Facebook Twitter

საქმე №ას-645-2022 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მერიას დაეკისრა მოსარჩელისთვის 31 200,84 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა 8799,16 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 10 ივლისს მხარეთა შორის დაიდო №141 ხელშეკრულება, რომლის საგანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - თელეთის, კრწანისის და ყარათაკლიის სკოლების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულებაა 178 349 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე - 2019 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით შეთანხმებულია მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით სოფელ კრწანისის სკოლაში სამუშაოების ღირებულებაა 29 200 ლარი, სოფელ თელეთის სკოლაში სამუშაოების ღირებულებაა 47 147 ლარი, სოფელ ყარათაკლიის სკოლაში სამუშოების ღირებულებაა 102 002 ლარი. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულია ყოველკვირეულად თითოეულ სკოლაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება;

2.2. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

2.3. 2019 წლის 14 სექტემბერს შპს „ო.გ–ის“ მიერ შედგენილი სამუშაოების კრებსითი №1 აქტის თანახმად, შესრულებულია ჯამში 35 819,77 ლარის სამუშაო, საიდანაც სოფელ თელეთის სკოლაში შესრულდა 3 341,44 ლარის სამუშაო, სოფელ ყარათალკიაში - 28 140,09 ლარის სამუშაო, სოფელ კრწანისის სკოლაში - 4 338,24 ლარის სამუშაო;

2.4. 2020 წლის 9 იანვარს შპს „ო.გ–ის“ მიერ შედგენილი სამუშაოების კრებსითი №2 აქტის თანახმად, შესრულებულია ჯამში 59 239,84 ლარის სამუშაო, საიდანაც სოფელ თელეთის სკოლაში შესრულდა 20 729,96 ლარის სამუშაო, სოფელ ყარათალკიაში - 20 069,66 ლარის სამუშაო, სოფელ კრწანისის სკოლაში - 18 440,23 ლარის სამუშაო;

2.5. 2020 წლის 24 ივლისს შპს „ო.გ–ის“ მიერ შედგენილი სამუშაოების კრებსითი №3 აქტის თანახმად, შესრულებულია ჯამში 26 395,31 ლარის სამუშაო, საიდანაც სოფელ თელეთის სკოლაში შესრულდა 3 234,95 ლარის სამუშაო, სოფელ ყარათალკიაში - 23 160,35 ლარის სამუშაო. აქტში სოფელ კრწანისის სკოლის სამუშაოები აღარ არის მითითებული;

2.6. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეების მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით სამუშაოები მიღებულია 3 ნაწილად. 2019 წლის 24 ოქტომბრის №69 მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულია 35 819,77 ლარის სამუშაო, 2020 წლის 11 თებერვალს №8 აქტით - 59 239,84 ლარის სამუშაო, ხოლო 2020 წლის 17 სექტემბრის №73 აქტით - 26 395,31 ლარის სამუშაო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო ნაწილი მიღებულია 2020 წლის 17 სექტემბერს შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით №73, რომლის მიხედვით, შესრულებულია 121 454,92 ლარის ღირებულების სამუშაოები;

2.7. 2020 წლის 7 დეკემბერს მხარეთა შორის დადებულია შეთანხმების აქტი №1, რომლითაც ცვლილება შევიდა 2019 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 121 454.92 ლარი;

2.8. სოფელ კრწანისის სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 27 ნოემბერს, 81 დღის დაგვიანებით. სამუშაოების ღირებულებაა 22 778,27 ლარი;

2.9. სოფელ თელეთის სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 16 მარტს - 191 დღის დაგვიანებით. სამუშაოების ღირებულებაა 27 306,45 ლარი;

2.10. სოფელ ყარათაკლიის სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 24 ივლისს, 321 დღის დაგვიანებით. სამუშაოების ღირებულებაა 71 370,1 ლარი;

2.11. სამუშაოების დაგვიანებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან პირგასამტეხლო დაკავებულია ორჯერ - 2020 წლის 13 თებერვალს 20 859,68 ლარი, ხოლო 2020 წლის 12 ოქტომბერს - 23 253,23 ლარი. სულ დაკავებულია პირგასამტეხლო 44 112,91 ლარი;

2.12. შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად გადახდილია 2020 წლის 13 თებერვალს 23 462,84 ლარი, 2020 წლის 2 ოქტომბერს - 4 858,70 ლარი, 2019 წლის 29 ივლისს ავანსი - 15 000 ლარი, 2019 წლის 24 ოქტომბერს - 30 984,10 ლარი, ჯამში 74 305,64 ლარი;

2.13. 2019 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის დაიდო №143 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანია სოფელ ლემშვენიერაში არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულებაა 20 189 ლარი, სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე - 2019 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით;

2.14. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

2.15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შესრულდა, ხოლო სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 10 მარტს - 184 დღის გადაცილებით;

2.16. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი №38 შედგენილია 2020 წლის 25 მაისს, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 16 325,12 ლარი;

2.17. ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის 1 ივნისს გადახდილია სამუშაოების ღირებულება 6 610,34 ლარი, ასევე 2019 წლის 31 ივლისს - ავანსი 6000 ლარი. 2020 წლის 1 ივნისს სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებულია პირგასამტეხლო 3 714,78 ლარი;

2.18. 2019 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №144, რომლის საგანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულებაა 35 016 ლარი, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების დადებიდან 60 დღე, 2019 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით;

2.19. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

2.20. სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 11 მარტს, 185 დღის გადაცილებით. სამუშაოები მიღებულია 2020 წლის 23 ივლისს შედგენილი №55 მიღება-ჩაბარების აქტით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 33 375,26 ლარს. მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებლად მიღებული აქვს 2020 წლის 29 ივლისს 17 897,30 ლარი, 2019 წლის 30 ივლისს - ავანსი 9000 ლარი, ხოლო 2020 წლის 29 ივლისს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებულია პირგასამტეხლო 6 477,96 ლარი.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა მოპასუხე მხარის, როგორც შემკვეთის, მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება.

4. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის 2019 წლის 10 და 11 ივლისს გაფორმებული №141, №143 და №144 ნარდობის ხელშეკრულებების 12.2 პუნქტები ითვალისწინებდა იდენტურ დათქმებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2, 2.14 და 2.19 ქვეპუნქტები). მენარდემ სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მენარდისთვის დაკისრების საფუძველი.

5. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 10.07.2019 წლის №141 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 178 349 ლარს; 11.07.2019 წლის №143 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 20 189 ლარს, ხოლო 11.07.2019 წლის №144 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 35 016 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან დგინდება, რომ: 10.07.2019 წლის №141 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებას დასჭირდა 121 454,92 ლარი, ნაცვლად 178 349 ლარისა; 11.07.2019 წლის №143 ხელშეკრულების შემთხვევაში - 16 325,12 ლარი, ნაცვლად 20 189 ლარისა; 11.07.2019 წლის №144 ხელშეკრულების შემთხვევაში - 33 375,26 ლარი, ნაცვლად 35 016 ლარისა.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გამოთვალა ხელშეკრულებებში დადგენილი თავდაპირველი ღირებულებების მიხედვით. პალატის განმარტებით, სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას სსკ-ის 417-ე მუხლი ანიჭებს. სასამართლომ მიუთითა ასევე სსკ-ის 8.3. მუხლზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამივე ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო ღირებულება ხელშეკრულებით თავდაპირველად დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები აღმოჩნდა. შესაბამისად, 10.07.2019წ. №141 ხელშეკრულების შემთხვევაში - 56894,08 ლარის; 11.07.2019 წლის №143 ხელშეკრულების შემთხვევაში - 3863,88 ლარის; 11.07.2019 წლის №144 ხელშეკრულების შემთხვევაში - 1640,74 ლარის ნაწილში მენარდეს რაიმე სამუშაოს შესრულების ვალდებულება არ წარმოშობია, ისევე როგორც შემკვეთს არ წარმოეშვა აღნიშნული თანხის მენარდისთვის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მენარდისთვის პირგასამტეხლოს იმ თანხიდან დაკისრება, რომლის ფარგლებშიც შესასრულებელი ვალდებულება არ წარმოშობილა, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრებოდა არარსებული ვალდებულებიდან გამომდინარე.

8. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ №141 ხელშეკრულების საფუძველზე ყოველდღიურად 0,1% საპროცენტო განაკვეთით დამკვეთს პირგასამტეხლო უნდა განესაზღვრა შემდეგი ოდენობით:

8.1. სოფელ კრწანისის სკოლაში სამუშაოები დასრულდა 81 დღის დაგვიანებით, ხოლო სამუშაოების რეალური ღირებულებაა 22 778,27 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 29 200 ლარისა. სამუშაოების რეალური ღირებულების 0,1% შეადგენს 22,77827 ლარს, ხოლო 81 ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლოა 1845,03 ლარი. სოფელ კრწანისის სკოლის სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2365,2 ლარს, საიდანაც ზედმეტად დაკავებულია 520,15 ლარი;

8.2. სოფელ თელეთის სკოლაში სამუშაოები დასრულდა 191 დღის დაგვიანებით. ამ სკოლაში სამუშოების რეალური ღირებულებაა 27 305,45 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 47 147 ლარისა. სამუშაოების რეალური ღირებულების 0,1% შეადგენს 27,30545 ლარს, ხოლო 191 ვადაგადაცილებულ დღეში - 5215,34 ლარს. სოფელ თელეთის სკოლის სამუშაოების დაგვიანებისათვის დაკავებულია პირგასამტეხლო 9005,007 ლარი, საიდანაც ზედმეტად დაკავებულია 3789,66 ლარი;

8.3. სოფელ ყარათაკლიის სკოლაში სამუშაოები დასრულდა 321 დღის დაგვიანებით, ხოლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულებაა 71 370,1 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 102 002 ლარისა. სამუშაოების რეალური ღირებულების 0,1% შეადგენს 71,3701 ლარს. 321 ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლოა 22 909,80 ლარი. სოფელ ყარათაკლიის სამუშაოების დაგვიანებისათვის დაკავებულია პირგასამტეხლო 32 742,64 ლარი, საიდანაც ზედმეტად დაკავებულია 9832,84 ლარი;

8.4. ამდენად, 2019 წლის 10 ივლისის №141 ხელშეკრულების საფუძველზე, სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, საერთო ჯამში, მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას, მოსარჩელეს ზედმეტად გადაახდევინა პირგასამტეხლო 14 142,68 ლარის ოდენობით.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ №143 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ლემშვენიერას ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა 184 დღის დაგვიანებით, ხოლო სამუშაოების ღირებულებაა 16 325,12 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 20 189 ლარისა. სამუშაოების ღირებულების ყოველდღიურად 0,1% შეადგენს 16,32512 ლარს, ხოლო 184 გადაცილებულ დღეში - 3003,82 ლარს. დამკვეთმა შესრულებული სამუშაოდან მენარდეს დაუკავა 3714,82 ლარი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას ზედმეტად დაკისრებულია 710,96 ლარი.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, №144 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ახალსოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა 185 დღის დაგვიანებით, ხოლო სამუშაოების ღირებულებაა 33 375,26 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 35 016 ლარისა. სამუშაოების ღირებულების ყოველდღიურად 0,1% შეადგენს 33,37526 ლარს, ხოლო 185 გადაცილებულ დღეში - 6174,42 ლარს. დამკვეთმა შესრულებული სამუშაოდან მენარდეს დაუკავა 6477,96 ლარი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას ზედმეტად დაკისრებულია 303,54 ლარი.

11. სააპელაციო პალატის დასკვნით, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დაგვიანებისათვის დამკვეთმა მენარდეს უსაფუძვლოდ გადაახდევინა პირგასამტეხლო ჯამურად 15 157,18 ლარის ოდენობით, რაც პირგასამტეხლოს კორექტირებისა და აღნიშნული ზედმეტად დაკავებული თანხის მენარდისთვის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე მოვალის ვალდებულება იყო სკოლების და ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. შესრულების ხარისხის შესახებ პრეტენზია კრედიტორს არ აქვს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის სამუშაოები სრულად შესრულდა. ვალდებულების დარღვევა მხოლოდ შესრულების ვადის გადაცილებაში გამოვლინდა. სამივე ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოები შესრულდა რამდენიმეთვიანი დაგვიანებით, ნაცვლად 2019 წლისა, ძირითადად სამუშაოები დასრულდა 2020 წელს, ხოლო ყარათაკლიის სკოლაში სამუშაოები დასრულდა თითქმის 1 წლის დაგვიანებით. სამუშაოების დაგვიანების მიუხედავად დამკვეთს ვადის გადაცილების გამო მენარდისათვის პრეტენზია არ განუცხადებია, არ მოუთხოვია განმარტება სამუშაოების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ. სამივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულყოფილად და შეთანხმებული ხარისხის დაცვით. სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო დამკვეთს პირდაპირი ფინანსური, ქონებრივი დანაკლისი არ განუცდია, რადგან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, ნარდობის ინტერესი იყო ისეთი სამუშაოების მიღება, რასაც კომერციული მიზანი, შემოსავლის მიღება არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლოს შეფასებით, ეს გარემოება პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირებისათვის საკმარისი საფუძველი არ არის. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი ზიანის არარსებობასთან ერთად შეიძლება იყოს ვადის მცირე დროით გადაცილება, პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების ღირებულებას შორის თანაფარდობის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სოფელ ყარათაკლიის სკოლაში სამუშაოების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნარდობის საფასურის 0,05%-ით, ხოლო უცვლელი უნდა დარჩეს სოფლების: კრწანისის და თელეთის სკოლებში სამუშაოების შესრულების დაგვიანებისათვის ყოველდღიურად 0,1%-ით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სოფელ ყარათაკლიის სკოლის სამუშაოების ღირებულება შეადგენს 71 371,1 ლარს, ხოლო ყოველდღიურად 0,1%-ის ოდენობით განსაზღვრული პირგასამტეხლო 321 დღის გადაცილებისათვის შეადგენს 22 910,12 ლარს, რაც არის სამუშაოების ღირებულების 32%. სააპელაციო პალატის შეფასებით, ვადის მნიშვნელოვანი გადაცილების მიუხედავად, ამ მოცულობის პირგასამტეხლო კრედიტორის ინტერესების კომპენსირებისათვის გადაჭარბებული ფინანსური სანქციაა. ვადის მნიშვნელოვანი გადაჭარბების მიუხედავად შესრულების პროცესში დამკვეთს რაიმე პრეტენზია მენარდისთვის არ განუცხადებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრედიტორის ძირითადი ინტერესი იყო სკოლაში სამუშაოების ხარისხიანად და სრულად შესრულება, რაც მენარდემ ჯეროვნად შეასრულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ვადის გადაცილებაში გამოხატული დარღვევის გამო პირგასამტეხლო უნდა განახევრებულიყო და განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნარდობის საფასურის 0,5%-ით, რაც შეადგენს 11 455,06 ლარს.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სოფელ კრწანისის სკოლაში შესრულებული სამუშაოების ნარდობის საფასურია 22 778,27 ლარი, ხოლო დაკავებული თანხიდან ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად დაკავებულია 1845,03 ლარი, რაც არის სამუშაოების ღირებულების 8%. შესრულების ვადა გადაცილებულია 81 დღით. სასამართლოს შეფასებით, სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე სამ თვეზე მეტი ვადის გადაცილებისათვის მოთხოვნილი თანხა გონივრულ ფინანსურ სანქციას წარმოადგენდა.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, სოფელ თელეთის სკოლაში შესრულებული სამუშაოების ნარდობის საფასურია 27 306,45 ლარი, ხოლო მათი შესრულება დაგვიანდა 191 დღით. ყოველდღიურად 0,1%-ის ოდენობით საფუძვლიანად დაკავებულია პირგასამტეხლო 5215,34 ლარის ოდენობით, რაც არის სამუშაოების ღირებულების 19%. სამუშაოების შესრულება დაგვიანდა 191 დღით, 6 თვეზე მეტი ვადით. სასამართლოს შეფასებით, ვადის მნიშვნელოვანი დროით გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ეს ოდენობა მოვალისათვის წარმოადგენდა დარღვევისათვის თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომას.

17. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლო სოფლების: ახალსოფლის და ლემშვენიერას ამბულატორიების სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

17.1. №144 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფელ ახალსოფლის ამბულატორიის სამუშაოების რეალური ღირებულებაა 33 375,26 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო 184 გადაცილებულ დღეზე შეადგენს 6174,42 ლარს. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს სამუშაოების 19%-ს. ამ თანხის ნახევარი არის 3087,21 ლარი;

17.2. №143 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ლემშვენიერას ამბულატორიის სამუშაოების ნარდობის საფასურია 16 325,12 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო 185 გადაცილებულ დღეზე შეადგენს 3003,82 ლარს. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს სამუშაოების 19%-ს. ამ თანხის ნახევარი არის 1501,91 ლარი;

17.3. სასამართლოს მითითებით, ორივე შემთხვევაში სამუშაოები დასრულდა 6 თვეზე მეტი დროის დაგვიანებით, თუმცა ეს სამუშაოები შესრულდა სკოლების სამუშაოებზე ნაკლები ვადის გადაცილებით. დამკვეთი პირგასამტეხლოს სამართლიანად მიიჩნევს იმის გამო, რომ ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი. პალატის შეფასებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობის და გონივრულობის შეფასებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შესრულებული სამუშაოები მოსარჩელემ მიიღო, შესრულება ხარისხიანია, მათ ხარისხზე პრეტენზია დამკვეთს არ განუცხადებია. ვალდებულების დარღვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო პირგასამტეხლოს პრევენციული ფუნქცია აღარ აქვს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების კომპენსირებისათვის ზემოთ დასახელებული თანხა მოვალისათვის გონივრული ფინანსური სანქციაა, რადგან დარღვევა მხოლოდ ვადის გადაცილებაა და ამის გამო დამკვეთს პირდაპირი ფინანსური ზიანი არ განუცდია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ:

18.1. №141 ხელშეკრულების საფუძველზე უსაფუძვლოდ დაკავებულია პირგასამტეხლო 14 142,16 ლარი (კრწანისის სკოლა - 520,15 ლარი, თელეთის სკოლა - 3789,49 ლარი, ყარათაკლიის სკოლა - 9832,52 ლარი). ამასთან, სოფელ ყარათაკლიის სკოლაში სამუშაოების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს 22 910,12 ლარის ½-ით შემცირების შედეგად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 11 455,06 ლარი. შესაბამისად, №141 ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთის მხრიდან მენარდისთვის ასანაზღაურებელია 25 597,22 ლარი;

18.2. №143 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ლემშვენიერას ამბულატორიის სამუშაოების დაგვიანებისათვის ზედმეტად დაკავებულია 710,96 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ, ზედმეტად დაკავებულ თანხასთან ერთად შემკვეთის მხრიდან ასანაზღაურებელია 1501,91 ლარი, ჯამში 2212,87 ლარი;

18.3. №144 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ ახალსოფლის ამბულატორიაში სამუშაოების დაგვიანებისათვის ზედმეტად დაკავებულია პირგასამტეხლო 303,54 ლარი, ხოლო სამუშაოების რეალური ღირებულებიდან დაკავებული პირგასამტეხლოს ½-ით შემცირების შემდეგ, მენარდეს უნდა დაუბრუნდეს 3087,21 ლარი;

18.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სამივე ხელშეკრულების საფუძველზე მერიამ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოდან უსაფუძვლოდ დაუკავა პირგასამტეხლო 31 200,84 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

24. საკასაციო საჩივრის თანახმად:

24.1. ორივე ინსტანციის სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ხელშეკრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2020 წლის 17 სექტემბერს, ხოლო შეთანხმება თანხის კორექტირებაზე გაფორმდა 2020 წლის 7 დეკემბერს;

24.2. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შემსყიდველის ბრალით შეფერხდა სამუშაოები;

24.3. მოსარჩელე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას სრულად იაზრებდა იმ პასუხისმგებლობას, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მათ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

24.4. მუნიციპალიტეტის ორგანოებს მოსახლეობის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება. შესყიდვის გეგმით გაწერილია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნით პრიორიტეტულია. კონკრეტული პროექტისათვის ვადები კანონის შესაბამისად წინასწარ დაგეგმილია, მისი შესრულებისათვის ოპტიმალური დრო გათვლილია;

24.5. გარდა ამისა, სამუშაოების შესრულების პროცესი დისკომფორტს ქმნიდა სოფლის მოსწავლეებისთვის, გაჭიანურება უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობის მხრიდან და რეპუტაციის თვალსაზრისითაც უარყოფითად მოქმედებდა მუნიციპალიტეტის იმიჯზე;

24.6. მნიშვნელოვან დარღვევად უნდა შეფასდეს საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილება თითქმის ერთი წლის დაგვიანებით.

25. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოპასუხე მხარის, როგორც შემკვეთის, მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება.

26. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

27. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

28. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

29. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

30. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ღირებულებით სამუშაოების შესრულების შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხიდან პირგასამტეხლოს განსაზღვრა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელი თანხის, არსს და ზოგადად სამართალში აღიარებულ კეთილსინდისიერების პრინციპს.

31. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია ასევე სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებაც.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით. ამასთან, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

33. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა მხოლოდ შესრულების ვადის გადაცილებაში იყო გამოხატული და შესრულების ხარისხზე დამკვეთს პრეტენზია არ განუცხადებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა გონივრულ თანაფარდობაშია ვალდებულების დარღვევის შედეგებთან.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი