Facebook Twitter

საქმე №ას-1076-2021 31 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საკუთრების უფლების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 26 მარტს, 14:00 საათზე, თუმცა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო იგი გადაიდო სხვა დროისათვის;

2.2. ამის შემდეგ მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე. მხარეებს საქმის განხილვის დრო და ადგილი ეცნობათ სასამართლო უწყების მეშვეობით;

2.3. მერიას უწყება ჩაბარდა 2020 წლის 10 ივლისს (იხ. ს.ფ. 171), ხოლო შპს „მ.....“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) წარმომადგენლისათვის გადასაცემად სასამართლო უწყება ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, 2020 წლის 11 ივლისს (იხ. ს.ფ. 178);

2.4. 2020 წლის 13 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა ი.გ–ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ ქალაქ ქუთაისის მუნუციპალიტეტის მერის 2020 წლის 5 მაისის ბრძანებით დაინიშნა მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ, 2020 წლის 22 ივნისს გამოცხადდა კონკურსი, რომლის მეორე ეტაპი იმართება 16 ივლისს, რის გამოც ვერ შეძლებს სხდომაზე დასწრებას;

2.5. 2020 წლის 16 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი ი.გ–ძე, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო და ადგილი;

2.6. 2020 წლის 16 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სსსკ-ის 229-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით და ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო სასამართლოც. შესაბამისად, არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების და - არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე საჩივარშიც და სააპელაციო საჩივარშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა, რომ მის წარმომადგენელს ი.გ–ძეს გააჩნდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. კერძოდ, იგი დანიშნული იყო მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ. 2020 წლის 16 ივლისს ტარდებოდა კონკურსის მეორე ეტაპი - „ზეპირი დავალება და გასაუბრება“, რის გამოც ვერ შეძლებდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღებას. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების (2020 წლის 16 ივლისს კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების) დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არც შუამდგომლობის აღძვრისას, არც საჩივრის განხილვის ფარგლებში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს ევალება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოს არამარტო ინფორმირება, არამედ გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის ნაგულისხმევი გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურებაც. მოსარჩელეს კი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპის 2020 წლის 16 ივლისს ჩატარების ფაქტი უდავოდ დადასტურებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, არ დასტურდება წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, ვინაიდან მერიის საკონკურსო კომისიის დებულების მეხუთე მუხლის მეშვიდე ნაწილით, კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას. მხარეს არ წარმოუდგენია სარწმუნო არგუმენტი/მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 16.07.2020 წელს საკონკურსო კომისიაში (კონკურსის მეორე ეტაპში) ი.გ–ძის მონაწილეობის აუცილებლობასა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილით მისი ჩანაცვლების შეუძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიუღია არანაირი ზომები მითითებული დებულების მიხედვით ემოქმედა (დაენიშნა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თვითონ გამოცხადებულიყო სხდომაზე) და არც აღნიშნულის მიზეზი განუმარტავს სასამართლოებისათვის.

7. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოა, სადაც დასაქმებულია არაერთი პირი. სასამართლოს შეფასებით, სსსკ-ის 93.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა (გამოცხადების შეუძლებლობა) თავისთავად არ გამორიცხავს იურიდიული პირის უფლებების სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაცვის შესაძლებლობას. სასამართლოს მითითებით, თავად მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ მერიის იურიდიულ სამსახურში დასაქმებულია რვა იურისტი, შესაბამისად, მერიას სრული შესაძლებლობა გააჩნდა საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო და უფლებები დაეცვა სხვა კვალიფიციური წარმომადგენლის მეშვეობით. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოცემული საქმის განხილვაში მერიის წარმომადგენლად ი.გ–ძის მონაწილეობის გარდაუვალ აუცილებლობას ან/და დაადასტურებდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა თუ სხვა საპატიო მიზეზის გამო სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სხვა წარმომადგენლის მივლინების შეუძლებლობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობა რამდენიმე დღით ადრე, ისე, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლო სხდომისათვის მოსამზადებლად.

8. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით/საპატიო მიზეზით - მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა თუნდაც საჩივარში მითითებული მიზეზის გამო (კონკურსის მე-2 ეტაპის ჩატარება 16.07.20წ.).

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სხდომის გადადების შესახებ მერიის წარმომადგენლის განცხადებაზე. სასამართლოს საკმარისი დრო ჰქონდა ემსჯელა აღნიშნულ განცხადებაზე და ეცნობებინა მერიის წარმომადგენლისათვის მისი დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რაც მისცემდა საშუალებას მერიას გამოეყო სხვა წარმომადგენელი და უზრუნველეყო დარღვეული ქონებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვა;

14.2. საქალაქო სასამართლომ მერიის წარმომადგენლის განცხადების დროულად განუხილველობით თვითონ მოახდინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროვიცირება.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია)(შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 229.1 მუხლით [თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ]. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233.1. მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები [მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები]. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

19. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; შდრ. სუსგ. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ).

20. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

21. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215.3. მუხლი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

23. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე. 2020 წლის 13 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა ი.გ–ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 5 მაისის ბრძანებით დაინიშნა მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ, 2020 წლის 22 ივნისს გამოცხადდა კონკურსი, რომლის მეორე ეტაპი იმართება 16 ივლისს, რის გამოც ვერ შეძლებს სხდომაზე დასწრებას.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 216.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების - 2020 წლის 16 ივლისს კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, თუმცა ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი იგი იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. მოსარჩელე არის იურიდიული პირი - მერია, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავდა უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმომადგენლის მიერ ზემოთ მითითებული მიზეზის გამო პროცესზე მერიის გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, მერიამ უნდა დაადასტუროს, რომ აღნიშნული გარემოება (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) მერიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ამ უკანასკნელის პროცესზე გამოცხადებას. ანუ, 2020 წლის 16 ივლისს კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარების ფაქტი, თავისთავად, შეუძლებელს არ ხდის პროცესზე მერიის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა მას შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი).

27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ, განსახილველ შემთხვევაში კი წარმომადგენლისთვის სხვა სამსახურებრივი ვალდებულებების დაკისრებამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).

28. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ამ მხრივ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია. ამასთან, კასატორის აპელირება იმაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა სხდომის გადადების შესახებ მერიის წარმომადგენლის განცხადებაზე და ეცნობებინა მერიის წარმომადგენლისათვის მისი დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რაც საშუალებას მისცემდა მერიას გამოეყო სხვა წარმომადგენელი, დამატებით ადასტურებს იმას, რომ მერიას ჰქონდა სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მივლინების შესაძლებლობა, სახეზე არ იყო პროცესზე მოსარჩელის გამოცხადების შეუძლებლობა და მის მიერ მითითებული გარემოება არასაპატიოა.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი