Facebook Twitter

საქმე №ას-988-2023 24 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.რ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით პ.რ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების: ა.რ–ძისა (დაბადების თარიღი 24.12.2010წ.) და ა.რ–ძის (დაბადების თარიღი 13.04.2018წ.) რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 300 ლარის (ჯამში ყოველთვიურად 600 ლარის) გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2022 წლის 25 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან გარემოებათა შეცვლამდე (დროებითი განკარგულების თაობაზე 26.01.2022წ. განჩინების შესაბამისად გადახდილი თანხების გათვალისწინებით).

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შეეძინათ

2.2. ორი შვილი: ა.რ–ძე (დაბადების თარიღი 24.12.2010წ.) და ა.რ–ძე (დაბადების თარიღი 13.04.2018წ.);

2.3. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება 2020 წელს შეწყდა;

2.4. ა.რ–ძე და ა.რ–ძე ცხოვრობენ დედასთან;

2.5. მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ იუსტიციის სახლში. მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 1200 ლარია;

2.6. მოპასუხე დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 1300 ლარია;

2.7. მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულება - იპოთეკური სესხი (23.08.2018წ. - 25.03.2028წ.), რომლის გადახდის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიური გადასახდელია საშუალოდ 370 ლარი;

2.8. მოპასუხეს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (806 კვ.მ.), აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (2905 კვ.მ.), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (4179 კვ.მ.), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (4884 კვ.მ.), სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (1135 კვ.მ), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (2355 კვ.მ);

2.9. ა.რ–ძე დადის ინგლისური ენის სკოლაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 ლარს;

2.10. ა.რ–ძე დადის სამხატვრო სკოლაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს;

2.11. ა.რ–ძის მოვლის სანაცვლოდ მოსარჩელე იხდის ანაზღაურებას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით და მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია. მხარეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი, რომლებიც საჭიროებენ რჩენისა და აღზრდისთვის სათანადო სახსრებს.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდგინდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებებიც. სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არასრულწლოვნების ასაკი, განვითარებისათვის აუცილებელი პირობები, განათლების მიღების უფლების უპირატესობა, საარსებო მინიმუმის ოდენობა და ზოგადად, არასრულწლოვნების იმ პირობებში ყოფნის შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე შექმნილი აქვთ. შესაბამისად, პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტის თანხა სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია არასრულწლოვნის ინტერესების და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

6. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული დავა არ საჭიროებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან დამატებითი დასკვნის არსებობას, ვინაიდან დავა მოიცავს მხოლოდ ფინანსური კუთხით შესაფასებელ გარემოებებს. შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. მოპასუხის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს ხელფასი, 1300 ლარის ოდენობით, საიდანაც იგი იხდის იპოთეკურ სესხს - 370 ლარს ყოველთვიურად. სესხი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სახლით, რომელიც მოპასუხემ საჩუქრად გადასცა შვილს და რომლის ღირებულებაც 30 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი როგორც მოპასუხისაგან უკვე გამოხატული ფინანსური ზრუნვა შვილებზე. გარდა ამისა, მათემატიკური გათვლით, ალიმენტის - 600 ლარის დაკისრების შემთხვევაში საფრთხე ექმნება არასრულწლოვნის ქონებას, რადგან მოპასუხის მთლიანი შემოსავალი თვეში შეადგენს 1300 ლარს და, თუ იგი ყოველთვიურად გადაიხდის ალიმენტს 600 ლარის ოდენობით, ასევე სესხს 370 ლარის ოდენობით, მას შემოსავლის სახით რჩება 330 ლარი, რაც იმდენად მცირე თანხაა, რომ იგი ვერ მოახერხებს სამსახურში გამოცხადებასაც კი. იგი ცხოვრობს სოფელში და სამსახური ტერიტორიულად მდებარეობს ქალაქ გორში, რაც გულისხმობს დამატებით სატრანსპორტო ხარჯებს. ამ გათვლით იგი ვერ შეძლებს მუშაობას, ვერ მიიღებს შემოსავალს და ვერ გადაიხდის საბანკო კრედიტს;

12.2. სასამართლომ საქმეში არ ჩააბა ბავშვთა ინტერესების დამცველი შესაბამისი სამსახური და ადვოკატები. შედეგად დააკმაყოფილა ისეთი ღონისძიების მოთხოვნა, რომლის განხორციელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მის აღზრდა-განვითარებას.

13. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე [მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ], 1234.1. [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან], 1198.2. [მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება] და 1202.1. მუხლები [მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ].

14. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2. მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

15. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ალიმენტის ოდენობას.

16. სსკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).

18. საკასაციო პალატის განმარტებით, შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 600 ლარის ყოველთვიურად დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

20. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის პრეტენზია მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (იხ. სუსგ საქმე №ას-861-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII) (იხ. სუსგ საქმე №ას-861-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

23. რაც შეეხება საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართვის საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემული დავა არ საჭიროებდა აღნიშნული ორგანოს ჩართვას და არ არსებობდა 2022 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს პ.რ–ძეს (პ/ნ N......) დაუბრუნდეს ი. ხ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2023 წლის 25 სექტემბრის №18709999473 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი