საქმე №ას-657-2021 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით მ.მ–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ე.თ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეებს: მოპასუხესა (გამყიდველი) და მოსარჩელეს (მყიდველი) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მოსარჩელეს 23 600 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეძენილი აქვს უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (მდებარე: საგარეჯოს რაიონი, ..... (.....), საკადასტრო კოდი: .......);
2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 03 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: საგარეჯოს რაიონში, ........ (.....), საკადასტრო კოდი: ......., შეფასებულია 10312.00 ლარად (600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 6 000.00 ლარი; შენობა №1 (53.9 კვ.მ.) 4312.00 ლარი);
2.3. ქ. თბილისის №19 პოლიკლინიკის №0194587 ცნობის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს შშმ პირს, სტატუსის მოქმედების ვადა - უვადო;
2.4. მოპასუხეს ხელშეკრულებით დათქმულ 6-თვიან ვადაში უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მისი მოთხოვნის საფუძვლად რამდენიმე გარემოებას უთითებს, კერძოდ: ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო მოტყუებით, სადავო ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება და რეალურად წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, არსებობს აშკარა შეუსაბამობა ნასყიდობის საგნის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.
5. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ მხარეთა რეალურ ნებას წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა კანონმდებლობაში შესული ცვლილების გამო, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა და სანაცვლოდ გააფორმეს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მისი პოზიციის დასადასტურებლად მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება აქვს წარმოდგენილი, რაც ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას არ არის საკმარისი მის დასადგენად. ამასთან, მოსარჩელემ არაერთხელ მიუთითა, რომ მოპასუხეს ორი თვის საპროცენტო სარგებელი 900-900 ლარის, ჯამში 1800 ლარის ოდენობით გადახდილი ჰქონდა, თუმცა აღნიშნული გადახდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მოპასუხე კი უარყოფს გადახდების არსებობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან პროცენტის სახით თანხის გადახდას, შესაძლებელი იქნებოდა სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეს საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ფაქტობრივად მხოლოდ სადავო ხელშეკრულება და საკუთარი ახსნა-განმარტება აქვს წარმოდგენილი, პალატამ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელის პოზიცია არ გაიზიარა.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც მოტყუების ფაქტი დაადასტურა. ვინაიდან სადავო ხელშეკრულება მხარეთა მიერ ნოტარიუსის წინაშე იქნა გაფორმებული, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა, ასევე ამავე კანონის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას და 49-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, კერძოდ, დაქვეითებული აქვს სმენა და დადებული გარიგების შინაარსი მისთვის სრულად აღქმადი არ იყო, ამასთან, მოპასუხე დაჰპირდა, რომ გამოისყიდდა უძრავ ქონებას, რაც არ შეასრულა და აღნიშნულს უთითებს როგორც მოტყუებას.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაძლებლობის შეზღუდვა ყველა შემთხვევაში ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს. შესაძლებლობის შეზღუდვა უნდა იყოს იმგვარი, რომელიც რეალურად ხელს შეუშლის პირს გარიგების შინაარსის აღქმაში. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს დაქვეითებული აქვს სმენა, რასაც ვერ ექნებოდა გავლენა წერილობით შედგენილი ხელშეკრულების შინაარსის აღქმაში. ამასთან, სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ: ნოტარიუსმა შეამოწმა გამოცხადებულ მხარეთა ქმედუნარიანობა და მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს; ნოტარიუსმა მის მიერ შედგენილი ხელშეკრულება ხმამაღლა წაუკითხა მხარეებს და განუმარტა მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. ხელშეკრულების ბოლოს ხელით არის მიწერილი მოპასუხის ტექსტი, რომ, თუ თანხას არ დააბრუნებს, მისი ქონება საკუთრებაში დარჩება მყიდველს და ბოლოს ორივე მხარე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულების ტექსტს. სასამართლოს დასკვნით, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს მისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე რაიმე პრობლემა ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსის აღქმისას. ამასთან, რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო გარიგებაზე მისი ხელმოწერით გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
9. რაც შეეხება მოპასუხის დაპირებას, რომ აუცილებლად გამოისყიდდა უძრავ ქონებას, პალატამ განმარტა, რომ მსგავსი ტიპის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გამყიდველის უფლება უკან გამოისყიდოს გაყიდული ქონება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მის ვალდებულებად და გამყიდველს მოეთხოვოს ნივთის გამოსყიდვა. პალატამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვაზე მოპასუხის უარი ვერ იქნებოდა მიჩნეული მყიდველის მოტყუებად, ვინაიდან ხელშეკრულებაშიც ცალსახად არის მითითებული, რომ გამყიდველს აქვს გამოსყიდვის უფლება და არა - ვალდებულება და აღნიშნული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონება დარჩებოდა მყიდველის საკუთრებაში, რასაც ხელმოწერით დაეთანხმა ორივე კონტრაჰენტი.
10. საააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის თავდაპირველი განზრახვა და სურვილი მოპასუხესთან გაეფორმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, უპირობოდ არ გულისხმობდა იმას, რომ იგი არ ეთანხმებოდა და გაცნობიერებული არ ჰქონდა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი (გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობა). ასევე, მხოლოდ შესაძლო მცდარი ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე ნამდვილად ისარგებლებდა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით, რისი მატერიალურ-სამართლებრივი ვალდებულებაც მას არ გააჩნდა (სსკ-ის 509-ე მუხლი), არ წარმოადგენდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
11. რაც შეეხება უძრავი ქონების ხელშეკრულებით შეთანხმებულსა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ რეალურ საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 319.1 და 477-ე მუხლებით და განმარტა, რომ ნასყიდობის ფასი, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა, მხარეთა შეთანხმების საგანია და არავინ არის შეზღუდული, ხელშეკრულებაში მისთვის მისაღები ფასი მიუთითოს, თუნდაც იგი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები იყოს ან აღემატებოდეს მას. შეუსაბამოდ დაბალი ფასი, შესაძლოა, სხვა წინაპირობებთან ერთობლიობაში წარმოადგენდეს გარიგების ბათილობის საფუძველს. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში კუმულაციურად უნდა დგინდებოდეს არა მხოლოდ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა, არამედ გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, გარდა ფასთა შორის სხვაობისა, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა სხვა წინაპირობათა ერთობლიობას, კერძოდ, ნების ნაკლს გარიგების დადების პროცესში. პალატის მითითებით, მოსარჩელემ ისე დადო მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომ უძრავი ქონება ნანახიც არ ჰქონდა. მოსარჩელის განმარტება, რომ იგი ითხოვდა უძრავი ნივთის ნახვას და მოპასუხემ არ აჩვენა, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის წინდაუხედავი ქმედების გამამართლებლად, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოსარჩელეს რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის მიმართ არ ჰქონდა.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო განხორციელდა, რაც გამოიხატება თუნდაც უძრავი ქონების შესახებ მინიმალური ინფორმაცის გადაუმოწმებლობაში. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის პრეცედენტის დაშვება, რომ ამგვარი საფუძვლით ბათილად იქნება ცნობილი გარიგება, იმ პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც ნოტარიუსის თანდასწრებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუებით და წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის მდგომარეობით (შშმპ). მოპასუხეს მოსარჩელისთვის რომ ეჩვენებინა აღნიშნული ქონება, რა თქმა უნდა, გარიგება არ შედგებოდა.
19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 13 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ორი საფუძვლით - როგორც თვალთმაქცური გარიგება და როგორც მოტყუებით დადებული გარიგება.
20. მოსარჩელე უთითებს, რომ სინამდვილეში მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება [სსკ-ის 56-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)].
21. თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-474-455-2016, 7 ივლისი, 2016 წელი).
22. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4 მუხლი]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
23. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ მხარეთა რეალურ ნებას წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება. ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციურია და არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას.
25. რაც შეეხება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე [თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად], საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
26. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
27. მოსარჩელე უთითებს იმაზე, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სმენადაქვეითებული, რამაც შეუშალა ხელი გარიგების სრულად აღქმაში.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს გავლენა ვერ ექნებოდა მის მიერ გარიგების შინაარსის გააზრებაზე, რადგან ხელშეკრულება შედგენილია წერილობითი ფორმით, დადასტურებულია სანოტარო წესით და ამასთან, ხელშეკრულების ბოლოს ხელით არის მიწერილი მოპასუხის ტექსტი, რომ, თუ თანხას არ დააბრუნებს, მისი ქონება საკუთრებაში რჩება მყიდველს. ორივე მხარე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულების ტექსტს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დგინდება, რომ მოსარჩელეს, მისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაიმე პრობლემა ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსის აღქმისას.
29. რაც შეეხება მოპასუხის დაპირებას, რომ იგი აუცილებლად გამოისყიდდა უძრავ ქონებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 509-ე მუხლზე [თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე] და განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლება არის გამყიდველის უფლება და არა - ვალდებულება. სწორედ გამყიდველის დისკრეციას წარმოადგენს, გამოისყიდის თუ არა იგი გაყიდულ ქონებას. შესაბამისად, აღნიშნული უფლების გამოყენებაზე უარი ვერ იქნება მიჩნეული მოტყუებად.
30. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის აპელირება, რომ მოპასუხემ არ აჩვენა მოსარჩელეს სადავო ქონება. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მქონე სუბიექტები ვალდებულნი არიან გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება მისი ნახვის გარეშე შეიძინა, მეტყველებს სწორედ მის წინდაუხედაობასა და ნდობით გამოწვეულ უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რაც არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი