საქმე №ას-1078-2022 26 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.ბ.ს. გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით დ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „აპელანტი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „კ.ბ.ს. გ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 02.04.2021წ. ბრძანება მხარეთა შორის დადებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 30 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. კომპანიის დირექტორის 09.03.2018წ. 0101-HR-ORD-RTT4228- 3666 ბრძანების თანახმად, 2018 წლის 09 მარტიდან აღაიანის ბაზის დაცვის უფროსმა - მოსარჩელემ შეითავსა აღაიანის ბაზის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები.
2.2. კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. 0101-HR-ORD-RTT4228 ბრძანების თანახმად, 2019 წლის 24 აპრილიდან აღაიანის საწარმოო ბაზის უფროსი - მოსარჩელე გადაყვანილ იქნა კომპანიის მასშტაბით დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2.3. 2020 წლის 01 აგვისტოს მხარეთა შორს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის 1.2 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი თავდაპირველად დასაქმდებოდა სტრუქტურულ ერთეულში შესაბამის თანამდებობაზე, რომელიც განისაზღვრა დანართის III ნაწილით. ამასთან, დადგინდა, რომ დამსაქმებელს შეეძლო საჭიროებისამებრ დაესაქმებინა თანამშრომელი დამსაქმებლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე; ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას კომპანიის მიერ მასზე მინდობილი ქონება, ტექნიკა, ინვენტარი და შეინახოს ისინი ვარგის მდგომარეობაში ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში; დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს ისეთი გარემოების წარმოქმნის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიას ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2.4. 2020 წლის 15 აგვისტოს მიმართვის თანახმად, კომპანიის ფინანსურ სამსახურში გაიგზავნა განაცხადი სახელფასო დანამატის ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც დადასტურებული და ხელმოწერილია მოსარჩელის, როგორც აღაიანის საწარმოო ბაზის უფროსის მიერ; საქმეში წარდგენილია აღაიანის საწარმოო ბაზის 2020 წლის სექტემბრით დათარიღებული ტაბელი, რომელიც ხელმოწერილია სამსახურის უფროსის - მოსარჩელის მიერ; საქმეში ასევე წარდგენილია აღაიანის ბაზის უფროსის - მოსარჩელის 2020 წლის 13 ნოემბრის განაცხადი, რომლის თანახმად, იგი მიმართავს მობილიზაციის სამსახურს იმის თაობაზე, რომ აღაიანის საწარმოო ბაზაზე საკანალიზაციო სისტემის კაპიტალური, გასასუფთავებელი სასწრაფო სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან საჭიროა ტექნიკის მობილიზება.
2.5. კომპანიის დირექტორის 24.11.2020წ. N0101-HR-ORDPLT-5404 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა სასტიკი საყვედური და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ხელფასის 50%-ის ოდენობით თანხა დაექვითა.
2.6. კომპანიის დირექტორის 25.12.2020წ. N0101-HR-ORD-REG-5580 ბრძანების თანახმად, 20.11.2020 წლის თათბირის მიხედვით შემუშავებულ იქნა კომპანიის ბაზებზე არსებული კომუნალური დანახარჯის (გადასახდელების: ელ. ენერგიის, წყალი, გაზი) ეფექტურობის შესწავლის, არსებული ხარჯის გადასახდელების - გახარჯულ საწარმოო სიმძლავრეებთან და გამოშვებულ პროდუქციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ინფორმაციის დამუშავების (მონიტორინგის) წესი, ინსტრუქცია.
2.7. დაცვის სამსახურის უფროსს, აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნის გათვალისწინებით, მისი ეფექტური ამოქმედებისათვის სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა განესაზღვრა პასუხისმგებელი პირები და მიეწოდებინა ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც უზრუნველყოფდა ყოველდღიურად, არასამუშაო საათებში ბაზაზე, ოფისში არსებული ელექტროენერგიისა და სხვა მოწყობილობების დენის წყაროსთან მიერთების ან გამორთვის მონიტორინგს. ამავე ბრძანების თანახმად, ბაზაზე ასეთ პირებად შეიძლება განსაზღვრულიყო დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი, ან სხვა პირი, რომლებიც ამოწმებდნენ/შეამოწმებდნენ არასამუშაო საათებში ოფისში, კაბინეტში, საამქროში ან სხვა საწარმოო ობიექტში, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოწყობილობების მიერთებულ მდგომარეობაში დაუდევრად დატოვებას. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი პირი შეადგენდა პატაკს და უფლებამოსილი იყო გაეკეთებინა წარდგინება ხელმძღვანელი პირის სახელზე ამ პირის (დამრღვევის) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესით დაჯარიმების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო მოსარჩელე და დაადასტურა შესაბამისი ხელმოწერით.
2.8. კომპანიის 25.12.2020წ. N0101-HR-ORD-REG-5580 ბრძანების ეფექტურად ამოქმედების მიზნით, განისაზღვრა პასუხისმგებელი პირები: მოსარჩელე - აღაიანის საწარმოო ბაზა; თ.გ–ძე - ბაკურციხისა და გურჯაანის ბაზები; თ.ს–ძე - სააკაძის და თბილისის აეროპორტის ბაზები; მ.დ–ი - გომის საწარმოო ბაზა; გ.რ–ძე - სვანეთი; დ.ჩ–ვა - ხარაგაული; ო.ჩ–ვა - ქუთაისი; გ.დ–ია - ოზურგეთი.
2.9. მითითებული ბრძანების თანახმად, ყოველდღიური შედეგები აღირიცხებოდა ჩანაწერების ჟურნალში, სადაც დეტალურად აისახებოდა ღამის საათებში ბაზაზე საწარმოების, აგრეგატების მუშაობის შემთხვევები, ელექტრო ენერგიის წყაროსთან მათი მიერთების ფაქტები.
2.10. 31.01.2021წ. და 28.02.2021წ. ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად (საანგარიშო პერიოდი: ……, ………), კომპანიამ და შპს ,,ე.დ–მ’’ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ კომპანიამ 2021 წლის იანვარსა და თებერვალში აღაიანის საწარმოო ბაზაზე შპს ,,ე.დ–ს’’ გადასცა 13,536 და 14,028 კილოვატ საათი ელექტროენერგია, რაც აღრიცხულია შიდა მრიცხველების საშუალებით. ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების მითითებული აქტები ხელმოწერილია კომპანიის აღაიანის ბაზის უფროსის - მოსარჩელისა და შპს ,,ე.დ–ს’’, ასევე, ელ. სპეციალისტის - ე.ბ–ძის მიერ.
2.11. კომპანიის დირექტორის 02.04.2021წ. ბრძანების თანახმად, დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების გამო, კომპანიის დაცვის სამსახურის უფროსთან - მოსარჩელესთან 2021 წლის 02 აპრილიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი და შრომის შინაგანაწესის 9.5 მუხლი.
2.12. კომპანიის 27.05.2021წ. წერილში დამატებით განმარტებულია ის საფუძვლები, რაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე განმარტავდა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო კომპანიასა და შპს ,,ე.დ–ს’’ შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ე.დ–ს’’ იჯარის უფლებით გადაეცა ფართი სოფ. აღაიანის საწარმოო ბაზის ტერიტორიიდან; მოსარჩელეს, როგორც ბაზის უფროსს, ევალებოდა უზრუნველეყო კონტროლი მოიჯარის მიერ ქონებით იმგვარ სარგებლობაზე, რომ კომპანიას ზიანი არ მისდგომოდა; 2020 წლის ნოემბერში აღაიანის ბაზაზე გამოვლენილი ელექტროენერგიის მოხმარების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, რომელიც შეუსაბამო იყო კომპანიის მიერ აღაიანის ბაზაზე წარმოებულ მინიმალურ სამუშაო დატვირთვასთან, დაინიშნა თათბირი, რომლითაც დადგინდა, რომ კომპანიის ელეტქროენერგიის ხარჯის მაჩვენებლის ზრდა განპირობებული იყო შპს ,,ე.დ–ს’’ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორი აღრიცხვით; აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 დეკემბრის N5580 ბრძანებით მოსარჩელემ დირექტორისგან მიიღო შპს ,,ე.დ–სთან’’ ელექტროენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიების დაუყოვნებლივ ორგანიზების დავალება; 2020 წლის 28 დეკემბრის კომუნიკაციით, რომელიც შედგა მოსარჩელესა და კომპანიის კადრების თანამშრომელს შორის, მოსარჩელეს გადაეგზავნა პასუხისმგებელ პირთა სია, რომელთაც უნდა შეესრულებინათ დირექტორის დავალება. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე თავად იყო აღაიანის ბაზის უფროსი, ამ ერთეულის მონიტორინგის ვალდებულება მან საკუთარ თავზე აიღო. ამას კი მოჰყვა დირექტორის 2020 წლის 29 დეკემბრის N5597 ბრძანების გამოცემა, რომლის თანახმად, პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრნენ შესაბამისი პირები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა აღაიანის ბაზის დაცვის უფროსის მოვალეობები. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ უხეშად დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და, დარღვევის სიმძიმისა და შედეგობრივი თვალსაზრისით, მოსარჩელეს დისციპლინურ სახდელად სამსახურიდან გათავისუფლება განესაზღვრა.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიის 27.05.2021წ. წერილის თანახმად, კომპანიის დირექტორისგან მიღებული ,,ელექტროენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარების დავალების’’ შეუსრულებლობამ კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის დადგომა გამოიწვია, რაც კომპანიის დირექტორმა შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევად დააკვალიფიცირა და მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მას დირექტორისგან ასეთი დავალება არასდროს მიუღია.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობას წარმოადგენდა ელექტროენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება. ამასთან, გაუგებარია ელექტროენერგიის აღრიცხვის მრიცხველის მაჩვენებლის უსწორობა, რეალურ მოხმარებასთან შეუსაბამობა როგორ უნდა დაედგინა შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის არქონე პირს. რომც მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელეს დაეკისრა ზემოაღნიშნული უფლება-მოვალეობები შესაბამისი ინსტრუქციის მიცემის გარეშე, როდესაც აშკარაა, რომ დასაქმებული ვერ შეასრულებს შესაბამის დავალებას კომპეტენციისა და შესაბამისი ცოდნის არარსებობის გამო, აღნიშნული უნდა იქნეს განხილული, როგორც დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის უკანონო გათავისუფლებისთვის პირობის შექმნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლება კომპანიისათვის ზიანის მიყენების გამო მოხდა 2021 წლის 02 აპრილს, ხოლო კორექტირებული აქტები ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარებაზე, რომელმაც დამსაქმებლის მითითებით კონკრეტული ზიანის ფაქტი დაადასტურა, შედგენილია 2021 წლის 15 ივნისს (იხ. ს.ფ. 65) - სამსახურიდან მოსარჩელის გათვისუფლების შემდგომ. მოსამართლის კითხვაზე - როდის დადგინდა მოსარჩელის მიერ უფლება-მოვალეობების დარღვევის ფაქტი, ვინაიდან კორექტირება ასახულია ივნისში, მოპასუხის წარმომადგენელმა უფრო ადრე არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა (იხ. 14.03.2022წ. სხდომის ოქმი 12:29:40 - 12:35:00); ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტით ელექტროენერგიის მრიცხველში მითითებული ჩვენების არასწორი გადატანის ფაქტი არაა დადგენილი და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს; ამასთან, მოსარჩელესთან ერთად აქტებზე ხელს აწერს ელ. სპეციალისტი - ე.ბ–ძე და შპს ,,ე.დ–ს“ წარმომადგენელი. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სათანადოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კომპეტენციის ფარგლებში.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს საკუთარი ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია.
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და მათ სანდოობას სასამართლო თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე წყვეტს. არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, შესაბამისად, საქმის მასალებში დარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა ფაქტის დასადგენად საჭირო ერთადერთ მტკიცებულებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის ქმედების შედეგად მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების უარსაყოფად სარწმუნო არგუმენტები წარადგინა და დაასაბუთა დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების არამართლზომიერება. საქმის მასალებით არ დადასტურდა რაიმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც ობიექტურად გაამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შესაბამისად, დამსაქმებელს არ გააჩნდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმური უფლებამოსილება.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლით და, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე სხვა პირი იყო დასაქმებული, მოსარჩელის დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხით - 30 000 (ხელზე მისაღები ოდენობით) ლარის ოდენობით განსაზღვრა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო საჩივრის თანახმად:
16.1. სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელოდ მიიჩნია დასაქმებულის მიერ ბრძანების საფუძველზე 2018-2021 წლებში აღაიანის ბაზის უფროსის მოვალეობების ფაქტობრივად შესრულებისა და აღნიშნულში გასამრჯელოს მიღების ფაქტი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ ევალებოდა აღნიშნული პოზიციის ფარგლებში მისთვის მიცემული დავალების შესრულება, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულებით, რომლითაც მოსარჩელე დასაქმებულია დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, არ დასტურდება რომ დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობას წარმოადგენდა ელექტროენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიების გატარება;
16.2. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ: დასაქმებული წლების განმავლობაში ასრულებდა აღაიანის ბაზის უფროსის მოვალეობას და შესაბამისი სტატუსით ხელს აწერდა მთელ რიგ დოკუმენტაციას; დასაქმებულისთვის დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო პრობლემის არსი და იგი უშუალოდ იყო ჩართული სადავო ფუნქციის შესრულებაში; მის მიერ არ მომხდარა დამსაქმებლის ინფორმირება დავალების არ/ვერ შესრულების ან შესრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ; საქმეში არ მოიძებნება მტკიცებულება დასაქმებულის მიერ დავალების შესრულების მიზნით რაიმე ღონისძიების გატარების თაობაზე; საქმის მასალებზე თანდართული მტკიცებულებით დადგენილია ზიანის ოდენობა, რომელიც დამსაქმებელს მიადგა დასაქმებულის უმოქმედობის შედეგად; დასაქმებულს მიმდინარე წელს ერთხელ უკვე დაეკისრა დისციპლინური სახდელი სასტიკი საყვედურის სახით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა მის მიერ ჩადენილ გულგრილობას, რითაც კომპანიას ზიანი მიადგა, ხოლო საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და გულგრილობის მეორედ გამოვლენის შედეგად, დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ ნდობა დაკარგა;
16.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომ 2018 წლის 09 მარტიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელე რეალურად კომპანიის აღაიანის ბაზის უფროსის უფლებამოსილებებს ახორციელებდა, რაც დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით; მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა აღაიანის ბაზაზე არსებულ მოიჯარე კომპანიასთან ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პროცესში, აღაიანის ბაზის უფროსის სტატუსით; მოსარჩელეს კომპანიის დირექტორის 24.11.2020წ. N5404 ბრძანების თანახმად, ერთხელ უკვე დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური და კომპანიისათვის მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხიდა; მოსარჩელეს კომპანიის 27.05.2021წ. წერილით კანონის შესაბამისად განემარტა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ: შრომითი ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალებოდა დაკისრებული მოვალეობების, გაცემული ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესრულება; ხოლო, 2.2.4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დროულად ეცნობებინა კომპანიისთვის ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა დავალების ჯეროვნად შესრულებაში. ამასთან, 05.02.2018წ. ხელწერილის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, გაფრთხილებოდა კომპანიის ქონებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას კისრულობდა;
16.4. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ არ შეასრულა დირექტორის მიერ მიცემული დავალება და არ მიაწოდა დამსაქმებელს ინფორმაცია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ე.დ–მ“ ერთხელ უკვე აღიარა მის მიერ ელექტროენერგიის არასწორი აღრიცხვა, მოსარჩელე ვალდებულიყო იყო უფრო გულისყურით განეხორციელებინა მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც მან არ განახორციელა და შედეგად კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, რომელიც ცალსახად ჩანს 15.06.2021წ. ელ.ენერგიის კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტებიდან. აღნიშნული წარმოადგენდა ვალდებულების უხეშ დარღვევას, რაც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველია;
16.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ არა მხოლოდ აღიარა მისი ჩართულობა დენის აღრიცხვის საკითხებში, არამედ ასევე მიუთითა იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც საკითხის მოწესრიგების მიზნით მან ხელმძღვანელობას შესთავაზა. კერძოდ, პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერებიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ განმარტა შემდეგი:
13:16:39 სთ: „მე მოვიყვანე ელექტრიკოსი და დავათვლევინე ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ზეპირად ხდებოდა, დავათვლევინე ეს ყველაფერი და წარმოების უფროსს მიაწოდა და ბატონ ბ–საც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს შესაძლებელია ესე ყოფილიყო. ეჭვი ყველას დაგვებადა, გადავამოწმე“;
13:18:19 სთ: „მიგზავნიდა ვოთსაფის საშუალებით მრიცხველის ამონაწერს, მერე მე, რა თქმა უნდა, ვამოწმებდი, მე არ ვიყავი ვალდებული მასთან ერთად შემემოწმებინა, გადამოწმება ნიშნავს იმას რომ...“;
13:27:05 სთ: „როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო და დაიდო კომპანიის დირექტორის მიერ, იქ არ იყო მოხსენიებული კომუნალური გადასახადები. შემდეგ დაისვა ეს საკითხი და მერე მოვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ დამდგარიყო აღრიცხვაზე ენერგო-პროში. ეს პროცესი გაიწელა დიდი ვადით. მე ტელეფონით დავუკავშირდი მაშინდელი წარმოების უფროსს და ვუთხარი, რომ მე მას დენს გავუთიშავ, რაზედაც მივიღე სასტიკი უარყოფითი პასუხი. აქედან გამომდინარე, მერე მუშაობდა ის კაცი, შემოჰქონდა ის თავისი მრიცხველის მაჩვენებლები. ჩვენი მრიცხველის მაჩვენებლები ცნობილი იყო. მას ჰქონდა ის მრიცხველები დაყენებული, რომელზეც უნდა მოსულიყო ენერგო-პროს წარმომადგენელი, დაელუქა და აღრიცხვაზე აეყვანა“;
13:28:04 სთ: „ეს ყველასთვის არის ცნობილი, ჩემო კარგო ადამიანო, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ვისაც შეხება აქვს, სახლშიც რომ გაქვს მრიცხველი, ისიც დალუქული უნდა იყოს და აღრიცხვაზე უნდა იყოს დამდგარი. ეს ჩვეულებრივი ამბავია“;
16.6. გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 01 აგვისტოს და შეიცავს შესაბამის პირობებს სხვა სტრუქტურულ ერთეულში სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ შრომით ხელშეკრულებაზე ვრცელდება შრომის კოდექსის 15.07.2020 წლის რედაქციის მოთხოვნები;
16.7. შრომის კოდექსი არ შეიცავს აკრძალვას თანამშრომლის მიერ დამატებითი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების და/ან დავალების მიცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაშინ, როცა ცალსახად დადასტურდა ვალდებულების არსებობისა და მისი შეუსრულებლობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების ტექსტში არ ფიქსირდება მსგავსი უფლება-მოვალეობის აღმნიშვნელი ჩანაწერი, იურიდიულად დაუსაბუთებელია;
16.8. კომპანიის 27.05.2021წ. N0653 წერილის თანახმად, მოსარჩელის დავალებას შეადგენდა ელ. ენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიების გატარება, აღნიშნულის მენეჯმენტი, ზედამხედველობა და არა უშუალოდ ელექტრიკოსის სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა გამოიხატა მის უმოქმედობაში, გულგრილობაში და არა ელექტრიკოსის ფუნქციის შეუთავსებლობაში;
16.9. ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ მან არ შეასრულა დაკისრებული დავალება და არც ინფორმაცია მიუწოდებია დამსაქმებლისთვის დავალების შესრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ. მან უბრალოდ გულგრილად დატოვა მიღებული დავალება. რაც შეეხება ზიანს, აღნიშნული წარმოადგენს დასაქმებულის უმოქმედობის თანმდევ შედეგს, რომლის ანაზღაურებაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნაა. ზიანის არსებობის ფაქტი მოპასუხემ მოიყვანა დასაქმებულის უმოქმედობით გამოწვეული მძიმე შედეგის ხაზგასმის მიზნით. სააპელაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის ამგვარი ზიანის დადგომის ფაქტს, ხოლო იმ გარემოებას, რომ ანგარიშფაქტურების კორექტირება ივნისის თვეში განხორციელდა, ვალდებულების დარღვევის ფაქტის მიმართ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და, შესაბამისად, აღნიშნული მსჯელობა არ შეიძლება გახდეს პირველი ინსტანციის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
17. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
19. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
20. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
21. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.
23. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით ნაკისრი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტს. კერძოდ, კომპანიის 25.12.2020წ. N0101-HR-ORDREG-5580 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს აღაიანის ბაზაზე დაევალა მხოლოდ არასამუშაო საათებში ბაზებსა და ოფისებში არსებული ელ. ენერგიისა და სხვა მოწყობილობების დენის წყაროსთან მიერთების ან გამორთვის მონიტორინგი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7, 2.8 და 2.9 პუნქტებით დაადგენილი გარემოებები), რაც გულისხმობდა შემოწმებას არასამუშაო საათებში ოფისში, კაბინეტში, საამქროში ან სხვა საწარმოო ობიექტში, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოწყობილობების მიერთებულ მდგომარეობაში დაუდევრად დატოვებას. არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, როგორც აღაიანის ბაზის უფროსს, კომპანიის დირექტორისგან მიღებული ჰქონდა აღაიანის ბაზაზე მოიჯარის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობისა და მისი საფასურის სწორად გამიჯვნის ღონისძიებების გატარების დავალება.
24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
27. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „კ.ბ.ს. გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „კ.ბ.ს. გ–ს“ (ს/კ N....) დაუბრუნდეს ზ.ჯ–ის (პ/ნ N.....) მიერ 2022 წლის 22 ივნისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის 70% – 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ე. გასიტაშვილი