Facebook Twitter

საქმე №ას-681-2021 26 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ჯ–ია“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სამინისტრო“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ლ.ჯ–ია“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამინისტროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 558.27 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 22.05.2012 წელს მხარეთა შორის დაიდო N335 და N336 ხელშეკრულებები, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 16-21, 24 – 29). ხელშეკრულებების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწვავის მოთხოვნილი შესაბამისი ტალონების მიწოდება, წერილობითი შეკვეთის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. ხელშეკრულებათა 16.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საქონლის მომსახურებით მიუწოდებლობისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.2. 2012 წლის 28 ივნისის N335/1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 2012 წლის 22 მაისის N335 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 456 260 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 32);

2.3. 2012 წლის 28 ივნისის N336/1 შეთანხმების ოქმით ასევე ცვლილება შევიდა 2012 წლის 22 მაისის N336 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 056 858 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 33);

2.4. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2012 წლის 13 სექტემბრის N3-11/5831 წერილით მოთხოვნა გაეგზავნა მოპასუხე კომპანიას მოთხოვნილი საწვავის შესაბამისი ტალონების შესრულების თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 34);

2.5. კომპანიას წერილი ჩაბარდა 2012 წლის 14 სექტემბერს (ტომი 1, ს.ფ. 35-36);

2.6. 2012 წლის 19 სექტემბერს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 5-დღიან ვადაში, მოპასუხე კომპანიამ სამინისტროს მიაწოდა 2012 წლის 13 სექტემბრის N3-11/5831 წერილით მოთხოვნილი საქონლის ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიაწოდა 2012 წლის 04 ოქტომბერს (ტომი 1, ს.ფ. 37-38, 38-39);

2.7. სამინისტრომ N335 ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად შეიძინა პრემიუმის მარკის საწვავი ტალონებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატანით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა (ტ.1, ს.ფ. 176 – 181, 192–212);

2.8. სამინისტრომ N336 ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად შეიძინა დიზელის მარკის საწვავი პლასტიკური ბარათებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატანით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა (ტომი 1, ს.ფ. 214-219, 230- 248);

2.9. სამინისტრომ ასევე სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე შეიძინა საწვავი სითხე ეტაპობრივად მოპასუხის კუთვნილი ნავთობბაზიდან. კერძოდ, მოსარჩელეს 2012 წლის 03 ივლისის N390 ხელშეკრულების ფარგლებში ნავთობბაზიდან 2012 წლის 10 ივლისამდე ეტაპობრივად გატანილი აქვს 380 239.97 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი (ტომი 1, ს.ფ. 250 – 254, 256–275, 276, 277);

2.10. სამინისტროს 2012 წლის 20 ივლისის N402 ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 23 ივლისამდე ეტაპობრივად გატანილი აქვს 461 138,18 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სითხის სახით (ტომი 1, ს.ფ. 280–283, 285 – 289).

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, რომ: ა) მოპასუხემ საწვავი მიაწოდა 15 დღის დაგვიანებით; ბ) 2012 წლის 03 ივლისის N390 ხელშეკრულებასა და 2012 წლის 20 ივლისის N402 ხელშეკრულებაზე სამინისტროს მიერ საწვავის შეძენისას, გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს 3-3 სამუშაო დღეს, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, თუ რამდენად არსებობდა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი (10 000 (5000-5000) ლარამდე შემცირების საფუძველი), ასევე, სამინისტროსათვის მოპასუხის სასარგებლოდ 2 558.27 ლარის დაკისრების საფუძველი მისი სამართლიანობის კუთხით.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შესრულებულია (დასრულებულია), დაგვიანებით არის მიწოდებული მხოლოდ 437 186,03 ლარის საწვავი. მოსარჩელე კი პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც შეადგენს 105 393.54 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს დაგვიანებით მიწოდებული საწვავის და არა -ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს მოუწევს ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების იმ ნაწილზეც, რომელიც უკვე შესრულებული აქვს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და დაუშვებელია.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დაგვიანებით მიწოდებული საწვავის ღირებულების პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც იწვევს მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველს. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო (5000-5000) 10 000 ლარამდე.

6. სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა როგორც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს (მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შესრულებულია მოპასუხის მხრიდან. დარჩენილი საწვავის მიწოდება განხორციელდა მხოლოდ 15 დღის დაგვიანებით. ამდენად, დაგვიანებით არის მიწოდებული მხოლოდ 437 186,03 ლარის საწვავი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული 15 დღის განმავლობაში შეიქმნა საწვავის დეფიციტი და ადგილი ჰქონდა შეფერხებას მოხმარების გზით), ასევე - ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს (სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, თუ რა ფინანსური დარტყმა შეიძლება მიადგეს მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრებით.

7. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოსარჩელის შედავებას, პალატის მითითებით, სამინისტროს გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვაგადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ როგორც 2012 წლის N390, ისე 2012 წლის N402 ხელშეკრულებებზე 3-3 დღე შეადგინა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, საერთო ჯამში, 2 558,27 ლარის ოდენობით. პალატის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ დაადგინა 2012 წლის 22 მაისის N335 და N336 ხელშეკრულებებზე სამინისტროს მიერ საწვავის შეძენისას, გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამავე ხელშეკრულებების მიხედვით სამინისტროს მიერ ანგარიშსწორების პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ 2 558.27 ლარის ნაწილში.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი;

13.2. სასამართლომ დასაბუთების გარეშე შეამცირა პირგასამტეხლო, სასამართლოს არ უმსჯელია პირგასამტეხლოს შემცირების გარემოებებზე და ასევე მხარეს საქმის განხილვისას მოთხოვნა და მტკიცებულებები შემცირების თაობაზე არ წარმოუდგენია;

13.3. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ გაითვალისწინა ვალდებულების შესრულების დღეთა დარღვევა, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხის მიმართ არათანაზომიერად შეამცირა პირგასამტეხლო, ასევე სამინისტროს უსაფუძვლოდ დააკისრა პირგასამტეხლო.

14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

16. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

18. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

19. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვადადარღვევის 15 დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულია და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შემცირდა იგი 10 000 ლარამდე.

23. რაც შეეხება მოპასუხე კომპანიის შეგებებული სარჩელიდან გამომდინარე სამინისტროსთვის თანხის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის - 3-3 დღე გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლო - 2558, 27 ლარი დარღვევის პროპორციულია და არ არსებობის მისი შემცირების ან გაუქმების საფუძველი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი