Facebook Twitter

საქმე №ას-1008-2021 31 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ს.L. K. S.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც სააგენტოს სარჩელი შპს „ქ.ს“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 19 643.84 ლარის გადახდა; მოპასუხეს სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ერთჯერადად - 4901.5 ლარის ოდენობით, ასევე - 2018 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (12000 ლარის) 0.05%-ის (6 ლარის) ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N16.60.594 დადგენილებით მოპასუხეს იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საპატრიარქოს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ........) ღია კაფის მოწყობისა და გამწვანების მიზნით. იჯარის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით. იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენდა 12 000 ლარს. დადგენილების დანართის, საიჯარო პირობების თანახმად, იჯარით სარგებლობის თანხა უნდა გადახდილიყო თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს. საიჯარო პირობების მიხედვით, საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნეოდა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ამავე პირობების 12.1 მუხლის მიხედვით კი, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ქირის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 1 ლარის ოდენობით;

2.2. მოპასუხემ არაერთგზის დაარღვია საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება;

2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის N1.01172011 ბრძანებით მხარეებს შორის შეწყდა საიჯარო ურთიერთობა. მოიჯარეს განესაზღვრა 1 თვის ვადა 19 742.46 ლარის ოდენობის საიჯარო ქირის და საიჯარო პირობების 12.1 პუნქტის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად. აღნიშნულს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია;

2.4. 2018 წლის 12 ოქტომბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (უფლებამონაცვლე - სააგენტო) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის საიჯარო ქირის 19 643.84 ლარის, პირგასამტეხლოს - 9 876 ლარისა და 2018 წლის 31 აგვისტოდან საიჯარო ქირის დავალიანების გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ქირის - 12 000 ლარის 0.1%-ის (12 ლარი) გადახდა მოითხოვა;

2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანა 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე იმ პირობებში, როდესაც სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, სამართლებრივად სახეზეა სსსკ-ის 230-ე მუხლის ფარგლებში გამოტანილი გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნა 19 643.84 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად (სსკ-ის 420-ე მუხლი) ნაწილობრივ არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და ამდენად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

3. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა, კერძოდ, 0.1%-ის პირგასამტეხლოს 0.05%-მდე შემცირების კანონიერება.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება, სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, ე.წ. „სასამართლო შესაგებლის“ ფარგლებში შესაფასებელი საკითხია და სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ, თუნდაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებში, შეფასებას ექვემდებარება კრედიტორის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითი საშუალების თანაზომიერება. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტაცია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის ფარგლებში დადგენილად მიიჩნეოდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დავალიანების ოდენობა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო თუ არა, სამართლის საკითხს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია (იხ. სუსგ საქმე №ას-1125-1072-2014, 29 მაისი, 2015 წელი).

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

6. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (როგორც ერთჯერადად დასაკისრებელი, ისე სამომავლოდ მოთხოვნილი), როგორც შეუსაბამოდ მაღალი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა ორჯერ. პირგასამტეხლოს ეს ოდენობა სრულად უზრუნველყოფდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სასამართლომ არ განმარტა, რატომ არის პირგასამტეხლო 0.1% მაღალი და რასთან მიმართებით არის იგი შეუსაბამო;

12.2. სააგენტოს მოთხოვნა ეფუძნება სამართლებრივ (ნორმატიულ) აქტებს, კერძოდ, „ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საპატრიარქოს მიმდებარედ არსებული 422 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №16.60.594 დადგენილება და მის საფუძველზე სააგენტოს 2013 წლის 31 მაისის №QN1130225 ელექტრონული გადაწყვეტილება მიღებულია ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ქირის 0.1%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მითითებულ დათქმას ასევე ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიც, რომლის თანახმად, ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ქირის 0.1%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა და ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება ნორმატიული აქტების საფუძველზე, მათ მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ხელშეკრულებათა გაფორმების თაობაზე მხარეებისათვის მინიჭებული თავისუფლების საფუძველზე;

12.3. საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე. თითოეული ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, რაც უკავშირდება გადასახდელი თანხების დაყოვნებას, საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისევე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. ხელშეკრულებების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპესირებს შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებულ ზიანს;

12.4. მოპასუხისათვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო, შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა განესაზღვრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გულისხმობს, რომ მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას;

12.5. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს. მოცემულ შემთხვევაში კი საკითხი შეეხება ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ პირგასამტეხლოს, რომელიც გამომდინარეობს უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ მისაღები ფულადი თანხების დაყოვნების შედეგად მიყენებული ზიანისგან.

13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

18. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით 9876 ლარის და 2018 წლის 31 აგვისტოდან საიჯარო ქირის დავალიანების გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქირის - 12 000 ლარის 0.1% (12 ლარი)-ის გადახდის დაკისრებას.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ორჯერ შემცირების შედეგად მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა (როგორც ერთჯერადად დასაკისრებელი, ისე სამომავლოდ მოთხოვნილი) სრულად უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, რაც მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი