საქმე №ას-995-2021 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.ტ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - რ.გ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდგომში - „სადაზღვევო კომპანია“ ან „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადაზღვევო კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა; რ.გ–ძეს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და შპს „ნ.ტ–ს“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 41928,84 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხე კომპანია 24/05/2011 წლიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (ს.ფ. 33-34). მოპასუხე კომპანიას 2017 წლის მდგომარეობით საკუთრებაში ერიცხებოდა სატრანსპორტო საშუალება „ვოლვო F 12“, სახელმწიფო ნომრით - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ...... (ს.ფ. 32);
2.2. 2017 წლის 5 მაისს მოპასუხე კომპანიასა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება 2018 წლის 05 მაისის ჩათვლით, რომლის საფუძველზეც გამქირავებელმა დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცა „ვოლვოს“ მარკის ავტომანქანა F12 (სახელმწიფო ნომერი-......). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა შეადგენდა თვეში 1300 ლარს (ს.ფ. 71-72; 73);
2.3. 2017 წლის 18 ივლისს სამსახურებრივი ავტომობილით, ასპინძიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნოსთან მოსახვევში „ვოლვოს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, სახელმწიფო ნომრით „.....“, რომელსაც მართავდა პირველი მოპასუხე, გადმოცვივდა ბეტონის ბოძები, რომელმაც დააზიანა საპირისპირო ზოლში მოძრავი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით „...“ და ამავე სატრანსპორტო საშუალების მისაბმელი სახ. ნომრით „....“. (ს. ფ. 20-22);
2.4. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა პირველი მოპასუხე, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ აქტი შესულია კანონიერ ძალაში (ს. ფ. 19);
2.5. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება და ამავე სატრანსპორტო საშუალების მისაბმელი წარმოადგენდა შპს „ბ.ჯ–ის“ საკუთრებას, რომელსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დაზღვეული ჰქონდა სადაზღვევო კომპანიაში (ს. ფ. 23-24);
2.6. სადაზღვევო ზიანის განსაზღვრისთვის დაზიანებული ავტომანქანა და სატვირთო მისაბმელი წარდგენილ იქნა შპს „ა.დ.ს–ში“, რომლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ავტომანქანისა და მისაბმელის აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული (ს. ფ. 25-26);
2.7. შპს „ა.დ.ს–ის“ №10254 დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული მისაბმელის („.....“) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 14000 აშშ დოლარს, ნარჩენი ღირებულება კი 2500 აშშ დოლარს. №10253 დეფექტური აქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით „.....“) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 13500 აშშ დოლარს, ნარჩენი ღირებულება - 3000 აშშ დოლარს. აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს დასაბუთებული პრეტენზია ან რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ (ს. ფ. 25-26);
2.8. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ,,....“ და ამავე სატრანსპორტო საშუალების მისაბმელი სახ.ნომრით „....“ შპს „ბ.ჯ–ის“ მიერ დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიაში, სადაზღვევო კომპანიამ უზრუნველყო დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჯამში 41 928.84 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23-24; 29-30).
3. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელი მიმართული იყო ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის, ისე - უშუალოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირის მიმართ დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით. სააპელაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიას წარმოადგენდა სწორედ მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობის საკითხი.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რამდენადაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებული პირი უფლებამოსილი იყო სსკ-ის 408.1 მუხლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაეყენებინა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის, რომელიც ზიანის მიმყენებელი იყო 999.4 მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანი მიაყენა სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე.
5. სააპელაციო სასამართლომ არსებითად მიიჩნია ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხის მიერ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა ხდებოდა მოპასუხე კომპანიის მიერ მინიჭებულ ლეგიტიმურ საფუძველზე, (ქირავნობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ზიანისათვის პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით დადგა ზიანი. სსკ-ის 999-ე მუხლის დანაწესი გამოიყენება სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხე კომპანიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. სსკ-ის 998-ე და 999-ე მუხლებიდან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომანქანის მფლობელს. აღნიშნული ნორმები არასწორად განმარტა სასამართლომ და მფლობელად მიიჩნია მესაკუთრე, მაშინ როდესაც მფლობელი იყო პირველი მოპასუხე. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ავტომანქანის მესაკუთრეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ავტომანქანა არ იმყოფებოდა მის მფლობელობაში. კონკრეტულ შემთხვევაში ავტომანქანა ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გადაცემული იყო პირველი მოპასუხისთვის და იმყოფებოდა არა მოპასუხე კომპანიის, არამედ პირველი მოპასუხის მფლობელობაში. შესაბამისად, ერთადერთი პასუხისმგებელი მიყენებულ ზიანზე იყო პირველი მოპასუხე;
11.2. სააპელაციო სასამართლომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა. ერთი მხრივ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 მაისს პირველ მოპასუხესა და მოპასუხე კომპანიას შორის დადებული იყო ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება და ქირავნობის თანხა ავტომანქანაზე შეადგენდა 1300 ლარს და, მეორე მხრივ, არასწორად დაადგინა, რომ პირველი მოპასუხე 2017 წლის 18 ივლისს სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა. პირველი მოპასუხე არ არის მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი. მასზე ავტომანქანა გადაცემული იყო ქირავნობის ხელშეკრულებით, რისთვისაც გათვალისწინებული იყო ქირის სახით 1300 ლარის გადახდა. პირველმა მოპასუხემ გადაიხადა ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომანქანის ქირის თანხა, რომლის დამადასტურებელი ქვითარი მოთავსებულია საქმეში, რომელიც არ არის სადავოდ გამხდარი.
12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი მიმართულია ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (მოპასუხე კომპანიის), ისე - მოსარგებლის (პირველი მოპასუხის) მიმართ დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
13. სადაზღვევო კომპანიის მიერ აღძრული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებია: სსკ-ის 832.1. მუხლი [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით], 992-ე მუხლი (პირველი მოპასუხის მიმართ) [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 999.1. მუხლი [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება [თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან], 463-ე მუხლი [თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს], 408.1. მუხლი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].
14. სსკ-ის 832.1. მუხლით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი). თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი სამართლებრივი ინტერესის რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობაზე.
15. განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანა და მისი მისაბმელი, შესაბამისად, სუბროგაციის საფუძველზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სადაზღვევო კომპანიაზე (მზღვეველზე) გადავიდა. მოცემულ შემთხვევაში ზიანი მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია, რომელსაც შემთხვევის დადგომის დროს პირველი მოპასუხე მართავდა მოპასუხე კომპანიასთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
16. სსკ-ის 999.1. მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ არის მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მათზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია(იხ. სუსგ საქმე №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999.4. მუხლის პირველი წინადადება იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი აქვე შემდგომი წინადადებების სახით პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი (იხ. სუსგ საქმე №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4. მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში ზიანი დადგა მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ექსპლუატაციისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა პირველი მოპასუხე - მოსარგებლე ავტომანქანის მესაკუთრის - მოპასუხე კომპანიის - ნების საფუძველზე (ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე). მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია უშუალოდ პირველი მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, მოპასუხეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც გამორიცხავდა მოპასუხე კომპანიის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-949-2020, 20 იანვარი, 2022 წელი).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 096,44 ლარის 70% – 1467,51 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ნ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ნ.ტ–ს“ (ს/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს №11754387574 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 096,44 ლარის 70% – 1467,51 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი