¹ბს-1012-965(კ-06) 30 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. მ-მა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიმართ არსებული სანივთე კომპენსაციის დავალიანების _ 762.35 ლარის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ დ. მ-ი 1997 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში, ადმინისტრაციული სფეროს კავშირგაბმულობის კვანძის კავშირგაბმულობის ........-ის თანამდებობაზე. დღემდე არ მიუღია 2000-2002 წლების კუთვნილი სანივთე ქონების კომპენსაცია 762.35 ლარის ოდენობით. მან არაერთხელ მიმართა თავდაცვის სამინისტროს დავალიანების გადახდის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ, მაშინ როდესაც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ზემოაღნიშნული დავალიანება (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ფორმა-ტანსაცმლის საკუთარი ხარჯებით შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა (ს.ფ. 25-27).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 70-71).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის _ 762.35 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სანივთე ქონების საკუთარი ხარჯით შეძენის მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის შესახებ, რადენადაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სამსახურში დ. მ-ის სამხედრო ფორმის გარეშე გამოუცხადებლობის ფაქტი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დ. მ-ის განცხადების საფუძველზე საფინანსო სამსახურის მიერ 2003 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობა უნდა მიჩნეულიყო მოპასუხის მიერ არსებული დავალიანების აღიარებად, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლისა და 144-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევდა (ს.ფ. 102-107).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ეს დათქმა მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად, კომპენსაციის მოთხოვნაც მათი მხრიდან უსაფუძვლოა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო წერილი მიიჩნია ვალის აღიარებად, რაც უსაფუძვლოა (ს.ფ. 115-116).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი დაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მოსარჩელის სამუიშაოზე ფორმის გარეშე გამოცხადებას, ასევე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2003 წლის 23 მაისის წერილი არის ინფორმაციული ხასიათის ცნობა და არა ვალდებული პირის აღიარება.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.