საქმე №ას-978-2022 31 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მ.ვ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კომპანია“) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. 2017 წლის 01 თებერვლის N218 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის, სალიანდაგო დეპარტამენტის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2500 ლარს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 44).
2.2. კომპანიის დირექტორთა საბჭოს 25.01.2017წ. N19/4 დადგენილებით დამტკიცებული კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად:
- კომპანიის შრომის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კომპანიის წესდებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების საფუძველზე (1.1 პუნქტი);
- შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არეგულირებს შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. შრომის შინაგანაწესის გაცნობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის. დასაქმებული შინაგანაწესის გაცნობას და თანხმობას მის პირობებზე ადასტურებს ხელშეკრულებაზე (ბრძანებაზე) ხელმოწერით (1.2 პუნქტი);
- შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავს დამსაქმებლისა და დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და მოვალეობებს, შრომითი ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეწყვეტის პირობებსა და წესს, სამუშაო და დასვენების დროს, შრომის ანაზღაურების წესს, შრომის პირობების დაცვის წესებს, დასაქმებულთა წახალისებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს და მათ წესს (1.3 პუნქტი);
- შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რაც გათვალისწინებული არ არის შრომის შინაგანაწესით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შრომის კოდექსით, სხვა აქტებით, რომელიც კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებულია კომპანიის შესაბამისი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ (1.4 პუნქტი);
- კომპანიის უფლებამოსილი ორგანოების/პირების მიერ მიღებული აქტები (წესი, ინსტრუქცია, სამუშაოს აღწერილობა და სხვა), რომლებიც არეგულირებენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების (ბრძანების) განუყოფელ ნაწილს (1.5 პუნქტი); - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა (14.1 პუნქტი);
- დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულს: ა) გამოუცხადოს გაფრთხილება; ბ) დააკისროს პირგასამტეხლო ერთ თვემდე თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც გამოიქვითება დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან შრომის შინაგანაწესის 19.2 პუნქტის გათვალისწინებით; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დროებით შეჩერება, რომლის დროსაც დამსაქმებელი ადგენს დროებით შესასრულებელ სამუშაოებს შესაბამისი შრომის ანაზღაურებით. უფლება-მოვალეობების შეჩერების განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება არსებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 80%-ისა. უფლება-მოვალეობების შეჩერების ხანგრძლივობას და შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს დამსაქმებელი დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ ბრძანებით, შესაბამისი ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის საფუძველზე; დ) დაბალანაზღაურებად ან დაბალ თანამდებობაზე დროებით გადაყვანა; ე) განუსაზღვრელი ვადით დაბალანაზღაურებად ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა (18.1 პუნქტი);
- პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის დაკისრება ხორციელდება კომისიური წესით, კომისიის სხდომის ოქმის ან რევიზიის განხორცილების აქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების თანახმად, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე (18.2 პუნქტი);
- დამსაქმებელს დისციპლინური სასჯელების გამოყენების უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომის (დარღვევის) გამოვლენიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს ასეთი დისციპლინური გადაცდომის (დარღვევის) ჩადენიდან 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში (18.3 პუნქტი);
- დამსაქმებელს, კომისიის სხდომის ოქმის ან შესაბამისი რევიზიის განხორცილების აქტის თანახმად, ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს დასაქმებულს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური სასჯელი, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა კეთილსინდისიერი მუშაობით (18.4 პუნქტი);
- დასაქმებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება თუ დისციპლინური პასუხსიმგებლობის მოხდიდან გასულია 1 (ერთი) წელი (18.5 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 125-149).
2.3. მოსარჩელე აღნიშნულ შინაგანაწესს გაეცნო 10.02.2017 წელს, რაც დაადასტურა ხელმოწერით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 150).
2.4. კომპანიის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად:
- წინამდებარე სამუშაოს აღწერილობა წარმოადგენს კომპანიის შიდა ნორმატიულ დოკუმენტს და განსაზღვრავს სალიანდაგო სამმართველოს უფროსის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს (1.1 პუნქტი);
- სალიანდაგო სამმართველოს უფროსმა თავისი საქმიანობის პროცესში უნდა შეასრულოს შემდეგი დანიშნულება: სალიანდაგო მეურნეობის მოვლა-შენახვა და ადამიანური რესურსების კვალიფიციურად მართვა სამმართველოს ფარგლებში (2.1 პუნქტი);
- სალიანდაგო სამმართველოს უფროსმა თავისი საქმიანობის პროცესში უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები: სალიანდაგო მეურნეობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, სალიანდაგო მეურნეობის შემოწმება და უწესივრობის აღმოფხვრა, ადამიანური რესურსების კვალიფიციურად მართვა და განვითარება (მე-3 პუნქტი);
- სალიანდაგო სამმართველოს უფროსმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამონაგებიდან გამომდინარე, უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები: ორგანიზაციას უკეთებს ლიანდაგის, მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების პერიოდულ კომისიურ დათვალიერებას, აკეთებს ანალიზს და უზრუნველყოფს აღმოჩენილი დარღვევების დროულად აღმოფხვრას; სამმართველოს საზღვრებში აცილებს ლიანდაგმზომ ვაგონს, ამოწმებს კილომეტრებში დარღვევების აღმოფხვრას, იღებს ზომებს მათი გამართულად შენახვის უზრუნველსაყოფად; იკვლევს ყოველი წუნის შემთხვევას, ადგენს წუნის გამომწვევ მიზეზს და იღებს ყველა ზომას მათი მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ახორციელებს სხვა ორგანიზაციების მიერ სამმართველოს ფარგლებში ლიანდაგში ჩატარებული კაპიტალური სამუშაოების მიღებას; აწარმოებს სარკინიგზო გადასასვლელების კომისიურ დათვალიერებას; ორგანიზებას უკეთებს სახაზო მუშაკების მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მოულოდნელ შემოწმებას; კონტროლს უწევს სამმართველოს რეგიონებში ტექნიკური მეცადინეობების ხარისხიან და დროულ ჩატარებას; უზრუნველყოფს ლიანდაგის მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოების დროს სალიანდაგო მანქანების მაქსიმალურ და რაციონალურ გამოყენებას; ყოველთვიურად განიხილავს დეფექტოსკოპიის ბრიგადების მუშაობის გრაფიკის შესრულებას და აკეთებს ანალიზს; ორგანიზაციას უკეთებს სამმართველოს ფარგლებში სალიანდაგო მეურნეობის ტექნიკური პასპორტიზაციის შედგენას; აწარმოებს კონტროლს ხელმძღვანელი მუშაკების მიერ პირადი ნორმატივების შესრულებაზე; იღებს ზომებს კადრების კვალიფიციურად დაკომპლექტებაში და ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მონიტორინგს უწევს სამმართველოში ლიანდაგის ზედნაშენისა და საწვავ-საცხები მასალების დანიშნულებისამებრ ხარჯვას; ორგანიზებას უკეთებს ლიანდაგის, საჭირო ტექნიკისა და მასალების მომზადებას ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით; მოვალეა გაუწიოს კონტროლი უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვას; მოვალეა ხელი მოაწეროს და ვიზა მისცეს დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მოვალეა ითანამშრომლოს სხვა სტრუქტურებთან საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით; მოვალეა იხელმძღვანელოს კომპანიის ერთიანი პოლიტიკის პრინციპებით და დაიცვას სამმართველოს პროფესიული და მორალურ-ზნეობრივი სტანდარტები; მოვალეა ორგანიზაცია გაუკეთოს კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მომზადებას და მათ დროულ მიწოდებას (მე-4 პუნქტი);
- სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაიცვას ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა, პასუხისმგებელია მასზე მიკუთვნებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე (მე-6 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 151-154).
2.5. მოსარჩელე გაეცნო აღნიშნულ სამუშაო აღწერილობას, რაც დაადასტურა ხელმოწერით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 155).
2.6. 25.12.2019წ. N17283 ბრძანებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიება - გაფრთხილება. ბრძანების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსთან 2019 წლის 04 დეკემბერს ჩატარებული ოპერატიული თათბირის N59 ოქმი, კომპანიის შრომის შინაგანაწესის მე-18.1.ა პუნქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 157).
2.7. კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებული ოპერატიული თათბირის 04.12.2019წ. სხდომის N59 ოქმის (რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე) თანახმად, განხილულ იქნა კომპანიის გენერალური დირექტორის 20.09.2019წ. N001295 ბრძანების საფუძველზე მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის მიერ 21 ოქტომბრიდან 02 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებული საშემოდგომო კომისიური შემოწმების შედეგები და დადგინდა შემდეგი:
- კრებამ მოისმინა დამსწრეთა განმარტებები და შედეგად დადგინდა შემდეგი დარღვევები: სალიანდაგო და საისრო მეუნეობაზე მომატებული დარღვევების რაოდენობა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით; გზის ოსტატებისა და ბრიგადირების მიერ ლიანდაგის მიმდინარე მოვლა-შენახვის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; რეგიონის და სამმართველოს ხელმძღვანელი პირების მხრიდან კონტროლის შესუსტება; მიუხედავად მათი არსებობისა, ნორმატივების მიხედვით გარკვეული პუნქტების შესაბამისი აქტების წარუდგენლობა; პირადი ნორმატივების არასათანადო წარმოება;
- შედეგად, ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა: ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რაც გამოიხატა პირადი ნორმატივების არასრულყოფილად წარმოებაში და მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის მიერ საშემოდგომო შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების არაჯეროვან ანალიზში, კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1.ა პუნქტის საფუძველზე გაფრთხილება გამოეცხადათ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მოსარჩელეს და ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინერს. სახელმძღვანელოდ იქნა მიღებული გამოვლენილი დარღვევები და შესაბამის პირებს დაევალათ მათი აღმოფხვრა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 158-162).
2.8. მოსარჩელის 04.12.2019წ. ახსნა-განმარტების თანახმად, ამა წლის 29 ოქტომბერს მოძრაობის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად იმყოფებოდა სამტრედიაში, საშემოდგომო დათვალიერების კომისიურ შემოწმებაზე. მოხდა მისი გამოძახება სამმართველოში გენერალური ინსპექციის მიერ პირადი ნორმატივების შემოწმების მიზნით, რაც მის მიერ სრული სახით ვერ იქნა წარდგენილი. ამჟამად ის პირადად ახდენდა ნორმატივებში მითითებული თითოეული პუნქტის აქტების სახით სრულყოფას შედგენილი გრაფიკის მიხედვით. შენიშვნა მიღებული იყო და აღნიშნული ფაქტი მომავალში არ განმეორდებოდა (იხ. ტ. 4, ს.ფ. 46).
2.9. 10.01.2020წ. N218 ბრძანებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიება - დაეკისრა პირგასამტეხლო ერთი თვის შრომის ანაზღაურების 20%-ის ოდენობით. ბრძანების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსთან 2019 წლის 27 დეკემბერს ჩატარებული ოპერატიული თათბირის N62 ოქმი, კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1.ბ პუნქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28).
2.10. კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებული ოპერატიული თათბირის 27.12.2019წ. სხდომის N62 ოქმის (რომელსაც ესწრებიდა მოსარჩელე) შესაბამისად, განხილულ იქნა კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს სამეგრელოს რეგიონში სამუშაო სივრცეში 2019 წლის 10 დეკემბერს მომხდარი უბედური შემთხვევა და დადგინდა შემდეგი:
- კრებამ მოისმინა დამსწრეთა განმარტებები და შედეგად დადგინდა შემდეგი დარღვევები: კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს სამეგრელოს რეგიონში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევა (ლიანდაგის მონტიორები მზის შპალის ცვლის დროს გადავარდნენ ინგირი-ხობის გადასარბენის კმ. 2198 პკ 2-ში მდებარე ქვის თაღიანი ხიდიდან და მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები) გამოწვეული იყო ინსტრუქციებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რომელთა უგულებელყოფამ საბოლოოდ გამოიწვია აღნიშნული შედეგი. ხიდს სრულყოფილად არ ჰქონდა მოაჯირები, სამუშაოების დაწყებამდე ლ/მონტიორებს უნდა ჰქონოდათ შექმნილი მუშაობის უსაფრთხო პირობები, რაც არ იყო დაცული;
- შედეგად, ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა: კონტროლის შესუსტების და დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1.ბ პუნქტის საფუძველზე, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მოსარჩელეს და ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინერს დაეკისრათ პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის 20%-ის ოდენობით. შესაბამის პირებს დაევალათ დარღვევების აღმოფხვრა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 164-168).
2.11. მოსარჩელის 27.12.2019წ. ახსნა-განმარტების თანახმად, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს სამეგრელოს რეგიონის 2198 კმ-ში მდებარე ხიდზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამეგრელოს რეგიონს მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში მიღებული ჰქონდა ახალი ხის განძელები სადგურებში და გადასარბენებზე უვარგისი ხის განძელების ბუდეების განსამუხტავად. წინასწარ დაგეგმილი სამუშოების მიხედვით, განძელების ცვლა უნდა ეწარმოებინათ ინგირი-ხობის გადასარბენზე, კერძოდ, 2204-2205 კმ-ში. ზემოთ აღნიშნულ ხიდზე განძელების ცვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა (იხ. ტ. 4, ს.ფ. 47)
2.12. 22.04.2020წ. N0001654 ბრძანებით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებისას დაფიქსირებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიება - შეუჩერდა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულება 3 თვის ვადით, 2020 წლის 23 აპრილიდან და დაეკისრა ექსპლუატაციის დარგში დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება განესაზღვრა სამმართველოს უფროსის თვიური სარგოს 80%-ით. ბრძანების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა კომპანიის ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილესთან 2020 წლის 14 აპრილს ჩატარებული ოპერატიული თათბირის N9 ოქმი, კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1.გ პუნქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27).
2.13. კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებული ოპერატიული თათბირის 14.04.2020წ. სხდომის N9 ოქმის (რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე) შესაბამისად, განხილულ იქნა კომპანიის გენერალური დირექტორის 20.12.2019 წელს დამტკიცებული 2020 წლის სამუშაო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად, კომპანიის კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის 20.01.2020წ. ბრძანების საფუძველზე, საფინანსო-სამეურნეო მონიტორინგის სამსახურის უფროსი რევიზორების მიერ, ფილიალის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში (დსს) ჩატარებული 01.07.2018-01.01.2020 წლების განვლილი პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმების (რაც ასევე თან ერთვის საქმეს) შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და დადგინდა შემდეგი:
- კრებამ მოისმინა დამსწრეთა განმარტებები და შედეგად დადგინდა შემდეგი დარღვევები: მოხსნილი ძველვარგისი/უვარგისი მასალებისთვის შედგენილი ფორმა პუ-81ა-ში ცალკეულ შემთხვევებში არ ივსებოდა აუცილებელი რეკვიზიტები; ე.წ. „სტიაჟკების” მასობრივი დამზადებისა და მასალების არაეფექტური ხარჯვა; „ჯიარ ქონების მართვისათვის” ჯართის გადაცემის დროს აწონვისას გამოვლენილი 24.55ტ და 0.251ტ შავი ლითონის დანაკლისი; ადგილებზე სალიანდაგო სამუშაოების შესრულების დროს შეტანილ და ამოღებულ მასალებს შორის სხვაობა; სამმართველოს ბალანსზე რიცხული ობიექტების არადანიშნულებით გამოყენება; სალიანდაგო სამუშაოების წარმოების დროს მოქმედი ინსტრუქციების მოთხოვნების დაუცველობა; დემონტაჟის დადგენილებებისა და განკარგულებების შეუსრულებლობა; სალიანდაგო დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამმართველოს ხელმძღვანელების მიერ ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური შეკეთება, რაც არ გატარებულა პროგრამაში და არც მოხსნილი მასალები აღებულა შემოსავალში; დატაცების დოკუმენტაციის და დატაცებებთან დაკავშირებით ინფორმაციის სამმართველოში არარსებობა; ე.წ. „ჩიპების” საკითხი და საწვავის ხარჯვის უკონტროლობა;
- შედეგად, ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა: მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, გათვალისწინებულ იქნა ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობა და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული: კომპანიის შრომის შინაგანაწესის 18.1.გ პუნქტის თანახმად, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სამი თვის ვადით შეუჩერდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულება დასავლეთის სალიანდაგო სამართველოს უფროსს, მოსარჩელეს და დროებით დაევალა ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება. თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა არსებული სარგოს 80%-ის ოდენობით. დაევალა სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის, მოსარჩელის უფლება-მოვალეობების დროებით შეჩერების პერიოდში პირადად გაეწია კონტროლი დასავლეთის სალიანდაგო მეურნეობაში მიმდინარე სამუშაო პროცესებისათვის და უზრუნველეყო მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო მონიტორინგის სამსახურის აქტში წარდგენილი დარღვევების აღმოფხვრის საკითხები. დაევალა სალიანდაგო დეპარტამენტის მექანიზაციის განყოფილების უფროს, გაეწია კონტროლი აქტში დაფიქსირებულ საწვავ-საცხებ მასალებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე და ნორმის მიხედვით ხარჯვაზე. დაევალა სალიანდაგო დეპარტამენტის მთავარ ბულალტერს, პირადად გაეწია კონტროლი დასავლეთის სალიანდაგო სამართველოში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხრის საკითხზე. დაევალა დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს რეგიონის უფროსებსა და შესაბამის ხელმძღვანელ პირებს მკაცრ კონტროლზე აეყვანათ რევიზიის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები. განმეორების შემთხვევაში მათ მიმართ გატარებული იქნებოდა მკაცრი ადმინისტრაციული ზომები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 170-177; ტ. 4, ს.ფ. 48-134).
2.14. მოსარჩელის 14.04.2020წ. ახსნა-განმარტების თანახმად, 2020 წლის 22.01-დან 20.02-ის ჩათვლით კომპანიის კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო მონიტორინგის სამსახურის მიერ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებულ იქნა 01.07.2018წ.-01.01.2020წ. განვლილი პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევები, რომლებზეც მის მიერ დროულად არ იყო რეაგირება გაკეთებული. აღნიშნული დარღვევები განხილულ იქნა სამმართველოში და გათვალისწინებული, რომ მსგავსი არ განმეორდებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 178)
2.15. 28.07.2020წ. N2683 ბრძანებით, სასჯელის (სახდელის) ვადის გასვლის გამო, მოსარჩელესთან აღდგა შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 24 ივლისიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29).
2.16. 07.12.2020წ. N4532 ბრძანებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე 04.12.2020წ.-დან გათავისუფლდა სამსახურიდან და მიეცა გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურება 30 დღის ოდენობით. ბრძანების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა - სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსის 05.12.2020წ. N0046055 სამსახურებრივი ბარათი. მოსარჩელე 07.12.2020წ. გაეცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, თუმცა მას არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30; ტ. 3, ს.ფ. 127, 131).
2.17. კომპანიის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ჩატარებული ოპერატიული თათბირის 02.12.2020წ. სხდომის N20 ოქმის (რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე) შესაბამისად, განხილულ იქნა 2020 წლის მე-4 კვარტალში ლიანდაგსაგზაო ვაგონის მიერ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ლიანდაგის ტექნიკური მდგომარეობის საკონტროლო შემოწმების შედეგები, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში საშემოდგომო დათვალიერების შედეგები, ზამთრის პერიოდის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები და დადგინდა შემდეგი:
- კრებამ მოისმინა დამსწრეთა განმარტებები და შედეგად დადგინდა შემდეგი დარღვევები: სამმართველოს უფროსის და მოადგილეების პირადი ნორმატივებით გათვალისწინებული საოსტატოების შემოწმების აქტების არაკვალიფიციურად შედგენა; სახელოსნოს თანამშრომლების სამუშაო ადგილზე არყოფნა, რომელთა გამოუცხადებლობის მიზეზი სახელოსნოს უფროსმა არ იცოდა; სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში ლიანდაგის მთავარ ხაზზე გეგმის ვერშესრულება; სამტრედია 1-ის საოსტატოში (ლო-12) ლიანდაგში არსებული დარღვევების გამოუსწორებლობა ან ნაწილობრივ გამოსწორება, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო და წარმოადგენდა საშემსრულებლო შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევას, რადგანაც საფრთხე ექმნებოდა უშუალოდ მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობას; ჭალადიდი-ფოთის გადასარბენზე მდებარე ხიდის ძელების შეცვლის კაპიტალური სამუშაოები არადამაკმაყოფილებელი იყო, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო სარკინიგზო ხიდის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს გამო;
- სამართველოს უფროსმა, მოსარჩელემ თათბირს განუცხადა უარი ახსნა-განმარტების დაწერაზე, ისე რომ მიზეზი არ განუმარტავს;
- ამდენად, მოისმინეს რა დამსწრეთა განმარტებები, შედეგად ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა: სალიანდაგო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ბაციკაძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ქვედანაყოფების ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად სალიანდაგო სამმართველოების ხელმძღვანელების დროული და სწორი რეაგირების მნიშვნელობაზე, რის გამოც ყოვლად დაუშვებელი იყო დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული სამმართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებული სამუშაო ფუნქცია-მოვალეობის არაჯეროვანი და გულგრილი შესრულება დარჩენილიყო მკაცრი რეაგირების გარეშე. სალიანდაგო დეპარტამენტის და სალიანდაგო სამართველოების ხელმძღვანელებს ლიანდაგის ტექნიკური მდგომარეობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სრულად და ეფექტურად უნდა გამოეყენებინათ სალიანდაგო სამმართველოების ქვედანაყოფების ხელთ არსებული ადამიანური თუ მატერიალური რესურსები, რის გარანტიასაც იძლეოდა დაკისრებული სამუშაო ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვანი და პასუხისმგებლობით შესრულება. ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა: საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მოსარჩელეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 179-183).
2.18. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გაცემული კომპანიის წერილობითი დასაბუთების შესაბამისად: დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წლის 02 დეკემბერს სალიანდაგო დეპარტამენტის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში გამართულ ოპერატიულ თათბირზე, რასაც თავადაც ესწრებოდა. შესაბამისად, მისთვის ცნობილია აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ფაქტობრივი საფუძვლები. მიუხედავად ამისა, შეახსენეს, რომ თათბირზე განიხილეს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის მისი მხრიდან არაჯეროვანი და გულგრილი შესრულების საკითხი, რაც გამოიხატა სამმართველოში შრომის დისციპლინაზე კონტროლის შესუსტებით, რამაც გამოიწვია დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინის მოშლა, თანამშრომელთა მიერ სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენები. შრომის დისციპლინის მოშლამ და უკონტროლობამ კი, თავის მხრივ, განაპირობა ლიანდაგის ტექნიკური მდგომარეობის ბალური შეფასების გეგმის შეუსრულებლობა, როგორც მთავარ ხაზზე, ასევე, განშტოებაზე. აგრეთვე, არ გაითვალისწინა და არ შეასრულა საჭირო სამუშაოები, მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის რევიზორების მიერ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სამტრედია I-ის საოსტატოში (ლო-12), რაც ლიანდაგში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კატეგორიულად დაუშვებელი იყო, რადგან საფრთხე ექმნებოდა უშუალოდ მატარებელთა უსაფთხო და შეუფერხებელ მოძრაობას. მის მიერ სათანადოდ არ ხდებოდა საოსტატოებში ტექნიკური დოკუმენტაციების როგორც შემოწმება, ასევე, აღნიშნული დოკუმენტაციების შევსების სისწორესა და ხარისხზე კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი მოვალეობების შესრულების დროს სხვადასხვა დარღვევის გამო ბოლო ერთი წლის მანძილზე მის მიმართ უკვე გატარებული იყო არაერთი დისციპლინური ღონისძიება, კომპანია მ/წ 04 დეკემბრიდან წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება 03 დეკემბრიდან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე კომპანიისთვის ცნობილი არ იყო. თუკი მოსარჩელე 02 დეკემბრის ოპერატიული თათბირის შემდეგ თვლიდა, რომ შრომითი ურთიერთობა მასთან შეწყვეტილი არ იყო, მაშინ კომპანიის შრომის შინაგანაწესის 25-ე პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა ხელმძღვანელობისთვის, რაც არ შეუსრულებია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43-46).
2.19. მოსარჩელეზე 03.12.2020წ. გაიცა საავადმყოფო ფურცელი (შარდ-კენჭოვანი დაავადება, მარჯვენა თირკმლის ჭვალი, ჰიდრონევროზი, მწვავე პრელოცისტიტი), თუმცა ამავე საავადმყოფო ფურცლის თანახმად, იგი სტაციონარში არ მოთავსებულა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამუშაო პერიოდის აღრიცხვის ტაბელის შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურში იმყოფებოდა 1, 2 და 3 დეკემბერს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 129-130). ამდენად, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია დამსაქმებლის პოზიცია, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსარჩელის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ.
2.20. 30.09.2021წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომპანიის მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის ლიანდაგის უფროსი რევიზორის, ი.ბ–ის ჩვენების თანახმად: ამ თანამდებობაზე იგი მუშაობს 2010 წლიდან. 2020 წლის 02 ოქტომბერს მან პირადად განახორციელა დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვის გადამოწმება, რაც დავალებული ჰქონდა ხელმძღვანელობიდან. იგი გადამოწმებაზე მივიდა შემოწმებიდან 1 თვის შემდგომ. დარღვევევის უმეტესობა შესრულებული იყო. იყო 11 დარღვევა, რაც მიწერილი იყო რომ შესრულებული იყო, მაგრამ დახვდა შეუსრულებელი ან რბილად რომ ვთქვათ, ნაწილობრივ შესრულებული. შეუსრულებელი იყო 7, ნაწილობრივ შესრულებული კი 4. ამ დარღვევებზე მას არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუღია (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 5, ს.ფ. 122-147, 16:34- 16:50სთ.).
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ კომპანიის კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტი პერიოდულად ადგილზე ახდენდა ობიექტების გადამოწმებას, რა დროსაც სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ არაერთგზის და სხვადასხვა განმეორებითი საფუძვლით, გამოვლინდა კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის - მოსარჩელის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტები, მათ შორის, ისეთი ფაქტებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ მატარებლის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. დაკისრებული ფუნქცია - მოვალეობების არაჯეროვანი და გულგრილი შესრულება გამოიხატა სამმართველოში შრომის დისციპლინაზე კონტროლის შესუსტებით, რამაც გამოიწვია დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომელთა საშემსრულებლო დისციპლინის მოშლა, თანამშრომელთა მიერ სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენები, შრომის დისციპლინის მოშლამ და უკონტროლობამ კი, თავის მხრივ, განაპირობა ლიანდაგის ტექნიკური მდგომარეობის ბალური შეფასების გეგმის შეუსრულებლობა, როგორც მთავარ ხაზზე, ასევე, განშტოებაზე; აგრეთვე, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა და არ შეასრულა მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის რევიზორების მიერ მითითებული საჭირო სამუშაოები, რაც ლიანდაგში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად დაუშვებელი იყო, რადგან საფრთხე ექმნებოდა უშუალოდ მატარებელთა უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას; მის მიერ სათანადოდ არ ხდებოდა საოსტატოებში ტექნიკური დოკუმენტაციების როგორც შემოწმება, ასევე, აღნიშნული დოკუმენტაციების შევსების სისწორესა და ხარისხზე კონტროლი.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი მრავალმხრივი დარღვევები პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, უშუალოდ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. მან ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობით დაარღვია დამსაქმებლის მიერ შემუშავებული სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობა, რეგულაციები, შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესი. უდავოა, რომ დაფიქსირებული დარღვევებით საფრთხე შეექმნა რკინიგზის გამართულ მუშაობას და უსაფრთხოებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით, არსებობდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დარღვევევის გამო, გათავისუფლებამდე 1 წლის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო სამი დისციპლინური ღონისძიება. აღნიშნული ბრძანებები არ გასაჩივრებულა და ისინი კანონიერ ძალაშია შესული, რაც მათში მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე შემთხვევაში დაფიქსირებული დარღვევების დეტალური და სრულყოფილი განხილვა მოხდა ოპერატიული თათბირის სხდომებზე, რომლებსაც მოსარჩელეც ესწრებოდა. მას მიეცა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისა და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. სადავო საკითხების დეტალური განხილვის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მის მიმართ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ. მოსარჩელეს შეეძლო შემდგომში სადავოდ გაეხადა ის დარღვევები, რასაც ედავებოდნენ, თუმცა ნაცვლად ამისა, სამივე შემთხვევაში მან დაწერა ახსნა-განმარტებები, სადაც აღიარა ჩადენილი გადაცდომები და დააფიქსირა, რომ დარღვევას ადგილი აღარ ექნებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა სათანადოდ და სარწმუნოდ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებების უსაფუძვლოდ გამოცემის გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.
6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ოქმები და წერილები, რომელთა თანახმად, მოსარჩელე თითქოსდა რეაგირებას ავლენდა მის მიმართ არსებულ სადავო დარღვევებზე, იმ საფუძვლით, რომ ისინი შედგენილია ცალმხრივად, მოსარჩელის მიერ და დამსაქმებლის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად საკმარისი არ არის.
7. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, რომ მას არ ჩაბარებია დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებები, ვინაიდან დადგენილია, რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა და მონაწილეობდა ოპერატიულ თათბირებში, სადაც დეტალურად განიხილეს მის მიმართ არსებული პრეტენზიები და დარღვევები, შესაბამისად, მისთვის ობიექტურად ცნობილი იყო ამ ბრძანებების არსებობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მას ზემოაღნიშნული ბრძანებები კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მისი შედავება ბრძანებების გამოცემის საფუძვლების არარსებობისა და მათი კანონიერების თაობაზე გაზიარებული არ იქნა.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, შრომის კოდექსის 47.1.თ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ როგორც დისციპლინურ ღონისძიებებს, ისე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად ედო მონიტორინგის სამსახურის მიერ დაფიქსირებული და შემდგომში ოპერატიული თათბირის სხდომებზე გამოკვლეული, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფაქტები, რაც უკავშირდებოდა დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. დადგენილია, რომ მონიტორინგების შედეგად გამოვლენილი აღნიშნული დარღვევების გამოსწორებისთვის მოსარჩელეს ეძლეოდა გარკვეული დრო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები არ სწორდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაქმებულის მიერ ჩადენილი ერთგვაროვანი დარღვევების 1 წლის განმავლობაში განმეორებითობა, რაც შრომის კოდექსის 47.1.თ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლების წინაპირობას წარმოადგენს.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო საჩივრის თანახმად:
16.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება უკანა თარიღით ამოქმედდა, რის გამოც ის უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება გამოიცა 07.12.2020 წელს, ხოლო ამოქმედდა უკანა თარიღით - 04 დეკემბრიდან. ამასთან, აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა 05.12.2020წ. გამოცემული N0046055 სამსახურებრივი ბარათი. აღსანიშნავია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებაც, რომ მოსარჩელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 02 დეკემბერს;
16.2. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმე ი.ბ–ის ჩვენება, რომლის თანახმად, მის მიერ მოხდა 24.11.2020 წელს სამტრედია 1-ის საოსტატოში (ლო12) ლიანდაგში არსებული დარღვევების შემოწმება და აღმოჩნდა, რომ 64 დარღვევიდან, რომელიც დაფიქსირებული იყო 20.10.2020წ. N0039338 წერილში, 11 დარღვევის გარდა ყველა სრულად იყო აღმოფხვრილი. ამასთან, 11 დარღვევიდან 4 შემთხვევაში დარღვევა ნაწილობრივ იყო აღმოფხვრილი, ხოლო დანარჩენი 7-დან ყველა ეხებოდა საისრე გადამყვანს. სასამართლომ ყურადღება 60 დარღვევის აღმოფხვრის ფაქტს კი არ მოაქცია, არამედ 4 გამოსწორება შეუძლებელ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება;
16.3. 2020 წლის 02 ოქტომბერს განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩენილი 4 დარღვევის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო საისრე გადასარბენზე არსებული შპალების შეცვლის გარეშე, რაც შპალების არარსებობის პირობებში ვერანაირად აღმოიფხვრებოდა;
16.4. კომპანიაში დღესაც იგივე მდგომარეობაა, შპალების გამოცვლის გარეშე დამპალი შპალებით რკინიგზაზე გამავალი მატარებლების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა მხოლოდ ე.წ. „სტიაშკებით“ არის შესაძლებელი, რაც მოწმის განმარტებით, დღესაც ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს კომპანიაში;
16.5. საგულისხმოა 02.12.2020წ. N20 ოქმში როგორ აღწერენ შემოწმების შედეგად რამდენიმე ადამიანის სამუშაო ადგილას საოსტატოში არყოფნის ფაქტს. ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ საოსტატოში მუშაობა არ გულისხმობს ყოველთვის საოსტატოში ყოფნას და ოსტატ-შემკეთებლები სხვადასხვა ლოკაციაზეც ასრულებენ საქმიანობას სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის დაქვემდებარებაში იყო 1100 თანამშრომელი, რომელთა ყოველწუთიერი კონტროლი ერთი პირის მიერ შეუძლებელია. ასობით თანამშრომლიდან ორი ან სამი ადამიანის სამუშაო ადგილას არყოფნა პანდემიისა და იმ დროს არსებული კარანტინის პერიოდში გამოცხადებულ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის ბრძანების პირობებში, არ შეიძლებოდა სამმართველოს უფროსის განთავისუფლების საფუძველი გამხდარიყო;
16.6. არ არსებობდა განთავისუფლების ბრძანების გამოცემისა და წინმსწრები დისციპლინური სახდელების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. კომპანია ობიექტური წინაპირობების გარეშე მიზანმიმართულად ქმნიდა დოკუმენტებს, რათა საბოლოო ჯამში ღვაწლმოსილი თანამშრომელი თავიდან მოეშორებინა;
16.7. რეალობას არ შეესაბამება სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოსარჩელის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებები მის მიერ დისციპლინური სახდელის აღიარებას წარმოადგენდა. კომპანიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო ყველა შემთხვევაში ახსნა-განმარტება დაეწერა მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუკი მუშაობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის წაყენებული ულტიმატუმის თანახმად, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებოდა. ახსნა-განმარტების შინაარსსაც მისი ხელმძღვანელები სთავაზობდნენ. ფაქტობრივად, სწორედ ახსნა-განმარტების დაწერაზე უარის თქმა გახდა მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზი იმ არარსებულ დარღვევებთან მიმართებით, რაც გათავისუფლების საფუძვლად იქნა მითითებული;
16.8. სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი შემოწმების აქტები, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ დასაქმებული მის ხელთ არსებული საშუალებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა;
16.9. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არცერთ დისციპლინურ სახდელზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა, რომლითაც დადასტურდებოდა რომ იგი გაეცნო და ეთანხმებოდა აღნიშნულ სახდელებს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში კომპანიის 07.12.2020წ. N4532 სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
19. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა იმპერატიულად ადგენს შედეგის დადგომის წინაპირობას: დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან 1-წლიან ვადაში მეორე გადაცდომის ჩადენა. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის, განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა, რადგან აღნიშნული ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებით არსებითია ქმედების ერთგვაროვნება (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება, მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, როცა მნიშვნელოვან დონეს მიაღწევს. სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტისას, გათავისუფლების გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს.
21. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.
23. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ კომპანიის 07.12.2020წ. N4532 სადავო ბრძანების გამოცემამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25.12.2019წ. N17283, 10.01.2020წ. N218 და 22.04.2020წ. N0001654 ბრძანებებით, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელები, რომლებიც მოსარჩელეს დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ისინი ძალაშია შესული და მათი გამოცემის მართლზომიერებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს; ამასთან, კასატორის მიერ არაკვალიფიციური შედავებაა წარმოდგენილი მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული დარღვევების არარსებობასთან დაკავშირებით; დადგენილია ასევე, რომ სამივე შემთხვევაში ვალდებულებათა დარღვევის განხილვა მოხდა ოპერატიული თათბირის სხდომებზე, რომელთაც მოსარჩელეც ესწრებოდა. მას მიეცა დარღვევებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ იგი გათავისუფლებამდე დაკისრებულ სახდელებს არ გასცნობია და მათზე თანხმობა არ გამოუხატავს; ამასთან, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტებები (იხ. ტ. 2, ს.ფ. 46-47, 178), რომლითაც იგი დაეთანხმა მისთვის გათავისუფლებამდე დაკისრებულ დისციპლინურ სახდელებს. საქმეში წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პრობებში კი, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ მან აღნიშნული ახსნა-განმარტებები დამსაქმებლის მხრიდან იძულების შედეგად დაწერა.
24. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილ გადაცდომებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7, 2.10, 2.13 და 2.17 პუნქტები), რითაც საფრთხე შეექმნა კომპანიის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებას, თავისი შინარსით ერთგვაროვანი ხასიათი აქვთ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დარღვევის განმეორებითობა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების წინა თარიღით ამოქმედებასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც, აღნიშნული მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების არამართლზომიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
28. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ვ–ძეს (პ/ნ N......) დაუბრუნდეს გ.ნ–ძის (პ/ნ N........) მიერ 2022 წლის 8 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი