Facebook Twitter

საქმე №ას-942-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ.ჯ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2245/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელის პირვანდელ ან ტოლფას სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით დარიცხული 20 400 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 06.09.2005 წლიდან - 27.02.2020 წლამდე დასაქმებული იყო სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა დარიცხულ 1200 ლარს.

2.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.11.2019წ. N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წ. N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვით, სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნულმა, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, რომლის ფარგლებშიც, ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირება. შედეგად, სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანებით სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება.

2.3. სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანებით სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგინდა ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერა, ზოგადი უნარები ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება.

2.4. მოპასუხემ 02.12.2019წ. ხელწერილით მოსარჩელეს გააცნო გაფრთხილება სამსახურში დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

2.5. სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 17.12.2019წ. N13703/კ ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ კომპონენტში მოსარჩელის მიერ მიღებული ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები - 61 ქულა 80 მაქსიმუმიდან, სახელმწიფო ენის მართლწერა -53 ქულა 80 მაქსიმუმიდან და პროფესიული განათლება - 50 ქულა 50 მაქსიმუმიდან. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, აღნიშნული კომპონენტის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 10.01.2020წ. N401/კ ბრძანებით დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.

2.6. 2020 წლის 17-18 იანვარს მოსარჩელესთან ჩატარდა გასაუბრება სააგენტოს მიერ შექმნილ კომისიაში. ჩატარებული გასაუბრების ოქმი N19-დან ამონაწერის თანახმად: სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მოსარჩელემ კომისიის მიერ სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მუშაობს სამოქალაქო აქტების მიმართულებით და დღეში განიხილავს 20-30 განცხადებას, ასევე, მომდევნო დღის დასასრულებელ მასალას, თუმცა ძალიან დატვირთული არ არის და კმაყოფილია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით; ამასთან, მომავალში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით გამოთქვა უკმაყოფილება.

2.7. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად დღის წესრიგში დგას სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება, რის ფონზეც თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ვიდრე ეს რეორგანიზაციამდე იყო საჭირო, კომისიის მოსაზრებით, მოსარჩელე, გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით, ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი. მოსარჩელეს საქმის მომზადების სტადიაზე გასაუბრების ოქმი და მისი შინაარსი, ასევე, კომისიის კომპეტენცია სადავოდ არ გაუხდია.

2.8. სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020წ. N2245/კ ბრძანებით მოსარჩელესთან 27.02.2020 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 27.02.2020 წელს.

2.9. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირებისა და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები აქვთ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურებისა და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობს, რის შედეგადაც 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ამჟამად არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად, ოპტიმიზაციის შედეგად ფუნქციონირებას განაგრძობს 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნება. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად ფუნქციონირებას განაგრძობს 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, განხორციელდა ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.

2.10. მოსარჩელეზე გაიცა 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია.

2.11. მოსარჩელემ 02.03.2020 წელს მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, ასევე, 2005 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე ინფორმაცია სამსახურებრივი მდგომარეობისა და ჩაბარებული გამოცდების შესახებ.

2.12. 02.03.2020 წლის განცხადების პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს 10.03.2020 წელს გაუგზავნა პირადი საქმე, ამასთან, წერილობით პასუხში მიუთითა, რომ დასაქმებულს შრომის წიგნაკი გადაეცემოდა სააგენტოს ქ. თბილისის იუსტიციის სახლში მდებარე ოფისში.

2.13. რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო 615 საშტატო ერთეული, თვის სახელფასო ფონდი 813 200 ლარი და წლიური სახელფასო ფონდი 9 758 000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ შტატების რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის სახელფასო ფონდი 749 900 ლარით და წლიური სახელფასო ფონდი 9 000 000 ლარით.

2.14. სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეორგანიზაციამდე იყო 104 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1; სამსახურის უფროსის მოადგილე - 2; მთავარი სპეციალისტი - 73, აქედან 3 ვაკანტური; სპეციალისტი 28, აქედან 5 ვაკანტური. ხოლო, რეორგანიზაციის შემდგომ შემცირდა 95-მდე. აქედან სამსახურის უფროსი - 1 - ვაკანტური; სამსახურის უფროსის მოადგილე - 2 - ვაკანტური; მთავარი სპეციალისტი - 69 და სპეციალისტი - 23. გაუქმდა 9 საშტატო პოზიცია (5 სპეციალისტისა და 4 მთავარი სპეციალისტის).

2.15. სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლების თვიური თანამდებობრივი სარგოების ჯამური ოდენობა სააგენტოს თავმჯდომარის 29.11.2019წ. N12682/კ ბრძანებით დაწყებულ რეორგანიზაციამდე იყო 119 800 ლარი და რეორგანიზაციის შემდგომ პერიოდში 118 150 ლარი.

2.16. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა - განმარტებით, სამსახურის ყოფილი უფროსი და უფროსის მოადგილეები გადაინიშნენ მთავარი სპეციალისტების პოზიციაზე. ამასთან, ვინაიდან ვერ შეირჩა უფროსისა და მოადგილეების კანდიდატურები, მათი უფლებამოსილების შესრულება დროებით დაევალათ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მყოფ ყოფილ უფროსსა და მოადგილეებს. რეორგანიზაციის შემდგომ უფროსისა და მოადგილეების ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი არ გამოცხადებულა.

2.17. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო, ვაკანტური იყო 1 სპეციალისტის პოზიცია თვეში დარიცხული 1100 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურებით. მოსარჩელეს სარჩელში სხვა ტოლფასი თანამდებობა არ მიუთითებია და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა არ მოუთხოვია. ამასთან, ვაკანტურ პოზიციებთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების მიღების შემდეგ მოსარჩელემ სამსახურში აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ სასამართლოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

2.18. სააგენტოს რეორგანიზაცია მართლზომიერად განხორციელდა, რადგან არსებობდა ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობა, თუმცა მოპასუხის მიმართ გამოვლენილი ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია.

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ვერ ჩაერევა, ვერ განსაზღვრავს და ვერ მიუთითებს, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულის და რა სახით ან რომელი თანამდებობის არსებობას საჭიროებს და რომლის არა, ან როგორ უნდა გადანაწილდეს დატვირთვა რეორგანიზაციის შემდგომ შერჩეულ პოზიციებზე დარჩენილ პირებს შორის, ვინაიდან მოპასუხე ახორციელებს საჯარო მმართველობას მიკუთნებულ საქმიანობას და აღნიშნულს წყვეტს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ზემდგომი ორგანო. ხოლო, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცების შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუმცა მოსარჩელეს დასახელებული აქტი არ გაუსაჩივრებია. ამდენად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ვერ შეამოწმებს. წინამდებარე დავის ფარგლებში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისა და შეფასების საგანია - რამდენად მართებულად მოახდინა რეორგანიზაციის პროცესში დამსაქმებელმა დასატოვებელი და გასათავისუფლებელი პირების შერჩევა/გადარჩევა, შესთავაზა თუ არა მოსარჩელეს რეორგანიზაციის დროს დასაქმებულის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით არსებული ყველა ვაკანსია, რათა თავიდან აეცილებინა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ასევე, რეორგანიზაციის დროს სააგენტოს გააჩნდა თუ არა წინასწარ დადგენილი სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები, რითაც იხელმძღვანელებდა დასაქმებულებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, სააგენტოს რეორგანიზაციამდე იყო 3 მენეჯერული პოზიცია, რეალურად დაკავებული 70 მთავარი სპეციალისტისა და 23 სპეციალისტის პოზიცია, ანუ ჯამში რეორგანიზაციამდე რეალურად დაკავებული პოზიცია იყო 96 (3+70+23=96); რეორგანიზაციის შემდგომ დარჩა 95 საშტატო პოზიცია, საიდანაც 3 მენეჯერული პოზიცია არის ვაკანტური. ფაქტობრივად, მთავარი სპეციალისტის ერთი შტატი შემცირდა და დარჩა 69, ხოლო სპეციალისტის შტატი რეალურად არ შემცირებულა (23). ამდენად, ნათელია, რომ რეალურად მოხდა ერთი შტატის შემცირება, რეორგანიზაციამდე დაკავებული იყო 96 შტატი, რეორგანიზაციის შემდგომ კი არის 95. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი უფროსი და მოადგილეები, რომლებიც მენეჯერულ ფუნციებს ასრულებდნენ, რეორგანიზაციის შედეგად მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე გადაინიშნენ, რაზეც მოსარჩელეც იყო დასაქმებული და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეითავსეს და კვლავაც ითავსებენ მათ მიერ ადრე დაკავებულ უფროსისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს უფროსისა და მოადგილეებისათვის განსაზღვრული ანაზღურებით. აღსანიშნავია ასევე, რომ რაიმე დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები, საქმეში წარდგენილი არ არის.

5. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ორგანიზაციული ცვლილების შედეგად გათავისუფლებამდე არსებული და მოსარჩელის კვალიფიკაციისა და უნარ - ჩვევების შესაბამისი ყველა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა, ამასთან ტოლფასი პოზიცია არ ნიშნავს მაინცდამაინც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არსებულ პოზიციაზე იერარქიულად დაბლა მდგომ და ნაკლებ ანაზღაურებად პოზიციას, რადგან ტოლფასი სამუშაოს შეფასებისას ხდება კონკრეტული პოზიციისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების შეპირისპირება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებთან და არა გასამრჯელოს ოდენობასთან.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ სააგენტოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა საწარმოს რეორგანიზაცია; დადგენილია ასევე, რომ რეორგანიზაციას შედეგად აუცილებლად მოყვებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის - მთავარი სპეციალისტის შემცირება, თუმცა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თავიდან აცილებისათვის მან მოსარჩელეს შესთავაზა ყველა ვაკანტური თანამდებობა, რომელსაც მოსარჩელის უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია ითვალისწინებდა; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაზღვრული ჰქონდა კრიტერიუმები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანდიდატებთან მიმართებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარდაუვალობა მოსარჩელის მიერ ტესტირების შედეგად მიღებული ქულების სხვა პირების მიერ ტესტირების შედეგად მიღებულ ქულებთან შეპირისპირებით; ამასთან, მოპასუხეს არ ჰქონდა დადგენილი კანდიდატების გასაუბრების შედეგების ქულობრივი შეფასება და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ერთადერთ არგუმენტად მიუთითა მხოლოდ მისი უარყოფითი დამოკიდებულება მომავალში შესაძლო გაზრდილ სამუშაოსთან მიმართებით, თუმცა გასაუბრების ოქმში მითითებული არ არის და მოსარჩელეს უარი არ განუცხადებია დანიშვნის შემთხვევაში მომავალში შესაძლო გაზრდილი სამუშაოს შესრულებაზე.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37.1.ა მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე მუხლებით და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო ბრძანება, როგორც არამართლზომიერი სამოქალაქო სამართლებრივი ნება.

8. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 მუხლით და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო, ხოლო მოსარჩელეს ტოლფასი თანამდებობის შესახებ სარჩელში არ ჰქონდა მითითებული და წინააღმდეგი იყო დაეკავებინა სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია, მართებულად მიიჩნია მოსარჩელისათვის 18 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ კომპენსაციის სახით მიღებული 1 თვის ანაზღაურების გამოკლებით (ჯამში 20 400 ლარის ოდენობით).

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. სააგენტოს რეორგანიზაციის დასრულების პერიოდში სხვა მსგავსი შტატი ვაკანტური საერთოდ არ ჰქონია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ დავის განხილვის პერიოდში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინა განახლებული ინფორმაცია სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური პოზიციების შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი - სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია (ვაკანტური პოზიცია არსებობდა დავის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობის დროისთვის და არა რეორგანიზაციის დასრულებისას. რეორგანიზაციის დასრულების დროს ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა), თუმცა მოსარჩელემ ეს უკანასკნელი ტოლფასად არ მიიჩნია და მასზე აღდგენა არ ისურვა;

16.2. მოსარჩელის გათავისუფლების დროს სააგენტოს არ ჰქონდა ვაკანტური პოზიციები. მეტიც, რეორგანიზაციამდე არსებული ვაკანტური პოზიციები გაუქმდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ორივე ინსტანციიის სასამართლო აღიარებს, რომ რეორგანიზაციამდე არსებული ვაკანტური პოზიციები გაუქმდა (და არა მხოლოდ ვაკანტური პოზიციები გაუქმდა, არამედ დაკავებული საშტატო ერთეულების რიცხოვნობაც შემცირდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მათზე დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლება) და რეორგანიზაციის შემდეგ მხოლოდ 3 ვაკანტური საშტატო პოზიციაა (სამსახურის უფროსისა და მისი ორი მოადგილის) დარჩენილი, გაურკვეველია რომელ ტოლფას ვაკანტურ პოზიციაზეა საუბარი გასაჩივრებულ განჩინებაში, რაზე დასაქმებაც არ შესთავაზა სააგენტომ მოსარჩელეს;

16.3. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს სააგენტომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარდაუვალობა მოსარჩელის მიერ ტესტირების შედეგად მიღებული ქულების სხვა პირების მიერ მიღებულ ქულებთან შეპირისპირებით. თანამშრომლების შეფასება ხდებოდა არა მხოლოდ ტესტირების, არამედ გასაუბრების საფუძველზე. სააგენტოს რეორგანიზაციის ჩატარების გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისია კი წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან რგოლს, რომელიც ერთობლიობაში აფასებდა პირის საკონკურსო შედეგებს, სამუშაო სპეციფიკას, მოტივაციას, დასაქმებულის დატვირთულობასა და რეორგანიზაციით გამოწვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს. გასაუბრების ეტაპი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ზემოაღნიშნულის გარდა, ყურადღება ექცეოდა დასაქმებულთა ხედვას სააგენტოს შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ მოტივაციასა და დამოკიდებულებას მათი ცოდნის მიმართ. გასაუბრების ეტაპი ყოველთვის ყველა ვაკანსიისა თუ მსგავსი პროცესის განუყოფელი კომპონენტია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აქცენტის მხოლოდ ტესტირების ეტაპზე გაკეთება არის არაობიექტური და საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის საშუალებას არ იძლევა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს, ისევე როგორც ყველა სხვა თანამშრომელს, პროფესიული კითხვები გასაუბრების ეტაპზეც დაესვათ, თუმცა ზეპირი ფორმით, როგორც გასაუბრების ოქმიდან ირკვევა, გაუჭირდა არგუმენტირებული პასუხის გაცემა;

16.4. რაც შეეხება სასამართლოს ძირითად არგუმენტს, თითქოს მოპასუხეს არ ჰქონდა დადგენილი კანდიდატების გასაუბრების შედეგების ქულობრივი შეფასება, ეს არ წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, ვინაიდან ქულობრივი სისტემის არსებობის პირობებშიც, მითუმეტეს, როდესაც ქულის მინიჭება გასაუბრების ეტაპზე უფრო მეტად არის დაკავშირებული სუბიექტურ ფაქტორებთან, მაინც შეფასების საკითხი გახდებოდა კონკრეტული ქულის მინიჭების დროს კომისიის ობიექტურობა, ხოლო ამ საკითხის გამოკვლევის დროს შესაფასებელი იქნებოდა უშუალოდ გასაუბრების ოქმი. შედეგად, საბოლოოდ მაინც გასაუბრების ოქმის კვლევამდე და მის შეფასებამდე მივიდოდით, რაც მოცემულ დავაში ისედაც შეფასების საგანია და თავისთავად გასაუბრების ეტაპზე ქულობრივი სისტემის არარსებობა, საქმის გარემოებათა შეფასების კუთხით, დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს;

16.5. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ მისი უარყოფითი დამოკიდებულება მომავალში შესაძლო გაზრდილ სამუშაოსთან მიმართებით, თუმცა მას უარი არ განუცხადებია დანიშვნის შემთხვევაში მომავალში შესაძლო გაზრდილი სამუშაოს შესრულებაზე. აღნიშნული მსჯელობა არ არის საკითხის ყოველმხრივი შეფასება. სააგენტოში დასაქმებულთა რიცხვი 1000-ზე მეტია, რეორგანიზაციის დროს უნდა გადაწყდეს შემცირებული სამუშაო ძალის გამო გასათავისუფლებელ თანამშრომელთა ვინაობა, ხოლო კომისია არის პროცესის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელსაც გარდამტეხი როლი აკისრია თანამშრომელთა შეფასებაში, ვინაიდან იგი შეფასებას ახორციელებს თანამშრომლის მიერ მიღებული ქულებისა და გასაუბრების ეტაპზე დატოვებული შტაბეჭდილების გათვალისწინებით. იმ პირობებში კი, როდესაც კომისიის შემადგენლობას სამუშაო პროცესში უშუალო შეხება არ აქვს თანამშრომელთა 99,9 პროცენტთან, გასაუბრების ეტაპზე შექმნილი შთაბეჭდილება წარმოადგენს პირის შეფასების მნიშვნელოვან ფაქტორს;

16.6. სამართლომ თავი აარიდა გასაუბრების ოქმში აღნიშნული სხვა საკითხების დასახელებას, კერძოდ, გარდა განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებისა, მოსარჩელეს ასევე დაესვა შემდეგი კითხვები: რა არის მისი ფუნქცია-მოვალეობები; როგორია მისი სამუშაო გამოცდილება; როგორია მისი სამუშაო დატვირთვა; რა ცვლილებებია განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის; აგრეთვე, პროფესიული კითხვები მისი ფუნქცია-მოვალეობებისა და პოზიციის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კომისიის ეს კითხვები ყველა კანდიდატისთვის საერთო იყო, რათა ერთი და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემით უფრო მარტივი ყოფილიყო თანამშრომლების ურთიერთშედარება. ოქმში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს გაუჭირდა ზემოთ დასახელებულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა, შესაბამისად, ცალსახად იკვეთება, რომ გასაუბრების ფორმატში მას გაუჭირდა პასუხი გაეცა, მათ შორის, პროფესიულ კითხვებზე. გასაუბრების ოქმის შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კანდიდატებს დაესვათ დამატებითი/დამაზუსტებელი კითხვები. ვინაიდან მოსარჩელეს გაუჭირდა ჩამოთვლილ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა, მას დაესვა დამატებითი შეკითხვები (გასაჩივრებულ განჩინებაში მხოლოდ ეს დამატებითი კითხვები აისახა);

16.7. სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 95 საშტატო პოზიცია, საიდანაც 3 მენეჯერული პოზიცია გახდა ვაკანტური; ფაქტობრივად, მთავარი სპეციალისტის შტატი შემცირდა ერთით და გახდა 69, ხოლო სპეციალისტის შტატი რეალურად არ შემცირებულა. აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება. საშტატო პოზიციების დათვლისას გაუგებარია, რატომ არ მიიღო სასამართლომ მხედველობაში ის გარემოება, რომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი და 2 მოადგილე (სულ 3 შტატი) დაინიშნენ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. შესაბამისად, თუ რეორგანიზაციამდე სამსახურში მთავარი სპეციალისტის 70 დაკავებული საშტატო პოზიცია იყო, რეორგანიზაციის შემდგომ გახდა 69, რომელთაგან 3-ზე დაინიშნა სამსახურის უფროსი და მისი 2 მოადგილე, რომლებიც რეორგანიზაციამდე არსებულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ და არა მთავარი სპეციალისტების ფუნქცია-მოვალეობებს. აღსანიშნავია, რომ შტატის არსი განისაზღვრება არა მისი დასახელების, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციური დატვირთვით არსებობს იგი და რამდენია მისი თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, მსგავსი ფუნქციური დატვირთვით სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს მხოლოდ 66 მთავარი სპეციალისტის შტატი. ე.ი. სამსახურიდან გათავისუფლდა 4 საშტატო პოზიციაზე მყოფი მთავარი სპეციალისტი;

16.8. სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რატომ არ გაითვალისწინა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლითაც დასტურდებოდა მოსარჩელის შემოსავლები და რატომ არ მიიღო მხედველობაში აღნიშნული მონაცემები სააგენტოსთვის კომპენსაციის დაკისრების დროს. სააგენტოს ძირითადი არგუმენტი კომპენსაციის ნაწილში დაკისრებული თანხის შემცირებისთვის სწორედ ამ მტკიცებულებას და მის შინაარსს ემყარებოდა;

16.9. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეს მუშაობა დაწყებული აქვს გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ და ამ პერიოდიდან უწყვეტად უფიქსირდება შემოსავალი სხვადასხვა დამსაქმებლებისგან, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გაცემული ცნობის მიხედვით, 2021 წლის 10 დეკემბრამდე (ცნობის გაცემის თარიღამდე), სააგენტოდან მიღებული შემოსავლების გარდა, მოსარჩელეს ხელფასის სახით უფიქსირდება ჩარიცხვა ჯამში 41 738,62 ლარის ოდენობით (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან - 6 049,31 ლარი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან - 5 760 ლარი, შპს „ი–ან“ – 5 000 ლარი, შპს „კ-მ–დან“ – 7 500 ლარი, შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–დან" - 14 020,2 ლარი და შპს ქ. თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრიდან 3 409,11 ლარი). აღსანიშნავია, რომ სააგენტოში საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მისი შემოსავალი ამ პერიოდისთვის იქნებოდა 25 200 ლარი, ე.ი. სააგენტოდან გათავისუფლების გამო მოსარჩელეს არათუ ფინანსური ზიანი მიადგა, არამედ, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო სხვა დამსაქმებლებისგან;

16.10. აღნიშნული ცნობა საქმეში არ არსებობდა მისი პირველ ინსტანციაში განხილვის პერიოდისთვის და საქალაქო სასამართლომ ამ ინფორმაციის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მხარემ საკუთარი ინიციატივით წარადგინა დასახელებული ცნობა საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე, ცალსახაა, რომ ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვალა და, სულ მცირე, უნდა შეცვლილიყო ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიც.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; Nას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). კერძოდ, თუ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

20. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

21. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

22. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; Nას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი).

24. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა სააგენტოს თანამშრომელთა შესაბამისობის/კვალიფიკაციის შეფასების უზრუნველსაყოფად ჩატარებული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების უპირობო აუცილებლობა. დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე სააგენტოში იყო მთავარი სპეციალისტის 73 შტატი, მათ შორის, 3 ვაკანტური, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა მთავარი სპეციალისტის 69 შტატი, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ, ფაქტობრივად, მთავარი სპეციალისტის მხოლოდ ერთი შტატი შემცირდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულმა სამმა თანამშრომელმა ხარგრძლივი დროის განმავლობაში შეითავსა და კვლავაც ითავსებენ მათ მიერ ადრე დაკავებულ უფროსისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს, უფროსისა და მოადგილეებისათვის განსაზღვრული ანაზღაურებით. ანუ, რეალურად, თანამდებობიდან გათავისუფლდა სააგენტოში დასაქმებული მხოლოდ 4 მთავარი სპეციალისტი; გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სააგენტოში დასაქმებული იყო 06.09.2005 წლიდან - 27.02.2020 წლამდე პერიოდში, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და მისი კომპეტენცია და გამოცდილება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამო იყო; დადგენილია, რომ მოსარჩელემ პროფესიული განათლების ტესტში მაქსიმალური - 50 ქულა მიიღო, ხოლო სააგენტომ სათანადო არგუმენტებზე დაყრდნობით ვერ დაასაბუთა გასაუბრების შედეგად კომისიის მიერ მიღებული შეფასება, რომ მოსარჩელე ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ იყო მიზანშეწონილი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დასაქმებულების გადარჩევა მოხდა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, არ წარმოადგენს მოსარჩელესთან მიმართებით დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას. მით უფრო იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელს არანაირი ზომა არ მიუღია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის შემდგომი დასაქმებისათვის.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაციის პროცესის განხორციელების ფაქტი, ცალკე აღებული, არ წარმოშობს დამსაქმებლის მართლზომიერად ქცევის პრეზუმფციას, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების მსგავსად, დასაბუთებული და განსაზღვრადი უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება სათანადოდ და საკმარისად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით დავებზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე Nას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; Nას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; Nას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; Nას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).

27. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ასევე, მოსარჩელის სააგენტოში მუშაობის ხანგრძლივობისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ამ დროის განმავლობაში დამსაქმებელს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ხარისხთან ან/და მის კომპეტენციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, საკასაციო სასამართლო მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას (18 თვის შრომის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ კომპენსაციის სახით მიღებული ერთი თვის შრომის ანაზღაურების გამოკლებით (20 400)), გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს. კასატორმა ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რაც კომპენსაციის ოდენობის არამართლზომიერებას დაადასტურებდა.

28. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 16.9 პუნქტში მოცემულ საკასაციო პრეტენზიას, კასატორი თავადვე მიუთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 16.10 პუნქტი), რომ მტკიცებულება მოსარჩელის სხვა სამსახურში დასაქმების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულ გარემოებაზე მითითება და შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა კი, უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კვლევისას მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ისეთი მტკიცებულებები, რომელთა წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეს ევალებოდა და მან არ წარადგინა.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

31. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1020 ლარის 70% – 714 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ N2....) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 05 აგვისტოს №57314 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1020 ლარის 70% – 714 (შვიდას თოთხმეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი