Facebook Twitter

საქმე №ას-715-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ლ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ლ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“ ან „კასატორი“) და ი.დ–ოს (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14.02.2019წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 125,44 ლარისა და 05.04.2019წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 600 ლარის გადახდა; სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 2017 წლის 03 თებერვლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში დირექტორის პოზიციაზე.

2.2. კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 20 იანვრიდან მოსარჩელე გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის პოზიციიდან. 2020 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს დირექტორად რეგისტრირებულია ს.პ–ი.

2.3. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2020 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით კომპანიიდან მოსარჩელის ხელფასის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 851,59 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადების ჯამი შეადგენს 570,32 ლარს.

2.4. 2019 წლის 14 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა აიღო ვალდებულება მსესხებლისათვის სესხის სახით 19 440 ლარის გადაცემის შესახებ. სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 25 თებერვლამდე პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი: წლიური 20%. 2021 წლის 25 თებერვლამდე დასაბრუნებელი თანხის ოდენობა (ძირი თანხა, პროცენტი) შეადგენდა 29 981,87 ლარს. ამავე ხელშეკრულებით გამსესხებელს მიეცა სასესხო დავალიანების ვადამდე ადრე დაფარვის მოთხოვნის უფლება თუ მსესხებელი დაარღვევდა სახელფასო დავალიანების დაფარვის ვადას; თუ გაუარესდებოდა მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა, ან შეიქმნებოდა ამგვარი გარემოების დადგომის საშიშროება; ან ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ეჭვქვეშ დადგებოდა სასესხო დავალიანების დროული დაბრუნება.

2.5. მხარეთა შორის 2019 წლის 05 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა აიღო ვალდებულება კომპანიისათვის სესხის სახით 8000 ლარის გადაცემის შესახებ. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 მაისამდე, საპროცენტო განაკვეთი: წლიური 20%. 2020 წლის 05 მაისამდე დასაბრუნებელი თანხის ოდენობა (ძირი თანხა, პროცენტი) შეადგენს 9600 ლარს.

2.6. საქმეში წარდგენილი საგადახდო დავალებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის ანგარიშზე შეტანილი აქვს შემდეგი ოდენობის თანხები: 2019 წლის 14 თებერვალს - 11 000 ლარი და 2019 წლის 05 აპრილს - 8 000 ლარი.

2.7. საქმეში წარდგენილი საგადახდო დავალებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის დაფარვის მიზნით გადარიცხული აქვს შემდეგი ოდენობის თანხები: 2019 წლის 25 აპრილს - 1 262,78 ლარი; 2019 წლის 24 მაისს - 912,38 ლარი და 2019 წლის 24 მაისს - 349,40 ლარი.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1, 9.7, 56.1, 56.2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710.1, 710.2 მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ დირექტორის პოზიციაზე მოსარჩელე დასაქმებული იყო 2020 წლის იანვრამდე პერიოდში, ამასთან, ამ პოზიციაზე მისი ხელფასი განისაზღვრებოდა 1500 ლარით, რომელიც მას მიღებული აქვს.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, 14.02.2019წ. N0 საგადახდო დავალების თანახმად, 2019 წლის 14 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 11 000 ლარი. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სესხის სახით 19 440 ლარი გადასცა, საქმის მასალებით არ დგინდება. ამ გარემოების დადასტურება მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მან აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 14.02.2019წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით 11 000 ლარი მიიღო.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის: 25.04.2019წ. N1556190218 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს 1 262,78 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია “სესხის თანხა”; 24.05.2019წ. N1558700270 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს 912,38 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია “სესხის ნაწილის დაბრუნება” და 24.05.2019წ. N1558700506 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს 349,40 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია “სესხი”. სულ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს 2 524,56 ლარი. ამასთან, მოპასუხემ ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რომ სესხი დაფარა მეტობით და ნაცვლად 13 200 ლარისა, გადაიხადა 15 977,93 ლარი; მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 14.02.2019წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 13 650 ლარის დაბრუნებას. საქმის მასალების მიხედვით, სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2020 წლის 30 ივნისს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2021 წლის 25 თებერვლამდე. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის სესხის თანხაზე დარიცხული პროცენტი (16 თვის) წლიური 20%-ის დაანგარიშებით შეადგენს 2 933,33 ლარს, ხოლო სულ დასაბრუნებელი სესხის თანხა - 2 933,33 + 11 0000 = 13 933,33 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის 13 650 ლარის დაკისრებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. შესაბამისად, რადგანაც 14.02.2019წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს 2 524, 56 ლარი, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს (13 650 – 2 524,56 ლარი) 11 125,44 ლარს.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 25.04.2019წ. სესხის ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და მისი ნამდვილობა მხარეთა მიერ შედავებული არ არის, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის გადაცემის ფაქტს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში წარდგენილი N79130416 სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება 2019 წლის 05 აპრილს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 8000 ლარის გადარიცხვის ფაქტი. მოპასუხემ/აპელანტმა ვერ მიუთითა და საქმის მასალებით არ დგინდება კონკრეტულად რას მოიაზრებდა N79130416 სალაროს შემოსავლის ორდერის დანიშნულებაში მითითებული - “ნავაჭრი თანხა”. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოპასუხისათვის სესხის სახით 8000 ლარის გაცემის თაობაზე, რაც სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის 9600 ლარია (ხელშეკრულების 2.1 პუნქტი).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის სარჩელი 14.02.2019წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 125,44 ლარისა და 05.04.2019წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 9600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ სესხის (სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით) მიღებისა და მიღებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე. კერძოდ, 05.04.2019წ. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა კომპანიას საერთოდ არ გადასცემია; 14.02.2019წ. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან კი, კომპანიას გადაეცა მხოლოდ 11 000 ლარი; სესხი ვადამდე მეტობით - 13 200 ლარის ნაცვლად 15 977,93 ლარი იქნა გადახდილი; ამასთან, თანხის დანიშნულებაში მითითებულია: 16.11.18წ. -„დამფუძნებლის შენატანი“, 05.04.19წ. – „ნავაჭრი“, რაც არ წარმოადგენს სესხის სახით თანხის კასატორისათვის გადაცემას. აღნიშნული გარემოებები დასტურდება საგადახდო დავალებებით, თანხის გადარიცხვის ქვითრებით, მოსარჩელისათვის სესხის დასაფარად ხელზე გაცემული თანხების შესახებ ცნობით.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

16. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, თუმცა ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს, მნიშვნელოვანია, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.

17. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთს კი სესხის თანხის დაფარვის დადასტურება წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე Nას-819-767-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი). ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა. მოპასუხისთვის კი აუცილებელია ვალის გადახდის თაობაზე საბუთის ფლობა, რადგან მას, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა (სსკ-ის 429-ე მუხლი).

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის 14.02.2019წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისთვის 11 000 ლარის გადაცემის ფაქტს, თუმცა მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ აღნიშნული სესხი დაფარული აქვს მეტობით და 13 200 ლარის ნაცვლად გადახდილი აქვს 15 977,93 ლარი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, 25.04.2019წ. N1556190218, 24.05.2019წ. N1558700270 და 24.05.2019წ. N1558700506 საგადახდო დავალებებით (იხ. ს.ფ. 165-167) დასტურდება, რომ მოპასუხეს სესხის დაფარვის მიზნით მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს ჯამში მხოლოდ - 2 524,56 ლარი; ამასთან, წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, 05.04.2019წ. სესხის ხელშეკრულებისა და N79130416 სალაროს შემოსავლის ორდერის (იხ. ს.ფ. 34-37, 40) ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 05.04.2019წ. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 8 000 ლარის გადაცემის ფაქტი. კასატორს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო დასაბუთებული და კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

20. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

22. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1036,27 ლარის 70% – 725,39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ლ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ლ.ჯ–იას“ (ს/ნ N......) დაუბრუნდეს მ.ყ–ის (პ/ნ .....) მიერ 2023 წლის 23 მაისს №1684824586/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1036,27 ლარის 70% – 725,39 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი