Facebook Twitter

საქმე №ას-772-2021 15 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით კ.დ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „ს.რ–ა“-ში (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) ფილიალი „მგზავრთა გადაყვანის“ მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგის ტექნიკური დეპარტამენტის ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს უფროსის პოზიციაზე, განუსაზღვრელი ვადით;

2.2. დასაქმების პერიოდში დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების, კერძოდ, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეს 2016 წლის მაისში შეეფარდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება (იხ. 27.05.2016წ. ბრძანება, ს.ფ. 58), ხოლო 2017 წლის მარტში დისციპლინური სახდელის სახით მოსარჩელე დააქვეითეს სალოკომოტივო დეპოს უფროსის თანამდებობიდან ოსტატის თანამდებობაზე (იხ. 23.03.2017წ. ბრძანება, ს.ფ. 58). არცერთი სახდელი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია;

2.3. მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 750 ლარს;

2.4. მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში 2017 წლის 1-9 ნოემბერს, ასევე 1,4 და 26 დეკემბერს;

2.5. მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით 2017 წლის 27 დეკემბერს შედგა ოპერატიული თათბირი ფილიალის დირექტორის მოადგილესთან, სადაც ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოსარჩელეს, რომელმაც განმარტა, რომ დიდი ხანია აწუხებს შაქრიანი დიაბეტი და წნევა. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა განსაკუთრებით მაშინ, როცა მოხდა მისი ჩამოქვეითება დეპოს უფროსობიდან. მას ფსიქოლოგიურად უჭირდა იმ თანამშრომლებთან რიგით პოზიციაზე მუშაობა, რომელთა უფროსსაც თვითონ წარმოადგენდა. ცუდად ხდებოდა მისი ყოფილი სამსახურეობრივი მანქანისა და კაბინეტის შეხედვაზე. რაც შეეხება გაცდენებს, მან აღნიშნა, რომ ეს განპირობებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ოჯახური საჭიროებებით, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა, თუმცა აღიარა ისიც, რომ ზოგიერთ გაცდენილ დღეებზე არ ჰქონდა გახსნილი საავადმყოფო ფურცელი;

2.6. ოპერატიულ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

2.7. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 9 იანვრის N78 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაუდო დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, სამსახურში გამოუცხადებლობა, რომელსაც ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობდა მისი გათავისუფლების კანონიერი საფუძველი, რამეთუ სამსახურში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო გარემოებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რაც მხედველობაში უნდა მიეღო დამსაქმებელს და არ უნდა გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

4. სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე გამართლებულად მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით. პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების, კერძოდ, სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემადგენლობის დადასტურება. სასამართლოს მითითებით, ვლინდება დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებებისადმი არაგულისხმიერი, არაჯეროვანი და ამასთანავე, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. სამსახურში გამოუცხადებლობა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება დამსაქმებლის წინასწარი ინფორმირება - ნებართვის აღება, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას, მით უფრო მსგავსი ქმედების გამო მოსარჩელის მიმართ წინა ორ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ გამოყენებული იყო ჯერ გაფრთხილება, ხოლო შემდგომ - თანამდებობრივი დაქვეითება.

5. სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო იმგვარ დაწესებულებაში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასობით მგზავრის გადაადგილებას და მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე მისი სამუშაო ადგილზე ყოფნა წარმოადგენს არა მხოლოდ დამსაქმებლის გადაჭარბებულ მოთხოვნას, არამედ დაკავშირებულია მესამე პირთა უსაფრთხოებასა და დროულ- შეუფერხებელ გადაადგილებასთან. დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფდა დისტანციურად სამუშაოს შესრულებას და შესაბამისად, მითითება, რომ მის გამოუცხადებლობას არავითარი მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, სასამართლომ არ მიიჩნია გამოუცხადებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელი მუდმივად ვერ იქნება დასაქმებულის ნება-სურვილზე გამოცხადების მოლოდინში.

6. სააპელაციო პალატამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასაქმებულის მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ შეიძლება დასაქმებულმა არაკეთილსინდისიერად ისარგებლოს გარკვეული სამედიცინო ჩვენებით. მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით უნდა დგინდებოდეს, რომ პირის სამსახურში გამოცხადება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავდროულად, დასაქმებულს ევალება გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა და დამსაქმებლის გაფრთხილება გამოცხადების შეუძლებლობასთან მიმართებით. მხოლოდ მითითება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და პირი ვერ ცხადდება სამსახურში, ვერ მიიჩნევა საპატიო გარემოებად და აღნიშნული გამყარებული უნდა იყოს როგორც სათანადო მტკიცებულებებით, ასევე დასაქმებულის მიერ მიღებული უნდა იყოს სათანადო ზომები დამსაქმებლის ინფორმირებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა რაიმე საპატიო მიზეზი, რამაც განაპირობა 2017 წლის 1-9 ნოემბერს, ასევე 1,4 და 26 დეკემბერს მისი სამსახურში გამოუცხადებლობა. მოპასუხის მითითებით, 2017 წლის მარტში - ჩამოქვეითების შემდეგ, მოსარჩელე ინერტული გახდა სამსახურეობრივი ვალდებულებების მიმართ და ხშირი გაცდენებითა თუ სხვა საშუალებებით თავს არიდებდა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გაცდენების საპატიოდ მიჩნევის საფუძვლად მიუთითა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა უხელფასო შვებულება 1-10 ნოემბრის პერიოდზე. საქმეში მართლაც წარმოდგენილია ასეთი განცხადება, თუმცა არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც ამ განცხადების ადრესატამდე მისვლის ფაქტს დაადასტურებდა. ამავე დროს, არ გამოვლენილა ფაქტი, რომ დამსაქმებელი დაეთანხმა ამ მოთხოვნას და გაუშვა დასაქმებული უხელფასო შვებულებაში. 1, 4 და 26 დეკემბრის გაცდენების თაობაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ის გარკვეულ საქმეებზე იყო წასული და ამის შესახებ იცოდა ადმინისტრაციამ, თუმცა ეს განცხადება არაფრით დასტურდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ გამოიკვეთა ის საპატიო მიზეზები, რომლებიც გაამართლებდა ზემოაღნიშნულ გაცდენებს.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უფროსის პოზიციიდან პირის დაქვეითება შესაძლოა მართლაც იყოს დაკავშირებული გარკვეულ სირთულესთან და რთულად გასააზრებელი იყოს დასაქმებულისათვის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც პირი განაგრძობს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას, მას ევალება ნებისმიერ პოზიციაზე ჯეროვნად და სათანადო გულისხმიერებით განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის დაქვეითება არ განხორციელებულა არაკანონიერი საფუძვლით და მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა დამსაქმებლის მითითებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მისი პოზიციიდან გამომდინარე (ძრავის შემკეთებელი) სამუშაო პერიოდის მანძილზე ადგილზე მუდმივად ყოფნის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა და შესაბამისად, დამსაქმებელს ევალებოდა მხედველობაში მიეღო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უპირველესად, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ხსენებულ გარემოებაზე პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას არ მიუთითებია, შესაბამისად, სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე შეზღუდული იყო სააპელაციო ეტაპზე ახალი გარემოებების მითითებისაგან. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია „სამუშაო აღწერილობა“, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელეს ევალებოდა კვირაში ხუთი დღე 8 საათის განმავლობაში სამსახურში გამოცხადება და მის მიმართ არავითარი გამონაკლისი/შეღავათი დადგენილი არ ყოფილა.

10. პალატის შეფასებით, მართებული იყო დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით, რადგან სახეზე იყო მოსარჩელის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევა და ამავდროულად დასაქმებულის მიმართ წინა პერიოდზე უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელის 2 სახე, რაც ერთობლიობაში ამყარებდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ბიულეტინების შინაარსი არ ადასტურებს მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას გააჩნდა ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი და პერიოდულად აწუხებდა წნევები, რაც მძიმე დაავადებად ვერ შეფასდება და ვერ გამართლდება სამსახურში გამოუცხადებლობა.

11. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. სშკ-ით დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე, თუკი ეს სახიფათოა მისი ჯანმრთელობისათვის. დამსაქმებელი კი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა;

17.2. სამუშაოს გაცდენა გამოწვეული იყო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით, რომლის შესახებ მოსარჩელემ წინასწარ გააფრთხილა ხელმძღვანელობა, წარმოდგენილია შესაბამისი განცხადება და სამედიცინო ცნობაც. თუ დამსაქმებელი მოსარჩელისგან დამატებით რაიმე სახის ცნობას ითხოვდა, ამის თაობაზე წინასწარ წერილობით უნდა ეცნობებინა, ასევე წინასწარ უნდა ეცნობებინა „ოპერატიული თათბირის“ თარიღის შესახებ, რათა დასაქმებულს მისცემოდა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და მომზადებისთვის. მოსარჩელეს აღნიშნულის საშუალება არ მიეცა;

17.3. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად შეიძლებოდა ვალდებულების დარღვევად მიჩნეულიყო ჯანმრთელობის გაუარესების გამო დროებით სამსახურში გამოუცხადებლობა, მაშინ როდესაც დამსაქმებელი საქმის კურსში იყო აღნიშნულის თაობაზე;

17.4. მოსარჩელეს გართულებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას. მათი მხრიდან კი მოსარჩელის განცხადებას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. მოსარჩელემ ივარაუდა, რომ სამსახურის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა მის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ ამის გამო მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა.

18. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

19. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

20. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 იანვრის N78 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი).

21. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 37 (1) „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი, №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).

22. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

23. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

25. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა სამსახურში 2017 წლის 1-9 ნოემბერს, ასევე 1,4 და 26 დეკემბერს. ამასთან, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ დამსაქმებლის წინასწარი ინფორმირება - ნებართვის აღება და ზემოაღნიშნულ დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამსახურში გამოცხადების შეუძლებლობა. გასათვალისწინებელია ასევე მოპასუხე კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული კი მოითხოვს დასაქმებულთა მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით და დროულად შესრულებას.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმების პერიოდში დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სახდელი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი), რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას, ვიდრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაა, აზრი ჰქონდა დაკარგული. მოსარჩელის ქმედებებს უკვე იმდენად სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომ დამსაქმებელმა რეალურად დაკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამასთან, მოსარჩელის შედავება დამსაქმებლის ვალდებულებაზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არარელევანტურია.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს კ.დ–ძეს (პ/ნ N..) დაუბრუნდეს ნ.შ–ძის (პ/ნ N.....) მიერ 2021 წლის 14 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი