საქმე №ას-773-2023 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ -?“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მეიჯარე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „მ-?“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ პირგსამტეხლოს დაკისრების თაობაზე (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის - 16 050 ლარისა და პირგასამტეხლოს - 6 950,4 ლარის გადახდის დაკისრება), დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის - 16 050 ლარისა და პირგასამტეხლოს - 695,04 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2015 წლის 13 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ იჯარის უფლებით მიიღო მეიჯარის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ..... მდებარე 3349,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11, N12 და N13 შენობა-ნაგებობები (შემდგომში - „იჯარის საგანი”) წლიური საიჯარო ქირით - 39 600 ლარის ოდენობით.
2.2. იჯარის საგანი რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
2.3. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან.
2.4. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 3300 ლარს. საიჯარო ქირა მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე.
2.5. საიჯარო ქირის გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 16 050 ლარს.
2.6. იჯარის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის გადახდის ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 6 950,4 ლარს.
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანება, რომლის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იჯარის ხელშეკრულება ეფუძნება აღნიშნულ ნორმატიულ აქტს; სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის ფაქტი, რომ მოპასუხე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილ სუბიექტს და იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტშივე აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული მითითება.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და საქმის კონკრეტული გარემოებების, შესრულების ღირებულების, პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის დარღვევების გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზე იყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ათჯერ შემცირებისა და მისი ოდენობის 695,04 ლარით განსაზღვრის საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სასამართლომ გამოიყენა ნორმა - სსკ-ის 420-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანება, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იჯარის ხელშეკრულების შესაბამისი ჩანაწერი ეფუძნება აღნიშნულ ნორმატიულ აქტს. ვინაიდან გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, სააგენტოსთვის გაუგებარია, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული 0,1% „შეუსაბამოდ მაღალ” ოდენობად;
12.2. სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სამეწარმეო ურთიერთობაში გამოცდილ სუბიექტს, შესაბამისად, იგი ხელშეკრულების გაფორმების მომენტშივე აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს;
12.3. მხარეს სადავოდ არ გაუხდია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ამდენად, მისი შემცირება განხორციელდა სასამართლოს ინიციატივით, მოპასუხის კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში;
12.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ Nას-951-2018, Nას-1451-1371-2017).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის, გადაუხდელი საიჯარო ქირისა (16 050 ლარი) და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (6 950,4 ლარი) ოდენობის, ასევე, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (695,04 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზოგადი და დაუსაბუთებელია, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი