Facebook Twitter

საქმე №ას-1132-2022 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ზ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „თ.ზ.ჰ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

1.1. სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 17,857.20 ლარის ოდენობით (დასაბეგრი);

1.2. სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 1,584.13 ლარის ოდენობით (დასაბეგრი);

1.3. 2018 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების - 1,629.30 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.4. 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების - 2,252.05 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2018 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების -2,210.95 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2019 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.6. 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების - 2,345.40 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2019 წლის 01 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.7. 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების - 1,845.38 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2019 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.8. 2019 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების -2,035.15 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2019 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.9. 2019 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების - 1,967.54 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2019 წლის 01 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 2017 წლის 2 ნოემბრიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე;

2.2. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულისათვის გადასახდელი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების გაანგარიშება ხდებოდა შემდეგი სისტემით: ა) გამომუშავება: ერთი სამორიგეო დღის ღირებულება - 16/24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს - 312.50 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და ბ) გამომუშავება: ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით - ოპერაციის ღირებულების 6%, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;

2.3. დამსაქმებლის მიერ ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა, ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით;

2.4. 2019 წლის 01 დეკემბრიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა;

2.5. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო სახელფასო დავალიანების 9568 ლარის (დაბეგრილი) ნაწილში;

2.6. მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 14,285.76 ლარს (გადასახადების გარეშე), საიდანაც 2018 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანებაა 1629.30 ლარი, 2018 წლის ნოემბრის დავალიანება - 2,252.05 ლარი, 2018 წლის დეკემბრის დავალიანება - 2,210.95 ლარი, 2019 წლის იანვრის დავალიანება - 2,345.40 ლარი, 2019 წლის აგვისტოს დავალიანება - 1,845.38 ლარი, 2019 წლის ოქტომბრის დავალიანება - 2,035.15 ლარი, 2019 წლის ნოემბრის დავალიანება - 1,967.54 ლარი.

3. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის აპელირება, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო მხოლოდ 9,568 ლარის შესაბამისია.

4. პალატამ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში დასაქმებულის მიერ დაკისრებული შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. დამსაქმებელი შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით, მაშინ როდესაც მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში არ ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს, მოპასუხის მხარეზე იყო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სწორედ მას ხელეწიფებოდა. აღნიშნული მტკიცების რეალიზება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 31-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 17,857.20 ლარია (დასაბეგრი) (14285,76/80X100).

6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, გაანგარიშების ცხრილისა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს 1,584.13 ლარს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. მოპასუხე კომპანია წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაწესებულება არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულება. მითითებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფოს, კერძოდ, პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, გაწეული სამედიცინო მომსახურების მოცულობის შესაბამისად. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში (რომელშიც შედის ანგარიშგების წარდგენის და დამუშავების ვადებიც);

12.2. რამდენადაც დაწესებულებისათვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხები (რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის), წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული არის სახელმწიფოსაგან მისაღები თანხების დამუშავებასა (შესაძლებელია პროგრამის განმახორციელებელმა დააკორექტიროს წარდგენილი შესრულება და ნაცვლად მოთხოვნილი თანხისა, სხვა თანხის აღიარება მოხდეს) და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. წინამდებარე სამოქალაქო დავაზეც მოსარჩელის მიმართ აღნიშნული დავალიანების დაგროვება განაპირობა პროგრამული თანხების მიუღებლობამ, კერძოდ, სახელმწიფოსაგან სადავო პერიოდშიც და ამჟამადაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება. შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების მიუხედავად გაწეული მომსახურების ანაზღაურების დაყოვნებაც მითითებული საფუძვლით არის განპირობებული;

12.3. ვინაიდან დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული, კანონმდებლობის შესაბამისად მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან;

12.4. უსაფუძვლოდ იქნა დაკისრებული მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე, ვინაიდან მხარისათვის დავალიანების გადაუხდელობა განპირობებული არის სხვა ობიექტური გარემოებებით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არც დავალიანების და არც მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

13. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2.1. [შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ], 31-ე [შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი] და 34-ე [შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული] მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ დავალიანების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, სახელმწიფოსაგან სადავო პერიოდშიც და ამჟამადაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

15. სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

16. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ასეთად კი ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირების მიერ მოვალის მიმართ არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწორედ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ და სხვა, დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავდაპირველ ხელშეკრულებასთან, გავლენას ვერ მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ გახდება მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებისგან დამსაქმებლის გათავისუფლების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-723-2022, 28 ოქტომბერი, 2022 წელი). ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით („Geld muss man haben“) (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 639).

17. ამასთან, სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმა ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ფუნდამენტურ ვალდებულებებს – დასაქმებულისთვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებასა და დამსაქმებლისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია. შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორი სწორედ სამუშაოს შემსრულებლისათვის ანაზღაურების გადახდაა და საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებების კვლევა-შეფასებას, რომ დამსაქმებელი დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემისას დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე და აღნიშნული გარემოება სახელფასო დავალიანების დაყოვნებას ამართლებს (იხ. სუსგ საქმე №ას-155-2022, 20 მაისი, 2022 წელი).

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მითითება, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისგან მისი გათავისუფლების საფუძვლად.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 512,5 ლარის 70% – 1 058,75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „თ.ზ.ჰ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 24 ოქტომბრის №1666599027 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 512,5 ლარის 70% – 1 058,75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი