საქმე №ას-699-2021 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც რ.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 2700 ლარის გადახდა) და ამავე სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
2. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 30.09.2019 წლის მიმართვით - გზავნილით დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად. ამასთან, მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები (ტომი 1, ს.ფ 17). დადგენილია ასევე, რომ სარჩელი თანდართული მასალით მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ....... (ს.ფ. 17), რომელიც სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით პირადად ჩაბარდა მოპასუხეს 2019 წლის 03 ოქტომბერს (ს.ფ. 18). გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტობრივი გარემოება.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2019 წლის 03 ოქტომბერს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 04 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 14 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2019 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე როგორც ვერ დაადასტურა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
5. სააპელაციო პალატამ სარჩელის იურიდიული მართებულობის თვალსაზრისით, მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ (სარჩელში მითითებულ) შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1. მოპასუხემ უკანონოდ მიითვისა და გაყიდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები; 2. მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2700 ლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 317-ე და 992-ე მუხლების თანახმად, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო განცხადებაზე, სადაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და მისი ოდენობის დადასტურების კუთხით, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს კალკულაცია, რომლის მიხედვით, ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 2700 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე შემოთავაზებულია გაანგარიშება/კალკულაცია ზიანის ოდენობასთან მიმართებაში. მართალია, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით მითითებული ნივთების საბაზრო ღირებულება ჯამში შეადგენს 2690 ლარს (10 ცალი 4-მეტრიანი 90მმ=48 ლარი*10=480 ლარი; 10 ცალი 4 მეტრი - 40 მმ = 32 ლარი*10=320 ლარი; 2 ცალი 5-მეტრიანი - 120მმ=2*100ლარზე=200 ლარი; 1 ცალი 6-მეტრიანი 100მმ=15ლარი*6=90ლარი; 15 ცალი ალუმინის შიფერი=15*60ლარი=900 ლარი; რკინის კარი=200 ლარი; სახლის რკინის კარი=200 ლარი, მისაბმელი=300 ლარი), თუმცა, სასამართლოს შეფასებით, 10 ლარის სხვაობა ვერ მიიჩნევა შეუსაბამად გაზრდილ ფასად საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სასამართლო დაეყრდნო არა სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ დავის არსის მოკლე მიმოხილვას, რაც ცალსახად არასწორია, რადგან სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე პირდაპირ იმპერატიულად დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს არ აქვს უფლება ინტერპრეტაციის საფუძველზე თვითნებურად განმარტოს ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება;
12.2. ამასთანავე, სარჩელის დაწერას აქვს თავისი ფორმა, რომელიც დადგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე თუ მოპასუხე ვალდებულნი არიან დაიცვან ფორმის სტანდარტები და მისი ინსტრუქციის შესაბამისად მართებულად შეადგინონ აღნიშნული დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელემ ცალსახად დაარღვია სარჩელის სწორად შედგენის პრინციპები, კერძოდ, მან არ მიუთითა ზიანის ოდენობის დადგენის ფაქტები სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში და მხოლოდ დავის არსის მოკლე მიმოხილვაში ბუნდოვნად ახსენა. ეს არის საპროცესო სამართლებრივი შეცდომა და მოსამართლეს არ აქვს უფლება თვითნებურად განმარტოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოსარჩელეს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში არ აქვს დაფიქსირებული;
12.3. ზემოაღნიშნული იძლევა სწორედ სსსკ-ის 2321 მუხლით რეგულირებულ შედეგს, რომ, თუ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მოცემული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
12.4. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ზიანის თანხა - 2 700 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ფაქტობრივი გარემოებებით ვერ ასაბუთებს, რადგან მას არ აქვს ზუსტად დაანგარიშებული, რომელი ნივთების და რა ოდენობით გაყიდვის საფუძველზე წარმოიშვა სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული თანხის ოდენობით ზიანი. მოსარჩელეს არ აქვს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში ასახული მოპასუხის მიერ წაღებული ნივთების სახე და ოდენობა, რომლის დაჯამების შემდგომაც უნდა მიღებულიყო ზუსტად ის ზიანის თანხა, რაც მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნაში აქვს დაფიქსირებული;
12.5. ბუნდოვანია მოსარჩელის მიერ სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მოყვანილი ზიანის სავარაუდო დათვლის სქემა. მოსამართლის ინტერპრეტაციითაც, რომლის უფლებაც მას არ ჰქონდა, შეუძლებელი აღმოჩნდა საბოლოო ზიანის ოდენობის დადგენა. ხოლო მოსამართლის შემდგომი განმარტება, რომ 10 ლარის სხვაობა ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ გაზრდილ ფასად საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით, ვერ იქნება მართებული ისეთი ინსტიტუტის დროს, როგორიც არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
12.6. სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, ასევე მოპასუხის 06.04.2021 წლის და 30.10.2020 წლის შუამდგომლობებით ეცნობა, რომ მოსარჩელემ სასამართლოში 12.03.2020 წელს წარადგინა სარჩელი (მოსამართლე ლელა ჭინჭარაული), რომლის ფარგლებშიც მან მოპასუხის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი იმავე საფუძვლით კვლავ აღძრა, სარჩელში ზუსტად იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მოთხოვნილი იყო თანხის დაკისრება, მაგრამ იგი ამჟამად ითხოვდა არა 2700 ლარის დაკისრებას, არამედ - 1368 ლარის დაკისრებას, რაც 1332 ლარით ნაკლებია, ვიდრე მოსარჩელე ითხოვდა თავის სარჩელში, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას სრულად დაუკმაყოფილდა. თუ 10 ლარის გამო არ უნდა გაუქმებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 1332 ლარი ნამდვილად ანგარიშგასაწევი თანხაა და ეს ფაქტი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს;
12.7. ამასთან, იმავე მოსარჩელის მიერ 12.03.2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ შეტანილი ახალი სარჩელი იმავე ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ თავად მოსარჩელე დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ მან არასწორად მოითხოვა 2700 ლარის დაკისრება, თავადვე გადაიანგარიშა იგივე ნივთები და მათი ფასი ამჯერად განსაზღვრა 1368 ლარით.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 2321 მუხლით [მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით].
16. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233.1 მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
18. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ წინაპირობებს, სადავოა ის საკითხი, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
19. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოპასუხემ უკანონოდ მიითვისა და გაყიდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები; 2. მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2700 ლარი.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში აღნიშნული ზემომითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის 2700 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე [სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი].
22. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ ზიანის ოდენობის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო არა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, არამედ - დავის არსის მოკლე მიმოხილვაში ასახულ ფაქტებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ზიანის გაანგარიშება სარჩელის რომელ გრაფაში იქნება მითითებული, აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნია. სარჩელის გრაფაში „დავის ფაქტობრივი გარემოებები“ მითითებულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა 2700 ლარის ზიანი, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობებში სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ სასამართლოს დადგენილად მიეჩნია ამ ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ.გ–ს (პ/ნ N.......) დაუბრუნდეს მ.ფ–ის (პ/ნ .......) მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს №11326270515 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი