საქმე №ას-977-2022 8 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით ლ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.დ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 80000 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის ზეპირი სახით დადებულ ნასყიდობის გარიგებაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა 80 000 ლარის ღირებულების თხილი, რაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ აქვს;
2.2. მოპასუხის მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუსის თანდასწრებით შედგენილი ხელწერილის თანახმად, მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისაგან 80 000 ლარის ღირებულების თხილის მიღების ფაქტს და კისრულობს ვალდებულებას ბანკის მეშვეობით ყოველ თვეში 5000 ლარის გადახდით, დაფაროს თხილის ღირებულება. მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, ასევე, ხელმოწერის ნამდვილობა შემოწმებული/დადასტურებული იქნა სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 181179967; ს.ფ. 14);
2.3. მოპასუხეს ამ ხელწერილის შინაარსი, მისი შედგენისას გამოვლენილი ნების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს არც 2018 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსათვის;
2.4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე, სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ - სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 60 000 ლარი, 20 000 ლარის ოდენობით სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის სახით მიღებული თანხიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 16 000 ლარი;
2.5. მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ამსახველი/დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მას ასევე არ წარუდგენია 16 000 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ ხსენებული ხელწერილი, მართალია, არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას (სსკ-ის 341-ე მუხლი), მაგრამ ის განხილული უნდა იქნეს, როგორც ე. წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება, რომლის მიზანია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებს. საქმეში წარდგენილი ხელწერილის შინაარსის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ის წარმოადგენს მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომლის გაქარწყლების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ (რომელიც ითხოვს, მოძრავი ნივთის ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებას), გარდა სიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოს წარუდგინა მოპასუხის მიერ შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი მტკიცებულება, სადაც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისაგან 80 000 ლარის ღირებულების თხილის მიღების ფაქტს და კისრულობს ამ ღირებულების გარკვეულ ვადაში, განწილვადებით დაფარვის ვალდებულებას. ასეთ ვითარებაში, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ განახორციელა. მოპასუხეს სარჩელში მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხემ, მართალია, მიუთითა მოსარჩელისათვის 16 000 ლარის გადახდის ფაქტზე, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების მტკიცების ტვირთი, სსკ-ის 429-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, სწორედ მას ეკისრებოდა. მოპასუხესვე ევალებოდა იმ გარემოების მტკიცებაც, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ - სარგებლიანი სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის.
5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ მოსარჩელე თითქოსდა დაეთანხმა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტებს და სესხთან დაკავშირებული ურთიერთობის საწინააღმდეგოდ შედავება არ განუხორციელებია. საქმეში არსებული მასალები (სარჩელი, ხელწერილი) და სასამართლო სხდომებზე მოსარჩელის განმარტებები (როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო სასამართლოებში), ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარე იმთავითვე კატეგორიულად მიუთითებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტზე და სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ დავალიანებაზე - 80 000 ლარზე, რომელიც წარმოადგენს ნასყიდობის საგნის (თხილის) აუნაზღაურებელ ღირებულებას.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე, 427-ე და 429-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით განხილვის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მყიდველს - მოპასუხეს ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც მდგომარეობდა ნასყიდობის საგნის ღირებულების გამყიდველისათვის ანაზღაურებაში, შესრულებული არ აქვს. ეს გარემოება კი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
7. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე განსჯადობის საკითხზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი მისამართია ქ. რუსთავი, ხოლო მოპასუხის - ოზურგეთი, სოფელი შ–ი. ხელწერილის თანახმად, მოპასუხე ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებას კისრულობდა ბანკის მეშვეობით, განწილვადებით, ყოველთვიურად გადახდით. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა პირობას ვალდებულების შესრულებაზე სწორედ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს მითითებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თანხის ბანკის მეშვეობით მოსარჩელისთვის ჩასარიცხად მოპასუხე კრედიტორის საცხოვრებელი ადგილის ან/და ხელშეკრულების დადების ადგილის (ზუგდიდი) მიხედვით გამოცხადებულიყო. გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების ადგილი მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს ემთხვეოდა, რის გამოც დავა სსსკ-ის 16.2 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესის დაცვით მართებულად განიხილა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. მოპასუხემ დაზუსტებულ შესაგებელში დააყენა შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, რადგან სარჩელის წარდგენისას დარღვეული იყო სსსკ-ის 178.1 მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სარჩელში არ იყო მითითებული სამართლებრივი საფუძველი, ასევე გაურკვეველი იყო, მხარე რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა მის დაკმაყოფილებას და რა სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიმართა სასამართლოს. მაგალითად, დავა შეეხებოდა ნასყიდობის თუ სესხის ხელშეკრულებას, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო შესაგებლის წარდგენა სამართლებრივ საფუძვლებზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;
13.2. სარჩელი წარდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია რუსთავი, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან ირკვევა, რომ იგი დადებულია ზუგდიდში და მისი შინაარსიდან არ დგინდება ვალდებულების შესრულების ადგილი. სსსკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. სსკ-ის 386.1 მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. შესაბამისად, ვინაიდან კრედიტორის საცხოვრებელი ადგილია ქ. რუსთავი, დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო. გამომდინარე აქედან, სარჩელი განუხილველი უნდა დარჩენილიყო არაგანსჯად სასამართლოში წარდგენის გამო;
13.3. მოპასუხემ დაზუსტებულ შესაგებელში, დავის ახალ გარემოებებში მიუთითა შემდეგი: მოსარჩელისაგან მიღებული თანხიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 16000 ლარი, რეალურად მოპასუხემ სესხად მიიღო 60000 ლარი, დანარჩენი 20000 ლარი იყო სარგებელი სესხზე. მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უარუყვია როგორც საქმის მოსამზადებელ, ისე საქმის განხილვის ეტაპზე, არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად. სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოსარჩელემ აღიარა თუ არა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება ნასესხები ფულიდან 16000 ლარის გადახდაზე და ის, რომ გადასახდელად დარჩენილი იყო მხოლოდ 44000 ლარი;
13.4. როდესაც ფიზიკური პირი ვაჭრობს თხილით, სსკ-ის 673-ე-674-ე მუხლების თანახმად, წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასაქონლო ზედნადები.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
16. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].
17. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. აღნიშნული ნორმით შეიძლება დადგენილი იყოს ასევე ზოგადი სტანდარტისაგან განსხვავებული მტკიცების წესი.
19. სსკ-ის 429.1. მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი).
21. სსსკ-ის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სსკ-ის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება.
22. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ მოპასუხეს ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც მდგომარეობდა ნასყიდობის საგნის ღირებულების გამყიდველისათვის ანაზღაურებაში, შესრულებული არ აქვს.
23. რაც შეეხება კასატორის შედავებას იმაზე, რომ სარჩელში არ იყო მითითებული სამართლებრივი საფუძველი, ასევე გაურკვეველი იყო, მხარე რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა მის დაკმაყოფილებას და რა სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიმართა სასამართლოს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა შემდეგს: 2018 წლის 24 სექტემბერს მოპასუხეს მივყიდე 80000 ლარის თხილი. აღნიშნული 80000 ლარი მას უნდა დაეფარა 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, მას აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდია (იხ. ს.ფ. 3). ამდენად, სრულიად ცხადია, რომ მოსარჩელე ითხოვდა ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურებას და კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
25. რაც შეეხება განსჯადობის საკითხს [სსსკ-ის 404.3 მუხლი: პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში], საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 16.2. მუხლზე, რომლის თანახმად. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
26. მითითებული ნორმის შესაბამისად, განსაკუთრებული განსჯადობის ფარგლებში ექცევა დავები სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების თაობაზე, რომელთა შესახებ სარჩელი სასამართლოს წარედგინება საერთო განსჯადობისაგან განსხვავებული წესით, ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
27. სსკ-ის 386-ე მუხლით განსაზღვრულია ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი, რომლის მიხედვითაც შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
28. აღნიშნული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საეჭვოა, ე.ი. ზუსტად ვერ დგინდება ადგილი, სადაც უნდა შესრულდეს ფულადი ვალდებულება. ანუ საეჭვოა ის ადგილი, სადაც მოვალის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდა ჩაითვლება ვალდებულების ჯეროვან შესრულებად და ამით ვალდებულება შეწყდება.
29. განსახილველ შემთხვევაში ხელწერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ნასყიდობის გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებას კისრულობდა ბანკის მეშვეობით, განწილვადებით, ყოველთვიურად გადახდით, რაც მართებულად მიიჩნია სააპელაციო პალატამ იმ პირობაზე მხარეთა შეთანხმებად, რომ მოპასუხე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეასრულებდა ვალდებულებას. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის მიხედვით, რაც გამორიცხავდა სსკ-ის 386-ე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას, ხელშეკრულების შესრულების ადგილი მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს ემთხვეოდა, რის გამოც დავა სსსკ-ის 16.2 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესის დაცვით მართებულად განიხილა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი