საქმე №ას-821-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ს–ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 მაისის განჩინებით მ.ს–ოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.კ–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე”) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; შეწყდა მხარეთა შორის 06.11.2020წ. გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო N200911593).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 06 ნოემბერს გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ (მარჩენალმა) იკისრა მოსარჩელის (სარჩენის) რჩენის ვალდებულება, ხოლო ამ უკანასკნელმა იკისრა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, …… კორპუსი 3, ბინა N51, ფართი 32 კვ.მ, ს.კ. …… (შემდგომში - „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხისათვის გადაცემის ვალდებულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მარჩენალის კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მათ შორის, სარჩოს გადახდის ვალდებულება - „სარჩო დგინდება, როგორც ნატურალური სახით და გამოიხატება ბინით, კვებით, მოვლით, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდით და სხვა აუცილებელი დახმარებით’’ (2.3 პუნქტი); ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, სარჩო გადახდილი უნდა ყოფილიყო სისტემატურად, ყოველთვიურად, სარჩენის სიცოცხლის მანძილზე; ხოლო, 3.1 პუნქტის მიხედვით, სარჩენს უფლება აქვს, მოითხოვოს მარჩენალისგან სამისდღეშიო სარჩოს გადახდა ყოველთვიურად (იხ. ს.ფ. 18-24).
2.2. 06.11.2020წ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება 2020 წლის 09 ნოემბერს შეზღუდული საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმის დადასტურება, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მხარეთა ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია. აღნიშნული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, მოსარჩელემ საკუთარი ახსნა-განმარტების დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვა მოითხოვა. მოსარჩელის მხარეზე დაკითხულმა მოწმეებმა (მ.პ–ნი, მ.ჯ–ი, ჯ.თ–ი, ნ.ჩ–ძე) სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს რომ: მოპასუხე ცხოვრობს ძეგვში, მონასტრის თავშესაფარში, სადაც ერთ-ერთი მოწმის დახმარებით გაიცნო მოსარჩელე, რომელმაც გამოხატა სურვილი მოპასუხეს მასთან ეცხოვრა და მასზე ეზრუნა; აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოპასუხე პერიოდულად რჩებოდა მოსარჩელესთან; სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოპასუხეს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია; სამედიცინო დაწებულების დატოვების შემდეგ რეაბილტაციის პერიოდი გაიარა მოსარჩელესთან, მისივე მზრუნველობის ქვეშ; მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა და გახშირდა კონფლიქტები, ხოლო 10 იანვრიდან მოპასუხემ დატოვა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და დაბრუნდა თავშესაფარში, მისი მხრიდან მოსარჩელესთან ურთიერთობა/მზრუნველობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ იშვიათი სატელეფონო კომუნიკაციით.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს მოპასუხის ახსნა-განმარტების სისწორე, იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა და დღემდე არსებობს ნორმალური ურთიერთობა და მოპასუხეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, თუმცა დასახელებულ მოწმეთა ჩვენების სანდოობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოწმეები (მოპასუხის შვილი, რძალი და შვილის მეგობარი) საქმის შედეგით პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულ პირებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეები, რომელთაც მოსარჩელესთან ხშირი ურთიერთობა აქვთ და წარმოადგენენ ნეიტრალურ პირებს, მიუთითებენ საწინააღმდეგო გარემოებებზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის მიმართ ნაკისრი რჩენის ვალდებულება, რის გამოც, მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია. კერძოდ, როგორც სადავო გარიგებით დგინდება, მარჩენალს სარჩო უნდა გადაეხადა „ნატურალური სარჩოს სახით”, რომელიც, მათ შორის, გულისხმობდა სარჩენის უზრუნველყოფას კვებით, მოვლითა და სხვა აუცილებელი დახმარებით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მოპასუხე საერთოდ წავიდა მოსარჩელის ბინიდან და მათი კომუნიკაცია მხოლოდ იშვიათი სატელეფონო საუბრით შემოიფარგლება. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით დასტურდება მხარეთა ზეპირი შეთანხმება სარჩოს ფულადი თანხით - 200 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე. მეტიც, საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადასახადო დავალებებით ცალსახად დასტურდება მოსარჩელის პოზიციის მართებულობა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვა განსახილველი სარჩელის აღძვრის შემდგომ, 2021 წლის 09 მარტიდან დაიწყო, ხოლო გადარიცხულ თანხებს მოსარჩელე მოპასუხეს უკან ურიცხავდა.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე, 361-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2 მუხლებით და ვინაიდან აპელანტმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს (ნატურალური თუ ფულადი სახით) გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი შეფასება მისცა; მოსარჩელე სამისდღეშიო ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, მარჩენალის მხრიდან სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია; მხარეებს ერთმანეთთან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ; მათი ურთიერთობა არ იყო აუტანელი და არ არსებობდა არანაირი გარემოება, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სამისდღეშიო ხელშეკრულების გაგრძელებას; მოპასუხემ დაადასტურა სადავო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს (ნატურალური თუ ფულადი სახით) გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
14. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა), რომლითაც ხდება განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად, იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები) გადასცემს (იხ. სუსგ საქმე Nას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით ანდა განსაზღვრული ვადით. თუმცა, კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს სახელშეკრულებო მოვალეობათა ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა არსებობს სხვა მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
16. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
17. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება, რომ მარჩენალმა დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა, რის გამოც, მხარეთა ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მათ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). აქედან გამომდინარე, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
19. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის უპირველესად, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ/მარჩენალმა დაარღვია მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები, რის შედეგადაც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და მისი გაგრძელება ობიექტურად შეუძლებელია. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის ფაქტი. ხოლო, როგორც მოსარჩელის მხარეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, მოპასუხე, რომელსაც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თანახმად, სარჩო ნატურალური სახით (სარჩენის უზრუნველყოფა კვებით, მოვლითა და სხვა აუცილებელი დახმარებით) უნდა გადაეხადა, საერთოდ წავიდა მოსარჩელის ბინიდან და მათი ურთიერთობა მხოლოდ იშვიათი სატელეფონო საუბრით შემოიფარგლება. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და სადავო ქონების მოსარჩელის/სარჩენისათვის დაბრუნების საფუძველია. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წამოუდგენია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
22. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
25. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი