Facebook Twitter

საქმე №ას-845-2021 27 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს „ა–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სააგენტოს 2014 წლის 6 ივნისის Nქნ1217976 გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; კომპანიას იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ქ. თბილისში, ....... გამზირი N14-ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ. N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გადაწყვეტილების დანართი N2-ით წარმოდგენილი საიჯარო პირობებით 5 წლის ვადით (ტ.1, ს.ფ. 35);

2.2. 2014 წლის 6 ივნისის Nქნ1217976 გადაწყვეტილების დანართი N2-ის თანახმად, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000 ლარით, ხოლო საიჯარო ქირის გადახდის პერიოდი თანაბარწილად 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან;

2.3. მოიჯარეს დაევალა იჯარის უფლების სავალდებულო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში (ტ.1, ს.ფ. 36 - 38);

2.4. 2014 წლის 11 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა;

2.5. 2014 წლის 03 სექტემბერს სააგენტომ მოპასუხეს აცნობა არსებული დავალიანების გადახდის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხის მიერ დაფარული იქნებოდა არსებული სარგებლობის საფასური;

2.6. 2017 წლის 30 იანვარს და 2017 წლის 14 აგვისტოს მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება საიჯარო ქირისა და ვალდებულების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 17-20);

2.7. სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით შეწყდა ქ. თბილისში, ...... გამზირი N14-ის მიმდებარედ არსებული 21 კვ.მ (N.......) მიწის ნაკვეთზე მოპასუხის იჯარის ფორმით სარგებლობის უფლება (იხ. ტ.1, ს.ფ. 101-105);

2.8. 2017 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 2014 წლის 6 ივნისის Nქნ1217976 გადაწყვეტილებისა და მისი დანართი N2-დან გამომდინარე საიჯარო ქირის - 9 534.25 ლარისა და 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს - 3 207 ლარის დაკისრება, ხოლო 2017 წლის 21 ნოემბრიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (3 000 ლარი) 0.1%, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3 ლარს, ასევე, - ერთჯერადი პირგასამტეხლოს დაკისრება 100 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია;

2.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სააგენტო.

3. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა არასწორად დაუკავშირა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღს - 2017 წლის 21 აგვისტოს.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხემ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 2014 წლის 11 ივლისს. ასევე, მოსარჩელემ არსებული დავალიანების შესახებ მოპასუხეს აცნობა 2014 წლის 03 სექტემბერს და მოითხოვა მისი დაფარვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ამ თარიღისათვის მოპასუხის მხრიდან უკვე ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევის ფაქტს, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს ამ თარიღისათვის - 2014 წლის 03 სექტემბრისათვის წარმოშობილი ჰქონდა და მისთვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორად დაუკავშირა 2014 წლის 03 სექტემბერს, რომელიც ამოიწურა 2017 წლის 03 სექტემბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 19 დეკემბერს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

10. საკასაციო საჩივრის თანახმად:

10.1. ხელშეკრულების ღირებულება უნდა გადახდილიყო 6 თვეში ერთხელ. გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან. სააგენტოს 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებას მხარე გაეცნო 2014 წლის 17 ივნისს. შესაბამისად, პირველი გადახდის ვადა დადგა 2014 წლის 17 დეკემბერს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი 2017 წლის 19 დეკემბერს წარდგენის გამო ხანდაზმულია, თუმცა, ხანდაზმულობა ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეხებოდა მხოლოდ 1500 ლარს, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ ვადაში;

10.2. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლით. საკითხი ეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის დროსაც თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, მხოლოდ 1500 ლარზე შეიძლებოდა სასამართლოს მსჯელობის გავრცელება;

10.3. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია მოპასუხის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან მხარეს ეცნობა, რომ სააგენტო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავდა არსებული დავალიანების გადახდის შემთხვევაში და ვინაიდან აღნიშნული დავალიანება არ იქნა გადახდილი, მხარეს არ უნდა ევარაუდა, რომ წარდგენილი განცხადებით ხელშეკრულება თავისთავად შეწყდებოდა, როგორც მიიჩნია სასამართლომ.

11. სსკ-ის 128.1. მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

12. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა - ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოთხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

13. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).

14. სსკ-ის 129.1. მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. სსკ-ის 130.1. მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

15. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) (იხ. სუსგ საქმე №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-988-1021-2011, 15 ნოემბერი, 2011 წელი). ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაუკავშირა მოთხოვნის ხანდაზმულობის წარმოშობის დრო 2014 წლის 3 სექტემბერს. კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 11 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, ხოლო 2014 წლის 03 სექტემბერს სააგენტომ მოპასუხეს აცნობა არსებული დავალიანების გადახდის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხის მიერ დაფარული იქნებოდა არსებული სარგებლობის საფასური. შესაბამისად, აღნიშნული თარიღისთვის მოსარჩელის უფლება უკვე დარღვეული იყო და სასამართლომ აღნიშნული თარიღიდან მართებულად აითვალა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი