Facebook Twitter

საქმე №ას-1022-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ც.წ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინებით ც.წ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთები, მდებარე: ქ. თბილისი, …….. 1, 60,91 კვ.მ, ს.კ. …….; ქ. თბილისი, ……., 61,87 კვ.მ, ს.კ. ……. (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება”) და დადგინდა აღნიშნული უძრავი ნივთების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21; 24-25).

2.2. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ფლობს ორივე სადავო უძრავ ქონებას.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 3761.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ სახეზე იყო განსახილველი დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის 2018 წლის ამონაწერებით დგინდება, რომ ორივე სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-19; 22-23), რაც მის ფაქტობრივ მფლობელობაზე მიუთითებს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ცალსახად სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი. არამედ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მოსარჩელე რეალურად არ ფლობს უძრავ ნივთებს და მისი წარმომადგენლების მხრიდან იყო გასაღების მითვისების მცდელობა (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ. 43), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთების ფაქტობრივად ფლობის შესახებ გარემოებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ მეორე ქონებას ფლობს მოპასუხის მეუღლე, დაუსაბუთებელია. ამასთან აპელანტს არ დაუკონკრეტებია, რომელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთის ფაქტობრივად ფლობას ხდის სადავოდ. უფრო მეტიც, მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაცხადებული პოზიციისა თუ სააპელაციო საჩივრის ზოგადი შინაარსით დგინდება, რომ მხარე და მისი მეუღლე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა თუ თავად მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, დასტურდება, რომ აპელანტი ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ აუქციონი ჩატარდა უკანონოდ და შესაბამისად, რეგისტრაციაც უკანონოა, რაზეც სხვა სასამართლო დავები მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო საქმეებზე; მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული არგუმენტები განსახილველ დავაში არ არის რელევანტური და არ ადასტურებს მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის შესახებ. აპელანტს სასამართლოსთვის ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი რამე მტკიცებულება არ წარუდგენია. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, მოპასუხის მითითება რომ აუქციონი ჩატარდა უკანონოდ და სადავო უძრავი ქონება არასწორად დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მართებდა იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად. მართლზომიერების ფაქტი კი, იმავე მხარეებს შორის სხვა დავის არსებობით ვერ დადასტურდება.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170.1, 172.1, 183-ე, 311-ე 312.1 მუხლებით და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო უძრავი ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. კასატორმა სადავო გახადა წინამდებარე საქმის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საკითხი. მისი მტკიცებით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით მას მოესპო მოსამართლის შესაძლო აცილების უფლებამოსილება. მას ასევე დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხი, რაც უკანონოდ არ დაუკმაყოფილდა და რაზეც მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა;

14.2. მოსარჩელეს აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება. იგი არ ფლობს ორივე ნივთს, თუმცა რომც ფლობდეს, ფლობის მართლზომიერება დასაბუთებულია;

14.3. მოსარჩელემ უკანონოდ შეიძინა მოსარჩელისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება; სადავო უძრავი ქონება მათი ნების გარეშე, მოტყუებითა და ცალმხრივი, იძულებითი წესებით გამოვიდა მათი რეგისტრირებული საკუთრებიდან; უკანონოდ ჩატარდა აუქციონი და უკანონოდ მოხდა რეგისტრაციაც; აღნიშნულის თაობაზე სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები, კერძოდ, სამოქალაქო წესით დადგებული გარიგებების, უკანონოდ გამოცემული განკარგულებებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც არ დასრულებულა;

14.4. სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ, როგორც მესაკუთრემ, მოითხოვა გასაღები და ქონების გამოთავისუფლება. ეს მოთხოვნა იყო ქონების განკარგვამდე, კერძოდ, აუქციონის ჩატარებამდე, რა დროსაც სესხის ხელშეკრულება დარღვეულიც არ იყო და მოპასუხე ითხოვდა არსებული ვალდებულების სრულ გადაფარვას, რისი უფლებაც მოსარჩელემ მოპასუხეს არ მისცა.

15. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მართლზომიერება.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

17. განსახილველი დავის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვა, ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო დავა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტის [დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა] შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის ფასი 4000 ლარით განისაზღვრება, სააპელაციო სასამართლო ასევე უფლებამოსილი იყო სააპელაციო საჩივარი ერთპიროვნულად განეხილა.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ორივე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20-21, 24-25), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

22. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

25. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ც.წ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ე.გ–ის (პ/ნ ......) მიერ 2023 წლის 19 ივნისის №5782 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი