Facebook Twitter

საქმე №ას-965-2022 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ S.R.G.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ S.R.G.“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 654.98 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 08 მაისს მოპასუხესა (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო საქონლის შესყიდვის შესახებ №შს/19-114 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა წყვილთვლის თვალი: 100 ცალი Stadlel Kiss სერიის ელექტრომატარებლის მისაბმელი წყვილთვლის თვალი, ერთეულის ფასი 1709.1660 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე და 100 ცალი Stadlel Kiss სერიის ელექტრომატარებლის მოტორული წყვილთვლის თვალი, ერთეულის ფასი 1882 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე. სულ ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 359 116.60 აშშ დოლარი, დღგ-ის ჩათვლით - 423 757.59 აშშ დოლარი. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 100 დღის ვადაში ხელშეკრულების დადებიდან ორ ეტაპად: 70 დღის განმავლობაში მიმწოდებელს უნდა მიეწოდებინა 24 ცალი მოტორული და 40 ცალი მისაბმელი თვალი, სულ ღირებულებით 113 534.64 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო დანარჩენი საქონელი - დარჩენილ ვადაში (ს.ფ. 16-30; 2-15);

2.2. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი ეტაპობრივად მიაწოდა შემსყიდველს: 8 ერთეული მოტორული წყვილთვილის თვალი 2019 წლის 08 ივლისს, 91 მოტორული და 90 მისაბმელი თვალი - 2019 წლის 21 აგვისტოს, ხოლო 10 ცალი მისაბმელი და 1 ერთეული მოტორული - 2019 წლის 23 სექტემბერს (ს.ფ. 32-34; 2-15);

2.3. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვის მეთოდზე, რომლის თანახმად, „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებული იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს" (ს.ფ. 16-30);

2.4. 8 ცალი მოტორული თვალი - პირველი ეტაპით განსაზღვრული საქონელი მოპასუხეს მიეწოდა ვადაში, 17.07.2019 წლამდე; დანარჩენი 56 ერთეული, ღირებულებით 98 478 აშშ დოლარი, მიეწოდა 35-დღიანი დაგვიანებით, 21.08.2019 წელს; მეორე ეტაპით განსაზღვრული საქონელი - 136 ერთეული, ღირებულებით 245 582.6 აშშ დოლარი, მიეწოდა შემდეგნაირად: 125 ერთეული (ღირებულებით 226 609 აშშ დოლარი) 5-დღიანი დაგვიანებით - 23.08.2019 წელს, ხოლო 1 მისაბმელი და 10 მოტორული თვალი (ღირებულებით 18 973.6 აშშ დოლარი) 38-დღიანი დაგვიანებით (ს.ფ. 42-51; მხარეთა ახსნა-განმარტება);

2.5. მოპასუხემ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო - 17 955.75 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებით, საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო (ს.ფ. 35; 2-15; 42-51);

2.6. მოპასუხემ მოსარჩელეს ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ასანაზღაურებელი ოდენობიდან დაუკავა და არ გადაუხადა 17 955.75 აშშ დოლარი (ს.ფ. 35; მხარეთა ახსნა-განმარტება);

2.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, საბოლოოდ, წარმატებით შესრულდა და შემსყიდველ ორგანიზაციას არ ჰქონია პრეტენზია მიწოდებული საქონლის ხარისხზე. ამასთან, მოსარჩელე ეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრებას 5300.77 აშშ დოლარის ნაწილში და ითხოვს დარჩენილი 12 654.98 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ (ს.ფ. 32-34; 2-15; მხარეთა ახსნა-განმარტება).

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო დარღვეული (შეუსრულებელი) ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო ნასყიდობის საფასურის ურთიერთგაქვითვა შემცირებული თანხის პროპორციულად უნდა განხორციელებულიყო.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო - 17 955.75 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებით, საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო. ხოლო, პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ვადადარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 5300.77 აშშ დოლარით.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება ყოველთვის სუსტი, დაუცველი, გაუცნობიერებელი მხარის კერძო-სამართლებრივი უფლებების დაცვას არ ემსახურება, მაგალითად, მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელე არ არის სუსტი მხარე და პირგასამტეხლოს მოცემული ოდენობაც მხარეთა შეთანხმების საგანია, თუმცა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს საანგარიშო პერიოდზე, მთლიანი შესრულების ღირებულებაზე, ვადაგადაცილებული შესრულების მოცულობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციიდან გამომდინარე, მით უფრო, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება არის ძალიან მაღალი, იმ გარემოების მხედველობაში მიღების გარეშე, თუ ვადაგადაცილების რა პერიოდია სახეზე და ვადაგადაცილებული შესრულების ღირებულება რა ოდენობის არის, არასამართლიანი იქნება პირგასამტეხლოს იმ პრინციპით დაანგარიშება, რომ მისი დაკისრება მოხდეს არა ვადაგადაცილებული პერიოდისათვის, შესრულების ვადაგადაცილებული მოცულობის მხედველობაში მიღების გარეშე, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას პირს პირგასამტეხლო დაეკისრება უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილზეც, პირგასამტეხლო დაკარგავს თავის ფუნქციას და ის მხარისათვის არაპროპორციულ სახელშეკრულებო ტვირთად იქცევა.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე და 442.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება პროდუქციის მიწოდების შესახებ შეასრულა, მოპასუხეს კი ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება - 17 955.75 აშშ დოლარის ნაწილში არ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს შემხვედრი მოთხოვნა ვადის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით, რომლის ღირებულებამ 5 300.77 აშშ დოლარი შეადგინა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლით მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება 5300.77 აშშ დოლარის ნაწილში აღარ აქვს, ხოლო დარჩენილი 12 654.98 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით აღძრული მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. ხელშეკრულებით დაწესებული 5% არის ის ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგაც (კერძოდ, ეს მოხდებოდა ვალდებულების შესრულების ვადის 50 დღით გადაცილების შემთხვევაში (0.1 X 50 დღეზე - 5%)) საერთოდ ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა. მხარის მიერ საქონლის მიწოდების ვადაგადაცილება 68 კალენდარული დღე გაგრძელდა, შესაბამისად, გამოსაყენებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც 6,8 % (0,1 X 68) იქნებოდა, რაც ხელშეკრულებით დადგენილ პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს აღემატება. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს 68 დღეზე კი არ დაარიცხა პირგასამტეხლო, არამედ - 50 დღეზე და გადასარიცხი თანხიდან დაუკავა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%, რამაც თანხობრივად 52826,18 ლარი (17955,75 აშშ დოლარი) შეადგინა. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირება ემსახურება მოსარჩელის დაუდევრობის წახალისებას;

12.2. განსახილველ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დათქმულ ვადებში მიწოდებას, რაც ზაფხულის პიკურ სეზონს ემთხვევა, როდესაც ბათუმის მიმართულებით მგზავრობის მოთხოვნა იზრდება და აუცილებელი ხდება მატარებლების დამატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არ იყო მხარეთა შორის პირველი სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხარეებს ათეულობით კონტრაქტი აქვთ გაფორმებული ერთმანეთთან. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო პირგასამტეხლოს დარიცხვის მეთოდი.

13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

18. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშება არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ - ვადადარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანია.

21. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1766,45 ლარის 70% – 1236,51 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს.რ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 26 ივლისს №188 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1766,45 ლარის 70% – 1236,51 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი