვისთვის პროდუქციის დამამზადებლის მზაობის თაობაზე, რის შესახებაც კ.ქ–ს სატელეფონო საუბრის დროს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლ.მ–ძემ. შესაბამისად, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა და არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა მხოლოდ განაცხადის დადასტურების შემდეგ მანქანების მიწოდების თაობაზე.
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებაზე. მისი განმარტებით, შეცდომა სპეციფიკაციაში, მწარმოებელი ქარხნის ფერში შეცდომა, არ გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას; მოცემულ დავაში მიმწოდებელი ქარხანა არ არის მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ის, რომ მოპასუხის მიმართ მიმწოდებელმა ქარხანამ დაარღვია ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები, ეს მათ შორის განსახილველი დავის საკითხია და მოცემულ დავაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან წარდგენილი ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ხელშეკრულებით მათ შორის ნაკისრი ვალდებულებები.
6. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების ორგანიზება წინასწარ განხორციელდა, რადგან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოცდენის ვადის ათვლა მოხდა განაცხადის/შეკვეთის მიღების მომენტიდან და მოცდენილი დღეები დაანგარიშდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, მოსარჩელემ აპელანტს 2020 წლის 22 ივნისს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილით აცნობა, რომ ავტომობილები მისულები იყვნენ ადგილზე და ვადის ათვლაც დაიწყო აქედან და არა 2020 წლის 18 ივნისიდან, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს; გარდა აღნიშნულისა, მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხემ 2020 წლის 19 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელეს გაუგზავნა განაცხადის ხელმოწერილი ფორმა, რაც თავისთავად გულისხმობდა და ნიშნავდა კონკრეტული შეკვეთის მიცემას ტვირთის გადაზიდვის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ მიიღო დაკვეთა მოპასუხისაგან, რის შემდეგაც მან შეასრულა თავისი ვალდებულება ტრანსპორტის მიწოდების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ასევე განმარტა შემდეგი: მოწმე ლ.მ–ძის ჩვენებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე კ.ქ–თან ჰქონდა სატელეფონო საუბარი 18 ივნისს, რომელსაც აუხსნა, რომ ვიდრე ტვირთის მიმწოდებელს არ გადაუხდიდნენ თანხას, ტვირთის ტრანსპორტირების ზუსტ დროს ვერ ადგენდნენ, რადგან მათი მოთხოვნა იყო, რომ სრულად, ტვირთის გადაზიდვამდე გადაერიცხათ თანხა, რომელიც სოლიდური რაოდენობის იყო და მის კონვერტაციასა და საერთაშორისო გადარიცხვას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა, საორიენტაციოდ ორშაბათ-სამშაბათამდე, ანუ 22-23 ივნისამდე, რის შემდეგაც დაუდასტურებდნენ უკვე მანქანების მიწოდების დროს. მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა 2020 წლის 19 ივნისს, დღისით, პარასკევს 2:40 საათზე. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უთითებდა მოპასუხე თანხის გადარიცხვის დღედ 22-23 ივნისს და ამ გარემოებების გამო არ მოხდა ხელშეკრულებასთან ერთად შეკვეთის ფორმის დადასტურება. როგორც კ.ქ–ისა და ლ.მ–ძის ელექტრონული მიმოწერებით დასტურდება, მოპასუხეს ხელმოწერილი შეკვეთის ფორმა გადაეგზავნა 19 ივნისს, მოპასუხეს ამ დროისათვის თანხა მიმწოდებლისათვის არ ჰქონდა გადარიცხული. მოწმე ა.მ–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ 20 ივნისს, შაბათს, როცა მიმწოდებლისათვის თანხა მოპასუხეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადარიცხული, მას შემდეგ რაც ქარხნიდან აცნობეს პროდუქციის წუნთან დაკავშირებით, მაშინვე დაურეკა კ.ქ–ს და აცნობა მანქანები არ გაეშვათ. კ.ქ–მა კი უთხრა, რომ მანქანები უკვე ადგილზე იყო, რაზეც მოწმემ უთხრა რომ მანქანები გამოეყვანათ, პასუხად კი ყ–გან მიიღო, რომ: 3-4 დღე ჯარიმა არ ერიცხებოდა და ორშაბათს ხომ იქნებოდა ტვირთი მზად.
8. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: მოპასუხის მიერ 2020 წლის 19 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელისათვის გაგზავნილმა შეტყობინებამ, სადაც ლ.მ–ძე კ.ქ–ს ატყობინებს, რომ უგზავნიდა ხელმოწერილ შეკვეთის ფორმას, მოსარჩელეს წარმოუშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - დაეწყო ტვირთის გადაზიდვა. ამასთან, საყურადღებოა, რომ სამივე მოწმის ჩვენება თანხვედრაშია, მათი განმარტებით, 2020 წლის 19 ივნისს სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ავტომობილების საჭიროება იყო 22-23 ივნისს. მათივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, 2020 წლის 20 ივნისს შემკვეთისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელ ქარხანასთან შეექმნათ პრობლემა საქონლის ფერთან დაკავშირებით, რაზეც მოწმე ა.მ–ის განმარტებით, ეცნობა კ.ქ–ს და სთხოვა მანქანების გამოყვანა, რაზეც კ.ქ–მა განუმარტა, რომ მანქანები უკვე ადგილზე იყვნენ მისულები; მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას რომ მანქანები 22.02.2020 წელს ადგილზე იყვნენ მისულები, აღნიშნული ასევე დასტურდება 23.06.2020წ. ელ. ფოსტის მიმოწერებითაც (ს.ფ. 72); ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 27 ივნისს აპელანტს ეცნობა, რომ საქონელი მზად იქნებოდა დატვირთვისთვის 2020 წლის 02 ივლისის მდგომარეობით.
9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკება ხელშეკრულების დადების თობაზე შედგა 2020 წლის 18 ივნისს, ხოლო მოპასუხემ 2020 წლის 19 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელეს გაუგზავნა ხელმოწერილი შეკვეთის ფორმა, რითაც დადასტურდა ხელშეკრულების დადება და წარმოიშვა მხარეთა შორის ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელა. მოპასუხის მიერ ტვირთის დატვირთვა წარდგენილ სატვირთო ავტომობილებში უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივნისისა. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების დაწყებისთვის სხვა რამე დამატებითი შეტყობინების გაკეთების ვალდებულებას არც ხელშეკრულება და არც შეკვეთის ფორმა ითვალისწინებდა, ხოლო ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო პირობის ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ წერილობითი ფორმით უნდა გაფორმებულიყო, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ განხორციელდა მანქანების გაგზავნა, რადგან, როგორც აღინიშნა, მხარეები შეთანხმდენენ რომ სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 22-23 ივნისს უნდა განხორციელებულიყო; რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ 2020 წლის 20 ივნისს შემკვეთისთვის ცნობილი გახდა მომწოდებელ ქარხანასთან პრობლემის შესახებ, აღნიშნული ხელშეკრულების ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, რადგან როგორც საქმის მასალებით დგინდება, თავად მოპასუხისთვისაც არ იყო ცნობილი, თუ როდის იქნებოდა შეკვეთილი საქონელი მზად და, შესაბამისად, როდის განხორციელდებოდა ტვირთის ჩატვირთვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა ვალდებულება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, საწყის პუნქტში ავტომანქანის მიწოდების შემდეგ დამკვეთმა გონივრულ ვადაში უნდა უზრუნველყოს ტვირთის ჩატვირთვა. განაცხადის თანახმად, გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2-4 დღის ვადაში შეკვეთის მიღებიდან; ამასთან, ჩატვირთვის მიზნით დამკვეთისათვის მიცემული თავისუფალი დროის რაოდენობა შეადგენდა 48 საათს სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან. ვინაიდან, მოპასუხის მოთხოვნით სატრანსპორტო საშუალების მიწოდება 22-23 ივნისს უნდა განხორციელებულიყო, აღნიშნული დათქმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 22 ივნისს სატვირთო ავტომობილები მისული იყო საწყის პუნქტში, მოპასუხის მიერ ტვირთის დატვირთვა წარდგენილ სატვირთო ავტომობილებში უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივნისისა.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის/აპელანტის პოზიცია, თითქოს გადაზიდვის დაწყების/დატვირთვის თარიღი ბუნდოვანი ან/და გაურკვეველია. შეკვეთის გაფორმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მიწოდების საკითხი ხელშეკრულებით რეგულირებულია შემდეგნაირად: ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მხრიდან განაცხადის წარდგენა ხდება არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე გადაზიდვის დაწყებამდე - ანუ განაცხადის წარდგენიდან მაქსიმუმ 5 დღის ვადაში უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად კი, გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება შეთანხმებულ ადგილზე და დათქმულ დროს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ვადა არის ვადის ქვედა ზღვარი, რათა გადამზიდავმა შეძლოს მანქანების მიწოდების განრიგის დაცვა და არა მანქანების მიწოდებისა და მათი დატვირთვის თარიღის განსაზღვრა.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ განახორციელა სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვა, რამაც გამოიწვია მანქანების მოცდენა. აღნიშნული კი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს/ზიანის დაკისრების საფუძველია.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 2 000 ევროს დაკისრების თაობაზე.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო საჩივრის თანახმად:
21.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კასატორი მანქანების მოცდენაში ბრალეულ მხარედ და არასწორად დააკისრა მანქანების მოცდენის ღირებულება;
21.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტში ჩამოთვლილია ინფორმაცია, რომელსაც უნდა შეიცავდეს წერილობითი განაცხადი, მათ შორის, მითითებულია ავტომანქანის მიწოდებისა და ავტომანქანის დატვირთვის განრიგი, რომელშიც ცხადია იგულისხმება სულ მცირე ორი კომპონენტი: კონკრეტული კალენდარული თარიღი და დრო, შესაბამისად, წერილობითი განაცხადი უნდა შეიცავდეს ზუსტ კალენდარულ თარიღს და დროს როცა მანქანები უნდა გამოცხადდნენ დანიშნულების ადგილზე და დაიტვირთონ. ზუსტი დროის მითითება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონდეს მანქანების მოცდენას და ამის გამო დამკვეთისთვის სანქციების დაკისრებას. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებული განაცხადის ფორმა საერთოდ არ შეიცავს ხელმოწერის/შედგენის თარიღის გრაფას და არც ავტომანქანის მიწოდების განრიგის გრაფას, ხოლო ავტომანქანის დატვირთვის თარიღის გრაფაში მითითებულია 2-4 დღე ტვირთის აღებაზე. თარიღი ეს არის ზუსტი კალენდარული დრო, როდესაც რაიმე მოვლენა მოხდა ან უნდა მოხდეს და არა დღეთა რაოდენობა. მოსარჩელე დატვირთვის დროის ათვლის საწყისად განიხილავს დამკვეთის მიერ განაცხადზე ხელმოწერისა და გადამზიდავისთვის გადაგზავნის დროს, რასაც სამწუხაროდ უპირობოდ დაეთანხნენ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები;
21.3. ხელშეკრულების 2.1. მუხლის დათქმა წერილობითი განაცხადის გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე გადაგზავნაზე, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დატვირთვის ვადის განსაზღვრის მიზნებისათვის, ვინაიდან ეს არის დროის სავარაუდო მონაკვეთი, ქვედა ზღვარი, რომ გადამზიდავმა შეძლოს მანქანების მიწოდების განრიგის განსაზღვრა და არა მანქანების მიწოდებისა და მათი დატვირთვის ზუსტი დრო. მითუმეტეს, რომ ხელშეკრულების 2.1 მუხლი ადგენს ზუსტი კალენდარული დროის, განრიგის მითითების ვალდებულებას. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება ამ ნაწილში სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 2.1 მუხლის დათქმას;
21.4. გარდა ამისა, ხელშეკრულების არცერთი პირობა ითვალისწინებს ხელშეკრულებასა და განაცხადზე ერთდროულად ხელის მოწერას. 19 ივნისს მოპასუხემ ხელმოწერით მხოლოდ ხელშეკრულება დაადასტურა და არა განაცხადი;
21.5. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სატრანსპორტო საშუალების მიწოდება წინასწარ არ განხორციელებულა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებით (როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის მხრიდან) დადგენილია, რომ მხარეთა წარმომადგენლებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას კასატორის წარმომადგენელმა, ლ.მ–ძემ განუმარტა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, კ.ქ–ს, რომ ვიდრე სრულად არ მოხდებოდა მოპასუხის მიერ დამკვეთისათვის ტვირთის ღირებულების გადარიცხვა, ვერ ადგენდნენ მანქანების დატვირთვისა და ტრანსპორტირების ზუსტ დროს. ამასთან, თანხა სოლიდური იყო და მის კონვერტაციასა და გადარიცხვას გარკვეული დრო დასჭირდებოდა, საორიენტაციოდ 22-23 ივნისამდე, რის შემდეგაც მოპასუხე დაუდასტურებდა და აცნობებდა მანქანების მიწოდების დროს. ამ დროს ხელშეკრულება მოპასუხის მხრიდან დადასტურებული არ იყო. ხელშეკრულებას ხელი კასატორმა მოაწერა მხოლოდ 2020 წლის 19 ივნისს, პარასკევს, 2:40 საათზე, სამუშაო კვირის დასასრულს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უთითებდა მოპასუხის წარმომადგენელი თანხის გადარიცხვის დღედ 22-23 ივნისს;
21.6. სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ უდავო გარემოებას (რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს არ უარყვია), რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მეორე დღესვე, 20 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა, მატინიანმა (იხ. ჩვენება) შეატყობინა კ.ქ–ს, რომ მანქანები არ გაეგზავნათ, რადგან პროდუქციის დამზადების ხარვეზის გამო, მას ქარხანა ხელახლა ამზადებდა. კ.ქ–ის განმარტებით, 18 ივნისს (ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე) გასცეს განკარგულება და მანქანები უკვე გზაში იყვნენ, იმ პირობებში, როცა კასატორის წარმომადგენლებისთვის პროდუქციის ხარვეზის გამო უცნობი იყო მანქანების დატვირთვის ზუსტი დრო, რის გამოც კატეგორიულად მოითხოვდნენ მანქანების მიწოდების შეჩერებას. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნული არ გაითვალისწინა და იმაზე მიუთითებდა, რომ ჯარიმების ვადის ათვლა 48 საათის შემდეგ იწყებოდა. თვითონ, თავისივე სურვილით არ გაიყვანეს მანქანები დანიშნულების ადგილიდან და ელოდნენ 02 ივლისამდე, ვიდრე პირველი მანქანა არ დაიტვირთა. აღნიშნული, როცა მოსარჩელე წინასწარ, ხელშეკრულებისა და განაცხადის ხელმოწერამდე თვითნებურად აგზავნის მანქანებს დატვირთვის ადგილზე, ხოლო შემდეგში არ ითვალისწინებს მოპასუხის შეტყობინებას და მის კატეგორიულ მოთხოვნას მანქანების შეჩერების თაობაზე, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე თავად არის ბრალეული მანქანების მოცდენაში და არა მოპასუხე, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, სასამართლოც ადასტურებს, რომ კასატორს 27 ივნისს ეცნობა მანქანების დატვირთვის თარიღი - 02 ივლისი. შესაბამისად, მანქანების მოცდენაში თვითნებური მოქმედების გამო ბრალი თავად მოსარჩელეს მიუძღვის.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის; ხოლო, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
23. ამდენად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გადამზიდველის სატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული დროით მოცდენა დამკვეთის ბრალით იყო გამოწვეული. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ გადამზიდველის მხრიდან სათანადოდ შესრულდა გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადაზიდვის საწყის პუნქტში სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების შესახებ - გადამზიდველის ავტომობილები ჩატვირთვის ადგილას იმყოფებოდნენ განაცხადით განსაზღვრულ დროს - 2020 წლის 22 ივნისს. ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულების 2.17 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვა შემკვეთის მიერ უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივნისისა, თუმცა დადგენილია, რომ შემკვეთის მიერ ავტომობილების დატვირთვა (რაც ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, დამკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა) მოხდა ვადაგადაცილებით, 2020 წლის 02 და 03 ივლისს. კასატორს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამკვეთის პარტნიორი, მწარმოებელი ქარხნის მხრიდან შეცდომის დაშვება, რამაც ტვირთის დროულ ჩატვირთვას შეუშალა ხელი, მოცემულ შემთხვევაში დამკვეთის ბრალეულობას ვერ გამორიცხავს, ვინაიდან წინამდებარე დავის საგანია მხარეთა შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო დამკვეთის მიმართ პარტნიორი კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევა ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და წინამდებარე დავის ფარგლებში განხილვის საგანი ვერ გახდება.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას გადამზიდველის მხრიდან სატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მიწოდების შესახებ. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებები ჩასატვირთად დანიშნულების ადგილას გამოცხადდნენ 2020 წლის 22 ივნისს და ჩატვირთვის ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან განხორციელდა. შესაბამისად, თუნდაც გადამზიდველის მხრიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების ადგილას წინასწარ გაგზავნის შემთხვევაში, ამ გარემოებას წინამდებარე საქმის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
27. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან, ასევე, გადაზიდვის ხელშეკრულების 5.4 და 5.7 პუნქტებიდან გამომდინარე, მოპასუხე/დამკვეთი ვალდებულია მოსარჩელეს/გადამზიდველს სრულად აუნაზღაუროს გადაზიდვისათვის წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებების მოცდენით მიყენებული ზიანი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
30. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ.ქ.ა–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ბ.ქ.ა–ას“ (ს/კ N........) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 22 ივლისს №1658481469 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი