საქმე №ას-819-2022 27 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S.G.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამსახური“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „S.G.“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 1500 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2020 წლის 2 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1/020320/1, სამსახურის ბალანსზე რიცხულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 2020 წლის 5 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1/050320/1, სამსახურის ბალანსზე რიცხულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე დასავლეთ საქართველოში;
2.2. 2020 წლის 2 მარტის N1/020320/1 და 2020 წლის 5 მარტის N1/050320/1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 298 000 ლარს;
2.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 3.4. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მობილიზება. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების პერიოდი განსაზღვრული იყო გაფორმებიდან 2020 წლის 2 ივნისის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
2.4. მოპასუხე კომპანია ვალდებული იყო სამსახურის ყველა ობიექტზე მოეხდინა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მობილიზება ყოველდღიურად, თუმცა 2020 წლის 1 და 2 ივნისს მან არ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების პერიოდში შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მობილიზება რამდენიმე ობიექტზე და შესაბამისად, 2020 წლის 1 და 2 ივნისს არ გასწია აღნიშნულ ობიექტებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;
2.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/020320/1 და N1/050320/1 ხელშეკრულებების 13.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო თითოეული სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაზეც კომპანიას გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება N21-02/62648. მოპასუხეს აღნიშნული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
3. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის (სსკ-ის 420-ე მუხლი) საკითხი.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო დანართი N2-ით გათვალისწინებულ ობიექტებზე ამავე დანართით განსაზღვრული შესაბამისი კვალიფიკაციის და მინიმალური რაოდენობის პერსონალის მობილიზება, ხოლო, თუ პერსონალის საჭირო რაოდენობის მობილიზება არ განხორციელდებოდა დანართ N2-ში მითითებული პირობების შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებების 1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება თითოეული ხელშეკრულებისთვის შეადგენდა 149 000 ლარს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და 2020 წლის 1 და 2 ივნისს ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების პერიოდში შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მობილიზება რამდენიმე ობიექტზე, რისთვისაც ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლოს ოდენობამ, ჯამში, 8940 ლარი შეადგინა (298 000 * 3%).
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 115-ე, 8.3. მუხლებით და აღნიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით, ვადადარღვევის თითოეულ დღეზე (ჯამში, ორი დღე) პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის (8940 ლარის) მოთხოვნა, არაგონივრულია და სცდება სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (1500 ლარი) სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმა პირგასამტეხლოს დაკისრების იმგვარ წესსა და ოდენობას, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;
12.2. სამსახურის მიერ თითოეული ხელშეკრულებისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 4470 ლარს, რაც სასამართლომ 750 ლარამდე შეამცირა, თუმცა არ განუმარტავს, როგორ განსაზღვრა აღნიშნული თანხა და რამდენი პროცენტით შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა;
12.3. საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნულის თაობაზე არც სასამართლოს სხდომაზე ჰქონია პრეტენზია.
13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).
15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
16. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
18. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
19. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
21. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვადადარღვევის ორ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის (8940 ლარის) მოთხოვნა არაგონივრულია და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შემცირდა იგი 1500 ლარამდე.
22. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი