Facebook Twitter

საქმე №ას-930-2022 20 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით სს „ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ს–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გენერალური დირექტორის 16.09.2020წ. N1-1/2415 ბრძანება მოსარჩელისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების, დასაქმებულის გათავისუფლებისა და მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 16.09.2020წ. N1-1/2386 ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 4 475 ლარის ოდენობით; სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 01 თებერვალს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე დასაქმდა აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში N6 „თრაბელშუთინგის” ჯგუფის „თრაბელშუთერის” თანამდებობაზე.

2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 895 ლარს (გადასახადების ჩათვლით).

2.3. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვარი.

2.4. მოპასუხის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის 07.08.2020წ. N1-1/1995 ბრძანებით ხელშეკრულების პირობებში შევიდა ცვლილება და მოსარჩელე დაინიშნა კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების „თრაბელშუთინგის” ჯგუფში.

2.5. მოპასუხის აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 16.09.2020წ. N1-1/2386 ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა შემდეგში: არ ჩაერთო აბონენტთან მომსახურების პროცესში და არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია/მოვალეობა. დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი გახდა ე.გ–ის სამსახურებრივი ბარათი.

2.6. მოპასუხის გენერალური დირექტორის 16.09.2020წ. N1-1/2415 ბრძანებით მოსარჩელეს - აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის, კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების N6 „თრაბელშუთინგის” ჯგუფის „თრაბელშუთერს”, 2020 წლის 15 სექტემბრიდან სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო (შინაგანაწესის უხეში დარღვევა) გამოეცხადა სასტიკი საყვედური და 2020 წლის 17 სექტემბრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები განისაზღვრებოდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ისა და დამსაქმებლის შინაგანაწესის შესაბამისად, ხოლო 4.1 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის საერთო მოვალეობები განისაზღვრებოდა ხელშეკრულებით, შიდა ინსტრუქციებითა და დამსაქმებლის შინაგანაწესით; საქმეში წარდგენილია თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლის თანახმად, „თრაბელშუთერების” ფუნქცია-მოვალეობებია: აბონენტთან კომუნიკაცია ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის პროცესში; აბონენტთა ურთიერთობის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა სამუშაო პროცესში; აბონენტთა ჩივილის შედეგად დაფიქსირებული დიაგნოსტიკა ჯგუფური დაზიანებების იდენტიფიკაციის ჩათვლით; ტექნიკური პროცედურის გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება: პრობლემების იდენტიფიკაცია, იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ან მათი დელეგირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე; რთული და არასტანდარტული იდენტიფიცირებული პრობლემის ესკალირება ჯგუფის უფროსის დონეზე; ჩატარებული სამუშაოების ზუსტი აღრიცხვა CRM-ში; კომპანიის სასადგურე მოწყობილობების (DSLAM, OLT) სააბონენტო კონფიგურაციაში დაფიქსირებული ხარვეზების კორექტირება; სახაზო-საკაბელო ინფრასტრუქტურაში გამოვლენილი ხარვეზებისა და დაზიანებების იდენტიფიკაცია და შესაბამის სამსახურთან დელეგირება; სააბონენტო მოწყობილობების (MODEM, STB, ONT/ONU, LTE CPE, Wi-Fi AP) კონფიგურაციაში დაფიქსირებული ხარვეზების კორექტირება; აბონენტის მხარეს ლოკალურ ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტირება და აღმოფხვრა; აბონენტის კუთვნილ კომპიუტერულ მოწყობილობებზე პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება და რეკომენდირებული პარამეტრების მითითება; აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე; შინაგანაწესის 17.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევისთვის, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, მისი ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ფორმები: სასტიკი საყვედურის გამოცხადება (17.1.4 მუხლი), ხოლო 17.3 პუნქტის თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ან რამდენიმე ფორმა. ასევე, ნებისმიერი გადაცდომა დამსაქმებლის შეხედულებისამებრ შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი; შინაგანაწესის 17.8 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია და წინამდებარე ხელშეკრულების უხეშ დარღვევად ჩაითვლება: სამუშაო ადგილის უნებართვოდ მიტოვება (17.8.1 მუხლი), სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა (17.8.2 მუხლი).

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი იყო „თრაბელშუთერების” გაფიცვა, რის შესახებაც კომპანია ინფორმირებული იყო. აღნიშნული მითითების დასადასტურებლად საქმეში წარდგენილია ამონაწერი ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 04 სექტემბერს კომპანიის კორპორატიული და საცალო ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსის, კ.დ–ას სახელზე გაგზავნილია „თრაბელშუთერთა” მიმართვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 118-119). მიმართვაში „თრაბელშუთერები” უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ვინაიდან კომპანიამ 2020 წლის აგვისტოში გამომუშავებული კუთვნილი ანაზღაურება და ივლისის ბონუსი დაარედაქტირა, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში გავრცელებული პანდემიის გამო თანამშრომელთა უმეტესობა მიმართავდა მკურნალობას სახლის პირობებში და იყენებდა ბიულეტენს. ბიულეტენის წარდგენის შემდეგ კომპანიიდან თანამშრომლებმა მიიღეს პასუხი, რომ ბიულეტენებს ძალა არ აქვს და გაცდენა ჩაითვალა არასაპატიოდ. გუნდმა გამოთქვა პროტესტი და მოითხოვა გამომუშავებული სარგოს სრული ანაზღაურება და საბონუსე სისტემით კუთვნილი თანხის დარიცხვა არაუგვიანეს 2020 წლის 07 სექტემბრისა. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულმა დეპარტამენტმა დააანონსა გაფიცვა და სამუშაო პროცესიდან გამოთიშვა. მიმართვა გაკეთებულია კომპანიის საცალო ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის „თრაბელშუთერთა” გუნდის სახელით; საქმეში ასევე წარდგენილია 07.09.2020წ. ელექტრონული წერილი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153), სადაც მითითებულია, რომ ჯგუფი ითხოვდა ხელფასის ზრდას 30%-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებდა გაფიცვას 2020 წლის 14 სექტემბერს. ელექტრონული წერილში აღნიშნულია, რომ ხელფასის კორექტირებასთან დაკავშირებით კომპანიაში მიმდინარეობდა განხილვა; 2021 წლის 26 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილია ფაქტების კონსტატაციის ოქმი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 176-181); ფაქტების კონსტატაცია ეხება კომპანიის „თრაბელშუთერების” შაბათის ჯგუფის messenger მიმოწერას. მიმოწერაში 2020 წლის 11 სექტემბრის თარიღით ფიქსირდება ჯგუფის უფროსის - ე–ას წერილი, საიდანაც ჩანს, რომ ჯგუფის უფროსისთვის 2020 წლის 11 სექტემბერს უკვე ცნობილი იყო „თრაბელშუთერების” უკმაყოფილება; 2020 წლის 14 სექტემბრის მიმოწერაში კი აღნიშნულია, რომ ვინც დააპირებდა გაფიცვას და შეაფერხებდა სამუშაო პროცესს, სამსახურიდან გათავისუფლდებოდა.

5. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოწმეებად დაიკითხნენ: ე.გ–ი და კ.დ–ა.

- მოწმე ე.გ–მა განმარტა, რომ მუშაობს კომპანიაში „თრაბელშუთინგის” ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. მის ჯგუფში მუშაობდა მოსარჩელე, რომელიც ტექნიკურად იყო სუსტი თანამშრომელი. გამოტოვებული ჰქონდა ბევრი ზარი, რის გამოც იყო სანქცირებული. 2020 წელს კომპანიაში თანამშრომლების ნაწილი ხშირად გადიოდა ბიულეტენზე. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბიულეტენები იყო ყალბი. შესაბამისად, თანამშრომლების ნაწილს დაუკორექტირდა ხელფასი. ამის შემდგომ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა არაიდენტიფიცირებადი წერილი, სადაც თანამშრომლები ითხოვდნენ დაკორექტირებული ხელფასების ჩარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებდნენ გაფიცვას. გაფიცვა მოხდა 2020 წლის 14 სექტემბერს. კომპანიამ დაიწყო ელექტრონული წერილის გამოკვლევა. თანამშრომლების ნაწილი ადასტურებდა გაფიცვას, ნაწილი - არა. გაფიცვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიებები. მოწმემ განმარტა, რომ გარე ელექტრონულ ფოსტაში შესული წერილი იყო არაიდენტიფიცირებადი, რომლის ნახვის ვალდებულებაც არ არსებობდა. თანამშრომლებს კომუნიკაცია აქვთ ეიჩარპორტალიდან და იქ უნდა დაეფიქსირებინათ პოზიცია. აღნიშნული არ მომხდარა. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. წარმოების შესახებ ინფორმაციას პირველად იღებს ადრესატი (მოსარჩელე), რომელმაც უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება. შემდეგ ეს ინფორმაცია ეგზავნება დეპარტამენტის უფროსს, შემდეგ ეიჩარს და იწერება ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

- მოწმე კ.დ–ას განმარტებით, მუშაობს კომპანიის კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მოსარჩელე მის დაქვემდებარებაში არსებულ განყოფილებაში მუშაობს 2020 წლის თებერვლიდან და მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო. დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა ზარების გამოტოვების გამო. კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გამოგზავნას წინ უსწრებდა გაყალბებული ბიულეტენების წარდგენა, რის საფუძველზეც, თანამშრომლები თავს არიდებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესული ელექტრონული წერილი იყო არაიდენტიფიცირებადი, ვერ დგინდებოდა ვინ იღებდა მასზე პასუხისმგებლობას. თანამშრომლები იყენებენ ეიჩარის პორტალს. შესაბამისად, კ.დ–ამ მიღებული ელექტრონული წერილი არ მიიღო სერიოზულად. 2020 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ვინაიდან ფაქტი წარმოადგენს უხეშ დარღვევას, რამაც შეაფერხა კომპანიის საქმიანობა. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო, ვინაიდან პროგრამულად პირველი ის ეცნობა, რომ მის მიმართ სანქციის გამოყენებაა ინიცირებული.

6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო „თრაბელშუთერების” გაფიცვის შესახებ, რასაც ისინი აანონსებდნენ. მოწმედ დაკითხულმა პირებმა მიუთითეს, რომ თანამშრომლებს არ გამოუყენებიათ შიდა საკომუნიკაციო საშუალებები და გაგზავნილი წერილი იყო არაიდენტიფიცირებადი, რისი ნახვის ვალდებულებაც მათ არ ჰქონდათ, თუმცა ფაქტია, რომ მათ ეს ელექტრონული წერილი მიიღეს, გაეცნენ და მისი მიღებიდან გაფიცვამდე დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეაგირება. დაიწყეს მოლაპარაკებები დაკორექტირებულ ხელფასზე და „თრაბელშუთერებს” სთავაზობდნენ შეხვედრასა და პრობლემის მოგვარებას. შეხვედრაზე დასაქმებულებმა განაცხადეს უარი და დააანონსეს გაფიცვა 2020 წლის 14 სექტემბერს. აღნიშნულის შესახებ დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო 2020 წლის 07 სექტემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონული წერილი გაგზავნილი იყო „თრაბელშუთერების” სახელით. მოპასუხისთვის ცნობილია იმ თრაბელშუთერების ვინაობა, რომლებიც კომპანიაში არიან დასაქმებულები, ამდენად პირთა ვინაობა, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას, დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო. შესაბამისად, 2020 წლის 14 სექტემბერს დაანონსებული გაფიცვა და სამუშაო პროცესიდან გამოთიშვა დამსაქმებლისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. ამდენად, გაფიცვა, რომლის შესახებაც ცნობილია დამსაქმებლისთვის, საქართველოს შრომის კოდექსის 36.1 36.2.ა, 49.1, 49.9, 52.1 მუხლების შესაბამისად, დისციპლინური ღონისძიებების გატარების საფუძველი არ არის. ამასთან, სადავო პერიოდისთვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელს გაფიცვის უკანონოდ ცნობის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა - სასტიკი საყვედური, ხოლო შემდგომ სამსახურიდან გათავისუფლება.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 48.8 (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლი) და დასაქმებულის გამოცდილებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის (მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2020 წლის 17 სექტემბრიდან, ხოლო მისი შრომითი ხელშეკრულება ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა კომპენსაცია 5 თვის შრომის ანაზღაურების - 4 475 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 01 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2020 წლის 13 ნოემბერს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლზე მითითებით ხანდაზმულობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში ერთ-ერთ მოსარჩელედ მითითებულია მოსარჩელე, მოპასუხეა კომპანია, ხოლო დავის საგანი ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2020 წლის 23 ოქტომბრამდე, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის დაცვით. 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეებს უარი თქვათ სარჩელის მიღებაზე, რის გამოც, მათ სადავო ბრძანებების გასაჩივრების ვადა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გაუგრძელდათ დამატებით 30 დღით. განსახილველი სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 13 ნოემბერს, გასაჩივრების ვადის დაცვით.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა და არასწორად განმარტა ის ძირითადი სამართლებრივი ნორმა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოეხდინა გაფიცვის ფაქტის შეფასება და კვალიფიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე საქმის განხილვის ეტაპზე მუდმივად მიუთითებდა შრომის კოდექსის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი) 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების გამოყენებაზე;

18.2. შრომის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების ერთობლივი და სისტემური ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გაფიცვის უფლების სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისგან განმასხვავებელი ძირითადი გარემოება არის ზუსტად ის წესები და პროცედურა, რომელიც იმპერატიულად არის დადგენილი კანონმდებლის მიერ. კერძოდ, იმისათვის, რომ დასაქმებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს გაფიცვის უფლების გამოყენებად, საჭიროა, რომ დამსაქმებელმა შეასრულოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული გაფიცვის უფლების რეალიზაციად;

18.3. აღნიშნული ნორმის მიზანს დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე დამსაქმებელის წინასწარი ინფორმირებულობა წარმოადგენს, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, წინასწარვე მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და მოახდინოს შესაბამისი რესურსის მობილიზება იმ თანამშრომლის ჩანაცვლების მიზნით, რომელიც დროებით უარს აცხადებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. წინამდებარე საქმეში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად ჩამოართვეს დამსაქმებელს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გაფიცვის თაობაზე ინფორმირებულობის შესახებ;

18.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მთავარი სადავო საკითხი, კერძოდ, ექცევა თუ არა მოსარჩელის მხრიდან სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გაფიცვის კვალიფიკაციაში, იმ მოცემულობისა და საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულმა სხვა პირებთან ერთად 2020 წლის 22 სექტემბერს მიმართა ჯანდაცვის მინისტრს განსახილველ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით;

18.5. შრომის კოდექსი იცნობს შრომითი დავის ორ სახეს: ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავას. შესაბამისად, განსხვავდება გაფიცვის უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლები. სწორედ ამ საფუძვლებისა და გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის წინასწარ დადგენილი შესასრულებელი ღონისძიებების შეფასების შედეგად უნდა მოხდეს სამსახურში წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოუცხადებლობის გამიჯვნა გაფიცვის უფლებით სარგებლობისგან. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია თუ რა ტიპის შრომითი დავაა მხარეთა შორის წარმოშობილი;

18.6. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომლიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ სხვა პირებთან ერთად, როგორც კოლექტიურ დავაზე, სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მოპასუხედ მიუთითა კომპანია, ხოლო დავის საგნად განისაზღვრა წინამდებარე დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე წინამდებარე შრომით დავას თავადვე აიდენტიფიცირებს კოლექტიურ დავად;

18.7. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი 29.09.2020წ. N01/11800 წერილით, 22.09.2020წ. გამოგზავნილი დასაქმებულთა წერილობითი მიმართვის ასლებითა და კომპანიის მიერ 01.10.2020 წელს გაგზავნილი საპასუხო წერილით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს რამდენიმე დასაქმებულმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის ინიცირების მიზნით. სამინისტროდან მიღებული დასაქმებულთა (როგორც თავად წერილშია განმარტებული) წერილობითი მიმართვა წარმოადგენს ერთადერთ დოკუმენტს, რომლიდანაც მოპასუხისთვის ცნობილი გახდა აღნიშნულ მომართვაზე ხელმომწერ პირთა მიერ მოპასუხესთან კოლექტიური დავის დაწყების შესახებ. აღნიშნული წერილის ჩაბარების თარიღამდე კომპანიაში არ შესულა არანაირი წერილობითი შეტყობინება ან რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი დამსაქმებელსა და მიმართვაზე ხელმომწერ პირთა შორის დავის დაწყების ან/და დავის საფუძვლების ან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის თაობაზე. ხოლო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი 29.09.2020წ. N01/11800 წერილის საფუძველზე კი მოპასუხისთვის ცნობილი გახდა, რომ კოლექტიურ დავაზე დაინიშნა მედიატორი;

18.8. შრომის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაფიცვის უფლება კოლექტიურ დავაზე წარმოიშობა მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე. იქიდან გამომდინარე, რომ წინამდებარე დავაზე მინისტრის მიერ მედიატორი დაინიშნა მხოლოდ 2020 წლის 29 სექტემბერს, მოსარჩელის მიერ 2020 წლის 14 სექტემბერს სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ვერ დაკვალიფიცირდება გაფიცვად.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის გენერალური დირექტორის 16.09.2020წ. N1-1/2415 სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

21. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა იმპერატიულად ადგენს შედეგის დადგომის წინაპირობას: დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან 1-წლიან ვადაში მეორე გადაცდომის ჩადენა. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა, რადგან აღნიშნული ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებით არსებითია ქმედების ერთგვაროვნება (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

22. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

23. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად გამოეცხადა სასტიკი საყვედური და შემდგომ ასევე მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს, თუმცა მან ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ამ გარემოებების სათანადოდ დადასტურება.

24. კერძოდ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების - ელექტრონული ფოსტის ამონაწერების, ფაქტების კონსტატაციის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-4-5 პუნქტები) ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო „თრაბელშუთერების” გაფიცვის შესახებ. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. ის გარემოება, რომ მოპასუხის კორპორატიული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის მიერ მიღებული წერილი იყო არაიდენტიფიცირებადი, ვერ გააქარწყლებს აღნიშნული დასკვნის მართებულობას, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიმართ გაფიცვის შესახებ ელექტრონული შეტყობინება გაიგზავნა „თრაბელშუთრების” სახელით, ხოლო მოპასუხისათვის ცხადია, ცნობილი იყო „თრაბელშუთერის” პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების თაობაზე.

25. შესაბამისად, ვინაიდან შრომის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2020 წლის 14 სექტემბერს, ასევე, 15 სექტემბრიდან მოსარჩელის სამუშაოზე გამოუცხადებლობა დამსაქმებელმა არამართებულად მიიჩნია არასაპატიოდ. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს და სრულდება დაუყოვნებლივ. გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის არსი მდგომარეობს უშუალოდ გაფიცვის მიმდინარეობის შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით, სასამართლოს მიერ შემაკავებელი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ დროს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ (თუ ამის წინაპირობები არსებობს), რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს დასაქმებულთა მიერ ორგანიზებული გაფიცვის კანონიერება სასამართლო წესით სადავოდ არ გაუხდია. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გაფიცვა უკანონოა თუ კანონიერი, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს დამსაქმებლის მიერ უფლების მართლზომიერად გამოყენების ვალდებულებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს და არა მარტოოდენ იმაზე მითითებით, რომ გაფიცვა უკანონო იყო (იხ. სუსგ საქმე Nას-506-484-2016, 28 სექტემბერი, 2016 წელი; Nას-358-2022, 01 ივლისი, 2022 წელი).

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი).

28. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო კომპანიის აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის უფროსის 16.09.2020წ. N1-1/2386 ბრძანებით გამოეცხადა სასტიკი საყვედური; იმავე დღეს, 2020 წლის 15 სექტემბრიდან სამუშაოზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, კომპანიის გენერალური დირექტორის N1-1/2415 ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და 2020 წლის 17 სექტემბრიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შრომის სამართალში მოქმედ “Ultima Ratio“-ს პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელიც გულისხმობს მუშაკის მიმართ ისეთი ზომების მიღებას, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულს ჯერ გაცნობიერებული არ ჰქონდა ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე და შესაძლებლობა, გამოესწორებინა საკუთარი ქცევა, აღნიშნული, დისციპლინური ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძველს ქმნის“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1981-2018, 17 მაისი, 2019 წელი).

29. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს თუნდაც არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მხოლოდ გაცდენილ დღეთა რაოდენობას არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენასთან ერთად, აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ რა შედეგი გამოიწვია ამ გადაცდომამ, ან რა შედეგი შეიძლება გამოეწვია მას დამსაქმებლისათვის (იხ. სუსგ N ას-252-239-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

32. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს–ს“ (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 01 ივლისს №655245113 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი